სიახლეები

ქალები თვითმმართველობის საარჩევნო სიებში

11.06.2014 • 2784
ქალები თვითმმართველობის საარჩევნო სიებში

ბათუმის საკრებულოში მოსახვედრად 16 პარტია და 349 კანდიდატი იბრძვის, აქედან 113 ქალია. ყველაზე ნაკლები, ერთი ქალი, პროპორციულ სიასა და მაჟორიტარულ ოლქებში „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა მოძრაობამ“, ყველაზე მეტი – 12 ქალი კი „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა. 

„ქართული ოცნების“ პროპორციული სიის ათეულში მხოლოდ ერთი ქალია, მთლიანობაში კი თვითმმართველობის არჩევნებში, ბათუმში „ქართული ოცნების“  სახელით 6 ქალი მონაწილეობს.

თეონა ზოიძე
თეონა ზოიძე

„დღეის მდგომარეობით აჭარის სამთავრობო სტრუქტურებსა და თვითმმართველობის ორგანოებში მაღალ პოზიციებზე დასაქმებული ქალების რაოდენობა მცირეა. არადა, ბევრი ჭკვიანი ქალია, ვისაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთება შეუძლია“, –  ამბობს პედაგოგი თეონა ზოიძე. ის სალომე ზურაბიშვილის „საქართველოს გზამ“ საკრებულოს წევრობის კანდიდატად წარადგინა.

იმ რეალობას, რომ ქვეყანას წამახალისებელი ღონისძიებები სჭირდება ქალები პოლიტიკასა და ქვეყნის მართვაში უფრო მეტნი იყვნენ, თეონა ზოიძე „ქვეყნის სოციალურ ფონს უკავშირებს“.

„ქალი რაც არ უნდა ჭკვიანი იყოს, ის, პირველ რიგში, დედაა. სოციალური ფონი ქალს არ აძლევს საშუალებას, შვილი ძიძას მიაბაროს, თვითონ კი სამსახურში გავიდეს. ეს აუცილებლად მოსაგვარებელია. მე ვახერხებ, რომ ვიყო დედაც და საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მივიღო მონაწილეობა.“

თეონა ზოიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობს, პარალელურად ის აჭარის გიდების ასოციაციას ხელმძღვანელობს.

ხათუნა ფხაკაძე
ხათუნა ფხაკაძე

ქალების წარმოჩენას მათივე აქტივობასთან აკავშირებს ნინო ბურჯანაძის „ერთიანი ოპოზიციის“ აღმაშენებლის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი და საარჩევნო სიის მეექვსე ნომერი ხათუნა ფხაკაძე.

„კარგია, რომ პარლამენტმა წაახალისა პარტიები, სტიმული მისცა ქალები შეიყვანონ საარჩევნო სიებში. ეს აუცილებელია, თუმცა ვფიქრობ, რომ აქტივობა უმეტესწილად ჩვენზეა დამოკიდებული. ქალები ვერ იცლიან პოლიტიკისთვის, რადგან ეს ძალიან დიდ დროს მოითხოვს“, – ამბობს ხათუნა. ისიც პედაგოგია.

პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონის მიხედვით, პარტიები, რომლებიც საბიუჯეტო დაფინანსებას იღებენ და მათ საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 10 პროცენტს ქალები წარმოადგენენ, ბიუჯეტიდან დამატებით 20-პროცენტიან დანამატს მიიღებენ. ეს არასავალდებულო წამახალისებელი ნორმაა. ინიციატივის ავტორები ამ ნორმის ამუშავების შემთხვევაში საარჩევნო სიებში და, შესაბამისად, ქართულ პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის ხელშეწყობას ვარაუდობდნენ. თუმცა ინიციატივის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი ქობალიას ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებზე ამ ნორმამ არ იმუშავა. ირაკლი ქობალია ნიდერლანდების მრავალპარტიული ინსტიტუტის პროექტების ოფიცერია.

პირველადი დაკვირვებით ჩანს, რომ ამ ნორმამ 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე არ იმუშავა. სტატისტიკის მიხედვით, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა, საარჩევნო სიებში ქალების წარდგენისთვის გათვალისწინებულ ფინანსურ დანამატს არამხოლოდ ბათუმის, არამედ საქართველოს მასშტაბით ვერც ერთი პარტია ვერ მიიღებს: ისინი კანონით გათვალისწინებულ ნორმას ვერ აკმაყოფილებენ.

არჩევნების შემდეგ პარლამენტი პოლიტიკური გაერთიანების შესახებ კანონში პარტიების წახალისებისთვის მოტივაციის გაზრდას გეგმავს. განიხილება წინადადება, რომლის თანახმადაც პარტია, რომელიც საარჩევნო სიის ყოველი ათეულის 30%-ს ქალებით შეავსებს, განსაზღვრულ საბიუჯეტო დაფინანსებაზე 30-პროცენტიან დანამატს მიიღებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ იურისტის ნინო რიჟამაძის ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციები განიხილავენ წინადადებას, რომლის თანახმადაც მათ შეიძლება მიმართონ პარლამენტს, ნორმა საარჩევნო სიების ყოველ ათეულში 10% ან მეტი ქალი იყოს, სავალდებულო გახდეს.

მოიწონებენ თუ არა ამ ნორმის სავალდებულოდ გამოცხადებას? – ინიციატორი ორგანიზაციის წარმომადგენელს, ირაკლი ქობალიას ჯერჯერობით პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ „სურათი, რომელიც საარჩევნო სიებში ახლა გვაქვს, ევროპულ ქვეყანას არ შეეფარება“.

რა გეგმები აქვთ კანდიდატ ქალებს თვითმმართველობაში?

მარინა ჩიხლაძე
მარინა ჩიხლაძე

„ჩემს უბანში ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით ბევრი პრობლემაა, ამ კუთხით და ასევე სოციალური მიმართულებით მინდა ვიმუშაო. ჩემი პირველი ინიციატივა იქნება მერიამ გამოყოს ყოველწლიურად მილიონი ლარი მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად. ასე ქალაქში სამუშაო ადგილების შექმნასაც შევუწყობთ ხელს“, – ამბობს მარინა ჩიხლაძე. ის ჯავახიშვილის უბნის მაჟორიტარობის კანდიდატად „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ წარადგინა.

„ხმა მიეცით ქალებს… ჩვენ გვჭირდება ქალები პოლიტიკაში“ –  ამ ლოზუნგით კანდიდატი ქალების მხარდასაჭერად „გენდერული თანასწორობის ქსელისა“ და „გენდერული თანასწორობისათვის ჟურნალისტთა ქსელის“ ორგანიზებით 7 ივნისს, შაბათს, პარლამენტის შენობის წინ ფართომასშტაბიანი აქცია მოეწყო.

როგორ სურათს მივიღებთ იმ შემთხვევაში თუ ქალი ამომრჩევლები ქალ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს? – ცესკოს მონაცემებით ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 472 772 ამომრჩევლიდან 1 866 514 ქალია, დანარჩენი კი მამაკაცი.  

გადაბეჭდვის წესი