სიახლეები

ახალი მოსამართლეები აჭარაში

12.06.2014 • 2790
ახალი მოსამართლეები აჭარაში

 

თეიმურაზ ქათამაძე
თეიმურაზ ქათამაძე

მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოეწურა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით კეკენაძეს. სწორედ მას ჩაენაცვლება თეიმურაზ ქათამაძე. დავით კეკენაძეს მოსამართლეობის გაგრძელების სურვილი ჰქონდა, თუმცა კენჭისყრის დროს მას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ერთი ხმა დააკლდა. 

 

 

დავით კეკენაძე ხელვაჩაურის სასამართლოში ახლა მხოლოდ იმ საქმეების დასრულებამდე დარჩება, რაც განხილვის პროცესში აქვს. ის პარალელურად  პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ, ბიზნესისა და იურიდიულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 

 

 

რაც შეეხება ახალ მოსამართლეს, თეიმურაზ ქათამაძე დაიბადა 1951 წელს ხულოს რაიონის სოფელ ქედლებში. 1974 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი, ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1974-1976 წლებში მუშაობდა ხულოს რაიონის სოფლების: აგარისა და ოქრუაშვილების საშუალო სკოლების ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის  მასწავლებლად. 1984-1990 წლებში სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე და მიენიჭა სამართალმცოდნის კვალიფიკაცია. 1981-1991 წლებში მუშაობდა ხულოში შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილების უფროსად. იყო ხულოს რაიონის პრეფექტი.    1991-1993 წლებში მუშაობდა აჭარის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო ავტოინსპექციის უფროსად. ასევე, იმუშავა აჭარის საარბიტრაჟო სასამართლოს თავმჯდომარედ და აჭარის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ. იყო  მარტვილის რაიონული სასამართლოს მოსამართლე. 2009 წლის პირველ ოქტომბერს გაათავისუფლეს თანამდებობიდან მოსამართლის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.

 

 

ლაშა თავართქილაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე  გახდა  ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მისი ავტობიოგრაფიული მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ახალი მოსამართლის ბიოგრაფიული მონაცემები, დაპირების მიუხედავად, არც იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოგვაწოდეს.

 

 

ახალი მოსამართლეები მუშაობას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

 

 

დავით კეკენაძის გარდა მოსამართლეობა სურდა ადვოკატ ირაკლი შავაძეს, რომელიც ასევე ყოფილი მოსამართლეა. საკმარისი ხმები ვერც მან მიიღო. 

გადაბეჭდვის წესი