ბატონო გიორგი, ფინანსთა სამინისტროში მუშაობს კომისია, რომელიც შეისწავლის იმ ხელშეკრულებების მართლზომიერებასა და კანონიერებას, რაზე დაყრდნობითაც გაიცა ქონება 1 ლარად. რას გეგმავთ ამ მიმართულებით?
პირველი ამოცანა ის არის, რომ სამართლიანობის აღდგენის თვალსაზრისით კითხვითი ნიშნები არ უნდა დაისვას. ამ კუთხით ბევრი ვიმუშავეთ. გარკვეული ობიექტების ჩამონათვალი არსებობს, რომლებსაც ვადები აქვს დარღვეული და არ არის გამორიცხული, ნასყიდობის ხელშეკრულება გაუქმდეს…
ბიზნესიდან მოსული კაცი ვარ, წლებია კომერციული ბანკების ფილიალების ხელმძღვანელი ვიყავი ოთხ სხვადასხვა ბანკში და ჩემთვის პრიორიტეტია – არ უნდა დაირღვეს ინვესტორის უფლება. ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა. თუ ინვესტორს ყველაფერი პირნათლად აქვს შესრულებული, კერძო საკუთრების უფლება დაცული უნდა იყოს.
ჩვენ, უბრალოდ, რევიზიას ვიწყებთ, ყველაფერს უნდა გადავხედოთ.
თქვენ თქვით, რომ არის რამდენიმე ობიექტი, რომლის მეპატრონეც ვერ ასრულებს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს. ხომ ვერ დაასახელებთ, რომელ ობიექტებზეა საუბარი?
იურისტთან კონსულტაციებს გავივლი და თუ ეს ინფორმაცია არის საჯარო, მე ვარ საჯაროობის მომხრე. თუ იურისტი მიიჩნევს, რომ ამის გავრცელება კანონთან შესაბამისობაშია, კი ბატონო, დასამალი არაფერია. უბრალოდ, საკმაოდ მსხვილი ბიზნესმენები არიან და ვერც ერთი მინისტრი ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას.
კონკრეტულ მაგალითს დაგისახელებთ, რის გასხვისებასაც საზოგადოება აპროტესტებდა. ვგულისხმობ „სისთემ ინშაათისთვის“ დრამატული თეატრის მიმდებარედ 1 ლარად მიცემულ მიწის ნაკვეთს, გმირთა სკვერს. აპირებთ თუ არა გადახედოთ ამ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებს?
ეგ თემა თავიდან ბოლომდე შესასწავლია, შესაბამისად, აუცილებლად ყველა ხელშეკრულებას გადავხედავთ. ბევრ თემას უნდა მივაქციოთ ყურადღება, მაგალითად, სასამართლო არბიტრაჟს. მოკლედ, ეს ყველაფერი გადაიხედება, უბრალოდ, ამას უნდა დრო და შესწავლა. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ისე, რომ უსამართლობით რაღაც სამართალი დავაკანონოთ, ამიტომ დაწვრილებით უნდა შევისწავლოთ ყველა დეტალი. არ გვინდა არც ბიზნესმენის და არც სახელმწიფოს დაზარალება. ადამიანებს არ უნდა გავუჩინოთ უსამართლობის განცდა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი გელა ცინცაძე:
რამდენიმე კომპანიას არ აქვს ვალდებულება შესრულებული, შესაბამისად უკვე გვაქვს წარმოების დაწყების ბრძანებები. ერთ-ერთია შპს „საქართველო“ ქობულეთში, რომლის დამფუძნებელიც თემურ ჭყონიაა. არის კიდევ რამდენიმე ობიექტი.
თემურ ჭყონიას შემთხვევაში რა ტიპის დარღვევა არსებობს?
ჭყონიასთან დაკავშირებით გვქონდა სამუშაოს დაწყებასა და თანხის გადახდასთან დაკავშირებული ვალდებულება. სამუშაოების ვადა დამდგარი იყო, ვალდებულება კი არ ჰქონდა შესრულებული, ამიტომ ხელშეკრულების შესაბამისად დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება. ხელშეკრულების გაუქმებისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი საფუძვლები უნდა დადგინდეს. გამოიკვეთება ადმინისტრაციული საფუძვლები – თუ რამე საპატიო მიზეზი ჰქონდა და ამის გამო ვერ შეასრულა, მივიღებთ მხედველობაში, თუ არა ჰქონდა საპატიო მიზეზი, ხელშეკრულება გაუქმდება, ანუ ქონება აჭარას დაუბრუნდება საკუთრებაში. კომპანიას პირგასამტეხლოც დაეკისრება.
მხარეს აცნობეთ ამის შესახებ?
ყველას გავუგზავნეთ წარმოების დაწყების ბრძანებები. ვადა აქვთ, რომ თავიანთი მოსაზრებები წარმოგვიდგინონ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო გადაწყვეტილებას განხილვის მერე მივიღებთ.
„ტელეარხ 25“-ის დამფუძნებლების ახლობლებისთვის 1 ლარად გაცემული ქონების ხელშეკრულებების გადახედვა თუ იგეგმება?
მაგასთან დაკავშირებით სამინისტროში წარმოება იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ დაიწყებოდა, რომ ეს ობიექტები ჩვენს სამინისტროს და არც მთავრობის თავმჯდომარეს არ გადაუცია. ეს საკუთრება პრეზიდენტს აქვს გადაცემული პირდაპირი მიყიდვის წესით. ამასთან დაკავშირებით წარმოების დაწყება ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენციაა.
თემურ ჭყონიას გარდა სიაში რომელიმე სხვა მსხვილი ბიზნესმენიც თუ ფიგურირებს?
ერთ კომპანიას ახალ ბულვარში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, კვიპროსელები არიან. უნდა დაეწყოთ სასტუმროს მშენებლობა, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, არაფერი დაუწყიათ, ამიტომაც მიმდინარეობს წარმოება ხელშეკრულების გაუქმებაზე. ასევე სხვა კომპანიას ბენზეში, ჭადრაკის სასახლის გვერდით მდებარე მიწის ნაკვეთი ჰქონდა. არც მათ აქვთ ხელშეკრულების პირობა შესრულებული. ჩინური ინვესტიციაა კიდევ ერთი, ჩაის ნაკვეთი ჰქონდათ, ქართული წარმოების ჯიშები უნდა გაეკეთებინათ. აქაც არ არის შესრულებული პირობა.
ბათუმში, დრამატული თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი ისევ „სისთემ ინშათის“ საკუთრებაა?
მიწის ნაკვეთი თეატრთან უკვე აჭარის საკუთრებაა. მის სანაცვლოდ კომპანიას მიწის ნაკვეთი გადაეცა სასტუმრო „რედისონის“ წინ შემოღობილ ტერიტორიაზე. კომპანიას 40-სართულიანი სასტუმროს აშენების პირობა აქვს და ხელშეკრულების პირობებიც დაცულია.
სასტუმრო „მარინასთან“ ზარიფა ჰამზაევასთვის 1 ლარად გაცემულ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით რა ხდება, ასრულებს კომპანია ხელშეკრულების პირობებს?
დიახ, მას სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებული აქვს. ეს არის აზერბაიჯანული ინვესტიცია. ჰამზაევამ ახლა შპს დააფუძნა და იმ შპს-ში შეიტანა ეგ ქონება საწესდებო კაპიტალის სახით. მას 100-ნომრიანი სასტუმროს აშენების ვალდებულება აქვს აღებული.