Batumelebi | ჩემპიონატის დებიუტანტი – „ბათუმი“ ჩემპიონატის დებიუტანტი – „ბათუმი“ – Batumelebi
RU | GE  

ჩემპიონატის დებიუტანტი – „ბათუმი“

ირაკლი დარცმელიძე

 

საქართველოს საკალთბურთო ჩემპიონატში ბათუმს წელს დებიუტი ექნება. 2000-2001 წლებში დაბადებული ჭაბუკები პირველად მოსინჯავენ ძალებს ეროვნულ პირველობაზე, რომელშიც 16 გუნდი მონაწილეობს. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, გუნდის მწვრთნელი მალხაზ დოხაძე იმედოვნებს, რომ ბათუმი ხუთეულში მოხვდება.


მალხაზ დოხაძე: პირადად მე კალათბურთელი არ ვყოფილვარ. 1989 წელს დაბადებულ ჭაბუკთა გუნდს თავკაცობდა ბიძაჩემი ბადრი შამილაძე, ეს ის გუნდია, რომელმაც 21 თამაშიდან 21-ვე მოიგო. სწორედ მან შემომთავაზა, ასე ვთქვათ, ასისტენტობა გამეწია მისთვის. შემდეგ 1993 წელს დაბადებულ ჭაბუკებს ვავარჯიშებდით. ბოლო ორი წელია კი 2000-2001 წლებში დაბადებულთა გუნდს ვხელმძღვანელობთ მე და ედუარდ ტოროსიანი. ის ბიჭები, რომლებიც ახლა ჩვენს გუნდში ირიცხებიან, ადრე სხვადასხვა გუნდებში იყვნენ გადანაწილებულნი, მაგრამ ჩვენ ისინი შევკრიბეთ. შარშან საკალათბურთო ფესტივალში მივიღეთ მონაწილეობა, სადაც მეხუთე ადგილი დავიკავეთ, წელს კი საქართველოს ჩემპიონატში გვექნება დებიუტი.

 

 

ჩემპიონატში 16 გუნდი მონაწილეობს, თქვენ დებიუტანტები ხართ. რა მიზანს ისახავთ წლევანდელ გათამაშებაში?

 

 

– ჩემპიონატს გამოკვეთილი ფავორიტები ჰყავს აკადემიისა და რუსთავის გუნდის სახით, სხვებიც არიან და იოლი თამაში არავისთან გვექნება. თუმცა ჩვენი ბიჭების მომზადების დონე, ჟინი და მონდომება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხუთეულისთვის ბრძოლას შევძლებთ და მოვხვდებით კიდეც ამ ხუთეულში.

 

 

გუნდში რამდენი კალათბურთელი ირიცხება?

 

 

– განაცხადში 12 მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, მათი 60 პროცენტი დიდი კალათბურთის თამაშს შეძლებს. განსაკუთრებით დიდ იმედებს ვამყარებთ ორ ბიჭზე, გიორგი ოჩხიკიძესა და დათო ჟღენტზე. გიორგი 2004 წელშია დაბადებული და გუნდში ასაკით ყველაზე პატარაა. დათოს რაც შეეხება, ბიჭი ჯერ მხოლოდ 12 წლისაა და უკვე 188 სმ-ია სიმაღლეში. ერთი ჩვენი აღზრდილი, ლუკა მაზიაშვილი კი უკვე „აკადემიაში“ ჩაირიცხა.

 

 

_ სხვებიც გაგვაცანით

 

 

– ზურა გოლეთიანი, ლუკა კუპრეიშვილი, ნიკა მედილიში, ნიკა ჯაიანი, ენრი ფარტენაძე, ვაჟა ხიმშიაშვილი, ნიკიტა ბონდარევი, კახი კინწურაშვილი, რომა პაპაძე და ლევან დევაძე. ეს ის გუნდია, რომლითაც წელს საქართველოს ჩემპიონატზე წარვსდგებით.

 

 

როდის იწყება პირველობა?

 

 

– დეკემბერში ან იანვარში. კონკრეტულად გადაწყვეტილი არ არის.

 

 

შეიძლება ითქვას, ბავშვთა კალათბურთით ძირითადი გუნდის ბაზას ამზადებთ

 

 

– რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანიც ეგაა, რომ თავის დროზე, უმაღლესი ლიგის გუნდმა სათანადო შევსება მიიღოს. აქვე დავსძენ, რომ ძალიან გვეხმარება რჩევებით „ბათუმი-რსუ“-ს მთავარი მწვრთნელი მიხეილ კობეშავიძე. სხვებიც დიდ ყურადღებას გვაქცევენ.

 

 

ვის დაფინანსებაზე ხართ?

 

– ბათუმის სასპორტო სკოლა გვაფინანსებს. ეს იქნება ეკიპირება, შეკრებები თუ შეჯიბრზე გამგზავრება, რისთვისაც მადლობას მოვახსენებ. ზაფხულში ჩვენი გუნდი სურამში იმყოფებოდა საწვრთნელ შეკრებაზე, რომელიც სპორტსკოლამ დაგვიფინანსა. ტრაპიზონის სპორტულ კლუბ „იდმანოჯაგისთან“ მოვილაპარაკეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით მათთან ჩავალთ, ერთობლივ საწვრთნელ შეკრებას გავივლით და რამდენიმე ამხანაგურ მატჩსაც გავმართავთ, რაც ჩვენს გუნდს დამატებით გამოცდილებას შესძენს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ირაკლი დარცმელიძე