დადგენილებაში აღნიშნულია რომ „ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარჯების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი წლების ბიუჯეტებში გათვალისწინება, საჭიროების შემთხვევაში“.
ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის მიზნებია:
ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობების (შემდგომში – არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი) ლიკვიდაციის ხელშეწყობა;
ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;
გ) ქალაქის განაშენიანების განვითარება;
დ) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;
ე) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.
პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობას მიიღებენ:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავშირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს;
ბ) ქ. ბათუმის მერია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;
გ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა;
დ) იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად, გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.
აღნიშნული პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
თავის მხრივ, დეველოპერული კომპანია ვალდებულია პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინოს:
მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, დეველოპერულ კომპანიაზე გასცეს კრედიტი არა უმეტეს შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე:
დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ 500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან გააფორმებს ორგანიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრულებას, თუ დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს;
დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილნი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელშეკრულების პირობები, ამ პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.
პროგრამაში ასევე აღნიშნულია „ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიას:
ტვ4–ის ჟურნალისტი სოფო ჟღენტი ამბობს, რომ ამ ხნის მანძილზე უმაღლეს საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიეღო, მედეა ვასაძის თანამდებობიდან დათხოვნის შესახებ და ის ფაქტი, რომ პროკურატურის მხრიდანაც აქამდე არანაერი რეაქცია არ არის, დაუსჯელობის განცდას ქმნის საზოგადოებაში, რაც სხვა დანაშაულის პროვოცირების მიზეზიც ხდება – “ზუსტად ვერ ვიტყვი ის შეურაცხმყოფელი ფეისბუქ გვერდის შექმნა, უკავშირდება თუ არა ამ ადამიანს პირდაპირ, მაგრამ კავშირი აშკარად არის. ამ ადამიანებმა პროვოცირება და ლეგიტიმაცია გაუკეთეს იმას, რომ შეიძლება ამაზე ლაპარაკი, ამაზე ქილიკი. თუ დეპუტატი არ ისჯება, რომელსაც ადამიანის უფლებების დაცვა ევალება, რიგით მოქალაქეს ალბათ ვერაფერს მოვთხოვთ გარდა იმისა, რომ თვითშეგნება ქონდეს უფრო მაღალი” – ამბობს სოფო.
ჯაბა ანანიძის ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოს არ აქვს რეაქცია ჟურნალისტებზე ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე – “ამ საკითხზე აქამდე არ მომხდარა არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი რეაგირება, მედეა ვასაძემ უნდა დატოვოს უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის თანამდბეობა. მოვითხოვთ რომ შეწყდეს ჟურნალისტებზე ზეწოლა და სასწრაფოდ გამოიძიონ ეს ფაქტი” – ამბობს ჯაბა ანანიძე.
ფესტივალის მონაწილეებმა ბათუმის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს და ბულვარის კოლონადებთან კონცერტი გამართეს.
საერთაშორისო ფესტივალი „აჭარის ქორეოგრაფიულ მოღვაწეთა კავშირის“ ორგანიზებითა და აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება. მისი დამფუძნებლის ანზორ დევაძის თქმით, წელს ფესტივალი პირველად იმართება და მონაწილე ქვეყნებიდან 370 მონაწილეა ჩართული.
ფესტივალი ოთხ დღეს გაგრძლდება. მონაწილეები ხვალ ბათუმის საზაფხულო თეატრში კონცერტს გამართავენ.
გუშინ, მას შემდეგ რაც სოციალურ ქსელში ჯაბა ანანიძისა და სხვა ბათუმელი ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი გვერდი შეიქმნა, “ტელეარხმა25”- ის დირექციამ პოლიციას მიმართა და ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.
უკანასკნელ პერიოდში „ტელეარხი 25“-ის დისკრედიტაციის მცდელობისა და ჟურნალისტების შეურაცხმყოფელი ფაქტების გამო არხის დირექციამ მივიღეთ გადაწყვეტილება პროტესტის რადიკალური ფორმისათვის მიგვემართა და ერთი დღით ვწყვეტთ მუშაობას.“ – ამ განცხადებას „ტელეარხი 25“ ავრცელებს.
არხის ხელმძღვანელობა და დირექცია სამართალდამცავებს სთხოვს უმოკლეს დროში გამოიძიონ ჟურნალისტებზე ზეწოლისა და შეურაცხყოფის ფაქტები.
შეგახსენებთ, რომ უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ 25-ე არხის ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს 8 ივნისს, ტელეეთერში გაშვებული საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“- ტრანსლირების შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.
აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა.
გუშინ კი „ფეისბუქზე” გამოჩნდა ანონიმი მომხმარებლის მიერ შექმნილი გვერდი, რომელიც ჯაბა ანანიძის და ტვ 25-ის სხვა ჟურნალისტის შეურაცხმყოფელ ფოტოებსა და სტატუსებს ავრცელებს. ტელეარხმა აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმართა სამართალდამცავებს.
საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელის, ქეთევან გარსევანიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ კლინიკაში, ადრინდელ სიტუაციასთან შედარებით, ამ მხრივ მდგომარეობა ცოტათი გაუმჯობესდა, საექთნო საქმის ძირითად პრობლემად ისევ დაბალი ანაზღაურება რჩება. „ექთნისა და მისი თანაშემწის ხელფასი მინიმუმ 300 ლარი მაინც უნდა იყოს“, – ამბობს ის.
ქეთევან გარსევანიშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოში საექთნო საქმე არანაირი კანონმდებლობით არ რეგულირდება, გარდა იმ რამდენიმე ბრძანებისა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო ინფექციის კონტროლისა და სამედიცინო ნარჩენების შესახებ გამოსცემს. გარდა ამისა, ნორმატივების არ არსებობის გამო, ზოგიერთ განყოფილებაში, სადაც ექთანი არა უმეტეს 10 პაციენტს უნდა უვლიდეს, 15 და 20 პაციენტიც კი ჰყავთ მოთავსებული -„ეს ადამიანები 24 საათი ფეხზე დგანან და ძალიან მძიმე სამუშაოს ასრულებენ. ჩვენს ქვეყანაში პენსიონერებს უხდიან 150 ლარს, როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს მინიმუმ ორჯერ უფრო მეტი მაინც არ ეკუთვნით გასამრჯელო?!“ – ამბობს ქეთევან გარსევანიშვილი. მისივე თქმით, ამ მხრივ ყველაზე ცუდი მდგომარეობა რეგიონებშია, სადაც ექთნების ასოციაციის მონაცემებით 80 ლარსაც კი უხდიან ექთნებს.
ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 245 ექთანი მუშაობს. საავადმყოფოს დირექტორის, მალხაზ ხალვაშის თქმით, მათთან ექთნის ხელფასი მინიმუმ 150 ლარია, თუმცა მათ, ვინც უფრო მეტი დატვირთვით, უფრო რთულ სამუშაოზე მუშაობს, ხელფასი გამომუშავების მიხედვით ეზრდებათ და მართალია, ძალიან იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ იგი ათას ლარამდეც კი აღწევს. მალხაზ ხალვაშის თქმით, მას შემდეგ, რაც ბათუმში ახალი (რეფერალური) საავადმყოფო გაიხსნა, გეგმიური ოპერაციების კომპონენტი რესპუბლიკურიდან რეფერალურში გადავიდა, რესპუბლიკურის ქირურგიულ დეპარტამენტში კი ძირითადად ურგენტული (გადაუდებელი) ოპერაციები კეთდება, რაც ბევრად უფრო იაფი ღირს და, შესაბამისად, საავადმყოფოს შემოსავალმაც იკლო. იმის გამო, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს უროლოგიური და სხვა დეპარტამენტები უფრო დიდი დატვირთვით მუშაობენ, ამ განყოფილების ექთნებს ხელფასი ცოტათი გაეზარდათ, თუმცა ამ მცირედი მატების ხარჯზე საგრძნობლად იკლო საოპერაციოს ბლოკში დასაქმებული ექთნების ხელფასმა.
საოპერაციოს ექთნების თქმით, იმის გამო, რომ ზოგს უფრო მეტი დატვირთვა (ოპერაცია) აქვს, ზოგს კი არა, ზოგიერთს ძალიან დაბალი ხელფასი გამოსდის, ამიტომ ექთნების გუნდმა (9 ექთანი) გადაწყვიტა ხელფასი საერთო ყულაბით აიღოს და შემდეგ გადაანაწილოს თანაბრად.
ნუნუ ჩურუგბა 55 წელია საოპერაციო განყოფილების ექთანია და უკვე ოთხი წელია ლაპარასკოპიის აპარატზე მუშაობს. იგი ამბობს, რომ დაბალი ხელფასების მიზეზი პაციენტების კლებაა, მაგრამ მისი აზრით, უსამართლობაა ის, რომ ეს მხოლოდ მათ ხელფასებზე აისახება. ის მიიჩნევს, რომ საავადმყოფოში შემოსული თანხა სხვანაირად უნდა ნაწილდებოდეს: „ექთნის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ხშირად არ ვჩანვართ, განსაკუთრებით საოპერაციოს მედდები. ბევრი რამ არის ჩვენზე დამოკიდებული და შრომაც სათანადოდ უნდა ფასდებოდეს“.
ნუნუ ჩურუგბას თქმით, მისი ყველაზე მაღალი ხელფასი 600 ლარი იყო, რომელიც ერთი წლის წინ აიღო.
მაგული გუნდაძე 13 წელია საოპერაციო განყოფილების ექთანია. ამბობს, რომ მათი სამუშაო მუდმივ მზადყოფნას მოითხოვს – „როდის ვის შემოიყვანენ, არ ვიცით, გადაუდებელი ოპერაციისთვის მუდამ მზად უნდა იყოს სტერილური იარაღი. საკმაოდ სტრესული სამსახური გვაქვს, ხელფასი კი ბოლო თვეს 190 ლარი გამომივიდა“.
გიული ცეცხლაძე ერთი წელია რაც საოპერაციო განყოფილების ექთანია, იქამდე ოთხი წელი სანიტრად მუშაობდა: „ღამის ცვლაში ვარ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ სამუშაო ღამით უფრო ნაკლებია. იგივე პროცედურებია ჩასატარებელი – იარაღების სტერილიზაცია, ზოგადად სისუფთავის დაცვა, ოპერაციებზეც ვდგავართ, თუმცა ამ თვეში მხოლოდ 150 ლარი ავიღე“.
ბათუმის #4 პოლიკლინიკაში სულ 20 ექთანი და 3 სანიტარი მუშაობს, რომელთა ხელფასებიც საყოველთაო დაზღვევის პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, შესაბამისად, ანაზღაურებას კაპიტაციურად (სულადობრივად) იღებენ. „თუ შიდა სტანდარტით შემოსულ თანხაზე მეტი შემოვა, იქედან პროცენტულად ემატებათ ანაზღაურებაზე“, – ამბობს პოლიკლინიკის ხელმძღვანელი, ციცო ბაკურიძე. აქ მომუშავე ექთნის მაქსიმალური ხელფასი 300 ლარია, მინიმალური კი – 120, იმის მიხედვით, თუ ვის რამდენ პაციენტთან უწევს მუშაობა.
ბათუმის სამშობიარო სახლში 43 სანიტარი და 108 ექთანი მუშაობს. საავადმყოფოს დირექციის ინფორმაციით სანიტრის ხელფასი 200 ლარია, ექთნისა კი 200 ლარიდან იწყება და გამომუშავების მიხედვით შესაძლოა 800 ლარამდეც ავიდეს.
კლინიკა „მედინაში“ სანიტრის ხელფასი 150 ლარიდან იწყება, ასამდე ექთანი კი ანაზღაურებას გამომუშავებით იღებს: „ჩვენთან ძირითადად ყველას გამომუშავებით აქვს ხელფასი. არიან ექთნები, რომელთაც 3 000 ლარზე მეტიც კი გამოსდით ანაზღაურება“, – ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი, ჯუმბერ უნგიაძე.
მისივე თქმით, ხელფასი იმის მიხედვით დგინდება, თუ როგორ აფასებს სახელმწიფო სამედიცინო პერსონალის შრომას. „თუ სახელმწიფოს, მთელი ორსულობის მანძილზე, ორსული ქალის მეთვალყურეობა შეფასებული აქვს 52 ლარით, რომელშიც ანალიზების, ექოსკოპიის, ექიმის, ექთნისა და სანიტრის ხარჯიც შედის, ვფიქრობ, უადგილოა მხოლოდ ექთნებისა და სანიტრების დაბალ ხელფასზე საუბარი“, – ამბობს ჯუმბერ უნგიაძე.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, მალხაზ ხალვაშის თქმით კი, საქართველოში ექთნების დაბალი ხელფასი მათი დაბალი კვალიფიციურობითაც არის გამოწვეული: „იმის გამო, რომ ჩვენთან არ არსებობს ექთნებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, ამის ორგანიზება თავად კერძო კლინიკებს უწევთ, თუმცა ამას ცოტა მათგანი თუ აკეთებს“. მისივე თქმით, ექთნების დაბალი კვალიფიციურობა იმ მხრივადაც აისახება ხელფასზე, რომ საავადმყოფო ნაცვლად ერთი კვალიფიციური კადრისა, იღებს სამ ნაკლებკვალიფიციურ კადრს და მათზე ხელფასის გადანაწილება ხდება.
საქართველოს ექთნების ასოციაციის ხელმძღვანელი, ქეთევან გარსევანიშვილი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ექთნებისა და მათი თანაშემწეების ხელფასების ზრდას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ მსგავს საკითხებს სახელმწიფო არ არეგულირებს და ის, თუ რამდენს გადაუხდიან სამედიცინო პერსონალს, სამედიცინო ცენტრის ადმინისტრაციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.
„კვარიათი, სარფი, ბათუმში პლაჟი აკვაპარკის მიმდებარედ, ბათუმის ცენტრალური პლაჟი (სასტუმრო „შერატონის“ ზღვის მხარეს), ბარცხანისა და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე ქობულეთში ორ ადგილას – ბობოყვათსა და ქობულეთის გამგეობის წინ – ეს ის ადგილებია, საიდანაც სინჯები ავიღეთ. ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი ნორმის ფარგლებშია. ზღვის წყალი უსაფრთხოა და ბანაობა შეიძლება,“ – აცხადებს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნებისა და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამსახურის უფროსი ნოდარ კონცელიძე.
მისივე განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში 38 ლაბორატორიული კვლევაა ჩატარებული ზემოთ ჩამოთვლილ რვა მონაკვეთზე. ყოველ ჯერზე ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი დამაკმაყოფილებელი იყო.
ბათუმში სანაპირო ზოლში რამდენიმე ადგილია, სადაც კანალიზაცია ღია ზღვაში ჩაედინება. ყოველ ჯერზე, როცა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო მონაცემებს აქვეყნებს, გარემოსდამცველები სწორედ ამ ფაქტზე მიუთითებენ. ნოდარ კონცელიძის თქმით, მდინარის შესართავებთან ლაბორატორიული კვლევები არ ტარდება.
„რეკრეაციულ ზონებში, სადაც მდინარეთა შესართავებია, იქ ჩვენ კვლევებს არ ვატარებთ. მაგალითად, ყოროლისწყალზე, მეჯინისწყალზე საბანაო ადგილები არ არის, რეკრეაციული ზოლი არ არის და ჩვენ იქ დაკვირვებას არ ვახორციელებთ,“- აცხადებს ნოდარ კონცელიძე.
მისივე განცხადებით, ზღვის წყლის ხარისხის კონტროლი მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. წლის განმავლობაში კი 150 ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა დაგეგმილი.
მიმდინარე წლის 3 ივნისს, ფრანკფურტში „ბათუმის წყლის“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის“ მართვაში გადაცემა-არგადაცემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას, „ბათუმის წყლის“, ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის წარმომდგენლები არ ესწრებოდნენ.
შეხვედრა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული გნვითარების სამინისტროს, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვისა და თავად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შორის შედგა.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვალდებულებას, რომ საქართველოს მთავრობა დაიცავს იმ მიღწევებსა და გამოცდილებებს, რომელიც განხორციელდა (KFW)-სა და ევროკვშირის მიერ დაფინანსებული ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფრგლებში (ამჟამად პროექტის განხორციელება მესამე ეტაპზეა).
მესამე (ანუ მიმდინარე) ფაზის სამუშაოებისთვის 2012 წელს გერმანულმა ბანკმა გამოყო 20 მილიონი ევრო – 20-წლიანი სესხი; ასევე, დამატებით გამოიყო 19 მილიონი ევრო გრანტი, აქედან 4 მილიონი ევროკავშირმა. ბათუმის მერიამ კი ამ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტიდან წყლმომარაგებისთვის 5 მილიონი ევრო უნდა დახარჯოს.
გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ყველა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს წყლის სექტორის ეფექტურ განვითარებას. თუმცა, ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში წყლისა და საკანალიზაციო სერვისების სავარაუდო ინტეგრაცია საქართველოს გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიასთან მათ გაიგეს შემდეგნაირად:
ა) „ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის მიმდინარე მესამე ფაზის გაგრძელება იქნება უზრუნველყოფილი და მიმდინარე საკონტრაქტო დადგენილებები, ისევე როგორც უკვე დამკვიდრებული, კარგად ფუნქციონირებადი განხორციელების სქემა, არ უნდა შეიცვალოს.
ბ) პროექტის განმახორციელებელი მხარეების როლები და ვალდებულებები, კერძოდ ბათუმის მერიისა და შპს „ბათუმის წყლისა“, უნდა შენარჩუნდეს ფინანსური შეთანხმების თანახმად (მე-3 ფაზის სასესხო, ფინანსური და განსაკუთრებული ხელშეკრულებები).
გ) ბანკის პოზიციაა, რომ ყველა წარმოდგენილმა საკონტრაქტო პარტნიორმა გააგრძელოს მათი ვალდებულების შესრულება, რომელიც უკვე შეთანხმებულია ზემოაღნიშნულ ფინანსურ ხელშეკრულებებში და რთული და შრომატევადი განახლება ამ ფინანსური ხელშეკრულებებისა და მიმდინრე პროექტის შესაძლო დაყოვნება – ან უარეს შემთხვევაში შეწყვეტა, თავიდნ უნდა იქნეს აცილებული.
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების წყლის სექტორისა და საკანალიზაციო ჩაშვების სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებების შემსწავლელი კომისიის“ ბათუმის შეხვედრის მიუხედავად (31 მაისს, რომელსაც არ ესწრებოდნენ KFW-ის წარმომადგენლები), საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება „აჭარის დარჩენილი მუნიციპალიტეტების ინტეგრაციის თაობაზე“ (ყველა მუნიციპალიტეტი – გარდა ბათუმისა).
ბანკი იმედოვნებს, რომ კომისიის შემდეგ შეხვედრებზე წამოყენებული და განხილული იქნება აჭარის წყლის სექტორის კონსოლიდაციის სხვადასხვა ფორმა და ვარიანტები ყველა შესაბამის მონაწილესთან ერთად.
„ბათუმელების“ ინფორმაციით KFW მზადაა უზრუნველყოს შეღავათიანი სესხი 20 მილიონ ევრომდე და 2 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრები, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მცდელობას – აჭარაში ნახევრად ურბანული ადგილებისა და სოფლების წყლისა და კანალიზაციის სერვისების გაუმჯობესებას.
რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ „მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას“. თუმცა, დღის წესრიგში არ დგას თბილისის, რუსთავის, მცხეთის, საჩხერისა და მარნეულის წყალმომარგების „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ მართვაში გადაცემა.
2014 წლის 16 ივნისს თბილისში განზრახულია მაღალი დონის შეხვედრის გამართვა KFW-ს ბანკს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. კომისიის პირველი შეხვედრის გამართვა კი (ყველა მონაწილესთან ერთად) 2014 წლის ივლისის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.
მანამდე KFW ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან „აჭარის დარჩენილი ტერიტორიების (ბათუმის გარდა- ავტ.) სავარაუდო ინტეგრაციის გეგმას ელოდება.
ცოცხების მიწოდების პერიოდი განისაზღვრება ტენდერში გამარჯვებულთან შესაბმისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდება – ეტაპობრივი, მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისი ოდენობით მოწოდების ადგილი – ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა #167.
გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მხარეთა მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. შემსყიდველის მხრიდან აქტზე ხელმომწერი პირია შპს ,,სანდასუფთავების“ საწყობის გამგე, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს დაგვა–დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ამასთან, „შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის; თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს“;
„ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“;
„ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს“.
„სანდასუფთავების“ მიერ ბამბუკის ცოცხებზე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 13 ივნისს დასრულდება. მთლიანობაში, 12 ათას ლარად „სანდასუფთავება“ დაახლოებით 1 მილიონ 600 ათას ცალ 70-80 სმ-ის სიგრძის ბამბუკის გამომშრალი ტოტის წვერს შეიძენს.
ა(ა)იპ „ბათუმის სასაფლაოები“-ს მიერ გამოცხდებული ელექტრონული ტენდერის მიხედვით, ახლი სასაფლაოს დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს „მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო გამოცდილებები ახალი ტექნოლოგიებისა და მოწყობილობების გამოყენებით საქართველოს სპეციფიკური პირობებიდან გამომდინარე“.
მიღება-ჩაბარების დროს მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს სსიპ „ლევან სამხარული“-ს სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დადებითი დასკვნა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებასა და ტექნიკურ პირობებში მითითებულ მოთხოვნებთან და საქართველოში მოქმედ სამშენებლო ნორმებთან, წესებთან, ტექნიკურ რეგლამენტებთან საპროექტო დოკუმენტაციის (გარდა სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტისა) შესაბამისობის შესახებ.
ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:
დასაპროექტებელი ტერიტორიის გაწმენდა;
ტერიტორიის დატერასება სექტორებისა და საფლავების ადგილების მიხედვით;
ლითონის ჭიშკრებისა და ალაყაფის მოწყობა;
სასფლაოების გარე ღობის მოწყობა დეკორატიული მავთულბადით;
სასაფლაოზე არსებული გზის კეთილმოწყობა და სასაფლაოს შიდა გზების მოწყობა;
საპირფარეშოებისა და დახურული ტიპის ყვავილების სავაჭრო ჯიხურის მშენებლობა;
გარე განათების მოწყობა;
წყლის ქსელის მოწყობა;
ორსართულიანი თანმედროვე საოფისე შენობის მოწყობა;
ავტოსადგომის მოწყობა;
სანიაღვრე და საწრეტი არხების მოწყობა;
ელექტრო მომარაგება;
საკანლიზაციო სისტემის მოწყობა;
ბილიკებისა და საჭიროების შემთხვევაში ტერასებს შორის კიბის საფეხურების მოწყობა;
საფლავის არანაკლებ სამი ესკიზური ნიმუშის შედგენა;
ლანდშაფტური დაგეგმარება.
გამარჯვებულმა მიმწოდებელმა მომსახურების გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 60 კალენდარული დღისა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შპს „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის დაფინანსების შეუფერხებლად გაგრძელების თაობაზე მოსალაპარაკებლად გერმანიაში ჩავიდა. სამთავრობო კომისიის სახელით დონორთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მინისტრ ელგუჯა კოხრეიშვილს ბათუმის საკრებულოს მცირე დარბაზში გამართულ სხდომაზე კენჭისყრით მიანიჭეს.
დონორ ორგანიზაციასთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, რომელიც ამავე დროს შპს „ბათუმის წყლის“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბათუმის წყლის ცენტრალურ მართვაში გადაცემაზე საუბარი არ არის.“
„მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან შედგა“, – ეს ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ პარასკევს, 6 ივნისს, მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით გაავრცელა.
თემურ მურღულიას ამ საკითხზე „ბათუმელებიც“ დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში მან „ბათუმელებს“ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.
„სამთავრობო კომისიამ ორჯერ იმსჯელა. გარდა იმისა, რომ დონორმა ორგანიზაციამ არ შეაჩეროს პროექტი და არ იყოს ამ მხრივ რაიმე შეფერხება, სხვა წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვუთხარით დონორს, რომ მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას. მათ თქვეს, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა. გაიზიარეს კონსოლიდაციის პროცესთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია. მათი კითხვა იყო, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება იმ წარმატებების მდგრადობა, რაშიც მათ მოახდინეს ინვესტირება. ავუხსენით, რომ რადგან ჩვენ ყველა იმ ორგანიზაციას [ბათუმის წყალს] ვინარჩუნებთ, როგორც ცალკე სტრუქტურას, შესაბამისად, პროცესს არანაირი შეფერხება არ ექნება.“
მიუხედავად მინისტრის მოადგილის განცხადებისა, რომ „მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას“, დღის წესრიგში არ დგას იმ ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის„ მართვაში გადაცემა, სადაც ეს კომპანია დღეს არ ახორციელებს წყალმომარაგებას. ესენია: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, საჩხერე, მარნეული.
კომპანიამ სამინისტროსთან ერთად მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე წყალმომარაგების უფლების გადაცემის კამპანია წამოიწყო, რაც მოწონებულია კიდეც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი სპეციალური დადგენილებით.
რატომ მხოლოდ აჭარა? – „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტროში ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ რეგიონში, მათ შორის ქ. ბათუმშიც, „პრობლემებია წყალმომარაგების განვითარების კუთხით“. არადა, ბათუმი გამონაკლისია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFჭ) დაფინანსებითა და ბანკის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.
პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გერმანულმა ბანკმა 2007 წელს 17,5 მილიონი ევრო გამოყო სესხად (40-წლიანი სესხი, 10-წლიანი შეღავათით, 0,75 წლიური საპროცენტო განაკვეთით). ამ ეტაპზე უშუალოდ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4,5 მილიონი ევრო.
მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ბანკმა 2008 წელს ბათუმისთვის გამოყო 35 მილიონი ევრო (20-წლიანი სესხი, 5-წლიანი შეღავათით და 1,9 წლიური საპროცენტო განაკვეთით). ამასთან, დამატებით აჭარის მთავრობისთვის გამოყო სესხი 10 მილიონი ევრო, საიდანაც 3,5 მილიონი ევრო მოხმარდა ბათუმს, დანარჩენი კი ახალისოფელი-გონიო-კვარიათი-სარფის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს. მეორე ეტაპზე ბათუმის მერიამ უშუალოდ თავისი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევრო გახარჯა. ბანკმა ამ პერიოდში დამატებით 2 მილიონი ევროს გრანტიც გამოყო.
მესამე (მიმდინარე) ეტაპისთვის 2012 წელს გერმანულმა ბანკმა გამოყო 20 მილიონი ევრო – 20-წლიანი სესხი, 4,5 საპროცენტო განაკვეთით; თუმცა, დამატებით გამოიყო 19 მილიონი ევრო გრანტი, აქედან 4 მილიონი ევროკავშირის მიერ. მერიამ ამ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის 5 მილიონი ევრო უნდა დახარჯოს.
გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) 25 მილიონი ევროს ახალი შეღავათიანი სესხის გამოყოფას აჭარის სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწყობადაც აპირებდა, თუმცა პროცესი აჭარაში წყალმომარაგების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეჩერებულია.
„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთგვარად ჩიხშია მთავრობის/სამინისტროს სურვილი აჭარაში წყალმომარაგების ერთიან დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებაც. მიზეზი სწორედ გერმანული ბანკია, რომელიც „ბათუმის წყლის“ მართვის, მუნიციპალურიდან ცენტრალურ დაქვემდებარებაში გადასვლის წინააღმდეგია. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს დღემდე არ აკეთებს. ბანკის თბილისის ოფისიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.
თემურ მურღულიას ინფორმაციით, კონკრეტულ საკითხებზე შესათანხმებლად ბანკის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და მათთან ერთად დიდი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. თემურ მურღულია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად გერმანიაში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.
წყალიდაარჩევნები
წყალი
ერთ კვირაში (თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ) წყალმომარაგება აჭარაში მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის საკრებულოს ექსკლუზიური უფლება იქნება. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალი დებულებით კი არჩევნების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდებას აჭარაში (ქალაქსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში) გააგრძელებენ კომპანიები: „ბათუმის წყალი“, «ქობულეთის წყალკანალი», «ქობულეთის სოფლის წყალი», «ხელვაჩაურის წყალკანალი», «ქედის წყალკანალი», «შუახევის წყალკანალი» და «ხულოს წყალკანალი». ეს შვიდივე კომპანია არის მუნიციპალური საწარმო და ამავე დროს არიან წყალმომარაგების ლიცენზიანტები.
აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის წყალმომარაგების უფლების ჩამორთმევა კი ერთადერთ მიზანს ემსახურება – როგორმე «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია» შემოვიდეს აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებამდე, ვინაიდან არჩევნების შემდეგ ის ამას ვეღარ მოახერხებს, არჩევნების შემდეგ მმართველობაც და ქონებაც მუნიციპალიტეტების საკუთრება იქნება.
გაიზრდებათუარატარიფი
„- ტარიფი არ გაზრდილა, რადგან მერია ახორციელებს სუბსიდირებას.
– ეს არ არის სუბსიდირება, ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ტარიფი არ გაიზარდოს, ამიტომ ის ახდენს ერთგვარ შევსებას.
– თქვენ შეგიძლიათ ამას დაარქვათ მერიის წყალობა მოსახლეობას, ეს სუბსიდირებაა.“ – ეს დიალოგი კომისიის თავმჯდომარეს თემურ მურღულიასა და „ბათუმის წყლის“ დირექტორს ჯანი ვარშალომიძეს შორის ბათუმში დახურულ სხდომაზე გაიმართა.
კომისიის თავმჯდომარის თქმით, „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვაში მერიამ სუბსიდირება უნდა გააგრძელოს, თუ საკრებულო მიიჩნევს, რომ ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში ტარიფი გაიზრდება.
თუმცა, ბათუმის საკრებულო, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოები არჩევნების შემდეგ შეინარჩუნებენ უფლებას – თავად განუსაზღვრონ დაქვემდებარებაში მყოფ ლიცენზიანტ კომპანიებს წყლის მოხმარების ტარიფი და არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა).
ანუ, შპს «ბათუმის წყლის» შემთხვევაში ტარიფებს ადგენს ბათუმის საკრებულო და დაადგენს არჩევნების შემდეგაც, თუ, რა თქმა უნდა, სხვას არ გადასცემს ამ კომპანიის მართვის უფლებას და/ან ვიდრე არ მიმართავს «ბათუმის წყალი» სემეკს სატარიფო განაცხადით.
«ბათუმის წყალს» (არც აჭარაში არსებულ სხვა ლიცენზიანტ კომპანიებს), როგორც სემეკში გვითხრეს, მათთვის ასეთი განაცხადით არ მიუმართავს. საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით ამ კომპანიის მუშაობა კი სრულიად ლეგიტიმურია და იქნება მომავალშიც, თუ ბათუმის საკრებულო ამ მიდგომით გააგრძელებს მუშაობას.
«ბათუმის წყალი» მომხმარებელს ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფით ახდევინებს: 51 თეთრი 1კბ/მ-ზე გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის, ხოლო ვინც სულადობით იხდის – 1,85 ლარი ერთ სულზე. კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 4 ლარია 1 კბ/მ-ზე.
`საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას» კი ზღვრულ ტარიფებს სემეკი უდგენს. ამ კომპანიის ტარიფების მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 50 თეთრამდე გამრიცხველიანებული მომხმარებლისთვის, 2,4 ლარამდე – სულადობით ერთ სულზე და 4,3 ლარი – კომერციული მომხმარებლებისთვის.
იმისთვის, რომ ბათუმში ტარიფები არ გაზრდილიყო, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს 560 ათასი ევრო დაიხარჯა. ამდენივეს დახარჯვას აპირებს მერია წელსაც, თუ რაღა თქმა უნდა, «ბათუმის წყალი» მას დარჩება.
იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის საკრებულო შპს `ბათუმის წყლის~ ცენტრალურ მართვაში გადაცემის საკითხს მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გადაწყვეტს და საზოგადოებას ამ ფაქტის წინაშე მოულოდნელად დააყენებს, არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამისი აქტების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ესაუბრა.
ნათია აფხაზავა სხვა ორგანიზაციებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარისადმი გასაგზავნ წერილს ამზადებს.
„ჩვენ გვაქვს კითხვები, თუ რა ხდება ბათუმის წყალთან მიმართებაში და ვაპირებთ წერილობით მოვთხოვოთ ამაზე ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს. ამის შემდეგაც მივიღებთ გაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ჩავერთოთ პროცესში“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ გადაცემასთან დაკავშირებულ პროცესების შესახებ სრული ინფორმაციის არქონაზე, საკრებულოშიც საუბრობენ.
„ასეთი მასშტაბის საკითხი უნდა იყოს საჯარო. ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი. საკრებულოს წევრები აზრზე არ არიან რა ხდება „ბათუმის წყალთან“ მიმართებაში“, – ამბობს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გენო თებიძე: `ამ საკითხს კენჭისყრაზე მხარს არ დავუჭერ, ბათუმის წყლის გასხვისება ქალაქის ღალატის ტოლფასია. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, გვაქვს აღებული ვალდებულებები და დონორთან არ უნდა მოვიქცევით არასწორად. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ მთავრობას ევრაზიის ბანკი აძლევს 500-მილიონიან კრედიტს, რისთვისაც საჭიროა ქონების ჩადება. მათ „ბათუმის წყლის“ ქონება სჭირდებათ, მეტი არაფერი აინტერესებთ.“
საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს რვა წევრი „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემას მხარს არ უჭერს. საკითხს მხარს არ დაუჭერს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე ნუკრი დოლიძეც.
საკრებულოს წევრებს: ჯუმბერ კობალაძეს, გოდერძი ტოტოჩავას და კობა ზაქარიას გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. ნაზიბროლა ქობულაძის თქმით კი, საკითხი საკრებულოს კენჭისყრამდე არ მივა, რადგან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის თავისი განკარგულებით უკვე გადაწყვიტა.
ბათუმის საკრებულოდან სამთავრობო კომისიაში საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაურ ფატლაძე შედიან. შესაბამისად ყველაზე მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე მათ აქვთ.
«ჩვენი მოსაზრებაა „ბათუმის წყლის“ ინტეგრირება წყალმომარაგების კომპანიასთან მანამდე არ განხორციელდეს, სანამ რეაბილიტაციის პროექტი არ დამთავრდებოდა. ერთი პატარა შეთანხმებისათვის გერმანულ ბანკთან თვეები გვჭირდება. ამ მოლაპარაკებას რა დრო დასჭირდება? – მე არ ვარ წინააღმდეგი იყოს ერთიანი მართვა, ან სახელმწიფო გადაწყვეტილების წინააღმდეგი როგორ ვიქნები, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ საჭირო იქნება ყველა ვალდებულების გადაცემა, ეს რამდენ ხანს შეაჩერებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს?“ – ეს კითხვა კომისიის დახურულ სხდომაზე ზაურ ფატლაძემ დასვა.
ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის წყლის გადაცემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ასე გამოხატა: „საკითხი ჯერ განხილვის ფაზაშია და წინასწარ ვერაფერს გეტყვით“ .
ამონარიდიარასამთავრობოორგანიზაციებისწერილიდან:
„პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში, სხვა დანარჩენ, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არ არის განმარტებული ამ ინიციატივის განხორციელების აუცილებლობა და, ზოგადად, საჭიროება. ჩვენ, ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს – მოქალაქეებს, გვაინტერესებს, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ან რატომ განიხილა ეს მეტად სასიცოცხლო საკითხი მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირების მიღმა; რატომ მოეწერა ხელი ზემოაღნიშნულ განკარგულებას თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე მაშინ, როდესაც თვითმმართველობის ახალი კოდექსის მე-16 მუხლის «თ» ქვეპუნქტით «წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება» მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში შედის – რატომ ართმევენ თვითმმართველ ქალაქს საკუთარ უფლებამოსილებას, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მართვის გარდა, შპს «ბათუმის წყლის» ქონებაც შეიძლება «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის» ხელში აღმოჩნდეს.
რა ბედი ეწევათ აქ დასაქმებულ ადამიანებს; ან რა არგუმენტებით წარდგება საქართველოს მთავრობა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KWF), რომელიც ბოლო რამდენიმე წელია შპს «ბათუმის წყლის» ძირითადი დონორი ორგანიზაციაა და ორიენტირებულია სწორედ მუნიციპალური და არა ცენტრალიზებული პროექტების მხარდაჭერაზე და ბოლოს, როგორ აისახება ეს ცვლილება ბათუმის მცხოვრებლებზე – ხომ არ გაიზრდება ტარიფი, ვინ გაუწევს წყალმომარაგების სისტემას კონტროლს და ა.შ.
ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება და ვალდებულია გააუმჯობესოს ადგილებზე მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობები; გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი თავისებურებანი და მოქალაქეთა ინტერესები”.
შპს„ბათუმისწყლის“ პოზიცია
გრძელვადიანი გეგმების არარსებობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა ვაწარმოოთ, საკადრო და კვალიფიკაციის პრობლემა; დავალიანება, ანუ ამოღების პრობლემა; უკანონო მიერთებების გამოვლენის პრობლემა – ეს ის საკითხებია, რომლებიც შპს `ბათუმის წყლის~ დირექტორს კომპანიის ცენტრალურ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ დახურულ სხდომაზე წაუყენა.
კომპანიაში ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს „ტყუილი“ უწოდეს. კომპანიის თანამშრომლები, რომლებსაც „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემაზე უარყოფითი პოზიცია აქვთ, ჩართულ დიქტოფონთან საუბარს ერიდებიან.
„ბათუმის წყლის“ დირექტორის მოადგილე თემურ ბედინაძე: „ჩვენ გვაქვს საუკეთესო სისტემა, რომელიც დონორი ორგანიზაციის დახმარებით შეიცვალა და ახალი ტექნიკით აღიჭურვა. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად გადიან სწავლებას პარტნიორ კონსულტანტ ორგანიზაციებთან. ჩვენ გვყავს ბევრად მომზადებული სპეციალისტები ამ დარგში, ვიდრე ნებისმიერ ორგანიზაციას მთელ საქართველოში. რაც შეეხება თანხის ამოღების პრობლემას, გადახედეთ ამ და წინა წლების სტატისტიკას, პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს“.
18 მილიონი – დავალიანება
სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ კომპანიის დავალიანებაზეც დასვა კითხვები. რაზეც კომპანიის დირექტორმა ჯანი ვარშალომიძემ განმარტა, რომ საკითხი სადავოა და გადახედვას ექვემდებარება. საუბარია 18 მილიონზე, რომელიც საგადასახადომ ე.წ დანაკარგების გამო დააკისრა.
ფინანსურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ კომპანია ყოველწლიურად 30-40 მილიონ კუბურ მეტრ წყალს მოიპოვებს, ხოლო მომხმარებელზე მიწოდებულია 3-4 მილიონი კუბ.მ წყალი. გამომდინარე აქედან დანაკარგმა საშუალოდ 80-90 % შეადგინა.
საგადასახადო ინსპექციის შუალედური აქტის მიხედვით 2007 წელს დანაკარგმა სულ 26 670 370 კუბ.მ შეადგინა, რაც „საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით“ პროპორციულად მოსახლეობას, კომერციულ და საბიუჯეტო სისტემას მიაკუთვნეს.
საგადასახადო ინსპექციას „ბათუმის წყალი“ არ ეთანხმება.
თეიმურაზ ბედინაძე: „შპს `ბათუმის წყალი~ წყლისა და კანალიზაციის გადასახადის დარიცხვას სულადობის შესაბამისად ახდენდა და გარკვეულწილად დღესაც ახდენს არა რეგისტრირებულ პირთა მიხედვით, არამედ, ფაქტობრივად, მცხოვრებ პირთა რაოდენობის შესაბამისად“.
სატენდერო პირობების თანახმად ქალაქის ქუჩებში 215 გარე გამოყენების ქსელური კამერა დამონტაჟდება.
მომწოდებელმა უნდა განახორციელოს კამერებისა და მართვის/შე-ნახვის ელემენტების ერთჯერადი ინსტალაცია, კაბელიზაცია და ოპტიკურ ქსელში ჩართვა, კერძოდ: მოწოდებული აპარატურის ყველა ელემენტის ინსტალაციის ადგილას მიტანა, ადგილზე მონტაჟი, შემსყიდველის მიერ მონტაჟის ადგილზე უკვე ორგანიზებული ელ. კვების კვანძთან დაერთება, ლოკალურ ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართვა და 2014 წლის განმავლობაში უზრუნველყოს ქ. ბათუმში განთავსებულ ცენტრალურ საოპერატორო ცენტრიდან თითოეულ, სხვადასხვა ადგილზე დამონტაჟებულ ვიდეო კამერაზე მუდმივი – მინიმუმ 20 მბ/წმ სიჩქარით წვდომა.
ტენდერში გამარჯვებულმა საკონტროლო ვიდეოკამერების მიწოდება-მონტაჟი – ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 (ას ოცი) კალენდარული დღის განმავლობაში უნდა განახორციელოს; ხოლო საკონტროლო ვიდეოკამერების ინსტალაცია-ინტეგრაცია კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 1 დეკემბრამდე; საგარანტიო პერიოდი შეადგენს 24 თვეს სამუშაოების დასრულებიდან.
ქალაქის მერია ვიდეო-კონტროლის სისტემის მოწყობის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობაში დამატებით 11 ათას ლარს გადაიხდის. ამ მომსახურების შესყიდვაზე ცალკე ტენდერია გამოცხადებული.
რა გახდა ტყუპების გარდაცვალების მიზეზი და რატომ გამოუშვეს ტკივილების ჩივილით მისული ფეხმძიმე ქალი საავადმყოფოდან? აჭარის ჯანდაცვის მინისტროს მოადგილე, ლევან გორგილაძე ამბობს, რომ სამინისტრო საქმის კურსშია და ამ დროისათვის მათ ხელთ არსებული დოკუმენტაციის თანახმად, ექიმის დანაშაული არ იკვეთება.
„ფიზიოლოგიურად მიმდინარეობდა ორსულობა, აღრიცხვაზე დროულად იყო აყვანილი და ყველა გამოკვლევა ჩატარებული აქვს, გეგმიური კონსულტაციებიც. როგორც ირკვევა, ოჯახში, წინა დღეებში გარკვეული სიტუაცია იყო, რამაც გამოიწვია ორსული ქალბატონის ფიზიკური გადაღლა და ჰქონდა ტკივლები. მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა მის ექიმთან, რომელმაც ურჩია მიემართა სტაციონარისთვის.
სტაციონარში მორიგეობდა სხვა გინეკოლოგი, რომელმაც გააკეთა ექოსკოპია, მე პირადად ვნახე ექოსკოპიის მონაცემები, იქ არ იკვეთება განსაკუთრებული პათოლოგია, რომელიც მოითხოვდა სტაციონარში მოთავსების აუცილებლობას. პაციენტიც არ გრძნობდა თავს ცუდად და მან გადაწყვიტა სახლში წასულიყო. ნაადრევი მშობიარობა შეძლება გამოიწვია მისმა გადაადგილებამ.“ – ამბობს ლევან გორგილაძე.
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი გადაწყვეტდა სტაციონარში დაწოლას, მას თავად უნდა აენაზღაურებინა ხარჯები ან ეს თანხა უნდა ანაზღაურებულიყო აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სხვა პროგრამის ფარგლებში, რადგან სახელწიფო პროგრამაში ეს ხარჯები არ შედიოდა.
ლევან გორგილაძის თქმით, საკითხს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო შეისწავლის, თუმცა ექიმის პასუხისგმებლობის საკითხის დაყენების უფლება მხოლოდ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამედიცინო რეგულირების საააგენტოს აქვს.
ქალების ნაწილი, რომლებმაც დაძლიეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, მიიჩნევენ, რომ გაუთხოვარი ქალების სტიგმატიზაცია საქართველოში დღემდე აქტუალურია. მირანდა 35 წლისაა. მას მიაჩნია, რომ წარმატებული ქალია, რადგან აქვს პროფესია, სამსახური, საკუთარი შემოსავალი და პირად ცხოვრებას თავად განაგებს, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი მაინც ხშირად ხდება.
„ყოველ წუთს მახსენებენ, – როცა მოხუცდები პატრონი არ გეყოლება, რომ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები ჩემი პატრონები არ იქნებიან. გათხოვება საჭიროა არა იმისთვის, რომ იპოვო მეგობარი და იცხოვრო ადამიანთან ერთად, ვინც გიყვარს, არამედ სტატუსთან და გარანტიებთან, რომ არ დარჩე მარტო“.
მირანდას აზრით, შეცვლილია „პატრონთან“ დაკავშირებული სტერეოტიპი: „თუ ადრე ეს „პატრონი“ იყო ქმარი, ახლა არის შვილი“.
თუ ოჯახისთვის გაუთხოვრობა „პატრონის გარეშე დარჩენას“ ნიშნავს, მეზობლებისთვის – საეჭვო მდგომარეობას. „ალბათ, არ აქვს საკუთარი თავის იმედი, ბუნებრივია, ამაში ქალწულობას გულისხმობენ“, – გვეუბნება მირანდა.
გაუთხოვარი ქალის როლი საქართველოში ასეთია: „ან რჩები ოჯახში ძიძად და ვთქვათ, უვლი ძმისშვილებს, ან ხარ მოსამსახურე. ეს ძალიან გულდასაწყვეტი სტატუსია“.
მირანდას თქმით, გაუთხოვარი ქალის მიმართ დამოკიდებულება გამაღიზიანებელია სამსახურშიც – „მეტი რა საქმე გაქვს გაუთხოვარ ქალს„; „გაუთხოვარ ქალს რად უნდა პრემია, იმას შვილები ჰყავს“. თუ რაიმეზე პრეტენზია გამოთქვი და ხარ გაუთხოვარი, ესე იგი, ამის გამო ხარ პრეტენზიული და არა იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობ“.
საქართველოში ქალები, ფაქტობრივად, არ განიხილებიან ოჯახის მემკვიდრეებად. ქონება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ეკუთვნის მხოლოდ ბიჭს, რაც ქალების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფაქტორია: „მე გამიმართლა იმაში, რომ მამა უფრო ლიბერალი მყავს და გარეშე ზეწოლებს ამით ვუმკლავდები. სხვა შემთხვევაში ძალიან გამიჭირდებოდა. მაგალითად, ბებია წინააღმდეგი იყო ჩემი პროფესიის, შვილებს როგორ უნდა მიხედოო, ამიტომ არის ტენდენცია საქართველოში პედაგოგი ქალების, ორ საათზე სახლში იქნება“.
ეთერი 50 წლისაა. ერთადერთი, რაზეც გული წყდება, ის არის, რომ შვილი არ ჰყავს. „რადგან არ გავთხოვდი, არ ვგრძნობ თავს უბედურად. ძალიან თავისუფალ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემიც თავისუფალი ადამიანი იყო. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას, კუთხურობას, რელიგიას, მისთვის ღირსება იყო მთავარი. არც იმაზე ჰქონია გართულება, რომ ბიჭი არ ჰყავდა. გოგონები ჩემთვის ყველაფერიაო, ამბობდა“.
ეთერი იხსენებს შემთხვევას, როცა მამას რბილი ხასიათის გამო უსაყვედურეს: „ერთხელ მოვიდა და ხმამაღლა დაგვიწყო ლაპარაკი. გამიკვირდა და ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ახლა კაცმა მითხრა, შენი გოგონები სახლში თავს კარგად გრძნობენ და იმიტომ არ თხოვდებიან, მკაცრად უნდა მოექცეო. ხშირად საყვედურობდნენ მამას, საზღვარგარეთ ნუ უშვებ, ნუ აძლევ ამდენ თავისუფლებასო. ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მკაცრი მამის პირობებში, ალბათ მაშინ იძულებით მოგვიწევდა გათხოვება“.
საზოგადოებაში დღემდე არსებობს დამოკიდებულება, რომ მარტოხელა ქალი ადვილად დასაჩაგრია: `„მის მცდელობა ბევრს ჰქონდა, თუმცა ვიბრძვი. მარტოობაში ვერ ვხედავ პრობლემას. ადამიანი თვითონ არის საკუთარი თავის პატრონი, მარტო მოვდივართ და მარტო წავალთ. არც შვილია ყოველთვის გარანტია, რომ შენ გვერდით იქნება, თუმცა რომ მყვარებოდა, შვილს აუცილებლად გავაჩენდი. მხოლოდ სტატუსის გამო ოჯახის შექმნა ჩემთვის წარმოუდგენელია. ბევრ ისეთ კაცს ვიცნობ ჩემ გარშემო, მასთან ოჯახი კი არა, 15 წუთსაც ვერ ვძლებ სასაუბროდ. ვფიქრობ, ასეთ კაცთან ოჯახის შექმნა, უბრალოდ, თვალთმაქცობაა“.
ეთერის აზრით, დღეს საქართველოში საზოგადოება გაბრაზებულია. „ადამიანებს თავისუფლება, სიყვარული, განათლება აკლიათ. მე კი ადამიანს ისეთს ვიღებ, როგორიც არის“.
„არ თხოვდები?“, – მსგავსი კომენტარიი 35 წლის კესოს ცხოვრებაშიც ხშირად ისმის. „უნივერსიტეტში სწავლისას გათხოვილი ლექტორი გვეუბნებოდა, რომ არ უნდა გავთხოვილიყავით ადრე, გაუთხოვარი კი, ამბობდა, გათხოვდით, თორემ ჩემსავით დარჩებითო. არიან ოჯახები, რომლებიც სტერეოტიპების გამო აიძულებენ ქალიშვილებს გათხოვებას. გოგონებიც ხშირად პირველ შემხვედრს მიყვებიან. შემდეგ იწყება კონფლიქტი“.
კესოს აზრით, სტერეოტიპების გამო შეცვლილია კაცის დამოკიდებულებაც ქალის მიმართ: „თუ ადრე ქალები უყენებდნენ კაცს გარკვეულ პირობებს, ახლა კაცი აყენებს პირობებს. ბინა აქვს? სოციალურად უზრუნველყოფილია? მაშინ მოიყვანს ასეთ ქალს, ოღონდ მისი მშობლები არ უნდა აწუხებდნენ. მაშინ, როცა ქალები საკუთარ შვილებსაც კი ვერ ზრდიან, ვერ აჭმევენ, ვერ არქმევენ სახელს დედამთილების, დიდი დედამთილების და ა.შ. ნებართვის გარეშე. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა მამიდა სკოლაში მოვიდა და მითხრა: ჩემს ძმისშვილს დედაზე ლექსებს ნუ ასწავლი, ცუდი დედა ჰყავსო. გავგიჟდი. ასეთ პირობებში ქალი ცოლიც ვერ იქნება, რადგან ის მუდმივად ზეწოლის ქვეშაა.“
კესოს მიაჩნია, რომ არსებული სტერეოტიპების გამო საქართველოში ზოგადად ქალებს საზოგადოება არ აძლევს პირადი ცხოვრების უფლებას: „ერთხელ ვთქვი, რომ ბინა უნდა ვიყიდო და ცალკე ვიცხოვრო-მეთქი, დაგღუპავს შენი ევროპული ლიბერალიზმიო – მეუბნება ახლობელი. გაუთხოვარი ქალი სად გავუშვათ მარტო? ან კიდევ: მარტო ცხოვრება რატომ გინდა, ვიღაც უნდა გაიჩინო? ან შვილი რად გინდა, ძმისშვილები არ გყავს? – ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა“.
კესო ამბობს, რომ ხშირად ჩარჩოების შექმნას ქალებიც უწყობენ ხელს, მისი დანგრევა კი აღარ შეუძლიათ: „ბუნების კანონია, რომ ქალმა შვილი უნდა გააჩინოს, ამის იქეთ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ქალები იწყებენ ქალის პატიოსნების განხილვას, რაც ხშირ შემთხვევაში მახინჯი ფორმით ხდება. თუ ქალი და კაცი ღმერთმა თანასწორუფლებიან არსებებად შექმნა, რატომ ეზღუდება ქალს ის, რაშიც არ იზღუდება კაცი“.
კესო ამბობს, რომ სანამ არსებობს კითხვა – „რატომ არ თხოვდები?“, საზოგადოების განათლებასა და განვითარებაზე საუბარი რთულია. „ნორმალურ საზოგადოებას რატომ არ ვთხოვდები, არ უნდა აინტერესებდეს“.
გენდერის კვლევის სპეციალისტის, იდა ბახტურიძის მოსაზრებით, კითხვები: „რატომ არ თხოვდები“ და „როდის თხოვდები“ აჩვენებს კულტურის დამოკიდებულებას ქალის როლის მიმართ, ქალის, როგორც ინდივიდთან და მის სექსუალურ ცხოვრებასთან.
„ქალის სტატუსი დაკავშირებულია მხოლოდ ოჯახთან. ეს ნიშნავს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი უნდა იყოს კუთვნილებით დამოკიდებულებაში მამაკაცთან, რადგან არსებობს უპირატესი სქესი – მამაკაცი და ქალი მხოლოდ დანამატია.
ქალის ღირებულება, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, მაინც განისაზღვრება იმით, არის თუ არა ის დედა და ოჯახზე მზრუნველი. თუმცა არც ამ შემთხვევაშია ის დაზღვეული ძალადობისგან. ქალი, რომელიც არ (ვერ) თხოვდება, მისი ღირებულება როგორც ადამიანის, ძალიან დაბალია. საქართველოში გაუთხოვრობა ნაკლოვანებაა.
მუდმივად იმის შეხსენება, „რატომ არ თხოვდები“, ქალებშიც ბადებს დანაშაულის განცდას და ქალები ბოდიშსაც კი იხდიან, რომ არ ჰყავთ ოჯახი. „მე არ უნდა მომბაძო“, ხშირად მსმენია გაუთხოვარი ქალებისგან.
საზოგადოება აკონტროლებს ქალის სექსუალურ ცხოვრებას და გამორიცხავს, რომ ის იყოს დედა ოფიციალური ქორწინების გარეშე. ამ ბარიერს რეალიზებული ქალები მეტ-ნაკლებად ლახავენ, თუმცა ქალები, რომლებიც ვერც კარიერას იკეთებენ და ვერც თხოვდებიან, ყველა შემთხვევაში მარგინალიზებული არიან“.
იდა ბახტურიძის აზრით, ქალთა მიმართ ფიზიკური თუ მენტალური ძალადობა რომ დასრულდეს, საჭიროა საზოგადოებამ, სახელმწიფომ არ იქილიკოს გენდერულ თანასწორობაზე და სერიოზულად, საჭიროდ აღიქვას ქალთა უფლებების დაცვა. „ქალს არ უნდა უხდებოდეს გმირობა იმის სამტკიცებლად, რომ ისიც ადამიანია და მაშინაც ადამიანია, თუ ის არ არის გათხოვილი“.
„ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას, ისინი გაივლიან სამთვიან პრაქტიკას და შემდეგ მათი მონაცემები გადაეცემა ჩვენს პარტნიორ დასაქმების სააგენტოს. ვფიქრობთ, რომ ეს მემორანდუმი ხელს შეუწყობს შშმ პირებს და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ არა მარტო შშმ პირებზე, არამედ იმ ადამიანებზეც, ვინც მათზე ზრუნავს. ამ მემორანდუმით ჩვენი ორგანიზაცია ექსკლუზიურ-სამართლებრივი დაცვის პარტნიორად იხდის ურიდიულ ფინანსურ რეამინაციას“ – განაცხადა თაზო მჟავანაძემ, ორგანზაციის – „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ – ხელმძღვანელმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ბენეფიციარებს სამართლებრივ კონსულტაციებს გაუწევს, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როცა საქმე სასამართლო დავებს ეხება.
„აგროგაცია“ და „შშმ პირთა უფლებებისათვის“ იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ტრენონგებისა და სერტიფკატების გაცემის ფინანასური მხარდაჭერა, ისინი შეარჩევენ სტუდენტებს, რომლებიც გაივლიან პრაქტიკას პარტნიორ ორგანიზაციაში, ხოლო შპს „იურიდიული და ფინანასური რეანიმაცია“ უზრუნველყოფს სამთვიან პრაქტიკას პარტნიორი ორგანიზაციის წევრებისათვის, ასევე, უზრუნველყოფს ტრენინგ-სემინარების ჩატარებას სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის.
„მე ამ სატელეფონო ზარში დანაშაულის ნიშნებს და კანონის დარღვევას ვერ ვხედავ. ვერ აღმოვაჩინე კანონის ის მუხლი, რომელიც იქნა დარღვეული. სხვა ყველაფერი შეფასების სხვა კრიტერიუმებში გადადის და ამაზე მოგვინებით მოგახსენებთ“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.
უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ 25-ე არხის ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს 8 ივნისს, ტელეეთერში გაშვებული საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“- ტრანსლირების შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.
აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა.
მედეა ვასაძის უმაღლეს საბჭოში მუშაობის მანძილზე ეს პირველი ინციდენტი არ არის. 2013 წელს დეპუტატს, შემდგომში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამჯდომარეს, მოქალაქე დოდო დიასამიძემ უჩივლა. იგი დეპუტატს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პროკურატურა ამ საქმეს ჯერ ისევ იძიებს.
რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობას, ეს მეოთხე ინციდენტია, რომელიც ჟურნალისტებსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოხდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.
ბათუმში, ვაჟა ფშაველას #84-ში პუშკინის და ბესიკის (კიროვაკანის) შუაში იყიდება ორსართულიანი, კეთილმოწყობილი სახლი, 90 კვ.მ; სამი საძინებელი, ერთი სამზარეულო, ორი სველი წერტილი. გაზი შეყვანილია, რკინის კარებით. სახლი იპოთეკით არ არის დატვირთული.
მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით კეკენაძეს. სწორედ მას ჩაენაცვლება თეიმურაზ ქათამაძე. დავით კეკენაძეს მოსამართლეობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, თუმცა კენჭისყრის დროს მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ერთი ხმა დააკლდა.
დავით კეკენაძე ხელვაჩაურის სასამართლოში ახლა მხოლოდ იმ საქმეების დასრულებამდე დარჩება, რაც განხილვის პროცესში აქვს. ის პარალელურად პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ, ბიზნესისა და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე.
რაც შეეხება ახალ მოსამართლეს, თეიმურაზ ქათამაძე დაიბადა 1951 წელს ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში. 1974 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974-1976 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის სოფლების: აგარისა და ოქრუაშვილების საშუალო სკოლების ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლად. 1984-1990 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. 1981-1991 წლებში მუშაობდა ხულოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსად. იყო ხულოს რაიონის პრეფექტი. 1991-1993 წლებში მუშაობდა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსად. ასევე, იმუშავა აჭარის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარედ და აჭარის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. იყო მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009 წლის პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს თანამდებობიდან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.
ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე გახდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მისი ავტობიოგრაფიული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ახალი მოსამართლის ბიოგრაფიული მონაცემები, დაპირების მიუხედავად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოგვაწოდეს.
ახალი მოსამართლეები მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.
დავით კეკენაძის გარდა მოსამართლეობა სურდა ადვოკატ ირაკლი შავაძეს, რომელიც ასევე ყოფილი მოსამართლეა. საკმარისი ხმები ვერც მან მიიღო.
ბათუმში პუშკინისა და სელიმ ხიმშიაშვილის (ყოფილი საბჭოს) ქუჩების კვეთაში, მეხუთე სართულზე იყიდება ოროთახიანი სამოთახიანად გადაკეთებული ბინა კარგ მდგომარეობაში. ფასი: 42 ათასი დოლარი.
ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალეთნიკური ქალაქია. საქართველოში ჩატარებული 2002 წლის აღწერის მიხედვით, ბათუმის მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი არაქართული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანისგან შედგება, თუმცა პოპულაციის ეს პროცენტული გადანაწილება პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების მიერ შემუშავებულ საარჩევნო სიებზე არ აისახება. პოლიტიკურმა ძალებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თავის კანდიდატებად დასახელებისაგან ან თავი შეიკავეს, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით წარმოადგინეს, ისიც ძირითადად საარჩევნო სიების ათეულს ქვემოთ. რატომ მოხდა ასე? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით რამდენიმე საარჩევნო სუბიექტს მიმართა.
„ჩვენ არ გვიფიქრია მაგ კუთხით, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თუ იქნებოდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, კარგი იქნებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანების გარეშე დაკომპლექტდა სია. ამ სიაში მოხვდნენ ჩვენი გუნდის ის წევრები, რომლებთან ერთადაც წლებია ერთად მოვდივართ…“ – ამბობს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი, რომლის გუნდსაც თავის პროპორციულ სიაში არც ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ დაუსახელებია. მისი თქმით, სიების შედგენისას ეთნიკურ ნიშანზე რაიმე განსაკუთრებული მიდგომით არ უხელმძღვანელიათ. `შემდგომისთვის ამ საკითხს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, – ამბობს ის.
საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე სახის დისკრიმინაციას უმცირესების მიმართ გამორიცხავს გიორგი ერმაკოვი, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ბათუმში. იგი ფიქრობს, რომ ადამიანები, ვისაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა სურთ, თვითონ უნდა გააქტიურდნენ:
„მე, როგორც კანდიდატი, კოალიციის მიერ ვარ შერჩეული. ჩემი მოსაზრებით ადამიანების პოლიტიკურ აქტივობაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. მე ჩვენს მოქალაქეებს, ბათუმელებს ეთნიკურ უმცირესობად და უმრავლესობად არ ვყოფ. ჩემთვის ყველა ერთია, ბათუმელი -ბათუმელია, რუსი იქნება, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ქართველი“.
მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ბათუმის პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო უნდა გააქტიურდნენ, სხვა საარჩევნო სუბიექტებმაც გამოთქვეს. მაგალითად, მერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან (რომლის სიაშიც „ქართული ოცნების“ მსგავსად ეთნიკური უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ მოხვდა) აცხადებს, რომ უმცირესობა ამ თვალსაზრისით საკმაოდ პასიურია:
„თვითონ ამ მოსახლეობასაც სჭირდება ცოტა გააქტიურება. დღეს მათ ასეთი ინტერესი არ აქვთ, მაგრამ მომავალში ჩვენ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ისინი, რათა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ჩვენ შემთხვევაში [მათი სიაში ვერ მოხვედრის] მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მათი მხრიდან ნაკლებად წავაწყდით აქტიურობას. ვიმედოვნებ, მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ“.
„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატად დასახელებული გიორგი დიასამიძე ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საკითხზე საუბრისას, ასევე კონკრეტული ადამიანების აქტიურობას უსვამს ხაზს და ამბობს:
„ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას. ჩემი თაობის ნებისმიერი ბათუმელი გეტყვით, რომ ჩვენი მეგობრების, კლასელების, ერთ ეზოში გაზრდილი ადამიანების ეროვნება არც გაგვიგია, ისე გავიარეთ მთელი ბავშვობა და სიყმაწვილე. ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის პარტიის კარი ღიაა“. ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ათეულში ეთნიკური უმცირესობებისთვის ვერც „ნაციონალებმა“ გამონახეს ადგილი. სიის ბოლოში, ერთი სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, რუსუდან მარკარიანი ფიქსირდება. დიასამიძის განმარტება ასეთია:
„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული ადამიანების აქტიურობაზეა დამოკიდებული. შეიძლება ოპოზიციური პარტია ნაკლებად პოპულარულია იმისთვის, რომ ვიღაცამ სიაში გაწევრიანება მოინდომოს და მეორეც, ჩვენ ვხელმძღვანელობთ კონკრეტული პრინციპით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სიაში უნდა მოხვდნენ ისინი, ვინც საქმით დაამტკიცა პარტიის ერთგულება. თუ ადამიანია მოვა, არავის უარს არ ვეტყვით, მითუმეტეს იმ მოტივით, რომ ის ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენს, პირიქით, ძალიან გაგვიხარდება“.
ეთნიკური უმცირესობების ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის იდეას მერობის კიდევ ორი კანდიდატი მიესალმება – თეიმურაზ მიქელაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“ და მურმან ბერიძე „ნინო ბურჯანაძე-არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“, მაგრამ კითხვას, რატომ ვერ მოხვდა უმცირესობის წარმომადგენელი სიაში, მიქელაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ხოლო ბერიძემ ამ საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მათ სიაში სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ფიგურირებს. სერგო ოგანეზიანი სიის მე-16 ნომერია.
ეთნიკური უმცირესობები ბათუმში ვერც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სიაში მოხვდნენ. საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი გელა გორგილაძე ამბობს, რომ სიის ფორმირების პროცესში კანდიდატების ეთნიკურ წარმომავლობაზე არ უფიქრია:
„ამ საკითხზე ნამდვილად არ მიფიქრია, სია დავაკომპლექტეთ იმ ხალხით, რომლებიც ბათუმისთვის სიკეთეს მოიტანენ უბნების მიხედვით და ნამდვილად ვერ ავარჩევდი, იქ რომელი იყო სომეხი, ბერძენი და ქართველი. უბრალოდ, ასე მოხდა თორემ, სხვა მიზეზი ამას ნამდვილად არ აქვს. ეთნიკური უმცირესობები პარტიულები ნაკლებად არიან, აჭარას ეხება ეს მხოლოდ, თორემ ისე, ჩვენს ბლოკს სხვა რეგიონებში ჰყავს ეთნიკური უმცირესობები სიებშიც და მაჟორიტარობის კანდიდატებშიც“.
ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის თვალსაზრისით ბათუმში ყველაზე „მრავალეთნიკური საარჩევნო“ სია „ლეიბორისტებს“ აქვთ. მათ სიაში ასეთი ოთხი გვარი ფიქსირდება. მათ შორის ერთი – ვლადიმერ გასპარიანი სიის მეათე ნომერია. ბათუმელი ლეიბორისტების ლიდერი დავით რობაქიძე აცხადებს, რომ ამით ამაყობს:
„ჩვენ მაგ მხრივ მრავალეთნიკური ხედვა გვაქვს, არ ვართ ჩაციკლულები მხოლოდ ერთ ჯგუფზე. დიდი ალბათობაა იმის, რომ ძველ ბათუმში ვოვა გასპარიანი მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს. სიის კიდევ ერთი წევრი – სამველ მელქონიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ სიის სათავეში არ არის, რამდენად რეალური შანსი აქვს საკრებულოში მოხვედრის, ეს უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ის მომდევნო არჩევნებზე უკვე წამყვან პოზიციებზე იქნება. ასევე გვყავს კლარა მკრტიჩიანი და ახალგაზრდა ბიჭი ალექსანდრე ნაზარევი. ისიც ჩვენი ახალი სახეა“.
„ლეიბორისტებმა“ ბათუმში თავისი კანდიდატები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარადგინეს. მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარობის მსურველების პრეზენტაციაზე რობაქიძემ, რომელიც, ახლა ტოლერანტული რიტორიკით საუბრობს, სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები გამოიყენა გია ერმაკოვის წინააღმდეგ: „დროა დამთავრდეს ათასი რჯულის არაქართველის, როგორც ეთნიკური, ისე აზროვნებით, თარეში. დროა უარი ვთქვათ ერმაკოვებზე და ასე შემდეგ“.
„ბათუმელების“ შეკითხვას, რამდენად მოდის ერთმანეთთან კორელაციაში მისი ქსენოფობიური განცხადება ერმაკოვის მიმართ იმ ტოლერანტულ ხედვასთან, რომელზეც ახლა საუბრობს, რობაქიძემ უპასუხა, რომ თავის დროზე მისი სიტყვები არასწორად აღიქვეს, რადგან იგი ერმაკოვს „წარსული საქმიანობის გამო“ აკრიტიკებდა, რაც „ნაციონალების ანტიქართულ აზროვნების მხარდაჭერას გულისხმობს“:
„არანაირი სიძულვილით მე ეგ განცხადება არ გამიკეთებია. აქ საუბარი იყო არა ადამიანის ეთნიკურ წარმოშობაზე. ისე, ერმაკოვი გურულია, რომ იცოდეთ. მე აზროვნებაზე ვლაპარაკობდი… ნათქვამია, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ერთი მხრივ, წარვადგინე სია, სადაც იმით ვამაყობ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ყველაზე მეტი გვყავს და მეორე მხრივ, სიძულვილის ენით ვსაუბრობ?! ეს ხომ ლოგიკაში არ ჯდება…“
პოლიტიკური ძალა, რომლის საარჩევნო პროპორციული სიის პირველ ხუთეულშივე მოხვდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, წარმოშობით ბერძენი ქეთევან დონდოსი, „ერთიანობის დარბაზია“. დონდოსი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატიცაა. ზემოხსენებული გაერთიანების ლიდერი მერაბ ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ მას სიაში უმცირესობის უფრო მეტი წარმომადგენლის შეყვანა სურდა, მათი გააქტიურების მიზნით შეხვედრებიც გამართა რამდენიმე დიასპორის წარმომადგენლებთან, თუმცა, ამ ეტაპზე სიაში მხოლოდ ერთი ასეთი ადამიანის შეყვანით შემოიფარგლნენ:
„ჩვენს სიაში პირველი 10 წევრიდან 5 ქალბატონია. ეთნიკურ თემას არ ეხება ეს, მაგრამ გენდერული ბალანსიც მნიშვნელოვანია. ყველა ეთნიკური და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი უნდა იყოს პოლიტიკაში. სიის მე-4 ნომერია ქეთევან დონდოსი, ის წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდაა. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბრად განვითარების შანსი“, – ამბობს ხიმშიაშვილი და დასძენს, რომ თუ მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ქალაქის მთავრობაში აუცილებლად მოხვდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.
პარტიების მიერ დასახელებულ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკაში მათი პასიურობის მიზეზით ვერ ხვდებიან და არა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ნაწილობრივ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია `მრავალეროვანი საქართველოს~ ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი, თუმცა იგი ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ძალების პასიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
„რატომ არიან პასიურები ეთნიკური უმცირესობები? ძალიან პრიმიტიული ახსნა აქვს ამას. პირველი ის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და უმცირესობებს შორის კონტაქტი არ არსებობს, პოლიტიკური ძალები უმცირესობათა გააქტიურების მნიშვნელობას და აუცილებლობას ვერ ხედავენ, ზოგ შემთხვევაში ეთნოცენტრიზმის პრობლემაც არის. მე გეტყვით, რომ უმცირესობებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ძალიან უნდათ. მითუმეტეს იმ ადგილებში, სადაც შერეული მოსახლეობა ცხოვრობს, იმიტომ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები არიან ქვეყნის ცხოვრებაში. მაგრამ აქ უკვე საუბარია ლიდერებზე, არსებობენ თუ არა ლიდერები, რომელთაც სათვისტომოს შიგნით თვითორგანიზებისა და მობილიზების უნარი აქვთ და ასე შემდეგ“, – ამბობს სტეფანიანი და დასძენს, რომ ის პრობლემა, რაზეც ბათუმის კონტექსტშია საუბარი, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის (სადაც ადგილობრივ დონეზე უმცირესობები საარჩევნო სიებში წარმოდგენილები არიან) გარდა, თითქმის მთელ საქართველოს ეხება, მათ შორის თბილისს, რადგან არსებული საარჩევნო სიების მიხედვით ეთნიკური უმცირესობები, სავარაუდოდ, ვერც თბილისის საკრებულოში მოხვდებიან.
სტეფანიანი: „ჩემი აზრით, პოლიტიკურმა ელიტამ უნდა იაქტიუროს, იმუშაოს მათთან, რომ ხელი შეუწყოს ეთნიკურ უმცირესობათა აქტიურობის გაზრდას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს, სამწუხაროდ, არ ხდება. თუ ასე გაგრძელდა, ისინი სიებში სხვა არჩევნებზეც ვერ მოხვდებიან. მცირეა იმის შანსი, რომ უმცირესობა თვითნებურად თავისით გააქტიურდეს პოლიტიკურად“.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანები ბათუმის ბულვარის, ე.წ. „ბენზეს“, ქობულეთისა და გონიოს სანაპირო ზოლში განთავსდება. ბულვარისა და „ბენზეს“ სანაპიროს დამსვენელებს სამედიცინო დახმარების ბრიგადები დილის 10:00-დან საღამოს 22:00 საათამდე მოემსახურებიან, ქობულეთსა და გონიოში 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან.
მკითხველთან შეხვედრაზე საუბარი იმ ნაწარმოებებს შეეხება, სადაც ზღვას განსაკუთრებული როლი აქვს. მათ შორის: ჰერმან მელვილის „მობი დიკი“, ევრიპიდეს „მედეა“, ჰომეროსის „ოდისეა“, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ერიკ-ემანუელ შმიდტის „ულისე ბაღდადიდან“. ასევე, განხილული იქნება ზღვის როლი ალბერ კამიუსა და თომას მანის შემოქმედებაში.
დასწრება თავისუფალია.
შეხვედრა მკითხველთან რადიო „შოკოლადისა“ და კომპანია „ჯეოსელის“ მიერაა ორგანიზებული. გადაცემა „წიგნები“ რადიო „შოკოლადის“ ეთერში 2012 წლიდან გადის.
ბარაკებში მცხოვრები ოჯახები ბინებს უფასოდ მიიღებენ, დეველოპერს კი მერია პროექტის გაცემისას შეუქმნის განსაკუთებულ პირობებს რაც მას მოგების საშუალებასაც მისცემს.
ბათუმის მთავარი არქიტექტორის განმარტებით ამ პროექტის გამო ქალაქში დაწესებული სამშენებლო ნორმები არ დაირღვევა. პროექტის პრეზენტაციას დღეს სასტუმროში „რედისონ ბლუ ბათუმი“ საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადურიც დაესწრო.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის დავით ბალაძის ინფორმაციით პროექტი აჭარის მთავრობამ ბათუმის მერიასთან ერთად, ჯანსაღი და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნისთვის შეიმუშავა.
„მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება. მოხდება ქალაქის განაშენიანების ხელშეწყობა და ასევე ინვესტიციების მოზიდვა. შესაბამისად ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება,“ განაცხადა დავით ბალაძემშეხვედრაზე.
დღესვე საქართველოს ბანკსა და აჭარის მთავრობას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს ნიკოლოზ ალავიძემ და დავით ბალაძემ მოაწერეს ხელი.
პროექტის მიხედვით ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში ამორტიზებული, უსახური, ბარაკული ტიპის, არადამაკმაყოფილებელი სანიტარული პირობის მქონე სახლების ნაცვლად ახალი სახლები უნდა აშენდეს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გამოდის საფინანსო ორგანიზაციის წინაშე დაინტერესებული პირის თავდებად, რომელიც ბათუმის ტერიტორიაზე ბარაკის ტიპის უსახური შენობების ნაცვლად, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს განათავსებს.
პროგრამის ფარგლებში თავდებობის თანხა 20 მილიონი დოლარით განისაზღვრა. დაინტერესებულ მხარესა და საფინანსო ორგანიზაციას შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, საკითხს კომისია განიხილავს.
ნასყიდობის ხელშეკრულება იურიდულ პირსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის ფორმდება, შესაბამისად სამთავრობო თავდებობის გამოყენების შემთხვევაში მთავრობა დასრულებულ უძრავ ქონებას უშუალოდ ბანკისგან შეიძენს.
შეხვედრას აჭარის მთავრობის, ბათუმის მერიის, საფინანსო ორგანიზაციების და დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ბათუმი საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სახელმწიფო ბრალმდებელი ლადო თურმანიძე. „გადაწყვეტილება სრულყოფილად სამართლიანი არ არის, ამიტომ ჩვენ ამას გავასაჩივრებთ“, – ამბობს დაცვის მხარეც, ადვოკატი გიორგი ხიმშიაშვილი.
იუსიფ ლაკაევს ბრალად ედებოდა სისხლის სამართლის კოდექსის 19-353 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, პოლიციელზეთავდასხმა,რაცთექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. მოსამართლემ ბრალდების ეს მუხლი შეცვალა სსკ 19-109 პირველი ნაწილით, ანუ განზრახ მკვლელობის მცდელობით. მოსამართლემ ჩათვალა, ლაკაევმა არ იცოდა, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული კონტრდაზვერის თანამშრომელი იაგო დავითაძე იყო სამართალდამცავი, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ მას ლაკაევმა მოკვლის მიზნით ესროლა.
ლაკაევის მეორე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია, ანუ ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე. მოსამართლემ ლაკაევს ამ ნაწილში 3 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთისთვის კი ერთი წელი. (ლაკაევი აფხაზეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოვიდა). საბოლოოდ მას მიესაჯა 12 წელი, რადგან უფრო მკაცრმა სასჯელმა, მოსამართლის განმარტებით, შთანთქა ნაკლებად მძიმე დანაშულებისთვის გათვალისწინებულმა სასჯელები.
თემურ ბახუნტარაძე სსკ-236 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში იყო ბრალდებული, (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე) მოსამართლემ ამ ნაწილში ბახუნტარაძე გაამართლა. მოსამართლემ შეცვალა ბრალდების სსკ გათვალისწინებული დანაშაულის 353-ე მუხლის მესამე ნაწილი, (ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თექვსმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით,) მესამე ნაწილით და 2 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა ასევე საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის, უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნისთვის.
ფირუზ წულუკიძეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა წულუკიძეს განაჩენის გამოცხადების შემდეგ უთხარა, რომ თუ ის აღირებდა ბრალდებას: ლაკაევისთვის საქართველოში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნაში ხელშეწყობას, მის პირობით გათავისუფლებაზე დაფიქრდებოდა: „ჩემი პოზიცია მინდა გამოვხატო ფიზრუზ წულუკიძეზე, ისე ნუ გამიგებ თემურ (ბახუნტარაძე) თითქოს შენ გაბრალებ, მაგრამ მგონია, რომ შენს გარეშე წულუკიძე აქ ვერ აღმოჩნდებოდა“.
მოსამართლემ ასევე განმარტა, რომ ასაფეთქებელი ნივთიერება და კუსტარულად დამზადებული იარაღი, რომელიც ძიების მტკიცებით წულუკიძისა და ბახუნტარაძის საცხოვრებელი სახლებიდან ამოიღეს, თეორიულად არის შანსი, რომ მათი საკუთრება არ ყოფილიყო: „ამ ნივთებზე, შესაძლოა სხვასაც ჰქონოდა შემხებლობა, მე ეჭვქვეშ არ ვაყენებ იმ ფაქტს, რომ ბრალდების მხარემ ნამდვილად იპოვა ბახუნტარაძისა და წულუკიძის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, თუმცა სახლის სხვა მესაკუთრეები სასამართლოს არ დაუკითხავს“ (წულუკიძე და ბახუნტარაძე ნაქირავებ სახლში ცხოვრობდნენ), ანუ ამ ნაწილში მოსმართლემ ადვოკატის პოზიცია გაითვალისწინა.
„ეს იყო გაშმაგებული დავა მხარეებს შორის, მე ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე ამ პროცესიდან“, – თქვა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა განაჩენის გამოცხადების შემდეგ.
ბრალდებულები გასული წლის სექტემბერში დააკავა პოლიციამ ბათუმში.
ბახუნტარაძისა და წულუკიძი სუფლებებს საიას იურისტი, გიორგი ხიმშიაშვილი იცავს. მისი შეფასება კი ასეთია: “მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, ვფიქრობ სასამართლო გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან მოსამართლემ გამამტყუნებელი განაჩენი ძირითად ააგო ბრალდებულების ჩვენებაზე. მაშინ, როდესაც მათ გულწრფელად ისაუბრეს იმის შესახებ, რა მოხდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც არავითარ დანაშაულებრივ ნიშნებს არ შეიცავდა. რაც ყველაზე ცუდი მომენტია არის ის, რომ სასამართლო პოლიციელთა გულწრფელობაში სრულად დარწმუნებულია. საინტერესოა, რამდენად უნდა იყო იმ პოლიციელის ჩვენებაში დარწმუნებული, რომელიც არღვევს ყველა პროცედურულ წესს და მტკიცებულებას ისე მოიპოვებს.”
ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად 16 პარტია და 349 კანდიდატი იბრძვის, აქედან 113 ქალია. ყველაზე ნაკლები, ერთი ქალი, პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ ოლქებში „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობამ“, ყველაზე მეტი – 12 ქალი კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის ათეულში მხოლოდ ერთი ქალია, მთლიანობაში კი თვითმმართველობის არჩევნებში, ბათუმში „ქართული ოცნების“ სახელით 6 ქალი მონაწილეობს.
თეონა ზოიძე
„დღეის მდგომარეობით აჭარის სამთავრობო სტრუქტურებსა და თვითმმართველობის ორგანოებში მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა მცირეა. არადა, ბევრი ჭკვიანი ქალია, ვისაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია“, – ამბობს პედაგოგი თეონა ზოიძე. ის სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზამ“ საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.
იმ რეალობას, რომ ქვეყანას წამახალისებელი ღონისძიებები სჭირდება ქალები პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაში უფრო მეტნი იყვნენ, თეონა ზოიძე „ქვეყნის სოციალურ ფონს უკავშირებს“.
„ქალი რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, ის, პირველ რიგში, დედაა. სოციალური ფონი ქალს არ აძლევს საშუალებას, შვილი ძიძას მიაბაროს, თვითონ კი სამსახურში გავიდეს. ეს აუცილებლად მოსაგვარებელია. მე ვახერხებ, რომ ვიყო დედაც და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მივიღო მონაწილეობა.“
თეონა ზოიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს, პარალელურად ის აჭარის გიდების ასოციაციას ხელმძღვანელობს.
ხათუნა ფხაკაძე
ქალების წარმოჩენას მათივე აქტივობასთან აკავშირებს ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციის“ აღმაშენებლის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი და საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი ხათუნა ფხაკაძე.
„კარგია, რომ პარლამენტმა წაახალისა პარტიები, სტიმული მისცა ქალები შეიყვანონ საარჩევნო სიებში. ეს აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ აქტივობა უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული. ქალები ვერ იცლიან პოლიტიკისთვის, რადგან ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს“, – ამბობს ხათუნა. ისიც პედაგოგია.
პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პარტიები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ და მათ საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 10 პროცენტს ქალები წარმოადგენენ, ბიუჯეტიდან დამატებით 20-პროცენტიან დანამატს მიიღებენ. ეს არასავალდებულო წამახალისებელი ნორმაა. ინიციატივის ავტორები ამ ნორმის ამუშავების შემთხვევაში საარჩევნო სიებში და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის ხელშეწყობას ვარაუდობდნენ. თუმცა ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი ქობალიას ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ ნორმამ არ იმუშავა. ირაკლი ქობალია ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის პროექტების ოფიცერია.
პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ამ ნორმამ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე არ იმუშავა. სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, საარჩევნო სიებში ქალების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დანამატს არამხოლოდ ბათუმის, არამედ საქართველოს მასშტაბით ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს: ისინი კანონით გათვალისწინებულ ნორმას ვერ აკმაყოფილებენ.
არჩევნების შემდეგ პარლამენტი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში პარტიების წახალისებისთვის მოტივაციის გაზრდას გეგმავს. განიხილება წინადადება, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც საარჩევნო სიის ყოველი ათეულის 30%-ს ქალებით შეავსებს, განსაზღვრულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30-პროცენტიან დანამატს მიიღებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის ნინო რიჟამაძის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავენ წინადადებას, რომლის თანახმადაც მათ შეიძლება მიმართონ პარლამენტს, ნორმა საარჩევნო სიების ყოველ ათეულში 10% ან მეტი ქალი იყოს, სავალდებულო გახდეს.
მოიწონებენ თუ არა ამ ნორმის სავალდებულოდ გამოცხადებას? – ინიციატორი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ირაკლი ქობალიას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ „სურათი, რომელიც საარჩევნო სიებში ახლა გვაქვს, ევროპულ ქვეყანას არ შეეფარება“.
რა გეგმები აქვთ კანდიდატ ქალებს თვითმმართველობაში?
მარინა ჩიხლაძე
„ჩემს უბანში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა, ამ კუთხით და ასევე სოციალური მიმართულებით მინდა ვიმუშაო. ჩემი პირველი ინიციატივა იქნება მერიამ გამოყოს ყოველწლიურად მილიონი ლარი მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად. ასე ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნასაც შევუწყობთ ხელს“, – ამბობს მარინა ჩიხლაძე. ის ჯავახიშვილის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.
„ხმა მიეცით ქალებს… ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“ – ამ ლოზუნგით კანდიდატი ქალების მხარდასაჭერად „გენდერული თანასწორობის ქსელისა“ და „გენდერული თანასწორობისათვის ჟურნალისტთა ქსელის“ ორგანიზებით 7 ივნისს, შაბათს, პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია მოეწყო.
როგორ სურათს მივიღებთ იმ შემთხვევაში თუ ქალი ამომრჩევლები ქალ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს? – ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 472 772 ამომრჩევლიდან 1 866 514 ქალია, დანარჩენი კი მამაკაცი.
შავი ზღვის ლიგის ფინალური თამაში, ბათუმის საზაფხულო თეატრში ჩატარდა. ერთმანეთს წყალტუბოს გუნდი „მაკნატუნა“, ოზურგეთის გუნდი „ანტიმენი“, ბათუმის საზღვაო აკადემიის გუნდი „ნეპტუნი“ და თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის გუნდი „კოზა ნოსტრა“ ეჯიბრებოდნენ.
ჟიურის მიერ დაწერილი ჯამური შეფასების მიხედვით გამარჯვებული „ნეპტუნი“ გახდა. მეორე ადგილზე „კოზანოსტრა“ გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „მაკნატუნას“ ხვდა წილად.
გამარჯვებული და საპრიზო ადგილზე გასული გუნდები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
ამ დრომდე სად მუშაობდით და რა გამოცდილებით მოდიხართ თვითმმართველობაში?
როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ წევრი და სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ვმონაწილეობდი პირველი თვითმმართველობის არჩევნების კანონის შექმნაში. ამის შემდეგ არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. 1991-1996 წლებში ვიყავი ბათუმის საკრებულოს დეპუტატი. ამჟამად ვმუშაობ ბათუმის ლუდის ქარხანაში, რეალიზაციის სამსახურის მენეჯერი ვარ.
საკრებულოში რა მიმართულებით გეგმავთ მუშაობას?
მე ძალიან კარგად ვიცი კანონშემოქმედებითი მუშაობა. ვიცი, რა არის ბიუჯეტი, ვიცი, როგორია ქალაქის კომუნალური მეურნეობა და ენერგომომარაგება. ამიტომ ჩემ თავს მივეცი უფლება, კენჭი მეყარა მაჟორიტარად. ჩემი ინიციატივით 1990 წელს უსასყიდლოდ გადავეცი ქალაქს მავნე მწერების გასანადგურებელი აპარატი, რომელიც მსუბუქ მანქანაზე იყო დამონტაჟებული. ვფიქრობ, ბათუმელი ამომრჩეველი გონიერია და გადაწყვეტს ვის უნდა მისცეს ხმა.
საიდაც კენჭს იყრით, რა პრობლემებია აქტუალური, რის მოგვარებაზეც საკრებულოდან იმუშავებთ?
დაახლოებით 3000 ოჯახი მოვიარე. ვსწავლობ თითოეული ოჯახს რა უჭირს, რა ულხინს. ძველ ბათუმში ფასადურია ყველაფერი. შენობები შეღებილია, ქუჩები დაგებულია, შედიხართ ეზოებში და ხალხი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ეზოებში არაფერია გაკეთებული. ყველაზე დიდი პრობლემა კი რასაც ვაწყდებით, არის უმუშევრობა. ხალხს საპირფარეშო არ აქვს, ადამიანს იმის საშუალება არ აქვს, სამსახურიდან რომ მოდის წყალი, გადაივლოს.
ეს არის ძალიან რთული კითხვა, ყველაფერ ამას სჭირდება, რომ მოგვარდეს საკანონმდებლო ბაზა. ეს მარტო ადგილობრივი საკრებულოს დონეზე ვერ გადაწყდება, ამაში უნდა ჩაერთოს საქართველოს პარლამენტი და ცენტრალური ხელისუფლებაც. ძალიან დიდი რესურსია იმისა, რომ ეს თანხი იყოს მოზიდული და ქალაქმა თავისი ბიუჯეტი სწორად განკარგოს. ერთ უბრალო მაგალითს გეტყვით – აჭარის ტერიტორიაზე 1993 წლამდე განთვასებული იყო 36 სანერგე მეურნეობა, რომლებიც მთელ საქართველოს, აზერბაიჯანს, სასომხეთს, სოჭის მხარესა და ჩრდილოეთ კავკასიის მხარეს ამარაგებდა. კიევს, უკრაინის დედაქალაქს ქობულეთში ჰქონდა საკუთარი სანერგე მეურნეობა. დღეს, იმისათვის, რომ გავამწვანოთ ქალაქი და ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი გარემო გვქონდეს, ნერგები უცხოეთიდან შემოგვაქვს.
კომუნისტების პერიოდში იყო ეს?
დიახ, ნუთუ არ შეიძლება აქ გაკეთდეს რამდენიმე სანერგე მეურნეობა. ასე ბევრი თანხა გამოთავისუფლდებოდა. ასეთივე მდგომარეობაა ყველა სფეროში. აი, მაგალითად, ბათუმს აკეთებდა „ნიუ ენერჯი“ – ერთი და იგივე ქუჩა ოცდაათჯერ გადათხარეს, რატომ არავინ არ დასვა საკითხი, რატომ იყო ქალაქი ერთსა და იმავე ადგილზე 5-6-ჯერ გადათხრილი. იმიტომ, რომ ეს იყო მაფია.
თქვენი პარტიების გაერთიანებას აჭარაში ხელმძღვანელობს გიორგი ცინცქილაძე, რომელიც ასლან აბაშიძის მთავრობის თავმჯდომარე იყო. მაინტერესებს, თქვენი კანდიდატი რომ გახდეს მერი, თუ გააკრიტიკებთ?
რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვღუპა მორჩილმა ხალხმა. მორჩილი ხალხი უცოდინარი ხალხია.
ბათუმის ბულვარს დღეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს. მის დაბრუნებას მერიის მართვაში მხარს დაუჭერთ?
რასაც ფინანსთა სამინისტრო აკეთებს, ეს დანაშაულია. ეს არის ქალაქის ტერიტორია და უნდა ეკუთვნოდეს ქალაქს.
ხშირად ამბობენ, რომ ძველ ბათუმში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა. როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხები?
პროფესიით არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ როგორც ამ ქალაქში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს, მიწევს ურთიერთობა ამ უბანთან. ის, რაც გაკეთებულია, არ უნდა დავანგრიოთ, ჩავუტაროთ უნდა რესტავრაცია.
ანტიდისკრიმინაციულ კანონზე რას ფიქრობთ?
ეს დანაშაულია. ნუთუ პარლამენტში 150 კაციდან არავინ გამოჩნდა ისეთი, ვისაც აქვს საკუთარი აზრი ამ კანონთან მიმართებაში.
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი თუ არა?
ხელი უნდა მოვაწეროთ, მაგრამ ქართველები უნდა გამოვდიოდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაც იქეთკენ უნდა წავიყვანოთ, რომ ჩვენი ინტერესები იყოს ყველგან გათვალისწინებული. ეს მთავრობა ძალიან ახალგაზრდა მთავრობაა და ბევრი ისეთი ხალხი მოყვა ხელისუფლებაში, რომლებსაც საკუთარი ნათესავებიც არ მისცემდნენ ხმას. მაგრამ ეს იყო ერთი კაცის დავალება, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომლის მადლობელი ვართ მთელი საქართველო.
გუნდი, რომელმაც თქვენ წარგადგინათ, პრორუსულ ძალად მოიაზრება. ეს გაწუხებთ?
ეს გუნდი პრორუსული გუნდი არ არის, ეს არის პროქართული ძალა. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ყველაზე განათლებული პოლიტიკოსია, მაგის ბადალი საქართველოში მეორე არ არის, ქალბატონმა ნინომ თქვა და მეც გავიმეორე – ჩვენ უნდა ვიყოთ პროქართველები, არც პრორუსი უნდა ვიყოთ, არც პროევროპელი.
საკრებულოში ძველი ბათუმისთვის და ამ უბანში მცხოვრებლებისთვის რას გააკეთებთ?
უნივერსიტეტის დასრულებიდან ბათუმის მერიაში სანიტარულ ინსპექციაში, შემდეგ სადიზენფექციო სამსახურის უფროსად, შემდეგ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსად ვმუშაობდი. ვიყავი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი. ასევე, წყალკანალის გენერალური დირექტორი და ვიცე-მერი. შემდეგ გადავედი ჯანდაცვის მინისტრად, ახლაც ისევ ჯანდაცვის სფეროში ვარ. სოციალური და ჯანდაცვის საკითხები ის სფეროებია, რომელთა შესაბამისი განათლებაც მაქვს და პრაქტიკულად ნამუშევარიც ამ სფეროებში. როცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და პარალელურად მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, იმ პერიოდში მივიღე გამოცდილება ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც.
რა უნდა გააკეთოს ახალმა საკრებულომ ისეთი, რაც ამ მოწვევის ან წინა საკრებულომ ვერ გააკეთა?
წინა საკრებულოს მოუწია საინტერესო პერიოდში მუშაობა, როდესაც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მმართველობაში. შემდეგ მოვიდა `ოცნება~. დიდი მინუსი ამ საკრებულოში იმ პერიოდში და შემდეგაც ის იყო, რომ საკრებულო არ იყო გადაწყვეტილების მიმღები. ის უფრო ადასტურებდა გადაწყვეტილებას.
ფიქრობთ, რომ შეიცვლება ეს დამოკიდებულება?
წესით, ქმედითი უნდა იყოს, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო ასპარეზი გახსნილია. ამ პროცესის იმასთან შედარებაც არ შეიძლება, რაც იყო. 18 დამოუკიდებელი კანდიდატია მხოლოდ ძველ ბათუმში, სადაც მე ვიყრი კენჭს. ეს კონკურენცია და არჩევანის საშუალებაა. ვფიქრობ, რაც მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი შევა, უკეთესია. ის პარტიულ ინტერესზე წინ დააყენებს საკუთარი ამომრჩევლის ინტერესს, რადგან დამოკიდებულია ამომრჩეველზე და არა იმაზე, ვინ ჩასვამს მას სიაში.
თუ საკრებულოში შევიდა ერთი მმართველი ძალა და სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე ოპოზიცია, ამ შემთხვევაში მუშაობა რთული იქნება?
თუ ასეთი სურათი მივიღეთ, რთული იქნება, რა თქმა უნდა. რთული იქნება გავლენა საკრებულოს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ძველი ბათუმის მცხოვრებლების პრობლემის მოგვარება მე მაინც არ გამიჭირდება, რადგან ვიცი გზები, როგორ უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს. ვიცი, როდის და ვინ უნდა შევაწუხო. დღეს ბევრი პროგრამა აქვს მერიას, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, ინფრასტრუქტურის, ამხანაგობების კუთხით. მაგრამ ეს არ მიდის მოსახლეობამდე. ბევრმა არ იცის რა შეიძლება მიიღოს დივიდენდის სახით თვითმმართველობიდან.
მერიასა და საკრებულოს შორის სუბორდინაციის საკითხზე მინდა გკითხოთ, რაც ყოველთვის იყო პრობლემა. წინა მოწვევის საკრებულოში, მაგალითად, სამსახურის უფროსი არ ცხადდებოდა ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე, მისი წერილობით დაბარების მიუხედავად. კოდექსში ჩაიწერა, რომ ხალხის არჩეულ მერს გადააყენებს საკრებულო…
რთული საკითხია, ქალაქმა აირჩიოს მერი და შემდეგ საკრებულომ გადააყენოს. ვინც მოდის, უნდა იცოდეს, იმიტომ არ მოდის, რომ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს, იმიტომ უნდა მოვიდეს, რომ საქმე გააკეთოს. მერიას და საკრებულოს ერთი საქმე აქვს. ეს არის ბათუმის მოსახლეობა და ბათუმის განვითარებაზე ფიქრი. ჩემთვის იდეალური იქნება, როდესაც ეს ურთიერთობა იქნება შეხმატკბილებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას მისი აზრი არ ჰქონდეს, ბათუმის საკრებულო არ არის ის ორგანო, სადაც ჩვენ დიდი პოლიტიკა უნდა ვაკეთოთ.
ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებას მხარს დაუჭერთ?
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს კამათს თვალს ვადევნებდი და სიმართლე გითხრათ, უფრო ამბიციები დავინახე, ვიდრე საქმის რეალურად გადაწყვეტის სურვილი. იგივე იყო მთავრობის მხრიდანაც.
რას ფიქრობთ ბულვარის იერსახის შენარჩუნებაზე. თუ ინვესტორი მოვა დიდი ფულით და მოითხოვს ბულვარში მშენებლობის წამოწყებას, ამის უფლებას მისცემთ?
ბულვარი არის ინვესტიციის მოსაზიდი ბაჯაღლოში ჩასმული ბრილიანტი. მისი განაშენიანება არასწორი იქნება. რა თქმა უნდა, გასართობი ობიექტები უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მძიმე კონსტრუქცია.
ძველ ბათუმში ბევრი მშენებლობა გახდა განსჯის საგანი. ამბობდნენ, რომ მაღლივმა მშენებლობებმა მას იერსახე დაუკარგა. არქიტექტურული თვალსაზრისით ბათუმში დღეს რომელი უბანი მოგწონთ?
რა თქმა უნდა, ძველი ბათუმი მომწონს. ძველ ბათუმში უფრო ფაქიზი ჩარევაა საჭირო. უნდა მომზადდეს ქალაქის დაგეგმარების დოკუმენტი. ძველ ბათუმთან მიმართებაში ბათუმის საკრებულოს სატრაბახო არაფერი აქვს, ძალიან ბევრი პრობლემაა.
თუ მოქმედი საკრებულო ბათუმის `წყალს გადასცემს~ წყალმომარაგების კომპანიას, შეცდომას დაუშვებს?
წავიკითხე „ბათუმელების“ სტატია და მე იქ ვერ ვნახე არგუმენტი, რატომ უნდა გადაეცეს. თუ საქმისთვის კარგი იქნება, მივესალმები, მაგრამ ბათუმის წყალთან მიმართებაში პროექტი დამუშავულია, ორი ეტაპი გავლილია. არის დამფინანსებელი, არის აწყობილი სქემა, რომელიც მუშაობს და თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცას ამბიცია დავუკმაყოფილოთ, არ მგონია, რომ საქართველოში რომელიმე რეგიონში, თუნდაც თბილისში იყოს მოგვარებული ისე, როგორც ბათუმში.
ბატონო ლევან, საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელ პრობლემათა შორის ჩამოვთვალეთ, იმ დროსაც აწუხებდა მოსახლეობას, როცა თქვენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყავით და შეგეძლოთ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. მაშინ რატომ არ იყავით ასეთი კრიტიკული?
წყლის თემიდან დავიწყებ, ეს არ არის ახალი თემა, მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც მის ცენტრალურ მართვაში გადაცემას ვეწინააღმდეგებოდი. რაც შეეხება მშენებლობებს ძველ ბათუმში, მაშინ ისეთი მშენებლობები იყო, რომ მხოლოდ მივესალმებოდი.
ფოსტის შენობაზე რას იტყვით?
გეთანხმებით, ნამდვილად არ მომწონს ის, რაც არის. ჩემი სათქმელის მორიდების მომენტი არასდროს მქონია. ბოლოს წამოვედი კიდევაც იმიტომ, რომ არ მოვრიდებივარ მეთქვა, რაც მინდოდა.
და რატომ გაგათავისუფლეს, რა მოხდა თქვენ შორის?
ვერ ვიტყვი, რომ ჩემსა და ლევან ვარშალომიძეს შორის რაღაც მოხდა, ნორმალური ადამიანური ურთიერთობა დღესაც გვაქვს. უბრალოდ, ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში არ არის. არც იმ მთავრობაში იყო ყველაფერი ცუდი და არც ამ მთავრობაშია ყველაფერი კარგი. უბრალოდ, იყო შიდა ინტრიგები, რომელიც ჩემთვის არის ზედმეტი და შემაწუხებელი. მე ჩემს სათქმელს, რაც არ მომწონდა, სადაც საჭირო იყო ვამბობდი. წარსულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ერთს ვიტყვი, მე ნამდვილად ჩემი ინიციატივით წამოვედი.
ყველა ასე ამბობს…
ყველა მინისტრი ამბობს: რომ… მაგრამ… მე ნამდვილად ჩემი განცხადებით წამოვედი.
ლევან ვარშალომიძეს რა რეაქცია ჰქონდა თქვენ წასვლაზე?
იმ პერიოდში არ მინახია, მაგრამ სხვისი გადმოცემით ვიცი, რომ მტკივნეულად აღიქვა.
ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც მინდა გკითხოთ, მხარს დაუჭერდით?
ვფიქრობ, ამ კანონის განხილვა გვიან დაიწყო, ერთი მხრივ, ევროკავშირის წინაშე იყო ვალდებულება, რომ ასეთი კანონი მიღებულიყო. მოსახლეობის მხრიდან, იგივე რელიგიური პირებისგან იყო წინააღმდეგობა. ვფიქრობ, უფრო მეტად რომ გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის მოსაზრებები, უფრო მარტივად ჩაივლიდა ეს ყველაფერი. მე არ მიმაჩნია, რომ კანონში არის მუხლები, რამაც შეიძლება პრობლემა შექმნას, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ყველამ. დისკრიმინაცია ბევრ სფეროშია.
მხარს დაუჭერდით თუ არა?
არ ვიცი. ჩემთვის ეს კანონი მიუღებელი ნამდვილად არ არის.
69 კილოგრამ წონით კატეგორიაში პირველობა აჭარის მოკრივეთა ნაკრების წევრმა გელა აბაშიძემ მოიპოვა.
მეორე ოქროს მედალი 91 კილოგრამ წონაში ლევან გულედანმა მიიღო. მეორე ადგილზე გავიდნენ ოთარ ერანოსიანი (60 კგ) და გოჩა ბედურაშვილი (75 კგ). ვერცხლის მედალის მფლობელი ნიკოლოზ სეხნიაშვილი გახდა.
A კატეგორიის ტურნირი ქალაქ უსტი ნად ლაბემში გაიმართა. მასში 15 ევროპისა და ორი აზიის ქვეყნა მონაწილეობდა. საქართველოს ნაკრებიდან ტურნირში ექვსი მოკრივე ასპარეზობდა. ტურნირი 4 ივნისს დაიწყო 10 ივნისს დასრულდა.