სიახლეები

წინწყაროში ქართველ მუსლიმებს ლოცვას უშლიან

30.11.2012 • 1423
წინწყაროში ქართველ მუსლიმებს ლოცვას უშლიან

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე სოფელ წინწყაროში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„შეშფოთებული ვართ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, მომხდარი ფაქტის გამო, რომელიც ეხება სოფლის ქრისტიანი მოსახლეობის მიერ არასამართლიანად, ამავე სოფლის მუსლიმი მოსახლეობის მეჩეთში ლოცვის შესრულებაზე ხელის შეშლას. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის 28 ნოემბერს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ წინწყაროში, არამუსლიმი მოსახლეობა მიუვარდა მუსლიმ წინამძღვარს, რომელებმაც მიაყენეს სხვადასხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცყოფა. ისინი დაჟინებით ითხოვდნენ მეჩეთის გაუქმებასა და პარასკევობით პარასკევის ლოცვის ჯგუფურად შესრულების გაუქმებას. აღნიშნული ფაქტი მეორე შემთხვევაა ნიგვზიანის შემდეგ. 

აქვე გაცნობებთ, ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, დღეს 30 ნოემბერს მოცემულ სოფელში ჩვეულებრისამებრ შესრულდება პარასკევის ჯგუფური ლოცვა.

მივმართავთ საქართველოს მთავრობას, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა აღნიშნულმა ფაქტებმა არ მიიღოს სისტემატიური ხასიათი. შესაბამისმა ორგანოებმა უზრუნველყონ საქართველოს კონსტუტიციით აღიარებული სინდისისა და რელიგიის თავისუფლების მხრივ, საქართველოს მოქალქე მუსლიმი მრევლის უფლებების რეალიზება. ვთხოთ, უფლებადამცველ ორგანიზაციებს, საერთაშორისო დიპლომატიურ კორპუსს, აქტიური მონაწილეობა მიიღონ და თავიდან ავიცილოთ შესაძლო რელიგიურ დაპირისპირება.

 

აქვე დავაზუსტებთ, რომ მოცემულ სოფელში ცხოვრობენ სვანეთისა და აჭარის რეგიონიდან ჩასახლებული ეკომიგრანტები.

იმედს ვიტოვებთ, აღნიშნულს ფაქტს კარგად გაანალიზებს საქართველოს ყველა მოქალაქე და თავიდან ავიცილებთ რელიგიურ ნიადაგზე საქართველოს მოქალაქეების შესაძლო დაპირისპირებას“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: