სიახლეები

მთავრობამ ბათუმში არასათანადო საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამა დაამტკიცა

13.06.2014 • 1394
მთავრობამ ბათუმში არასათანადო საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამა დაამტკიცა

 

დადგენილებაში აღნიშნულია რომ „ეთხოვოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული და პროგრამით განსაზღვრული ხარჯების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემდგომი წლების ბიუჯეტებში გათვალისწინება, საჭიროების შემთხვევაში“.

 

ქ. ბათუმში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის ლიკვიდაციის პროგრამის მიზნებია:


ა) ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ამორტიზებული, ავარიული, უსახური, დროებითი, ბარაკული ტიპის, საცხოვრებლად უვარგისი, არადამაკმაყოფილებელი სანიტარიული პირობების მქონე შენობების (შემდგომში – არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისი) ლიკვიდაციის ხელშეწყობა;

 

ბ) მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება;

 

გ) ქალაქის განაშენიანების განვითარება;

 

დ) ინვესტიციების მოზიდვა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა;

 

ე) სამშენებლო ბიზნესის სტიმულირება.

 

პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და მასში მონაწილეობას მიიღებენ:

 

ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომელიც კისრულობს ვალდებულებას, რომ საფინანსო ორგანიზაციების მოვალეების მიერ მათზე ამ პროგრამის მიზნობრიობით გაცემული საკრედიტო ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ საფინანსო ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საფინანსო ორგანიზაციებისაგან პირდაპირი მოლაპარაკების გზით შეიძენს მათ მოთხოვნებსა და მათი უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებულ უძრავ ნივთს ან მასთან დაკავშირებულ არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს;

 

ბ) ქ. ბათუმის მერია, რომელიც კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოფს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით საჭირო ღონისძიებების განხორციელებას;

 

გ) საფინანსო ორგანიზაციები, რომლებიც დააფინანსებენ შესაბამის პროექტებს და იკისრებენ პროექტის დასრულების ვალდებულებას (საცხოვრებელი სახლის ექსპლუატაციაში შეყვანა;

 

დ) იურიდიული პირები (დეველოპერული კომპანიები), რომლებიც ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში არასათანადო-არასტანდარტული საცხოვრისის მესაკუთრეებისაგან გამოისყიდიან ქონებას, მიაღწევენ შეთანხმებას საფინანსო ორგანიზაციასთან პროექტის დაფინანსების თაობაზე და პროგრამის შესაბამისად, გააფორმებენ ხელშეკრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან.

 

აღნიშნული პროგრამის მიზნებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა განსაზღვრავს მოთხოვნების შესასყიდ ღირებულებას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

 

თავის მხრივ, დეველოპერული კომპანია ვალდებულია პროგრამაში მონაწილეობისათვის წარადგინოს:

მასსა და საფინანსო ორგანიზაციას შორის დადებული ხელშეკრულება ან საფინანსო ორგანიზაციის წერილობითი თანხმობა, რომელიც უნდა ადასტურებდეს საფინანსო ორგანიზაციის ვალდებულებას, დეველოპერულ კომპანიაზე გასცეს კრედიტი არა უმეტეს შემდეგ ძირითად გარემოებათა არსებობის საფუძველზე:

 

დეველოპერული კომპანია მონაწილეობას იღებს პროგრამის განხორციელებაში და ადასტურებს, რომ ამ პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე, ასათვისებელი ფართობის მოცულობაა არანაკლებ 500 კვ.მ, რომელზედაც განლაგებული ფართობების არანაკლებ 75% წარმოადგენს არასათანადო-არასტანდარტულ საცხოვრისს და პროექტის დასრულებისათვის საკმარისია არა უმეტეს 3 000 000 (სამი მილიონი) აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;

 

საფინანსო ორგანიზაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან გააფორმებს ორგანიზაციის მოთხოვნათა უზრუნველყოფის შესაბამის ხელშეკრულებას, თუ დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია სრულად აკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს;

 

დეველოპერული კომპანია და საფინანსო ორგანიზაცია უფლებამოსილნი არიან, საკუთარი შეხედულებისამებრ, განსაზღვრონ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გასაცემ კრედიტთან დაკავშირებული ხელშეკრულების დადების საჭიროება და ამ ხელშეკრულების პირობები, ამ პროგრამით გათვალისწინებული შეზღუდვების გათვალისწინებით.

 

პროგრამაში ასევე აღნიშნულია „ეთხოვოს ქ. ბათუმის მერიას:

ა) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, პროგრამაში მონაწილე პირთათვის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის (K2) გაზრდისათვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან გასათავისუფლებად;

 

ბ) უზრუნველყოს პროგრამის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო-საკონსულტაციო ჯგუფის შექმნა;

 

გ) უზრუნველყოს პროგრამაში მონაწილე პირთათვის მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის დადგენილი ვადების მინიმალიზაცია“.

 

პროგრამის შესრულების მონიტორინგს განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო.

გადაბეჭდვის წესი