მთიანი აჭარა

კანონი გარემოს წინააღმდეგ

25.11.2012
კანონი გარემოს წინააღმდეგ

ბოლო ერთი კვირაა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მოსახლეობა ხე-ტყის უკონტროლო ჭრას აპროტესტებს. ტყე დაუცველი მას შემდეგ დარჩა, რაც კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც ხე-ტყის მოჭრაზე შეზღუდვები მოიხსნა.

 

 

საქართველოს მთავრობის დადგენილება №366 2012 წლის 6 სექტემბრით თარიღდება. ამ დადგენილებით ცვლილებები შევიდა  „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებაში.  ცვლილებების შედეგად გაუქმდა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ასევე საშეშე ხე-ტყის 1-ელ მეტრამდე კოტრებად დაჭრის ვალდებულება, სამასალე მორის მარკირება, დაფირნიშება, სახერხი საამქროს რეგისტრაცია და შესაბამისი ელექტრონული ანგარიშგების წარმოება,  ხე-ტყის დამზადების ბილეთის მოქმედების ვადა 2 თვიდან 1 წლამდე გაიზარდა. ამასთან,  შესაძლებელია სოციალური ჭრის შედეგად მოპოვებული ხე-ტყის კომერციული მიზნით გამოყენება. ცვლილება შეეხო  ლიცენზიანტებსაც.  გაუქმდა  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი და სპეციალური ფირნიშით მარკირების ვალდებულება.

 

 

„დღეს ადამიანს შეუძლია აიღოს ბილეთი, მოჭრას ნებისმიერი ხე, რომელიც მოენდომება და რამდენს მოჭრის, ამას ვერავინ გააკონტროლებს. ფაქტობრივად, უკვე დავიწყებული ერთწლიანი ლიცენზია აღდგა, როგორიც იყო 90-იანი წლების დასაწყისში და  კონტროლის ყველა მექანიზმი მოისპო. ახალი მექანიზმები კი ჯერაც არ შექმნილა. მოხდა ისე, რომ რაიონებში 6-7 წლის განმავლობაში გაჩერებული უკანონო ჭრა და სახერხები, რომლებიც უკანონოდ მოპოვებულ სამასალე მერქანს ამუშავებდნენ, ახლა პრაქტიკულად ყველა რაიონში დაიქოქა და ამუშავდა. უკონტროლო ჭრებს ხელს უწყობს ის გარემოებაც, რომ, ჯერ ერთი, შეშის დამზადების სეზონია, ზამთარი ახლოვდება, ხალხი ცდილობს, მოიმარაგოს, გაისად კაცმა არ იცის, რა იქნება“, – ამბობს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

 

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტებში პროცესსს შესაძლოა ხელს ადგილობრივი ხელისუფლებაც უწყობდეს. „ჩვენ გვიკავშირდებიან სხვადასხვა რაიონებიდან და გვაწვდიან ერთნაირი ტიპის ინფორმაციას: იმის გამო, რომ ადგილობრივი ხელისუფლება და ცენტრალური ხელისუფლება სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს ჭრას,“ –  ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი.

 

 

როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული მდგომარეობა? ენერგეტიკის სამინისტროში, რომლის დაქვემდებარებაშიც არის დღემდე ბუნებრივი რესურსები, აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გარემოს დაცვის სამინისტროსთვის დაბრუნების პროცესი. როდის დასრულდება ეს პროცესი, ამ გარდამავალ პერიოდში როგორ გაკონტროლდება ხე-ტყის უკანონო ჭრა და რას აპირებს  გარემოს დაცვის სამინისტრო  ამ მიმართულებით, ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად გარემოს დაცვის სამინისტროს მივმართეთ.

 

 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ხათუნა გოგალაძის განცხადებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროები  ერთობლივად მუშაობენ საკანონმდებლო სივრცის შესაცვლელად.

 

 

„ვმუშაობთ, რომ  ის მარეგულირებელი აქტები, რომლებმაც გაათავისუფლეს ხე-ტყე კონტროლისაგან, დაუბრუნდეს პირვანდელ მდგომარეობას, ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები და ეს უნდა გაკეთდეს შემდეგ კვირას,“ – განაცხადა ხათუნა გოგალაძემ „ბათუმელებთან“.

 

 

დადგენილებების გაუქმებაში ხედავს გამოსავალს ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ბიომრავალფეროვნების პროგრამების კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილიც.

 

 

„მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გააუქმოს ეს დადგენილებები და ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებები, რომელიც ქმნის საფუძველს, რომ განუკითხავად მოიჭრას ტყე რაიონებში. ახლა სიტუაციას  ამძიმებს ის გარემოებაც, რომ გაცხადდა ახალი მთავრობის პოზიცია:

 

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ბუნებრივი რესურსების სააგენტო და კონკრეტულად სატყეო სექტორის მართვა, გადავა ენერგეტიკის სამინისტროდან გარემოს დაცვის სამინისტროში. ამას კი პროცედურებისა და კანონის შესაბამისად, გარკვეული დრო სჭირდება. არ ვიცი ვერ აკეთებენ, თუ არ აკეთებენ, რაღაც სტაგნაციაში არიან. ენერგეტიკის სამინისტროს ამისთვის არ სცალია, გარემოს დაცვის სამინისტროს იურიდიულადაც არ მიუწვდება ხელი, რომ რეაგირება მოახდინოს. სატყეო დეპარტამენტის ახალ სტრუქტურაში კი იგივე მოხელეები მუშაობენ, ვის პასუხისმგებლობასაც არის თუნდაც ზემოხსენებული დანაშაულებრივი ცვლილებები ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს დღეს არსებული სრულიად უვარგისი სტრუქტურა. მოსახლეობა და სახერხები კი, როგორც ჩანს, რასაც მოასწრებენ ამ ზამთარში, გაჩეხავენ“, – აცხადებს ირაკლი მაჭარაშვილი.

 

 

რით იყო განპირობებული და რატომ გახდა აუცილებელი ამ ცვლილებების შეტანა დადგენილებებში? მაჭარაშვილი ამბობს, რომ ხე-ტყის უკონტროლოდ მოჭრის თემა ისტორიულად წინასაარჩევნოდ აქტიურდება. ამის დასტურად 2003 წლის არჩევნებს იხსენებს და ამბობს, რომ 2003 წელს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა არჩევნები ადიგენში სწორედ ამის გამო წააგო:

 

 

„ახლაც, ამ ცვლილების ერთ-ერთი ინტერესი ნამდვილად იყო ის, რომ ხალხის გული მოეგოთ, ეს არის ცნობილი  საარჩევნო ტექნოლოგია, როდესაც ეუბნებიან ხალხს, რომ თქვენ რაც გინდათ, ის მოჭერით, ოღონდ ხმა მომეცით. სხვათა შორის, ამ მეთოდით თვითონ მერაბიშვილმა წააგო არჩევნები ადიგენში“.                    

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: