სიახლეები

გერმანული ბანკი „ბათუმის წყალს“ „არ თმობს“

12.06.2014 • 1694
გერმანული ბანკი „ბათუმის წყალს“ „არ თმობს“

მიმდინარე წლის 3 ივნისს, ფრანკფურტში „ბათუმის წყლის“ „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარგების კომპანიის“ მართვაში გადაცემა-არგადაცემასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრას, „ბათუმის წყლის“, ბათუმის მერიისა და  აჭარის მთავრობის წარმომდგენლები არ ესწრებოდნენ.

შეხვედრა საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული გნვითარების სამინისტროს, „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვისა და თავად გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) წარმომადგენლებს შორის შედგა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აღნიშნულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა ვალდებულებას, რომ საქართველოს მთავრობა დაიცავს იმ მიღწევებსა და გამოცდილებებს, რომელიც განხორციელდა (KFW)-სა და ევროკვშირის მიერ დაფინანსებული ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროგრამის ფრგლებში (ამჟამად პროექტის განხორციელება მესამე ეტაპზეა).

მესამე (ანუ მიმდინარე) ფაზის სამუშაოებისთვის 2012 წელს გერმანულმა ბანკმა გამოყო 20 მილიონი ევრო – 20-წლიანი სესხი; ასევე, დამატებით გამოიყო 19 მილიონი ევრო გრანტი, აქედან 4 მილიონი ევროკავშირმა. ბათუმის მერიამ კი ამ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტიდან წყლმომარაგებისთვის 5 მილიონი ევრო უნდა დახარჯოს.

გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკი აცხადებს, რომ მხარს დაუჭერს ყველა ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს წყლის სექტორის ეფექტურ განვითარებას. თუმცა, ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს იმასაც, რომ აჭარის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში წყლისა და საკანალიზაციო სერვისების სავარაუდო ინტეგრაცია საქართველოს გაერთინებული წყალმომარაგების კომპანიასთან მათ გაიგეს შემდეგნაირად:

ა) „ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ პროგრამის მიმდინარე მესამე ფაზის გაგრძელება იქნება უზრუნველყოფილი და მიმდინარე საკონტრაქტო დადგენილებები, ისევე როგორც უკვე დამკვიდრებული, კარგად ფუნქციონირებადი განხორციელების სქემა, არ უნდა შეიცვალოს.

ბ) პროექტის განმახორციელებელი მხარეების როლები და ვალდებულებები, კერძოდ ბათუმის მერიისა და შპს „ბათუმის წყლისა“, უნდა შენარჩუნდეს ფინანსური შეთანხმების თანახმად (მე-3 ფაზის სასესხო, ფინანსური და განსაკუთრებული ხელშეკრულებები).

 

გ) ბანკის პოზიციაა, რომ ყველა წარმოდგენილმა საკონტრაქტო პარტნიორმა გააგრძელოს მათი ვალდებულების შესრულება, რომელიც უკვე შეთანხმებულია ზემოაღნიშნულ ფინანსურ ხელშეკრულებებში და რთული და შრომატევადი განახლება ამ ფინანსური ხელშეკრულებებისა და მიმდინრე პროექტის შესაძლო დაყოვნება – ან უარეს შემთხვევაში შეწყვეტა, თავიდნ უნდა იქნეს აცილებული.

 

„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების წყლის სექტორისა და საკანალიზაციო ჩაშვების სისტემების გაუმჯობესების ღონისძიებების შემსწავლელი კომისიის“ ბათუმის შეხვედრის მიუხედავად (31 მაისს, რომელსაც არ ესწრებოდნენ KFW-ის წარმომადგენლები), საქართველოს მთავრობას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება „აჭარის დარჩენილი მუნიციპალიტეტების ინტეგრაციის თაობაზე“ (ყველა მუნიციპალიტეტი – გარდა ბათუმისა).

ბანკი იმედოვნებს, რომ კომისიის შემდეგ შეხვედრებზე წამოყენებული და განხილული იქნება აჭარის წყლის სექტორის კონსოლიდაციის სხვადასხვა ფორმა და ვარიანტები ყველა შესაბამის მონაწილესთან ერთად.

„ბათუმელების“ ინფორმაციით KFW მზადაა უზრუნველყოს შეღავათიანი სესხი 20 მილიონ ევრომდე და 2 მილიონ ევრომდე საგრანტო სახსრები, რათა მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობის მცდელობას – აჭარაში ნახევრად ურბანული ადგილებისა და სოფლების წყლისა და კანალიზაციის სერვისების გაუმჯობესებას.

რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ „მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას“. თუმცა, დღის წესრიგში არ დგას თბილისის, რუსთავის, მცხეთის, საჩხერისა და მარნეულის წყალმომარგების  „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის“ მართვაში გადაცემა.

2014 წლის 16 ივნისს თბილისში განზრახულია მაღალი დონის შეხვედრის გამართვა KFW-ს ბანკს, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შორის. კომისიის პირველი შეხვედრის გამართვა კი (ყველა მონაწილესთან ერთად)  2014 წლის ივლისის დასაწყისისთვისაა დაგეგმილი.

მანამდე KFW ბანკი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან „აჭარის დარჩენილი ტერიტორიების (ბათუმის გარდა- ავტ.) სავარაუდო ინტეგრაციის გეგმას ელოდება.

გადაბეჭდვის წესი