სიახლეები

თვითმმართველობის პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების გარეშე

12.06.2014 • 2577
თვითმმართველობის პოლიტიკა ეთნიკური უმცირესობების გარეშე

ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მრავალეთნიკური ქალაქია. საქართველოში ჩატარებული 2002 წლის აღწერის მიხედვით, ბათუმის მოსახლეობის დაახლოებით 15 პროცენტი არაქართული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანისგან შედგება, თუმცა პოპულაციის ეს პროცენტული გადანაწილება პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების მიერ შემუშავებულ საარჩევნო სიებზე არ აისახება. პოლიტიკურმა ძალებმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თავის კანდიდატებად დასახელებისაგან ან თავი შეიკავეს, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით წარმოადგინეს, ისიც ძირითადად საარჩევნო სიების ათეულს ქვემოთ. რატომ მოხდა ასე? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით რამდენიმე საარჩევნო სუბიექტს მიმართა.

„ჩვენ არ გვიფიქრია მაგ კუთხით, რომ აუცილებლად უნდა ყოფილიყო. თუ იქნებოდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, კარგი იქნებოდა, მაგრამ ისე მოხდა, რომ სხვა ეთნიკური ჯგუფის ადამიანების გარეშე დაკომპლექტდა სია. ამ სიაში მოხვდნენ ჩვენი გუნდის ის წევრები, რომლებთან ერთადაც წლებია ერთად მოვდივართ…“ –  ამბობს „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი, რომლის გუნდსაც თავის პროპორციულ სიაში არც ერთი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არ დაუსახელებია. მისი თქმით, სიების შედგენისას ეთნიკურ ნიშანზე რაიმე განსაკუთრებული მიდგომით არ უხელმძღვანელიათ. `შემდგომისთვის ამ საკითხს აუცილებლად გავითვალისწინებთ“, –  ამბობს ის.

საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში „ქართული ოცნების“ მხრიდან რაიმე სახის დისკრიმინაციას უმცირესების მიმართ გამორიცხავს გიორგი ერმაკოვი, მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი ბათუმში. იგი ფიქრობს, რომ ადამიანები, ვისაც ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა სურთ, თვითონ უნდა გააქტიურდნენ:

„მე, როგორც კანდიდატი, კოალიციის მიერ ვარ შერჩეული. ჩემი მოსაზრებით ადამიანების პოლიტიკურ აქტივობაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული. მე ჩვენს მოქალაქეებს, ბათუმელებს ეთნიკურ უმცირესობად და უმრავლესობად არ ვყოფ. ჩემთვის ყველა ერთია, ბათუმელი -ბათუმელია, რუსი იქნება, სომეხი, აზერბაიჯანელი თუ ქართველი“.

მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები  ბათუმის პოლიტიკურ ცხოვრებაში უფრო უნდა გააქტიურდნენ, სხვა საარჩევნო სუბიექტებმაც გამოთქვეს. მაგალითად, მერობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილის პარტიიდან (რომლის სიაშიც „ქართული ოცნების“ მსგავსად ეთნიკური უმცირესობის არც ერთი წარმომადგენელი არ მოხვდა) აცხადებს, რომ უმცირესობა ამ თვალსაზრისით საკმაოდ პასიურია:

„თვითონ ამ მოსახლეობასაც სჭირდება ცოტა გააქტიურება. დღეს მათ ასეთი ინტერესი არ აქვთ, მაგრამ მომავალში ჩვენ აუცილებლად უნდა გავააქტიუროთ ისინი, რათა პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ. ჩვენ შემთხვევაში [მათი სიაში ვერ მოხვედრის] მიზეზი მხოლოდ ის არის, რომ მათი მხრიდან ნაკლებად წავაწყდით აქტიურობას. ვიმედოვნებ, მომავალში აუცილებლად ვითანამშრომლებთ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატად დასახელებული გიორგი დიასამიძე ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის საკითხზე საუბრისას, ასევე კონკრეტული ადამიანების აქტიურობას უსვამს ხაზს და ამბობს:

„ჩემთვის არასდროს ჰქონია მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას. ჩემი თაობის ნებისმიერი ბათუმელი გეტყვით, რომ ჩვენი მეგობრების, კლასელების, ერთ ეზოში გაზრდილი ადამიანების ეროვნება არც გაგვიგია, ისე გავიარეთ მთელი ბავშვობა და სიყმაწვილე. ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის პარტიის კარი ღიაა“. ადგილობრივი თვითმმართველობის პროპორციული საარჩევნო სიის პირველ ათეულში ეთნიკური უმცირესობებისთვის ვერც „ნაციონალებმა“ გამონახეს ადგილი. სიის ბოლოში, ერთი სომხური წარმოშობის საქართველოს მოქალაქე, რუსუდან მარკარიანი ფიქსირდება. დიასამიძის განმარტება ასეთია:

„თუ თვითმმართველობის არჩევნებზე ვსაუბრობთ, ეს კონკრეტული ადამიანების აქტიურობაზეა დამოკიდებული. შეიძლება ოპოზიციური პარტია ნაკლებად პოპულარულია იმისთვის, რომ ვიღაცამ სიაში გაწევრიანება მოინდომოს და მეორეც, ჩვენ ვხელმძღვანელობთ კონკრეტული პრინციპით, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სიაში უნდა მოხვდნენ ისინი, ვინც საქმით დაამტკიცა პარტიის ერთგულება. თუ ადამიანია მოვა, არავის უარს არ ვეტყვით, მითუმეტეს იმ მოტივით, რომ ის ეროვნულ უმცირესობას წარმოადგენს, პირიქით, ძალიან გაგვიხარდება“.

