სიახლეები

თევზჭერის სეზონის წინ

03.12.2012 •
თევზჭერის სეზონის წინ

საქართველოში სულ 7 ლიცენზიანტია, რომელთაც თევზჭერის გრძელვადიანი ლიცენზია აქვთ. 1 ტონა ქაფშიაზე ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი 25 ლარს შეადგენს. ასოციაცია „ფლორა და ფაუნას“ გამგეობის თავმჯდომარე არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, სარეწაო თევზჭერაში არის კვოტირება – ანუ დასაჭერად დაშვებული თევზის მაქსიმალური ოდენობა.

 

„პრობლემა არის ის, რომ კვოტებს ადგენს თვითონ ლიცენზიანტი, რაც არის უპრეცედენტო. ასეთი რამ არც ერთ ნორმალურ ევროპულ ქვეყანაში არ გამიგია ხდებოდეს. მეწარმეს, რომელსაც აქვს კომერციული ინტერესი რესურსის მიმართ, მას მივანდეთ ჩვენ რესურსის ათვისების კვოტის განსაზღვრა. დავაკონკრეტებ, ლიცენზიანტები ქირაობენ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანებს, ჯგუფებს, რომლებსაც არც ლაბორატორია აქვთ, არც შესაბამისი კვალიფიკაცია გააჩნიათ, რომლებიც შემდეგ განსაზღვრავენ ამ კვოტებს. იმთავითვე ჩნდება გარიგების საფრთხე“, – ამბობს არჩილ გუჩმანიძე. 

 

გუჩმანიძის თქმით არსებული მდგომარეობის შეცვლა 2016 წლამდე შეუძლებელია.

„ლიცენზიები ეწურებათ 2016 წელს და მანამდე ვერაფერს შევცვლით. ამ ხალხმა ეს ლიცენზია სწორედ ამ პირობებით იყიდა. რა თქმა უნდა, მაშინ ძალიან დიდი დანაშაული მოხდა,“ – ამბობს გუჩმანიძე.

 

ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შავი ზღვის სამსახურის უფროსი ირაკლი ჭავჭანიძე. ის დეტალურად აღწერს პროცესს, თუ როგორ ხდება კვოტების დადგენა. 

„სეზონის დასაწყისში ლიცენზიანტები ქირაობენ მეცნიერს, ეს იხტიოლოგი შემდეგ  გადის ზღვაში ან თვითონ, ან ლიცენზიანტის გემით, ან ბაზარში მიდის, მონაცემებს აგროვებს. 100-გვერდიან დასკვნას დებენ.

 

ამის საფუძველზე დგება დასკვნა, თუ რა ოდენობის თევზის ამოღება შეიძლება მომავალ წელს. რაც არის დადგენილი, იმაზე მეტს ვერ დაიჭერენ. მას შემდეგ, რაც ლიცენზიანტი მიიტანს კვლევის მასალებს, რომელშიც წერია, რომ, მაგალითად, 2011-2012 წლებში სარეწაო პერიოდში დასაჭერი რაოდენობა არის 80 ათასი ტონა, მე ეს შემყავს პროგრამაში, რომლიდანაც ავტომატურად გამომყავს ყველა ლიცენზიანტის წილი, რომელს რამდენის ჭერის უფლება აქვს. რაც შეეხება კონტროლს, წლის განმავლობაში ჩემ მიერ კონტროლდება, რა რაოდენობა დაიჭირეს, ყოველდღიური, ყოველთვიური და ყოველსეზონური კონტროლი ხორციელდება,“ – ამბობს ირაკლი ჭავჭანიძე. 

 

მისივე თქმით, 2006 წლიდან დღემდე დადგენილი კვოტა არცერთხელ არ შესრულებულა.

 

„ერთხელ მოხდა მხოლოდ, რომ ნახევარი დაიჭირეს დაშვებული კვოტის. 60-ათასიანი კვოტები ჰქონდათ და დანაჭერი აქვთ 17 ათასი, 24 ათასი. შარშან 80 ათასი იყო და საერთოდ 9 ათასი დაიჭირეს,“ – ამბობს ჭავჭანიძე. 

 

„2006 წლიდან 2011 წლის ჩათვლით ყველაზე დიდი რაოდენობით თევზი მოპოვებული იქნა 2009-2010 წლებში, დაახლოებით 40 000 ტონა. მოპოვების ყველაზე დიდი პრესის ქვეშ მოექცა ქაფშია. სავარაუდოა, რომ ჭარბი მოპოვება საქართველოს სანაპიროსთან ქაფშიის კლების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. კლების ტენდენციაზე მიუთითებს ქაფშიის გაცილებით ნაკლები რაოდენობით მოპოვება 2011 წელს,“ – ეს არის ამონარიდი მოსაზრებიდან, რომელიც ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის პროფესორებმა გამოაქვეყნეს. 

 

„შავი ზღვის ბიომრავალფეროვნება“ – ასე ჰქვია დოკუმენტს, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი და გაანალიზებული შავ ზღვაშ არსებული მდგომარეობა. ამ დოკუმენტის მიხედვით შავი ზღვის ეკოსისტემებზე მოქმედ ერთ-ერთ ძირითად საფრთხედ ჭარბი თევზჭერა არის მიჩნეული.

პროფესორი ზურაბ გურიელიძე, რომელმაც პროფესორთა ჯგუფთან ერთად 93- გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, ამბობს, რომ ეს მხოლოდ მოსაზრებაა. საბოლოო დასკვნა თებერვალში დაიდება.

 

„ერთი წლის მონაცემებზე გადაჭრით თქმა შეუძლებელია, ამიტომ ველოდებით წლევანდელ მონაცემებსაც. რეალურად ეს არის ცოცხალი რესურსების საგრძნობი შემცირება ზღვაში, თუმცა საკვები გარემო არის ძალიან მაღალი. ეს ალბათ გამოწვეულია ჭარბი მოპოვებით. თუმცა გადაჭრით ამას ვერ ვამბობ, რადგან ეს არის სამუშაო ვერსია, რომელზეც ვაგრძელებ მუშაობას,“ – აცხადებს ზურაბ გურიელიძე.

 

წელს  ქაფშიის მოპოვების კვოტა შარშანდელთან შედარებით შემცირებულია და 60 ათას ტონას შეადგენს. რას მოუტანს ზღვა ქართველ მეთევზეებს, ამის თქმა გაზაფხულზე იქნება შესაძლებელი. 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: