სიახლეები

უნივერსიტეტში თვალთვალი გრძელდება

25.11.2012 • 2059
უნივერსიტეტში თვალთვალი გრძელდება

რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტის აუდიტორიებში კამერები გამოჩნდა, რამდენად გაუმჯობესდა სწავლის ხარისხი? – უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ხალვაში ამ შეკითხვას ასე პასუხობს: „ვერ გეტყვით, რომ კამერების დამონტაჟების შემდეგ სრულად გამოსწორდა სიტუაცია, ვიდეომონიტორინგი ერთ-ერთი გზაა პრობლემების მოსაგვარებლად, გარკვეულ შედეგზე მომავალში უფრო გავალთ. ვიდეომონიტორინგის მეშვეობით, იმედია, მალე „შპარგალკებსაც“ აღმოვფხვრით. გარკვეული შედეგი უკვე გვაქვს, სტუდენტები აღარ მოდიან გამოცდაზე გადაწერის იმედით, ლექციებზე აღარ ერთობიან ჟურნალების თვალიერებით და ტელეფონის აწყობით.

 

პროფესორებმა აბსოლუტურად სახე იცვალეს ვიდეოკამერების დაყენების შემდეგ, ვფიქრობ, სტუდენტების დიდმა ნაწილმა სწორედ დაინახა, რა იყო კამერების დამონტაჟების მიზანი. კამერების დამონტაჟების მიზანი მხოლოდ მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაა. 534 აუდიტორიაა ჩვენს უნივერსიტეტში და მხოლოდ 34-შია კამერა, დიდ აუდიტორიებში და საგამოცდო ცენტრებში, 30 კამერა კი დერეფნებშია დამონტაჟებული“. 

 

მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ბათუმის უნივერსიტეტი გამონაკლისი არ არის, სადაც ვიდეომონიტორინგი ხორციელდება. „თურქეთის თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელში განთავსებულია ვიდეოკამერები, ასევე ტალინის უნივერსიტეტის ყველა აუდიტორიაშია. ტალინში ვიზიტისას ჩვენმა კოლეგებმა მათ ჰკითხეს, თუ რა მიზანს ემსახურებოდა ეს კამერები, ღიმილით გვიპასუხეს, რომ ზუსტად ის მიზანი ჰქონდათ, რაც ჩვენ გვაქვს – სწავლის ხარისხის გაუმჯობესება“.

 

რამდენად სწორად მიაჩნიათ სტუდენტებს ვიდეომონიტორინგი უნივერსიტეტში და მიიჩნევენ თუ  არა, რომ კამერებმა სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე იმოქმედა? „ბათუმელები” სტუდენტური თვითმმართველობის ხელმძღვანელობის კანდიდატებს ესაუბრა, რომლებიც უნივერსიტეტის სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფებს წარმოადგენენ. მათი უმეტესობა უნივერსიტეტში კამერების არსებობას უარყოფითად აფასებს, ისინი ხაზგასმით ამბობენ, რომ ვიდეომონიტორინგი არ უნდა ხორციელდებოდეს ხმის ჩაწერით.

 

გოჩა სურგულაძე: „ჩემი აზრით, კამერების დამონტაჟება განპირობებული იყო პოლიტიკური სიტუაციიდან და მას არავითარი კავშირი არა აქვს სწავლის ხარისხთან. ლექტორების შემოწმება თუ უნდოდათ, მაშინ შეემოწმებინათ, როცა სამსახურში აჰყავდათ. კამერებმა დააკომპლექსა სტუდენტებიც, სწავლის ხარისხი არანაირად არ ამაღლებულა. გამოცდების დროს ვიდეომონიტორინგი საჭიროა, თუმცა ამისთვის არსებობს საგამოცდო ცენტრები. მე ვაპირებ ბრძოლას კამერების მოხსნის მოთხოვნით როგორც რიგითი სტუდენტი და თუ სტუდენტები მხარს დამიჭერენ, როგორც თვითმმართველობის თავმჯდომარე.“

 

გულო თურმანიძე, რომელიც ასევე სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეობის კანდიდატია, ამბობს, რომ პირადად მას ვიდეომონიტორინგი ხელს არ უშლის, თუმცა საკმაოდ ბევრ სტუდენტს  უქმნის დისკომფორტს: „ვიდეოთვალის საჭიროებას პირადად მე ვერ ვხედავ. თუმცა  რაღაც პრობლემები მოაგვარა, თუნდაც ის, რომ სტუდენტი კარებს ფეხით აღარ აღებს ლექციაზე შესვლისას. თვითმმართველობის პრეზიდენტი თუ გავხდები, სტუდენტთა უმრავლესობის სურვილს გავითვალისწინებ და იმ მოთხოვნას დავაყენებ დღის წესრიგში, რაც მათ ექნებათ“, – ამბობს  იგი. 

 

ლევან დუაძე კი ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ვიდეოკამერებს ახლავს მოსასმენი აპარატები: „ეს კანონდარღვევაა. მე დაცვის კაბინეტში მაქვს მოსმენილი ჩანაწერი. ტყუილია, როცა გვეუბნებიან არ ისმინებაო. თუ გარკვეული ლექციის ჩაწერა შეუძლიათ, ესე იგი უსმენენ ყველას, რადგან ყველა კამერა მთლიან სისტემაშია ჩართული, თუ ერთს ჩართავენ, ავტომატურად ირთვება ყველა. კამერები არ ემსახურება არც ხარისხის გაუმჯობესებას და არც მატერიალურ-ტექნიკური ბაზის დაცვას, მხოლოდ გასაკონტროლებლად იყენებენ მას. 64 ათასი დაიხარჯა ვიდეოკამერებში, როცა ამ თანხად მართლა შეეძლოთ ხარისხის გაუმჯობესება, თუნდაც წიგნების შეძენით, ლექტორების მოწვევით და მოქმედი ლექტორების გადამზადებით. შიშით სწავლის გაუმჯობესება არ ხდება, მოიყვანონ ბარემ ზონდერბრიგადები და ავტომატები მოგვიშვირონ, მაშინ უფრო უკეთ ვისწავლით.

 

უნივერსიტეტი არ არის სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, უნივერსიტეტმა თავისუფალი ახალგაზრდები უნდა აღზარდოს, რომლებიც შემდეგ სახელმწიფოს მმართველები გახდებიან. კამერების დამონტაჟება არის სისულელე. ბევრი დააჯერეს, რომ ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის გაკეთდა, მაგრამ უმეტესობას არ გვჯერა. ვიცით, რომ ეს არის კონტროლის მექანიზმი. მე ამ საკითხს დავაყენებ აქტიურად. კამერები უნდა მოხსნან, თუ უნდათ სასჯელაღსრულების დეპარტამენტს გადასცენ, ჩვენ იარაღი არ გვაქვს და ტერორისტები არ გვყავს, რომ საჭირო იყოს მსგავსი კონტროლი“.

  

ხმის ჩაწერის უკანონობაზე საუბრობს ზურა მესხიძეც, თუმცა იგი ფიქრობს, რომ ვიდეომონიტორინგი საჭიროა: „თუნდაც ლექტორების გასაკონტროლებლად, ზოგიერთი ლექტორი ლექციაზე ტყუილად შედიოდა აქამდე. ლექციაზე კარტს თამაშობდნენ სტუდენტები, მართალია შიშის მეშვეობით შეძლეს ამის აღმოფხვრა, მაგრამ რამე გზით ხომ უნდა შეეცვალათ ეს მდგომარეობა. არ მიმაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა, თუმცა უსაფრთხოებისთვის საჭიროა. კამერები აღარ უნდა მოიხსნას თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი თანხაა დახარჯული. ლექციაზე ნახონ როგორ ვსწავლობთ, მთავარია აუდიომონიტორინგი არ მიმდინარეობდეს, ეს ფაქტი გვაეჭვებს და გვგონია, რომ ხმას ისმენენ, ეს კი ადამიანის უფლებების დარღვევაა.“

 

უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ სტუდენტების ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაცია სტუდენტებს უსმენს, უსაფუძვლოა: „ეს გამორიცხულია. ნებისმიერ დროს მოიყვანონ საუკეთესო სპეციალისტი და შეამოწმონ, თუ მიმდინარეობს ხმის ჩაწერა. რატომ უნდა მოვუსმინოთ სტუდენტებს? დამონტაჟებიდან მხოლოდ ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ხმის ჩაწერა, უსმენდნენ პროფესორებს, თუ როგორ კითხულობდნენ ლექციებს, ახლა ლექციის ჩაწერა ხდება მხოლოდ პროფესორთან შეთანხმებით. ამ ეტაპზე ჩაწერილი გვაქვს ანზორ დიასამიძის და ვლადიმერ ბალაძის  ლექციები, რომელიც „ბსუ“-ს საიტზეც დევს და ყველა მსურველს შეუძლია ნახოს“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: