ნეტგაზეთი • RU

ბამბუკის ცოცხები ელექტრონული ტენდერით

 

შპს „სანდასუფთავება“ მიმდინარე წელს 12 ათას ლარად 20 ათას შეკვრა მრავალჯერადი გამოყენების ბამბუკის ცოცხს შეიძენს. ტენდერის თანახმად, ცოცხი უნდა შედგებოდეს ბამბუკის გამომშრალი ტოტების წვერებისგან. თითოეულ კონაში უნდა შედიოდეს 70-80 სმ-ის სიგრძის 70-80 ცალი ტოტის წვერი, რომელთა დიამეტრი – ტარზე მისამაგრებელი (ტოტის გადაჭრის ადგილას) უნდა შეადგენდეს 3-5 მმ.

 

 

 

ცოცხების მიწოდების პერიოდი განისაზღვრება ტენდერში გამარჯვებულთან შესაბმისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. მიწოდება – ეტაპობრივი, მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 დღის ვადაში, მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისი ოდენობით მოწოდების ადგილი – ქ. ბათუმი, ადლიის ქუჩა #167.

 

 

გასაფორმებელი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, საქონელი ჩაითვლება მიღებულად მხოლოდ მხარეთა მიერ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ. შემსყიდველის მხრიდან აქტზე ხელმომწერი პირია შპს ,,სანდასუფთავების“ საწყობის გამგე, ხოლო ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ინსპექტირებას განახორციელებს დაგვა–დასუფთავების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

 

ამასთან, „შემსყიდველმა და მიმწოდებელმა ყველა ღონე უნდა იხმაროს, რათა პირდაპირი არაოფიციალური მოლაპარაკებების პროცესში შეთანხმებით მოაგვარონ ყველა უთანხმოება და დავა, წარმოქმნილი მათ შორის; თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში ვერ შეძლებენ სადაო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, ნებისმიერ მხრეს დავის გადაწყვეტის მიზნით შეუძლია დადგენილი წესის მიხედვით მიმართოს საქართველოს სასამართლოს“;

 

 

„ხელშეკრულება იდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ინტერპრეტირებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით“;

 

 

„ხელშეკრულება დაწერილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების მეორე მხარე არის უცხო ქვეყნის წარმომადგენელი, მაშინ მეორე ეგზემპლარი ითარგმნება მიმწოდებლისათვის მისაღებ ენაზე. ინტერპრეტაციისას ქართულ ენაზე დაწერილი ხელშეკრულება წარმოადგენს გადამწყვეტს“.

 

 

„სანდასუფთავების“ მიერ ბამბუკის ცოცხებზე გამოცხადებული გამარტივებული ელექტრონული ტენდერი 13 ივნისს დასრულდება. მთლიანობაში, 12 ათას ლარად  „სანდასუფთავება“ დაახლოებით 1 მილიონ 600 ათას ცალ 70-80 სმ-ის სიგრძის ბამბუკის გამომშრალი ტოტის წვერს შეიძენს.

მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თედო ჯორბენაძე