ეთნიკური უმცირესობების ქალაქის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის იდეას მერობის კიდევ ორი კანდიდატი მიესალმება – თეიმურაზ მიქელაძე „პატრიოტთა ალიანსიდან“ და მურმან ბერიძე „ნინო ბურჯანაძე-არასაპარლამენტო ოპოზიციიდან“, მაგრამ  კითხვას, რატომ ვერ მოხვდა უმცირესობის წარმომადგენელი სიაში, მიქელაძემ უპასუხა, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მის კომპეტენციაში არ შედიოდა, ხოლო ბერიძემ ამ საკითხებზე საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ მათ სიაში სომეხი ეროვნების საქართველოს მოქალაქე ფიგურირებს. სერგო ოგანეზიანი სიის მე-16 ნომერია.

ეთნიკური უმცირესობები ბათუმში ვერც „არასაპარლამენტო ოპოზიციის“ სიაში მოხვდნენ. საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ადგილობრივი ლიდერი გელა გორგილაძე ამბობს, რომ სიის ფორმირების პროცესში კანდიდატების ეთნიკურ წარმომავლობაზე არ უფიქრია:

„ამ საკითხზე ნამდვილად არ მიფიქრია, სია დავაკომპლექტეთ იმ ხალხით, რომლებიც ბათუმისთვის სიკეთეს მოიტანენ უბნების მიხედვით და ნამდვილად ვერ ავარჩევდი, იქ რომელი იყო სომეხი, ბერძენი და ქართველი. უბრალოდ, ასე მოხდა თორემ, სხვა მიზეზი ამას ნამდვილად არ აქვს. ეთნიკური უმცირესობები პარტიულები ნაკლებად არიან, აჭარას ეხება ეს მხოლოდ, თორემ ისე, ჩვენს ბლოკს სხვა რეგიონებში ჰყავს ეთნიკური უმცირესობები სიებშიც და მაჟორიტარობის კანდიდატებშიც“.

ეთნიკური უმცირესობების რაოდენობის თვალსაზრისით ბათუმში ყველაზე „მრავალეთნიკური საარჩევნო“ სია „ლეიბორისტებს“ აქვთ. მათ სიაში ასეთი ოთხი გვარი ფიქსირდება. მათ შორის ერთი – ვლადიმერ გასპარიანი სიის მეათე ნომერია.  ბათუმელი ლეიბორისტების ლიდერი დავით რობაქიძე აცხადებს, რომ ამით ამაყობს:

„ჩვენ მაგ მხრივ მრავალეთნიკური ხედვა გვაქვს, არ ვართ ჩაციკლულები მხოლოდ ერთ ჯგუფზე. დიდი ალბათობაა იმის, რომ ძველ ბათუმში ვოვა გასპარიანი მაჟორიტარობის კანდიდატი გახდეს. სიის კიდევ ერთი წევრი – სამველ მელქონიანი ჩემი მეგობარია, მაგრამ სიის სათავეში არ არის, რამდენად რეალური შანსი აქვს საკრებულოში მოხვედრის, ეს უკვე ამომრჩეველზეა დამოკიდებული. ის მომდევნო არჩევნებზე უკვე წამყვან პოზიციებზე იქნება. ასევე გვყავს კლარა მკრტიჩიანი და ახალგაზრდა ბიჭი ალექსანდრე ნაზარევი. ისიც ჩვენი ახალი სახეა“.

„ლეიბორისტებმა“ ბათუმში თავისი კანდიდატები ჯერ კიდევ ერთი თვის წინ წარადგინეს. მერობის კანდიდატისა და მაჟორიტარობის მსურველების პრეზენტაციაზე რობაქიძემ, რომელიც, ახლა ტოლერანტული რიტორიკით საუბრობს, სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები გამოიყენა გია ერმაკოვის წინააღმდეგ: „დროა დამთავრდეს ათასი რჯულის არაქართველის, როგორც ეთნიკური, ისე აზროვნებით, თარეში. დროა უარი ვთქვათ ერმაკოვებზე და ასე შემდეგ“.

