კვირის ამბები

„ბათუმის წყლის“ ბედი დახურულ კარს მიღმა

12.06.2014 • 2572
„ბათუმის წყლის“ ბედი დახურულ კარს მიღმა

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი შპს „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვევაში, სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტის დაფინანსების შეუფერხებლად გაგრძელების თაობაზე მოსალაპარაკებლად გერმანიაში ჩავიდა. სამთავრობო კომისიის სახელით დონორთან მოლაპარაკების უფლებამოსილება მინისტრ ელგუჯა კოხრეიშვილს ბათუმის საკრებულოს მცირე დარბაზში გამართულ სხდომაზე კენჭისყრით მიანიჭეს.

 

 

დონორ ორგანიზაციასთან შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ, რომელიც ამავე დროს შპს „ბათუმის წყლის“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის  მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის თავმჯდომარეა, ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ბათუმის წყლის ცენტრალურ მართვაში გადაცემაზე საუბარი არ არის.“

 

 

„მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ მოლაპარაკება გერმანულ მხარესთან შედგა“, – ეს ინფორმაცია აჭარის ტელევიზიამ პარასკევს, 6 ივნისს, მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით გაავრცელა.

 

თემურ მურღულიას ამ საკითხზე „ბათუმელებიც“ დაუკავშირდა. სატელეფონო საუბარში მან „ბათუმელებს“ განსხვავებული ინფორმაცია მიაწოდა.

 

 

„სამთავრობო კომისიამ ორჯერ იმსჯელა. გარდა იმისა, რომ დონორმა ორგანიზაციამ არ შეაჩეროს პროექტი და არ იყოს ამ მხრივ რაიმე შეფერხება, სხვა წინააღმდეგობა არ დაფიქსირებულა. ჩვენ ვუთხარით დონორს, რომ მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა   მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას. მათ თქვეს, რომ ეს არის აბსოლუტურად სწორი მიდგომა. გაიზიარეს კონსოლიდაციის პროცესთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია. მათი კითხვა იყო, რამდენად უზრუნველყოფილი იქნება იმ წარმატებების მდგრადობა, რაშიც მათ მოახდინეს ინვესტირება. ავუხსენით, რომ რადგან ჩვენ ყველა იმ ორგანიზაციას [ბათუმის წყალს] ვინარჩუნებთ, როგორც ცალკე სტრუქტურას, შესაბამისად, პროცესს არანაირი შეფერხება არ ექნება.“

 

 

მიუხედავად მინისტრის მოადგილის განცხადებისა, რომ „მთავრობა ახორციელებს ერთიან პოლიტიკას წყალმომარაგების უზრუნველყოფის დარგში, რაც გულისხმობს ყველა მუნიციპალიტეტში მაქსიმალურად ხარისხიან წყალმომარაგებას“, დღის წესრიგში არ დგას იმ ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისთვის„ მართვაში გადაცემა, სადაც ეს კომპანია დღეს არ ახორციელებს წყალმომარაგებას. ესენია: თბილისი, რუსთავი, მცხეთა, საჩხერე,  მარნეული.

 

 

კომპანიამ სამინისტროსთან ერთად მხოლოდ აჭარის ტერიტორიაზე წყალმომარაგების უფლების გადაცემის კამპანია წამოიწყო, რაც მოწონებულია კიდეც საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ხელმოწერილი სპეციალური დადგენილებით.

 

 

რატომ მხოლოდ აჭარა? – „ბათუმელების“ ინფორმაციით, სამინისტროში ერთ-ერთ არგუმენტად მოჰყავთ ის, რომ რეგიონში, მათ შორის ქ. ბათუმშიც, „პრობლემებია წყალმომარაგების განვითარების კუთხით“. არადა, ბათუმი გამონაკლისია მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFჭ) დაფინანსებითა და ბანკის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს.

 

 

 

 

პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის გერმანულმა ბანკმა 2007 წელს 17,5 მილიონი ევრო გამოყო სესხად (40-წლიანი სესხი, 10-წლიანი შეღავათით, 0,75 წლიური საპროცენტო განაკვეთით). ამ ეტაპზე უშუალოდ ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან დაიხარჯა 4,5 მილიონი ევრო.

 

 

მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის ბანკმა 2008 წელს ბათუმისთვის გამოყო 35 მილიონი ევრო (20-წლიანი სესხი, 5-წლიანი შეღავათით და 1,9 წლიური საპროცენტო განაკვეთით). ამასთან, დამატებით აჭარის მთავრობისთვის გამოყო სესხი 10 მილიონი ევრო, საიდანაც 3,5 მილიონი ევრო მოხმარდა ბათუმს, დანარჩენი კი ახალისოფელი-გონიო-კვარიათი-სარფის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებს. მეორე ეტაპზე ბათუმის მერიამ უშუალოდ თავისი ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევრო გახარჯა. ბანკმა ამ პერიოდში დამატებით 2 მილიონი ევროს გრანტიც გამოყო.

 

 

მესამე (მიმდინარე) ეტაპისთვის 2012 წელს გერმანულმა ბანკმა გამოყო 20 მილიონი ევრო – 20-წლიანი სესხი, 4,5 საპროცენტო განაკვეთით; თუმცა, დამატებით გამოიყო 19 მილიონი ევრო გრანტი, აქედან 4 მილიონი ევროკავშირის მიერ. მერიამ ამ ეტაპზე ქალაქის ბიუჯეტიდან წყალმომარაგებისთვის 5 მილიონი ევრო უნდა დახარჯოს.

 

 

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) 25 მილიონი ევროს ახალი შეღავათიანი სესხის გამოყოფას აჭარის სოფლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მოსაწყობადაც აპირებდა, თუმცა პროცესი აჭარაში წყალმომარაგების უფლების გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო შეჩერებულია.

 

 

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ერთგვარად ჩიხშია მთავრობის/სამინისტროს სურვილი   აჭარაში წყალმომარაგების ერთიან დაქვემდებარებაში გადასვლის შესახებაც. მიზეზი სწორედ გერმანული ბანკია, რომელიც „ბათუმის წყლის“ მართვის, მუნიციპალურიდან ცენტრალურ დაქვემდებარებაში გადასვლის წინააღმდეგია. გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KFW) ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს დღემდე არ აკეთებს. ბანკის თბილისის ოფისიდან „ბათუმელებს“ აცნობეს, რომ უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

 

 

თემურ მურღულიას ინფორმაციით, კონკრეტულ საკითხებზე შესათანხმებლად ბანკის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვლენ და მათთან ერთად დიდი შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მთავრობა გადაწყვეტილებას მიიღებს. თემურ მურღულია გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის (KFW წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად გერმანიაში მინისტრთან ერთად იმყოფებოდა.

 

 

 

წყალი და არჩევნები

 

 

წყალი
წყალი

ერთ კვირაში (თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ) წყალმომარაგება აჭარაში მუნიციპალიტეტებისა და ბათუმის საკრებულოს ექსკლუზიური უფლება იქნება.  ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის გარდამავალი დებულებით კი არჩევნების შემდეგ სასმელი წყლის მიწოდებას აჭარაში (ქალაქსა და შესაბამის მუნიციპალიტეტებში) გააგრძელებენ კომპანიები: „ბათუმის წყალი“, «ქობულეთის წყალკანალი», «ქობულეთის სოფლის წყალი», «ხელვაჩაურის წყალკანალი», «ქედის წყალკანალი», «შუახევის წყალკანალი» და «ხულოს წყალკანალი». ეს შვიდივე კომპანია არის მუნიციპალური საწარმო და ამავე დროს არიან წყალმომარაგების ლიცენზიანტები.

 

 

აჭარის მუნიციპალიტეტებისთვის წყალმომარაგების უფლების ჩამორთმევა კი ერთადერთ მიზანს ემსახურება – როგორმე «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია» შემოვიდეს აჭარაში თვითმმართველობის არჩევნებამდე, ვინაიდან არჩევნების შემდეგ ის ამას ვეღარ მოახერხებს, არჩევნების შემდეგ მმართველობაც და ქონებაც მუნიციპალიტეტების საკუთრება იქნება.

 

გაიზრდება თუ არა ტარიფი

 

„- ტარიფი არ გაზრდილა, რადგან მერია ახორციელებს სუბსიდირებას.

– ეს არ არის სუბსიდირება, ბათუმის საკრებულომ გადაწყვიტა, რომ ტარიფი არ გაიზარდოს, ამიტომ ის ახდენს ერთგვარ შევსებას.

– თქვენ შეგიძლიათ ამას დაარქვათ მერიის წყალობა მოსახლეობას, ეს სუბსიდირებაა.“ – ეს დიალოგი კომისიის თავმჯდომარეს თემურ მურღულიასა და „ბათუმის წყლის“ დირექტორს ჯანი ვარშალომიძეს შორის ბათუმში დახურულ სხდომაზე გაიმართა.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემის შემთხვაში მერიამ სუბსიდირება უნდა გააგრძელოს, თუ საკრებულო მიიჩნევს, რომ ტარიფი არ უნდა გაიზარდოს. სხვა შემთხვევაში ტარიფი გაიზრდება.

 

 

თუმცა, ბათუმის საკრებულო, ასევე აჭარის მუნიციპალიტეტების საკრებულოები არჩევნების შემდეგ შეინარჩუნებენ უფლებას – თავად განუსაზღვრონ დაქვემდებარებაში მყოფ ლიცენზიანტ კომპანიებს წყლის მოხმარების ტარიფი და არა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (სემეკმა).

 

 

ანუ, შპს «ბათუმის წყლის» შემთხვევაში ტარიფებს ადგენს ბათუმის საკრებულო და დაადგენს არჩევნების შემდეგაც, თუ, რა თქმა უნდა, სხვას არ გადასცემს ამ კომპანიის მართვის უფლებას და/ან ვიდრე არ მიმართავს «ბათუმის წყალი» სემეკს სატარიფო განაცხადით.

 

 

«ბათუმის წყალს» (არც აჭარაში არსებულ სხვა ლიცენზიანტ კომპანიებს), როგორც სემეკში გვითხრეს, მათთვის ასეთი განაცხადით არ მიუმართავს. საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფებით ამ კომპანიის მუშაობა კი სრულიად ლეგიტიმურია და იქნება მომავალშიც, თუ ბათუმის საკრებულო ამ მიდგომით გააგრძელებს მუშაობას.

 

 

«ბათუმის წყალი» მომხმარებელს ბათუმის საკრებულოს მიერ დადგენილი ტარიფით ახდევინებს: 51 თეთრი 1კბ/მ-ზე გამრიცხველიანებული მომხმარებლებისთვის, ხოლო ვინც სულადობით იხდის – 1,85 ლარი ერთ სულზე. კომერციული ობიექტებისთვის ტარიფი 4 ლარია 1 კბ/მ-ზე.

 

 

`საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას» კი ზღვრულ  ტარიფებს სემეკი უდგენს. ამ კომპანიის ტარიფების მაქსიმალური ზღვრული ოდენობაა 50 თეთრამდე გამრიცხველიანებული მომხმარებლისთვის, 2,4 ლარამდე – სულადობით ერთ სულზე და 4,3 ლარი – კომერციული მომხმარებლებისთვის.

 

 

იმისთვის, რომ ბათუმში ტარიფები არ გაზრდილიყო, ქალაქის ბიუჯეტიდან გასულ წელს 560 ათასი ევრო დაიხარჯა. ამდენივეს დახარჯვას აპირებს მერია წელსაც, თუ რაღა თქმა უნდა, «ბათუმის წყალი» მას დარჩება.

 

 

იმ შემთხვევაში, თუ ბათუმის საკრებულო შპს `ბათუმის წყლის~ ცენტრალურ მართვაში გადაცემის საკითხს მოსახლეობის ჩართულობის გარეშე გადაწყვეტს და საზოგადოებას ამ ფაქტის წინაშე მოულოდნელად დააყენებს, არასამთავრობო ორგანიზაციები შესაბამისი აქტების ბათილობის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ. ამის შესახებ „ბათუმელებს“ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია აფხაზავა ესაუბრა.

 

 

ნათია აფხაზავა სხვა ორგანიზაციებთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარისადმი გასაგზავნ წერილს ამზადებს.

 

 

„ჩვენ გვაქვს კითხვები, თუ რა ხდება ბათუმის წყალთან მიმართებაში და ვაპირებთ წერილობით მოვთხოვოთ ამაზე ინფორმაცია საკრებულოს თავმჯდომარეს. ამის შემდეგაც მივიღებთ გაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ჩავერთოთ პროცესში“  –  ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა.

 

 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განკარგულებით „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაზე“ გადაცემასთან დაკავშირებულ პროცესების შესახებ სრული ინფორმაციის არქონაზე, საკრებულოშიც საუბრობენ.

 

 

„ასეთი მასშტაბის საკითხი უნდა იყოს საჯარო. ჩართულობა უნდა იყოს ძალიან მაღალი. საკრებულოს წევრები აზრზე არ არიან რა ხდება „ბათუმის წყალთან“ მიმართებაში“, – ამბობს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე გენო თებიძე: `ამ საკითხს კენჭისყრაზე მხარს არ დავუჭერ, ბათუმის წყლის გასხვისება ქალაქის ღალატის ტოლფასია. ჩვენ გვყავს საუკეთესო პარტნიორი, რომელიც კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის მოვალეობას, გვაქვს აღებული ვალდებულებები და დონორთან არ უნდა მოვიქცევით არასწორად. გვაქვს ასევე ინფორმაცია, რომ მთავრობას ევრაზიის ბანკი აძლევს 500-მილიონიან კრედიტს, რისთვისაც საჭიროა ქონების ჩადება. მათ „ბათუმის წყლის“ ქონება სჭირდებათ, მეტი არაფერი აინტერესებთ.“

 

 

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს რვა წევრი „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემას მხარს არ უჭერს. საკითხს მხარს არ დაუჭერს ფრაქცია „მაჟორიტარის“ თავმჯდომარე ნუკრი დოლიძეც.

 

 

საკრებულოს წევრებს: ჯუმბერ კობალაძეს, გოდერძი ტოტოჩავას და კობა ზაქარიას გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ საკმარისი ინფორმაცია არ აქვთ. ნაზიბროლა ქობულაძის თქმით კი, საკითხი საკრებულოს კენჭისყრამდე არ მივა, რადგან პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ის თავისი განკარგულებით უკვე გადაწყვიტა.

 

 

ბათუმის საკრებულოდან სამთავრობო კომისიაში საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ზაურ ფატლაძე შედიან. შესაბამისად ყველაზე მეტი ინფორმაცია მიმდინარე პროცესებზე მათ აქვთ.

 

 

«ჩვენი მოსაზრებაა „ბათუმის წყლის“ ინტეგრირება წყალმომარაგების კომპანიასთან მანამდე არ განხორციელდეს, სანამ რეაბილიტაციის პროექტი არ დამთავრდებოდა. ერთი პატარა შეთანხმებისათვის გერმანულ ბანკთან თვეები გვჭირდება. ამ მოლაპარაკებას რა დრო დასჭირდება? – მე არ ვარ წინააღმდეგი იყოს ერთიანი მართვა, ან სახელმწიფო გადაწყვეტილების წინააღმდეგი როგორ ვიქნები, მაგრამ მოლაპარაკების შემდეგ საჭირო იქნება ყველა ვალდებულების გადაცემა, ეს რამდენ ხანს შეაჩერებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს?“ – ეს კითხვა კომისიის დახურულ სხდომაზე ზაურ ფატლაძემ დასვა.

 

 

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი ჩავლეიშვილმა ბათუმის წყლის გადაცემასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ასე გამოხატა: „საკითხი ჯერ განხილვის ფაზაშია და წინასწარ ვერაფერს გეტყვით“ .

 

 

ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაციების წერილიდან:

 

„პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში, სხვა დანარჩენ, არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, არ არის განმარტებული ამ ინიციატივის განხორციელების აუცილებლობა და, ზოგადად, საჭიროება. ჩვენ, ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს – მოქალაქეებს, გვაინტერესებს, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში ან რატომ განიხილა ეს მეტად სასიცოცხლო საკითხი მოქალაქეებისა და დაინტერესებული პირების მიღმა; რატომ მოეწერა ხელი ზემოაღნიშნულ განკარგულებას თვითმმართველობის არჩევნებამდე ორი თვით ადრე მაშინ, როდესაც თვითმმართველობის ახალი კოდექსის მე-16 მუხლის «თ» ქვეპუნქტით «წყალმომარაგების (მათ შორის, ტექნიკური წყლით მომარაგების) და წყალარინების უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის სამელიორაციო სისტემის განვითარება»  მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებში შედის – რატომ ართმევენ თვითმმართველ ქალაქს საკუთარ უფლებამოსილებას, არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ მართვის გარდა, შპს «ბათუმის წყლის» ქონებაც შეიძლება «საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის» ხელში აღმოჩნდეს.

 

 

რა ბედი ეწევათ აქ დასაქმებულ ადამიანებს; ან რა არგუმენტებით წარდგება საქართველოს მთავრობა  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან (KWF), რომელიც ბოლო რამდენიმე წელია შპს «ბათუმის წყლის» ძირითადი დონორი ორგანიზაციაა და ორიენტირებულია სწორედ მუნიციპალური და არა ცენტრალიზებული პროექტების მხარდაჭერაზე და ბოლოს, როგორ აისახება ეს ცვლილება ბათუმის მცხოვრებლებზე – ხომ არ გაიზრდება ტარიფი, ვინ გაუწევს წყალმომარაგების სისტემას კონტროლს და ა.შ.

 

 

ადგილობრივი თვითმმართველობა არის მოსახლეობასთან ყველაზე ახლოს მყოფი ხელისუფლება და ვალდებულია გააუმჯობესოს ადგილებზე მოქალაქეთა საცხოვრებელი პირობები; გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს ადგილობრივი თავისებურებანი და მოქალაქეთა ინტერესები”.

 

 

შპს ბათუმის წყლისპოზიცია

 

გრძელვადიანი გეგმების არარსებობა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ქვეყანაში იმპორტის ჩანაცვლების პოლიტიკა ვაწარმოოთ, საკადრო და კვალიფიკაციის პრობლემა; დავალიანება, ანუ ამოღების პრობლემა; უკანონო მიერთებების გამოვლენის პრობლემა – ეს ის საკითხებია, რომლებიც შპს `ბათუმის წყლის~ დირექტორს კომპანიის ცენტრალურ მართვაში გადაცემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ დახურულ სხდომაზე წაუყენა.

 

 

კომპანიაში ზემოთ ჩამოთვლილ ბრალდებებს „ტყუილი“ უწოდეს. კომპანიის თანამშრომლები, რომლებსაც „ბათუმის წყლის“ ცენტრალურ მართვაში გადაცემაზე უარყოფითი პოზიცია აქვთ, ჩართულ დიქტოფონთან საუბარს ერიდებიან.

 

 

„ბათუმის წყლის“ დირექტორის მოადგილე თემურ ბედინაძე: „ჩვენ გვაქვს საუკეთესო სისტემა, რომელიც დონორი ორგანიზაციის დახმარებით შეიცვალა და ახალი ტექნიკით აღიჭურვა. ჩვენი თანამშრომლები პერიოდულად გადიან სწავლებას პარტნიორ კონსულტანტ ორგანიზაციებთან. ჩვენ გვყავს ბევრად მომზადებული სპეციალისტები ამ დარგში, ვიდრე ნებისმიერ ორგანიზაციას მთელ საქართველოში. რაც შეეხება თანხის ამოღების პრობლემას, გადახედეთ ამ და წინა წლების სტატისტიკას, პრობლემა ამ მხრივ არ გვაქვს“.

 

 

 

18 მილიონიდავალიანება

 

სამთავრობო კომისიის თავმჯდომარემ კომპანიის დავალიანებაზეც დასვა კითხვები. რაზეც კომპანიის დირექტორმა ჯანი ვარშალომიძემ განმარტა, რომ საკითხი სადავოა და გადახედვას ექვემდებარება. საუბარია 18 მილიონზე, რომელიც საგადასახადომ ე.წ დანაკარგების გამო დააკისრა.

 

 

ფინანსურ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ კომპანია ყოველწლიურად 30-40 მილიონ კუბურ მეტრ წყალს მოიპოვებს, ხოლო მომხმარებელზე მიწოდებულია  3-4 მილიონი კუბ.მ წყალი. გამომდინარე აქედან დანაკარგმა საშუალოდ 80-90 % შეადგინა.

 

 

საგადასახადო ინსპექციის შუალედური აქტის მიხედვით 2007 წელს დანაკარგმა სულ 26 670 370 კუბ.მ შეადგინა, რაც „საწარმოს მიერ დეკლარირებული მონაცემების მიხედვით“ პროპორციულად მოსახლეობას, კომერციულ და საბიუჯეტო სისტემას მიაკუთვნეს.

 

დადგენილი სარეალიზაციო ფასების მიხედვით დანაკარგის დაბეგვრამ შემოსავლები 11 571 516 ლარით გაზარდა.

 

 

საგადასახადო ინსპექციას „ბათუმის წყალი“ არ ეთანხმება.

 

თეიმურაზ ბედინაძე: „შპს `ბათუმის წყალი~ წყლისა და კანალიზაციის გადასახადის დარიცხვას სულადობის შესაბამისად ახდენდა და გარკვეულწილად დღესაც ახდენს არა რეგისტრირებულ პირთა მიხედვით, არამედ, ფაქტობრივად, მცხოვრებ პირთა რაოდენობის შესაბამისად“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: