სიახლეები

უპარტიო კანდიდატი ნინო ბურჯანაძის „ოპოზიციური გაერთიანებიდან“

11.06.2014 • 1289
უპარტიო კანდიდატი ნინო ბურჯანაძის „ოპოზიციური გაერთიანებიდან“

ამ დრომდე სად მუშაობდით და რა გამოცდილებით მოდიხართ თვითმმართველობაში?

როცა ეროვნული მოძრაობა დაიწყო, „მრგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველოს“ წევრი და სარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ვმონაწილეობდი პირველი თვითმმართველობის არჩევნების კანონის შექმნაში. ამის შემდეგ არც ერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც ახლა ვარ. 1991-1996 წლებში ვიყავი ბათუმის საკრებულოს დეპუტატი. ამჟამად ვმუშაობ ბათუმის ლუდის ქარხანაში, რეალიზაციის სამსახურის მენეჯერი ვარ.

საკრებულოში რა მიმართულებით გეგმავთ მუშაობას?

მე ძალიან კარგად ვიცი კანონშემოქმედებითი მუშაობა. ვიცი, რა არის ბიუჯეტი, ვიცი, როგორია ქალაქის კომუნალური მეურნეობა და ენერგომომარაგება. ამიტომ ჩემ თავს მივეცი უფლება, კენჭი მეყარა მაჟორიტარად. ჩემი ინიციატივით 1990 წელს უსასყიდლოდ გადავეცი ქალაქს მავნე მწერების გასანადგურებელი აპარატი, რომელიც მსუბუქ მანქანაზე იყო დამონტაჟებული. ვფიქრობ, ბათუმელი ამომრჩეველი გონიერია და გადაწყვეტს ვის უნდა მისცეს ხმა.

საიდაც კენჭს იყრით, რა პრობლემებია აქტუალური, რის მოგვარებაზეც საკრებულოდან იმუშავებთ?

დაახლოებით 3000 ოჯახი მოვიარე. ვსწავლობ თითოეული ოჯახს რა უჭირს, რა ულხინს. ძველ ბათუმში ფასადურია ყველაფერი. შენობები შეღებილია, ქუჩები დაგებულია, შედიხართ ეზოებში და ხალხი გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. ეზოებში არაფერია გაკეთებული. ყველაზე დიდი პრობლემა კი რასაც ვაწყდებით, არის უმუშევრობა. ხალხს საპირფარეშო არ აქვს, ადამიანს იმის საშუალება არ აქვს, სამსახურიდან რომ მოდის წყალი, გადაივლოს.

ბატონო არჩილ, საპირფარეშოს საკრებულო გაუკეთებს ოჯახებს?

ეს არის ძალიან რთული კითხვა, ყველაფერ ამას სჭირდება, რომ მოგვარდეს საკანონმდებლო ბაზა. ეს მარტო ადგილობრივი საკრებულოს დონეზე ვერ გადაწყდება, ამაში უნდა ჩაერთოს საქართველოს პარლამენტი და ცენტრალური ხელისუფლებაც. ძალიან დიდი რესურსია იმისა, რომ ეს თანხი იყოს მოზიდული და ქალაქმა თავისი ბიუჯეტი სწორად განკარგოს. ერთ უბრალო მაგალითს გეტყვით – აჭარის ტერიტორიაზე 1993 წლამდე განთვასებული იყო 36 სანერგე მეურნეობა, რომლებიც მთელ საქართველოს, აზერბაიჯანს, სასომხეთს, სოჭის მხარესა და ჩრდილოეთ კავკასიის მხარეს ამარაგებდა. კიევს, უკრაინის დედაქალაქს ქობულეთში ჰქონდა საკუთარი სანერგე მეურნეობა. დღეს, იმისათვის, რომ გავამწვანოთ ქალაქი და ეკოლოგიურად უფრო ჯანსაღი გარემო გვქონდეს, ნერგები უცხოეთიდან შემოგვაქვს.

კომუნისტების  პერიოდში იყო ეს?

დიახ, ნუთუ არ შეიძლება აქ გაკეთდეს რამდენიმე სანერგე მეურნეობა. ასე ბევრი თანხა გამოთავისუფლდებოდა. ასეთივე მდგომარეობაა ყველა სფეროში. აი, მაგალითად, ბათუმს აკეთებდა „ნიუ ენერჯი“ – ერთი და იგივე ქუჩა ოცდაათჯერ გადათხარეს, რატომ არავინ არ დასვა საკითხი, რატომ იყო ქალაქი ერთსა და იმავე ადგილზე 5-6-ჯერ გადათხრილი. იმიტომ, რომ ეს იყო მაფია.

თქვენი პარტიების გაერთიანებას აჭარაში ხელმძღვანელობს გიორგი ცინცქილაძე, რომელიც ასლან აბაშიძის მთავრობის თავმჯდომარე იყო. მაინტერესებს, თქვენი კანდიდატი რომ  გახდეს მერი, თუ გააკრიტიკებთ?

რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვღუპა მორჩილმა ხალხმა. მორჩილი ხალხი უცოდინარი ხალხია.

ბათუმის ბულვარს დღეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მართავს. მის დაბრუნებას მერიის მართვაში მხარს დაუჭერთ?

რასაც ფინანსთა სამინისტრო აკეთებს, ეს დანაშაულია. ეს არის ქალაქის ტერიტორია და უნდა ეკუთვნოდეს ქალაქს.

ხშირად ამბობენ, რომ ძველ ბათუმში ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაინგრა. როგორ უნდა დარეგულირდეს ეს საკითხები?

პროფესიით არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ როგორც ამ ქალაქში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს, მიწევს ურთიერთობა ამ უბანთან. ის, რაც გაკეთებულია, არ უნდა დავანგრიოთ, ჩავუტაროთ უნდა რესტავრაცია.

ანტიდისკრიმინაციულ კანონზე რას ფიქრობთ?

ეს დანაშაულია. ნუთუ პარლამენტში 150 კაციდან არავინ გამოჩნდა ისეთი, ვისაც აქვს საკუთარი აზრი ამ კანონთან მიმართებაში.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოვაწეროთ ხელი თუ არა?

ხელი უნდა მოვაწეროთ, მაგრამ ქართველები უნდა გამოვდიოდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცველები. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაც იქეთკენ უნდა წავიყვანოთ, რომ ჩვენი ინტერესები იყოს ყველგან გათვალისწინებული. ეს მთავრობა ძალიან ახალგაზრდა მთავრობაა და ბევრი ისეთი ხალხი მოყვა ხელისუფლებაში, რომლებსაც საკუთარი ნათესავებიც არ მისცემდნენ ხმას. მაგრამ ეს იყო ერთი კაცის დავალება, ბატონი ბიძინა ივანიშვილის, რომლის მადლობელი ვართ მთელი საქართველო.

გუნდი, რომელმაც თქვენ წარგადგინათ, პრორუსულ ძალად მოიაზრება. ეს გაწუხებთ?

ეს გუნდი პრორუსული გუნდი არ არის, ეს არის პროქართული ძალა. ქალბატონი ნინო ბურჯანაძე ყველაზე განათლებული პოლიტიკოსია, მაგის ბადალი საქართველოში მეორე არ არის, ქალბატონმა ნინომ თქვა და მეც გავიმეორე – ჩვენ უნდა ვიყოთ პროქართველები, არც პრორუსი უნდა ვიყოთ, არც პროევროპელი.

გადაბეჭდვის წესი