„ბათუმელების“ შეკითხვას, რამდენად მოდის ერთმანეთთან კორელაციაში მისი ქსენოფობიური განცხადება ერმაკოვის მიმართ იმ ტოლერანტულ ხედვასთან, რომელზეც ახლა საუბრობს, რობაქიძემ უპასუხა, რომ თავის დროზე მისი სიტყვები არასწორად აღიქვეს, რადგან იგი ერმაკოვს „წარსული საქმიანობის გამო“ აკრიტიკებდა, რაც „ნაციონალების ანტიქართულ აზროვნების მხარდაჭერას გულისხმობს“:

„არანაირი  სიძულვილით მე ეგ განცხადება არ გამიკეთებია. აქ საუბარი იყო არა ადამიანის ეთნიკურ წარმოშობაზე. ისე, ერმაკოვი გურულია, რომ იცოდეთ. მე აზროვნებაზე ვლაპარაკობდი… ნათქვამია, ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. ერთი მხრივ, წარვადგინე სია, სადაც იმით ვამაყობ, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ყველაზე მეტი გვყავს და მეორე მხრივ, სიძულვილის ენით ვსაუბრობ?! ეს ხომ ლოგიკაში არ ჯდება…“

პოლიტიკური ძალა, რომლის საარჩევნო პროპორციული სიის პირველ ხუთეულშივე მოხვდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, წარმოშობით ბერძენი ქეთევან დონდოსი, „ერთიანობის დარბაზია“. დონდოსი საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატიცაა. ზემოხსენებული გაერთიანების ლიდერი მერაბ ხიმშიაშვილი აცხადებს, რომ მას სიაში უმცირესობის უფრო მეტი წარმომადგენლის შეყვანა სურდა, მათი გააქტიურების მიზნით შეხვედრებიც გამართა რამდენიმე დიასპორის წარმომადგენლებთან, თუმცა, ამ ეტაპზე სიაში მხოლოდ ერთი ასეთი ადამიანის შეყვანით შემოიფარგლნენ:

„ჩვენს სიაში პირველი 10 წევრიდან 5 ქალბატონია. ეთნიკურ თემას არ ეხება ეს, მაგრამ გენდერული ბალანსიც მნიშვნელოვანია. ყველა ეთნიკური და სოციალური ჯგუფის წარმომადგენელი უნდა იყოს პოლიტიკაში. სიის მე-4 ნომერია ქეთევან დონდოსი, ის წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდაა. ყველას უნდა ჰქონდეს თანაბრად განვითარების შანსი“, – ამბობს ხიმშიაშვილი და დასძენს, რომ თუ მერის არჩევნებში გაიმარჯვებს, ქალაქის მთავრობაში აუცილებლად მოხვდებიან ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.

პარტიების მიერ დასახელებულ არგუმენტს, რომლის მიხედვითაც ეთნიკური უმცირესობები პოლიტიკაში მათი პასიურობის მიზეზით ვერ ხვდებიან და არა გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ნაწილობრივ იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაცია `მრავალეროვანი საქართველოს~ ხელმძღვანელი არნოლდ სტეფანიანი, თუმცა იგი ამ თვალსაზრისით პოლიტიკური ძალების პასიურობაზეც ამახვილებს ყურადღებას.

„რატომ არიან პასიურები ეთნიკური უმცირესობები? ძალიან პრიმიტიული ახსნა აქვს ამას. პირველი ის, რომ პოლიტიკურ პარტიებსა და უმცირესობებს შორის კონტაქტი არ არსებობს, პოლიტიკური ძალები უმცირესობათა გააქტიურების მნიშვნელობას და აუცილებლობას ვერ ხედავენ, ზოგ შემთხვევაში ეთნოცენტრიზმის პრობლემაც არის. მე გეტყვით, რომ უმცირესობებს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა ძალიან უნდათ. მითუმეტეს იმ ადგილებში, სადაც შერეული მოსახლეობა ცხოვრობს, იმიტომ, რომ ისინი მაქსიმალურად ჩართულები არიან ქვეყნის ცხოვრებაში. მაგრამ აქ უკვე საუბარია ლიდერებზე, არსებობენ თუ არა ლიდერები, რომელთაც სათვისტომოს შიგნით თვითორგანიზებისა და მობილიზების უნარი აქვთ და ასე შემდეგ“, – ამბობს სტეფანიანი და დასძენს, რომ ის პრობლემა, რაზეც ბათუმის კონტექსტშია საუბარი, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის (სადაც ადგილობრივ დონეზე უმცირესობები საარჩევნო სიებში წარმოდგენილები არიან) გარდა, თითქმის მთელ საქართველოს ეხება, მათ შორის თბილისს, რადგან არსებული საარჩევნო სიების მიხედვით ეთნიკური უმცირესობები, სავარაუდოდ, ვერც თბილისის საკრებულოში მოხვდებიან.

სტეფანიანი: „ჩემი აზრით, პოლიტიკურმა ელიტამ უნდა იაქტიუროს, იმუშაოს მათთან, რომ ხელი შეუწყოს ეთნიკურ უმცირესობათა აქტიურობის გაზრდას პოლიტიკურ ცხოვრებაში. ეს, სამწუხაროდ, არ ხდება. თუ ასე გაგრძელდა, ისინი სიებში სხვა არჩევნებზეც ვერ მოხვდებიან. მცირეა იმის შანსი, რომ უმცირესობა თვითნებურად თავისით გააქტიურდეს პოლიტიკურად“.

გადაბეჭდვის წესი