სიახლეები

მიდიან თუ არა გამგებლები

02.12.2012
მიდიან თუ არა გამგებლები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ და აჭარის ოთხი მუნიციპალიტეტის – ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედისა და შუახევის გამგებლებმა ზუსტად 20 დღის წინ ხმამაღლა განაცხადეს, რომ ახალი მთავრობა მათ თანამდებობების დატოვებას აიძულებს. ზეწოლის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ხულოს გამგებელმა, დავით ჭელიძემ არ დაადასტურა.

 

„ჩემს კოლეგებს რა როგორ შეეხო, არ ვიცი. მაშინ მთავრობაში თათბირს მეც ვესწრებოდი, მაგრამ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. იმის მერე თუ რამე მოხდა, არ ვიცი“, – ამბობს დავით ჭელიძე, რომელიც ამ ეტაპზე თანამდებობიდან მის შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით დამატებით განმარტავს: „სად უნდა წავიდე, რატომ უნდა წავიდე? არა მგონია, სადმე წასვლას ვაპირებდე“.

 

ხულოს გამგებელი საკრებულოში მიმდინარე ცვლილებებს ასე აფასებს: „არის სურვილი იმის, რომ საკრებულოში ბალანსი შეიცვალოს, მაგრამ რა როგორ შეიცვლება, არ ვიცი. არამგონია, ბალანსის შეცვლა იყოს მოსალოდნელი, ჯერჯერობით მაინც“.

 

თანამდებობიდან წასვლას გამორიცხავს ხულოს საკრებულოს თავმჯდომარე, ნოდარ თავართქილაძეც: „მე არჩეული ვარ ოთხი წლით, ეს ვადა 2014 წლის ოქტომბერში გაგვდის. საკრებულოში დიდი ცვლილება არ მომხდარა – ნაციონალური მოძრაობა ადრე 19 წევრით იყო წარმოდგენილი, არჩევნების შემდეგ ფრაქცია ორმა დეპუტატმა დატოვა. არის კიდევ ერთი ფრაქცია სამი წევრით. შეიძლება შეიქმნას მაჟორიტარების ფრაქციაც, სავარაუდოდ, 4-5 კაცი შევა ამ ფრაქციაში“.

 

შუახევის საკრებულოს თავმჯდომარის, იური ქათამაძის თქმით, მას ჯერ არ დაუწერია რაიონის გამგებლის, ნუგზარ ამაღლობელის გათავისუფლების ბრძანება და ამას არც აპირებს.

 

ხულოსგან განსხვავებით, შუახევში დეპუტატებს შორის ბალანსი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ბევრად კრიტიკულ ზღვარს უახლოვდება და ეს ზღვარი ასე გამოიყურება – 8:11

 

„არჩევნების შემდეგ ხუთმა დეპუტატმა დატოვა ფრაქცია და გადავიდა „ქართული ოცნებაში“. მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ ეს ტენდენცია გაგრძელდება თუ არა. ჯერჯერობით, ბალანსი შენარჩუნებულია და გადადგომას არ ვაპირებ. არ ვიცი, ვინ ავრცელებს ჩემი შესაძლო გადადგომის შესახებ ინფორმაციას“, – ამბობს იური ქათამაძე.

 

უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვაჟა ბოლქვაძე ქედის გამგებლად ბოლო არჩევნების შემდეგ დანიშნეს. ისიც ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია მისი შესაძლო გადადგომის შესახებ, ტყუილია: „ზეწოლასთან დაკავშირებით ჩვენი განცხადების გაკეთების შემდეგ ზეწოლის განმეორების მცდელობა არ ყოფილა. სხვათა შორის, კარგად ვთანამშრომლობთ ხელისუფლებასთან. საკრებულოში როგორ განვითარდება მოვლენები, არ ვიცი. ჯერ ფრაქცია არავის დაუტოვებია“.

 

დეპუტატებს შორის არსებული ბალანსი საგანგაშო არც ქედის საკრებულოს თავმჯდომარის, ბადრი დიასამიძისთვის არის: „მმართველ პარტიაში ვართ 13 დეპუტატი, სხვადასხვა ფრაქციაში კი 6 დეპუტატია“.

 

შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მას გადადგომა არ მოუწევს. „რატომ უნდა გადავდგე? რამე თუ დავაშავე მითხარით, – შეიძლება დაშავებული გვაქვს რამე. მე გადადგომას არ ვაპირებ“.

 

გურამ საფარიძის – ხელვაჩაურის გამგებლის ინფორმაციით, მათ საკრებულოში ძალთა ბალანსი ასე გამოიყურება: 9:13 „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. 

„არა მგონია, დეპუტატების გადასვლის ტენდენცია გაგრძელდეს, ვინც ამას აპირებდა, თავის დროზევე შეეტყოთ“, – ამბობს გამგებელი, რომელსაც იმედი აქვს, რომ  `ნაცმოძრაობა~ თვითმმართველობის მორიგ არჩევნებამდე, ანუ 2014 წლამდე, `მმართველ ძალად დარჩება ხელვაჩაურში“.

 

ქობულეთის საკრებულო ერთადერთია აჭარაში, სადაც დეპუტატებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია არ დაუტოვებიათ. ელგუჯა ბაგრატიონი, ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე ამბობს, რომ ამ მხრივ მათთან არაფერი აღარ ხდება: „ზეწოლის მცდელობა გამგებლების ცნობილი განცხადების შემდეგაც იყო მთავრობიდან – მისვლები, გადაბირებები… ამ პროცესში ჩართული იყო საქართველოს პარლამენტის წევრი ფატი ხალვაში და ქართული ოცნების აქტივისტები“.

 

ქობულეთის საკრებულოში სულ 28 დეპუტატია, აქედან 23 ყოფილი ხელისუფლების ფრაქციის წევრია, 5 დეპუტატი კი ოპოზიციას წარმოადგენს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: