სიახლეები

ავთანდილ ბერიძე მედეა ვასაძეზე: „მე ამ სატელეფონო ზარში კანონის დარღვევას ვერ ვხედავ“

12.06.2014 • 1459
ავთანდილ ბერიძე მედეა ვასაძეზე: „მე ამ სატელეფონო ზარში კანონის დარღვევას ვერ ვხედავ“

 „მე ამ სატელეფონო ზარში დანაშაულის ნიშნებს და კანონის დარღვევას ვერ ვხედავ.  ვერ აღმოვაჩინე კანონის ის მუხლი, რომელიც იქნა დარღვეული. სხვა ყველაფერი შეფასების სხვა კრიტერიუმებში გადადის და ამაზე მოგვინებით მოგახსენებთ“ – განაცხადა ავთანდილ ბერიძემ.

 

უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მედეა ვასაძემ 25-ე არხის ჟურნალისტს, ჯაბა ანანიძეს 8 ივნისს, ტელეეთერში გაშვებული საგამოძიებო ფილმის – „უმაღლესი კომფორტით“- ტრანსლირების შემდეგ დაურეკა და უთხრა, რომ მას უახლოეს დღეებში პროკურატურა დაკითხავდა. მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ქალაქში ხმები დადიოდა მისი „ორიენტაციის შესახებ“.  

 

 აღნიშნულ შემთხვევას ჟურნალისტი აფასებს როგორც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას და შანტაჟის მცდელობას. ჯაბა ანანიძემ ამ ფაქტზე პროკურატურას მიმართა.  

 

მედეა ვასაძის უმაღლეს საბჭოში მუშაობის მანძილზე ეს  პირველი ინციდენტი არ არის. 2013 წელს დეპუტატს, შემდგომში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თამჯდომარეს, მოქალაქე დოდო დიასამიძემ უჩივლა. იგი დეპუტატს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. პროკურატურა ამ საქმეს ჯერ ისევ იძიებს.

 

მედეა ვასაძეს ასევე უჩივლა მისმა ყოფილმა თანაშემწემ, სოფიო კობალაძემ.

 

რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს მედიასთან ურთიერთობას, ეს  მეოთხე ინციდენტია, რომელიც ჟურნალისტებსა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს შორის მოხდა ბოლო ორი წლის განმავლობაში.

 

 

2013  წელს „ინტერპერსნიუსის“ ჟურნალისტმა, ნინო ხოზრევანიძემ შეიტანა სასამართლოში სარჩელი ავთანდილ ბერიძის წინააღმდეგ, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვის ფაქტზე. დავა მორიგებით დასრულდა და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ  ჟურნალისტის მიმართ გამოთქმული ბრალდებები უარყო.

 

 

გასულ წელს სასამართლოს მიმართა „გურია ნიუსის“, შემდგომში რადიო „აჭარას“ ჟურნალისტმა ტარიელ ცეცხლაძემ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის აღდგენის მოთხოვნით.

 

2013 წელს კი უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის თანამშრომელმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ უცენზურო და სიძულვილის შემცველი კომენტარებით მოიხსენია გაზეთი  „ბათუმელები“ და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენენა გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტს.

 

 

გადაბეჭდვის წესი