Batumelebi | „ჩვენ სპორტს უნდა ვემსახუროთ და არა კერძო ინტერესებს“ „ჩვენ სპორტს უნდა ვემსახუროთ და არა კერძო ინტერესებს“ – Batumelebi
RU | GE  

„ჩვენ სპორტს უნდა ვემსახუროთ და არა კერძო ინტერესებს“

ირაკლი დარცმელიძე

 

აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს. მერაბ ნაგერვაძე პროფესიით ეკონომისტია, ფინანსები და საბანკო საქმეა მისი პროფილი. იგი ორი კვირაა რაც აღნიშნულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს, მანამდე სახელმწიფო სტრუქტურაში არ უმუშავია და მხოლოდ კერძო სექტორში იყო დაკავებული.


პროფესიით ეკონომისტისთვის სპორტული სამყარო უცხო უნდა იყოს. დეპარტამენტში საიდან მოხვდით?

 

 

– „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის ლიდერი ვიყავი, გარკვეულწილად მქონდა შეხება ახალგაზრდებთან, სპორტთანაც. პირადად მე სპორტსმენი არასდროს ვყოფილვარ და ცოტა არ იყოს, ეს სფერო ჩემთვის უცხოა, მაგრამ მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაა, რომელიც სპორტს და სპორტსმენებს მოემსახურება.

 

 

  სახელმწიფო პოლიტიკაში რას გულისხმობთ?

 

 

– პირველ რიგში, სწორ მენეჯმენტს და რაც მთავარია, კერძო ინტერესების არდაცვას.

 

 

რადგან კერძო ინტერესებს შეეხეთ, გეცოდინებათ ალბათ, რომ მიმდინარე წელს აჭარაში მოქმედ რამდენიმე ფედერაციას, მათ შორის ოლიმპიურ სახეობებსაც, დაფინანსება შეუწყდათ და კონკრეტული მიზეზი დღემდე უცნობია. ამ საკითხით თუ დაინტერესდით

 

 

– რა თქმა უნდა, დავინტერესდი და სწორედ მაგაში ვგულისხმობ კერძო ინტერესებს, რომლის არაერთი შემთხვევა იყო. თუმცა დღეიდან მსგავსი რამ არ მოხდება. ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სპორტული ფედერაციების მუშაობის სწორი მიმართულებით წარმართვა და ახალგაზრდა თაობის აღზრდა იქნება. გარდა ამისა, ვაპირებთ მწვრთნელებისა და მსაჯების გადამზადებას საერთაშორისო დონეზე.

 

 

საკადრო ცვლილებებზე გკითხავთ. ახალ ხელმძღვანელს ყოველთვის ახალი გუნდი მოჰყავს, სპორტული საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ ამ სფეროში გამოუცდელები ხართ და გაგიჭირდებათ. რა კომენტარს გააკეთებთ?

 

 

– როგორც აღვნიშნე, ჩვენ სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებლები ვართ, რომელიც ამ საქმეს უნდა ემსახუროს. აქვე დავძენ, რომ გვექნება შეხვედრები და კონსულტაციები სპორტულ საზოგადოებასთან, რომელთა აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

 

 

პირველ რიგში რა გააკეთეთ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ?

 

– დეპარტამენტის ფინანსური მხარის გაცნობა და შესწავლა დავიწყე. შევხვდი ფედერაციების წარმომადგენლებსაც, არ დაგიმალავთ და გეტყვით, არიან პროფესიონალებიც და არაპროფესიონალებიც. ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ, რომ ეს სფერო პროფესიონალებმა მართონ. გარდა ამისა, ყველა ფედერაციას მივმართავთ, ეს არ იქნება ბრძანება, არამედ იქნება თხოვნა, რომ მეტი ყურადღება მიაქციონ საკლუბო სისტემას. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოში და მომგებიანია როგორც შედეგების, ასევე ფინანსური მხრითაც. თან კონკურენციაც გაიზრდება.

 

 

იყო ასეთი მოსაზრება, რომ მიუხედავად აჭარის სპორტსმენების ლიდერობისა სპორტის ამა თუ იმ სახეობაში, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს ტურნირებზე მათი რჩეულები დაჰყავდათ, მსგავსი ფაქტები კი რეაგირების გარეშე რჩებოდა, შეიძლება ითქვას, რეგიონის სპორტსმენთათვის დაცვითი მექანიზმი არ არსებობდა

 

 

– ასეთი მექანიზმი აუცილებლად იარსებებს. თუ ჩვენი რეგიონის სპორტსმენი დაიმსახურებს შეჯიბრზე წასვლას, წავა კიდეც, ანუ აღარ დაიჩაგრება.

 

 

ფედერაციებს დაფინანსება გაეზრდებათ?

 

 

– მომავალი წლიდან აუცილებლად ვაპირებთ დაფინანსების გაზრდას. ჩვენ ფედერაციების ხელმძღვანელობასთან ერთად გადავხედავთ სპორტული კალენდრის გეგმას და შევარჩევთ ისეთ ტურნირებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ჩვენი სპორტსმენები და ეს არ იქნება მხოლოდ სახელობითი ტურნირები. ჩვენი მიზანია, რომ სპორტსმენებმა მეტ საერთაშორისო ტურნირში მიიღონ მონაწილეობა, რაც მათ პროფესიონალური დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს, ეს კი თავისთავად შედეგებზეც აისახება.

 

 

პრიორიტეტი?

 

 

– პრიორიტეტი სპორტის გუნდური სახეობები იქნება, ფეხბურთი, რაგბი, კალათბურთი… თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სახეობებს უყურადღებოდ დავტოვებთ. პირადად ჩემთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტი ფეხბურთია. ბათუმის „დინამოს“ გაძლიერება, სტადიონის მშენებლობა და რაც მთავარია, ბათუმში, „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის დაარსება. როგორც ვიცი, ბათუმში სტადიონის თემით რამდენიმე უცხოური კომპანია დაინტერესდა და ვნახოთ, იმედია, ჩვენი მუშაობა წარმატებული იქნება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე