სიახლეები

„ჩამორჩენილი“ და „დაუფასებელი“ სამინისტროს ახალი, მდიდარი მინისტრი

24.11.2012 •
„ჩამორჩენილი“ და „დაუფასებელი“ სამინისტროს ახალი, მდიდარი მინისტრი

სოფლის მეურნეობის ახალი მინისტრი ბიზნესიდან მოვიდა და მინისტრად დანიშვნიდან 10 დღეში ბიზნესი უნდა გაესხვისებინა. ამბობს, რომ წარმატებული ბიზნესი ჰქონდა – წლიური მოგება 100 000 ათასზე მეტ დოლარს შეადგენდა.

 

ზაურ ფუტკარაძე, რომელიც ბიზნესსაქმიანობას ევროპის ქვეყნებშიც ეწეოდა, ოფიციალურად ფლობდა შპს „ფერმერთა სახლის“ 50 პროცენტს და კომპიუტერული ტექნიკის კომპანია „საბატას“ 30 პროცენტს. მინისტრი ირწმუნება, რომ ორივე წილი უკვე გაასხვისა, პარტნიორებს დაუთმო: „რამდენად გავყიდე, ამას არ გეტყვით“, – ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

 

ბიზნესიდან მოსული მინისტრის შვილები საქართველოში არ ცხოვრობენ. ერთი ლონდონშია, მეორე – პოლონეთში. არც ერთ მათგანს მინისტრი მამის დახმარება აღარ სჭირდება, ორივე მუშაობს და საკუთარი სოლიდური შემოსავალი აქვს. 

 

კერძო კომპანიაში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს მინისტრის მეუღლეც.

 

ზაურ ფუტკარაძეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კავშირი მანამდეც ჰქონდა, ვიდრე მინისტრი გახდებოდა.

 

2005-2008 წლებში მის მიერ დაფუძნებული კომპანია ამ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში მონაწილეობდა. მთავრობის დაფინანსებით მინისტრის მიერ დაფუძნებული კომპანია ამერიკულ პეპელას ებრძოდა, თუმცა ამბობს,რომ ამას იძულებით აკეთებდა. კითხვაზე: ვინ აიძულებდა? პასუხობს, რომ შესაბამისი სამსახურები,  „ასეც რომ არ ყოფილიყო, ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ და ჩემზეც მოქმედებდა, როცა ვხედავდი მცენარეზე ფოთოლი აღარ იყო, ვალდებულებასაც ვგრძნობდი“.

 

ჯამში ბიუჯეტიდან მიღებული თანხა 300 000 ლარს შეადგენდა.

 

წარსულზე, ბიზნესსა და მთავრობაზე საუბარი არ მოსწონს მოტივით – „ჩემი წარსული აქ მოსვლამდე იყო სუფთა, ნათელი“ – ამბობს ის.

 

მიუხედავად ამისა, ამბობს, რომ მედიის მიმართ კეთილგანწყობილია, მაგრამ როცა ჟურნალისტი ღია ეთერში უსვამს კითხვას – „რატომ დაგეხმარათ ლევან ვარშალომიძე კრედო “ბანკიდან სესხის მიღებაში“, ფიქრობს, რომ ჟურნალისტს „შოუს შექმნის“ ან მისი დისკრედიტაციის მიზანი აქვს. „როცა წარმატებული ბიზნესია და არსებობს ბიზნესგეგმა, ბანკის ინტერესია გასცეს სესხი. მე პროკრედიტ ბანკიდანაც ამიღია 150 000 დოლარი სესხად, რად მინდოდა ლევან ვარშალომიძის შუამდგომლობა“.

 

ენდობა თუ არა მინისტრი მედიას, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ „ბათუმელებისა“ და მინისტრის ამ ინტერვიუს მისი თანაშემწე, პარალელურად თავიდან ბოლომდე იწერდა. 

 

სამინისტრო, რომელსაც ახლა წარმოადგენს ზაურ ფუტკარაძე, მიაჩნია, რომ ჩამორჩენილი იყო. „არა იმიტომ, რომ აქ არაპროფესიონალები მუშაობდნენ, იმიტომ, რომ ბიუჯეტი დაბალი ჰქონდათ. 3 მილიონად სოფლის მეურნეობას ვერ ამოქოქავ“ – ამბობს ის.

 

მისი მინისტრობის პერიოდში ვარაუდობს, რომ მიზნობრივი პროგრამების ოდენობა 2-დან 10-მდე გაიზრდება, ბიუჯეტი კი 3 მილიონის ნაცვლად 12 მილიონს მიაღწევს.

ამბიციური გეგმების განხორციელება ახალმა მინისტრმა საკადრო პოლიტიკით დაიწყო. შეცვალა მინისტრის ოთხივე მოადგილე და ადმინისტრაციის უფროსი.

 

ამბობს, რომ უხერხულობას არ გრძნობს იმის გამო, რომ მისი ერთ-ერთი მოადგილე, სულიკო ბერიძე, ბოლოს მის კომპანიაში მუშაობდა. სულიკო ბერიძე სამინისტროში მეცხოველეობის დარგს უხელმძღვანელებს, მინისტრიც და მოადგილეც სამინისტროში თითქმის ერთდროულად მოვიდნენ. „დღეის მონაცემებით აჭარაში გვყავს ორი მეცნიერებათა დოქტორი მეცხოველეობის დარგში, ვაჟა იაკობაძე, რომელიც 70 წელსაა გადაცილებული და სულიკო ბერიძე“ – ამბობს ზაურ ფუტკარაძე. 

 

საკადრო ცვლილებებს იმ შემთხვევაში გააგრძელებს, თუ თანამშრომლებს მონდომება და საქმის სიყვარული ვერ შეამჩნია.

 

თანამშრომელთა დათხოვნის შემთხვევაში არჩევანი დიდი აქვს, სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობის დაწყების მსურველთა რაოდენობა უკვე 400 აღწევს.

 

მინისტრის მოსაცდელში რიგი დგას. უმრავლესობას მინისტრთან შეხვედრა და მისი მონახულება სურს.

 

ახალ მინისტრს მომავლის ასეთი გეგმები აქვს: სამინისტრო აპირებს აღადგინოს ჩაის პლანტაციები და „აბიბინებულ ჩაის რომ დაინახავს ინვესტორი, 1 ლარს კი არა 100-ს და მეტს გადაიხდის. ადრე ერთ ლარად გასხვისდა ჩაის პლანტაცია და ახლა მოვიწვიეთ ინვესტორის წარმომადგენელი. რაც უნდა ყოფილიყო გაკეთებული, საერთოდ არაფერი შესრულებულა. კიდევ ერთ ინვესტორს შევხვდით და ვუთხარით, რომ  ალტერნატიულ სახელმწიფო მინიფაბრიკებს შევქმნით, რომ თქვენ არ მოახდინოთ მონოპოლიზება. ინვესტორმა გვითხრა, რომ მას  ჩაი თურქეთიდან შემოაქვს და თქვა, რომ თუ ადგილზე იქნება, ის მზად არის, მოკრეფილ ჩაიში 80 თეთრი ან ლარი გადაიხადოს. 80 თეთრს რომ მიიღებს მოკრეფილ ჩაიში, ოჯახი ამოისუნთქავს“ – ამბობს მინისტრი, რომელიც გვარწმუნებს, რომ პირველ ეტაპზე სახელმწიფო ფაბრიკები სულაც არ ნიშნავს სოციალიზმის დაბრუნებას, „თუმცა სოციალიზმის ელემენტებს თუ სწორედ გამოიყენებ, არ არის ცუდი, ჩინეთის ეკონომიკა ძალიან წარმატებულია, ამერიკული ფერმერული მეურნეობიდანაც შეიძლება რამდენიმე დეტალის გადმოტანა“.

 

ზაურ ფუტკარაძე დარწმუნებულია, რომ კურსი, რომელიც სოფლის მეურნეობაში აქვს არჩეული, შედეგს მოიტანს. დაკმაყოფილდება ადგილობრივი ბაზარი და მყარი ვალუტა საზღვარგარეთ აღარ გავა კიტრისთვის, პომიდვრისა და გაყინული ქათმისთვის.

 

კიდევ ერთი მიზნობრივი პროგრამა, რომლის განხორციელებასაც მინისტრი გეგმავს, მცენარეთა ნერგების დარიგებას ითვალისწინებს თანადაფინანსების პრინციპით, „თუ ჩვეულებრივი პომიდორი ისხამს 3 კილოგრამს, ამ შემთხვევაში მოისხამს 10-12 კილოგრამს. უზრუნველყოფილი იქნება ყველა ოჯახი, ვინც სოფელში ცხოვრობს. ამით ბოსტნეულის იმპორტი ოცდაათი პროცენტით შემცირდება“ – ამბობს ზაურ ფუტკარაძე.

 

მინისტრს, ჯერჯერობით, ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს მაღალმთიან აჭარაში თამბაქოს კულტურის დაბრუნებაზე. იგი მოსახლეობას კაკლის ახალ ჯიშს შესთავაზებს, რომელიც ნაყოფს ორ წელში იძლევა და მისი გატეხა ხელითაც შეიძლება. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, როცა კვლევის შედეგს ნახავს იმის შესახებ, რომელი უფრო მომგებიანი იქნება, კაკალი თუ წებოვანი თამბაქო. კაკალი,  ჩაის „აბიბინებული პლანტაციაც“ და მსხმოიარე პომიდორიც მომავლის გეგმებია. სამინისტროს ახალ შემადგენლობას პირველი გამოცდის ჩაბარება ნარინჯისფერ რთველზე მოუწევს. აჭარაში მანდარინის კრეფა უკვე დაიწყეს. პრობლემა გასაღების ბაზარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: