კვირის ამბები

ყოფილი მინისტრი მაჟორიტარობის კანდიდატად

11.06.2014 • 2113
ყოფილი მინისტრი მაჟორიტარობის კანდიდატად

ლევან ანთაძე

საკრებულოში ძველი ბათუმისთვის და ამ უბანში მცხოვრებლებისთვის რას გააკეთებთ?

უნივერსიტეტის დასრულებიდან ბათუმის მერიაში სანიტარულ ინსპექციაში, შემდეგ სადიზენფექციო სამსახურის უფროსად, შემდეგ კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფროსად ვმუშაობდი. ვიყავი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური სამსახურის უფროსი. ასევე, წყალკანალის გენერალური დირექტორი და ვიცე-მერი. შემდეგ გადავედი ჯანდაცვის მინისტრად, ახლაც ისევ ჯანდაცვის სფეროში ვარ.  სოციალური და ჯანდაცვის საკითხები ის სფეროებია, რომელთა შესაბამისი განათლებაც მაქვს და პრაქტიკულად ნამუშევარიც ამ სფეროებში. როცა აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და პარალელურად მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, იმ პერიოდში მივიღე გამოცდილება ინფრასტრუქტურის მიმართულებითაც.

რა უნდა გააკეთოს ახალმა საკრებულომ ისეთი, რაც ამ მოწვევის ან წინა საკრებულომ ვერ გააკეთა?

წინა საკრებულოს მოუწია საინტერესო პერიოდში მუშაობა, როდესაც ჯერ კიდევ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო მმართველობაში. შემდეგ მოვიდა `ოცნება~. დიდი მინუსი ამ საკრებულოში იმ პერიოდში და შემდეგაც ის იყო, რომ საკრებულო არ იყო გადაწყვეტილების მიმღები. ის უფრო ადასტურებდა გადაწყვეტილებას.

ფიქრობთ, რომ შეიცვლება ეს დამოკიდებულება?

წესით, ქმედითი უნდა იყოს, თუნდაც იქედან გამომდინარე, რომ წინასაარჩევნო ასპარეზი გახსნილია. ამ პროცესის იმასთან შედარებაც არ შეიძლება, რაც იყო. 18 დამოუკიდებელი კანდიდატია მხოლოდ ძველ ბათუმში, სადაც მე ვიყრი კენჭს. ეს კონკურენცია და არჩევანის საშუალებაა. ვფიქრობ, რაც მეტი დამოუკიდებელი კანდიდატი შევა, უკეთესია. ის პარტიულ ინტერესზე წინ დააყენებს საკუთარი ამომრჩევლის  ინტერესს, რადგან დამოკიდებულია ამომრჩეველზე და არა იმაზე, ვინ ჩასვამს მას სიაში.

თუ საკრებულოში შევიდა ერთი მმართველი ძალა და სხვადასხვა პოლიტიკური ინტერესების მქონე ოპოზიცია, ამ შემთხვევაში მუშაობა რთული იქნება?

თუ ასეთი სურათი მივიღეთ, რთული იქნება, რა თქმა უნდა. რთული იქნება გავლენა საკრებულოს გადაწყვეტილებებზე, მაგრამ ძველი ბათუმის მცხოვრებლების პრობლემის მოგვარება მე მაინც არ გამიჭირდება, რადგან ვიცი გზები, როგორ უნდა გაკეთდეს და რა უნდა გაკეთდეს.  ვიცი, როდის და ვინ უნდა შევაწუხო. დღეს  ბევრი პროგრამა აქვს მერიას, როგორც სოციალური კუთხით, ასევე, ინფრასტრუქტურის, ამხანაგობების კუთხით. მაგრამ ეს არ მიდის მოსახლეობამდე. ბევრმა არ იცის რა შეიძლება მიიღოს დივიდენდის სახით თვითმმართველობიდან.

მერიასა და საკრებულოს შორის სუბორდინაციის საკითხზე მინდა გკითხოთ, რაც ყოველთვის იყო პრობლემა. წინა მოწვევის საკრებულოში, მაგალითად, სამსახურის უფროსი არ ცხადდებოდა ოპოზიციის ფრაქციის სხდომაზე, მისი წერილობით დაბარების მიუხედავად. კოდექსში ჩაიწერა, რომ ხალხის არჩეულ მერს  გადააყენებს საკრებულო…

რთული საკითხია, ქალაქმა აირჩიოს მერი და შემდეგ საკრებულომ გადააყენოს.  ვინც მოდის, უნდა იცოდეს, იმიტომ არ მოდის, რომ საკუთარი ამბიციები დაიკმაყოფილოს, იმიტომ უნდა მოვიდეს, რომ საქმე გააკეთოს. მერიას და საკრებულოს ერთი საქმე აქვს. ეს არის ბათუმის მოსახლეობა და ბათუმის განვითარებაზე ფიქრი.  ჩემთვის იდეალური იქნება, როდესაც ეს ურთიერთობა იქნება შეხმატკბილებული. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვიღაცას მისი აზრი არ ჰქონდეს,  ბათუმის საკრებულო არ არის ის ორგანო, სადაც ჩვენ დიდი პოლიტიკა უნდა ვაკეთოთ.

ბულვარის  მერიის მართვაში დაბრუნებას მხარს დაუჭერთ?

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და საკრებულოს კამათს თვალს ვადევნებდი და სიმართლე გითხრათ, უფრო ამბიციები დავინახე, ვიდრე საქმის რეალურად გადაწყვეტის სურვილი. იგივე იყო მთავრობის მხრიდანაც.

რას ფიქრობთ ბულვარის იერსახის შენარჩუნებაზე. თუ ინვესტორი მოვა დიდი ფულით და მოითხოვს ბულვარში მშენებლობის წამოწყებას, ამის უფლებას მისცემთ?

ბულვარი არის ინვესტიციის მოსაზიდი ბაჯაღლოში ჩასმული ბრილიანტი. მისი განაშენიანება არასწორი იქნება. რა თქმა უნდა, გასართობი ობიექტები უნდა არსებობდეს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მძიმე კონსტრუქცია.

ძველ ბათუმში ბევრი მშენებლობა გახდა განსჯის საგანი. ამბობდნენ, რომ მაღლივმა მშენებლობებმა მას იერსახე დაუკარგა.  არქიტექტურული თვალსაზრისით ბათუმში დღეს რომელი უბანი მოგწონთ?

რა თქმა უნდა, ძველი ბათუმი მომწონს. ძველ ბათუმში უფრო ფაქიზი ჩარევაა საჭირო. უნდა მომზადდეს ქალაქის დაგეგმარების დოკუმენტი. ძველ ბათუმთან მიმართებაში ბათუმის საკრებულოს სატრაბახო არაფერი აქვს, ძალიან ბევრი პრობლემაა.

თუ მოქმედი საკრებულო ბათუმის `წყალს გადასცემს~ წყალმომარაგების კომპანიას, შეცდომას დაუშვებს?

წავიკითხე „ბათუმელების“ სტატია და მე იქ ვერ ვნახე არგუმენტი, რატომ უნდა გადაეცეს. თუ საქმისთვის კარგი იქნება, მივესალმები, მაგრამ ბათუმის წყალთან მიმართებაში პროექტი დამუშავულია, ორი ეტაპი გავლილია. არის დამფინანსებელი, არის აწყობილი სქემა, რომელიც მუშაობს და თუ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ ვიღაცას ამბიცია დავუკმაყოფილოთ, არ მგონია, რომ საქართველოში რომელიმე რეგიონში, თუნდაც თბილისში იყოს მოგვარებული ისე, როგორც ბათუმში.

ბატონო ლევან, საკითხები, რომლებიც მოსაგვარებელ პრობლემათა შორის ჩამოვთვალეთ, იმ დროსაც აწუხებდა მოსახლეობას, როცა თქვენ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე იყავით და შეგეძლოთ გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა. მაშინ რატომ არ იყავით ასეთი კრიტიკული?

წყლის თემიდან დავიწყებ, ეს არ არის ახალი თემა, მე ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც მის ცენტრალურ მართვაში გადაცემას ვეწინააღმდეგებოდი. რაც შეეხება მშენებლობებს ძველ ბათუმში, მაშინ ისეთი მშენებლობები იყო, რომ მხოლოდ მივესალმებოდი.

ფოსტის შენობაზე რას იტყვით?

გეთანხმებით, ნამდვილად არ მომწონს ის, რაც არის. ჩემი სათქმელის მორიდების მომენტი არასდროს მქონია. ბოლოს წამოვედი კიდევაც იმიტომ, რომ არ მოვრიდებივარ მეთქვა, რაც მინდოდა.

და რატომ გაგათავისუფლეს, რა მოხდა თქვენ შორის?

ვერ ვიტყვი, რომ ჩემსა და ლევან ვარშალომიძეს შორის რაღაც მოხდა, ნორმალური ადამიანური ურთიერთობა დღესაც გვაქვს. უბრალოდ, ყველაფერი შავ-თეთრ ფერებში არ არის. არც იმ მთავრობაში იყო ყველაფერი ცუდი და არც ამ მთავრობაშია ყველაფერი კარგი. უბრალოდ, იყო შიდა ინტრიგები, რომელიც ჩემთვის არის ზედმეტი და შემაწუხებელი. მე ჩემს სათქმელს, რაც არ მომწონდა, სადაც საჭირო იყო ვამბობდი. წარსულზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერს. ერთს ვიტყვი, მე ნამდვილად ჩემი ინიციატივით წამოვედი.

ყველა ასე ამბობს…

ყველა მინისტრი ამბობს: რომ… მაგრამ… მე ნამდვილად ჩემი განცხადებით წამოვედი.

ლევან ვარშალომიძეს რა რეაქცია ჰქონდა თქვენ წასვლაზე?

იმ პერიოდში არ მინახია, მაგრამ სხვისი გადმოცემით ვიცი, რომ მტკივნეულად აღიქვა.

ანტიდისკრიმინაციულ კანონზეც მინდა გკითხოთ, მხარს დაუჭერდით?

ვფიქრობ, ამ კანონის განხილვა გვიან დაიწყო, ერთი მხრივ, ევროკავშირის წინაშე იყო ვალდებულება, რომ ასეთი კანონი მიღებულიყო. მოსახლეობის მხრიდან, იგივე რელიგიური პირებისგან იყო წინააღმდეგობა. ვფიქრობ, უფრო მეტად რომ გაეთვალისწინებინათ მოსახლეობის მოსაზრებები, უფრო მარტივად ჩაივლიდა ეს ყველაფერი. მე არ მიმაჩნია, რომ კანონში არის მუხლები, რამაც შეიძლება პრობლემა შექმნას, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ ყველამ. დისკრიმინაცია ბევრ სფეროშია.

მხარს დაუჭერდით თუ არა?

არ ვიცი. ჩემთვის ეს კანონი მიუღებელი ნამდვილად არ არის.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: