სიახლეები

აჭარის მთავრობის საკადრო პოლიტიკა

27.11.2012 • 2857
აჭარის მთავრობის საკადრო პოლიტიკა

„აპარატიდან ორი პირის ხელმოწერილი დოკუმენტი გადის, თავმჯდომარის და აპარატის უფროსის. მე რომ არ ვთქვა, სანდოობა ერთადერთი კრიტერიუმია-მეთქი, ხომ არ დაიჯერებთ?“ – ამბობს აპარატის ახლადდანიშნული უფროსი.

 

 

აჭარის მთავრობაში შეიცვალა იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელიც. ამ დეპარტამენტს ახლა პარმენ ჯალაღონია ხელმძღვანელობს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ბათუმის ფილიალის ყოფილი უფროსი.

 

 

აპარატის ადმინისტრაცია მურმან დუმბაძის თანაგუნდელს ნუგზარ კეკელიძეს ჩააბარეს, მონიტორინგის დეპარტამენტს კი კობა ჩხეიძე ხელმძღვანელობს.

 

 

მასმედიისა და საზოგადოების ურთიერთობათა დეპარტამენტს სავარაუდოდ ნათია სირაბიძე უხელმძღვანელებს, თუმცა ოფიციალურად ეს დანიშვნა ჯერ არ განხორციელებულა. ნათია სირაბიძე, რომელიც ასეთივე სამსახურს ხელმძღვანელობს საკონსტიტუციო სასამართლოში, ადასტურებს, რომ მასთან ამ საკითხზე კონსულტაცია მიმდინარეობს.

 

 

ჯერ ისევ ვაკანტურია საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა. ზაზა გუმბერიძე, რომელიც ლევან ვარშალომიძის თანაკურსელი იყო, თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე ხაბაძის მოსვლის შემდეგ გადადგა.

 

 

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, რამდენიმე ძველ თანამშრომელს არჩილ ხაბაძემ „ცხრაჯერ შესთავაზა რომ დარჩენილიყო, ასეთები არიან: ქეთი ასამბაძე და ირმა ფარსენაძე, რომელთაც ვარშალომიძის დროს თანაშემწეების პოზიციები ეკავათ, თუმცა მათ კატეგორიული უარი განაცხადეს“.

 

 

მალე აჭარის მთავრობაში კიდევ ერთი ვაკანსია იქნება, პროტოკოლის უფროსი შვებულებაშია და ის სამსახურში დაბრუნებას აღარ აპირებს.

 

 

აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯალაღონია ამბობს, რომ სამსახურში ახლად მიღებული პირები კანონის თანახმად მოვალეობის შემსრულებლად ინიშნებიან. „საჯარო მოხელეთა შესახებ“ კანონის თანახმად ვაკანსიებზე კონკურსი 2013 წლის მარტამდე უნდა გამოცხადდეს. თუმცა კონკურსი არ ეხება მაღალი თანამდებობის პირებს. ჯალაღონიას განმარტებით, მთავრობის აპარატს აქვს მზაობა, კანონით განსაზღვრულ თანამდებობებზე კონკურსი გამოაცხადოს.

 

 

აჭარის უმაღლეს საბჭოში ჯერჯერობით ერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. აპარატის უფროსი ლევან ხოზრევანიძე საკუთარი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა. „მითხრეს განცხადება დაწერეო და წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. მითხრეს, დაგასაქმებთო, მაგრამ რისი დამსაქმებლები არიან“ – ამბობს ლევან ხოზრევანიძე.

 

 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ოთხი მოადგილე ჰყავს. ამ სამინისტროში ორმა მოადგილემ თანამდებობა შეინარჩუნა. ადგილზე დარჩა რამაზ ჯინჭარაძე, რომელიც აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს, 2009 წლიდან მინისტრის მოადგილეა და დევნილთა და განსახლების საკითხებს მეთვალყურეობს. ასევე სავარძელი შეინარჩუნა ნონა გალოგრემ, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროში 2004 წლიდან მუშაობს, ამ ხნის განმავლობაში მას ეკავა სხვადასხვა თანამდებობა, 2008 წლიდან არის მინისტრის მოადგილე ფინანსურ საკითხებში.

 

 

პროფესიით ექიმი რომან ბოლქვაძე მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა. იგი სამინისტროში კურირებას გაუწევს ჯანდაცვის დეპარტამენტს.

 

 

მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე, ლევან გორგილაძე, აქამდე „ნარკოლოგიურ ცენტრში“, ექიმ ნარკოლოგად, განყოფილების გამგედ და მთავარ ექიმად მუშაობდა. გორგილაძე სამინისტროში კურირებას სოციალურ დეპარტამენტს გაუწევს და განახორციელებს აჭარის ტერიტორიაზე არსებული სამედიცინო დაწესებულებების მეთოდურ ზედამხედველობას.

 

 

აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის ოთხივე მოადგილე შეიცვალა. მოადგილის სავარძლები დაიკავეს: ლადო მგალობლიშვილმა, რომელიც სამინისტროში არასამთავრობო სექტორიდან გადავიდა; ვალერი ბერაძემ სპორტის საკითხებში; ქეთევან მანელიშვილი კულტურის დარგში იქნება მინისტრის მოადგილე, სულიკო თებიძე კი განათლების საკითხებს უხელმძღვანელებს.

 

 

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრსაც ოთხი მოადგილე ჰყავს. მათგან ჯერჯერობით მხოლოდ სამი არის დანიშნული. პრივატიზების საკითხს მოადგილის რანგში სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ყოფილი ფინანსური მენეჯერი დავით ბალაძე უხელმძღვანელებს, საბიუჯეტო საკითხებში მინისტრის მოადგილე ისევ რამაზ ბოლქვაძეა, ასევე მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა პროფესორმა ბესიკ ბოლქვაძემ.

 

 

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთხივე მოადგილე შეცვალა. ავთანდილ მესხიძე ბათუმის უნივერსიტეტის მეცნიერ თანამშრომელია, იოსებ აბულაძე მინისტრის პირველი მოადგილეა, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა სულიკო ბერიძეც, ფერმერთა სახლის ყოფილი კონსულტანტი. მინისტრის კიდევ ერთი მოადგილე როსტომ შერვაშიძეა. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ბელორუსიაში ქალაქ მინსკში იყო, იგი შპს Батумский дельфин-ის დირექტორად მუშაობდა.

 

 

ჯერჯერობით, საკადრო ცვლილებები სამინისტროში მხოლოდ მოადგილეებს შეეხო.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: