კვირის ამბები

„კიდევ არ გათხოვილხარ, როდის თხოვდები?“

12.06.2014 • 6114
„კიდევ არ გათხოვილხარ, როდის თხოვდები?“

ქალების ნაწილი, რომლებმაც დაძლიეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები, მიიჩნევენ, რომ გაუთხოვარი ქალების სტიგმატიზაცია საქართველოში დღემდე აქტუალურია. მირანდა 35 წლისაა. მას მიაჩნია, რომ წარმატებული ქალია, რადგან აქვს პროფესია, სამსახური, საკუთარი შემოსავალი და პირად ცხოვრებას თავად განაგებს, თუმცა ფსიქოლოგიური ზეწოლის მსხვერპლი მაინც ხშირად ხდება.

„ყოველ წუთს მახსენებენ, – როცა მოხუცდები პატრონი არ გეყოლება, რომ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები ჩემი პატრონები არ იქნებიან. გათხოვება საჭიროა არა იმისთვის, რომ იპოვო მეგობარი და იცხოვრო ადამიანთან ერთად, ვინც გიყვარს, არამედ სტატუსთან და გარანტიებთან, რომ არ დარჩე მარტო“.

მირანდას აზრით, შეცვლილია „პატრონთან“ დაკავშირებული სტერეოტიპი: „თუ ადრე ეს „პატრონი“ იყო ქმარი, ახლა არის შვილი“.

თუ ოჯახისთვის გაუთხოვრობა „პატრონის გარეშე დარჩენას“ ნიშნავს, მეზობლებისთვის – საეჭვო მდგომარეობას. „ალბათ, არ აქვს საკუთარი თავის იმედი, ბუნებრივია, ამაში ქალწულობას გულისხმობენ“, – გვეუბნება მირანდა.

გაუთხოვარი ქალის როლი საქართველოში ასეთია: „ან რჩები ოჯახში ძიძად და  ვთქვათ, უვლი ძმისშვილებს, ან ხარ მოსამსახურე. ეს ძალიან გულდასაწყვეტი სტატუსია“.

მირანდას თქმით, გაუთხოვარი ქალის მიმართ დამოკიდებულება გამაღიზიანებელია სამსახურშიც – „მეტი რა საქმე გაქვს გაუთხოვარ ქალს„; „გაუთხოვარ ქალს რად უნდა პრემია, იმას შვილები ჰყავს“. თუ რაიმეზე პრეტენზია გამოთქვი და ხარ გაუთხოვარი, ესე იგი, ამის გამო ხარ პრეტენზიული და არა იმიტომ, რომ სიმართლეს ამბობ“.

საქართველოში ქალები, ფაქტობრივად, არ განიხილებიან ოჯახის მემკვიდრეებად. ქონება, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ეკუთვნის მხოლოდ ბიჭს, რაც ქალების დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფაქტორია: „მე გამიმართლა იმაში, რომ მამა უფრო ლიბერალი მყავს  და გარეშე ზეწოლებს ამით ვუმკლავდები. სხვა შემთხვევაში ძალიან გამიჭირდებოდა. მაგალითად, ბებია წინააღმდეგი იყო ჩემი პროფესიის, შვილებს როგორ უნდა მიხედოო, ამიტომ არის ტენდენცია საქართველოში პედაგოგი ქალების, ორ საათზე სახლში იქნება“.

ეთერი 50 წლისაა. ერთადერთი, რაზეც გული წყდება, ის არის, რომ შვილი არ ჰყავს. „რადგან არ გავთხოვდი, არ ვგრძნობ თავს უბედურად. ძალიან თავისუფალ ოჯახში გავიზარდე. მამაჩემიც თავისუფალი ადამიანი იყო. მისთვის არ ჰქონდა მნიშვნელობა ადამიანის ეროვნებას, კუთხურობას, რელიგიას, მისთვის ღირსება იყო მთავარი. არც იმაზე ჰქონია გართულება, რომ ბიჭი არ ჰყავდა. გოგონები ჩემთვის ყველაფერიაო, ამბობდა“.

ეთერი იხსენებს შემთხვევას, როცა მამას რბილი ხასიათის გამო უსაყვედურეს: „ერთხელ მოვიდა და ხმამაღლა დაგვიწყო ლაპარაკი. გამიკვირდა და ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ახლა კაცმა მითხრა, შენი გოგონები სახლში თავს კარგად გრძნობენ და იმიტომ არ თხოვდებიან, მკაცრად უნდა მოექცეო. ხშირად საყვედურობდნენ მამას, საზღვარგარეთ ნუ უშვებ, ნუ აძლევ ამდენ თავისუფლებასო. ვერ გეტყვით, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება მკაცრი მამის პირობებში, ალბათ მაშინ იძულებით მოგვიწევდა გათხოვება“.

საზოგადოებაში დღემდე არსებობს დამოკიდებულება, რომ მარტოხელა ქალი ადვილად დასაჩაგრია: `„მის მცდელობა ბევრს ჰქონდა, თუმცა  ვიბრძვი. მარტოობაში ვერ ვხედავ პრობლემას. ადამიანი თვითონ არის საკუთარი თავის პატრონი, მარტო მოვდივართ და მარტო წავალთ. არც შვილია ყოველთვის გარანტია, რომ შენ გვერდით იქნება, თუმცა რომ მყვარებოდა, შვილს აუცილებლად გავაჩენდი. მხოლოდ სტატუსის გამო ოჯახის შექმნა ჩემთვის წარმოუდგენელია. ბევრ ისეთ კაცს ვიცნობ ჩემ გარშემო, მასთან ოჯახი კი არა, 15 წუთსაც ვერ ვძლებ სასაუბროდ. ვფიქრობ, ასეთ კაცთან ოჯახის შექმნა, უბრალოდ, თვალთმაქცობაა“.

ეთერის აზრით, დღეს საქართველოში საზოგადოება გაბრაზებულია. „ადამიანებს თავისუფლება, სიყვარული, განათლება აკლიათ. მე კი ადამიანს ისეთს ვიღებ, როგორიც არის“.

„არ თხოვდები?“, – მსგავსი კომენტარიი 35 წლის კესოს ცხოვრებაშიც ხშირად ისმის. „უნივერსიტეტში სწავლისას გათხოვილი ლექტორი გვეუბნებოდა, რომ არ უნდა გავთხოვილიყავით ადრე, გაუთხოვარი კი, ამბობდა, გათხოვდით, თორემ ჩემსავით დარჩებითო. არიან ოჯახები, რომლებიც სტერეოტიპების გამო აიძულებენ ქალიშვილებს გათხოვებას. გოგონებიც ხშირად პირველ შემხვედრს მიყვებიან. შემდეგ იწყება კონფლიქტი“.

კესოს აზრით, სტერეოტიპების გამო შეცვლილია კაცის დამოკიდებულებაც ქალის მიმართ: „თუ ადრე ქალები უყენებდნენ კაცს გარკვეულ პირობებს, ახლა კაცი აყენებს პირობებს. ბინა აქვს? სოციალურად უზრუნველყოფილია? მაშინ მოიყვანს ასეთ ქალს, ოღონდ მისი მშობლები არ უნდა აწუხებდნენ. მაშინ, როცა ქალები საკუთარ შვილებსაც კი ვერ ზრდიან, ვერ აჭმევენ, ვერ არქმევენ სახელს დედამთილების, დიდი დედამთილების და ა.შ. ნებართვის გარეშე. ისეთი შემთხვევაც მქონდა, როცა მამიდა სკოლაში მოვიდა და მითხრა: ჩემს ძმისშვილს დედაზე ლექსებს ნუ ასწავლი, ცუდი დედა ჰყავსო. გავგიჟდი. ასეთ პირობებში ქალი ცოლიც ვერ იქნება, რადგან ის მუდმივად ზეწოლის ქვეშაა.“

კესოს მიაჩნია, რომ არსებული სტერეოტიპების გამო საქართველოში ზოგადად ქალებს საზოგადოება არ აძლევს პირადი ცხოვრების უფლებას: „ერთხელ ვთქვი, რომ ბინა უნდა ვიყიდო და ცალკე ვიცხოვრო-მეთქი, დაგღუპავს შენი ევროპული ლიბერალიზმიო – მეუბნება ახლობელი. გაუთხოვარი ქალი სად გავუშვათ მარტო? ან კიდევ: მარტო ცხოვრება რატომ გინდა, ვიღაც უნდა გაიჩინო? ან შვილი რად გინდა, ძმისშვილები არ გყავს? – ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა“.

კესო ამბობს, რომ ხშირად ჩარჩოების შექმნას ქალებიც უწყობენ ხელს, მისი დანგრევა კი აღარ შეუძლიათ: „ბუნების კანონია, რომ ქალმა შვილი უნდა გააჩინოს, ამის იქეთ სტატუსს არ აქვს მნიშვნელობა. თუმცა, პირველ რიგში, სწორედ ქალები იწყებენ ქალის პატიოსნების განხილვას, რაც ხშირ შემთხვევაში მახინჯი ფორმით ხდება. თუ ქალი და კაცი ღმერთმა თანასწორუფლებიან არსებებად შექმნა, რატომ ეზღუდება ქალს ის, რაშიც არ იზღუდება კაცი“.

კესო ამბობს, რომ სანამ არსებობს კითხვა – „რატომ არ თხოვდები?“, საზოგადოების განათლებასა და განვითარებაზე საუბარი რთულია. „ნორმალურ საზოგადოებას რატომ არ ვთხოვდები, არ უნდა აინტერესებდეს“.

გენდერის კვლევის სპეციალისტის, იდა ბახტურიძის მოსაზრებით, კითხვები: „რატომ არ თხოვდები“ და „როდის თხოვდები“ აჩვენებს კულტურის დამოკიდებულებას ქალის როლის მიმართ, ქალის, როგორც ინდივიდთან და  მის სექსუალურ ცხოვრებასთან.

„ქალის სტატუსი დაკავშირებულია მხოლოდ ოჯახთან. ეს ნიშნავს, რომ პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალი უნდა იყოს კუთვნილებით დამოკიდებულებაში მამაკაცთან, რადგან არსებობს უპირატესი სქესი – მამაკაცი და ქალი მხოლოდ დანამატია.

ქალის ღირებულება, რაც არ უნდა წარმატებული იყოს, მაინც განისაზღვრება იმით, არის თუ არა ის დედა და ოჯახზე მზრუნველი. თუმცა არც ამ შემთხვევაშია ის დაზღვეული ძალადობისგან. ქალი, რომელიც არ (ვერ) თხოვდება, მისი ღირებულება როგორც ადამიანის, ძალიან დაბალია. საქართველოში გაუთხოვრობა ნაკლოვანებაა.

მუდმივად იმის შეხსენება, „რატომ არ თხოვდები“, ქალებშიც ბადებს დანაშაულის განცდას და ქალები ბოდიშსაც კი იხდიან, რომ არ ჰყავთ ოჯახი. „მე არ უნდა მომბაძო“, ხშირად მსმენია გაუთხოვარი ქალებისგან.

საზოგადოება აკონტროლებს ქალის სექსუალურ ცხოვრებას და გამორიცხავს, რომ ის იყოს დედა ოფიციალური ქორწინების გარეშე. ამ ბარიერს რეალიზებული ქალები მეტ-ნაკლებად ლახავენ, თუმცა ქალები, რომლებიც ვერც კარიერას იკეთებენ და ვერც თხოვდებიან, ყველა შემთხვევაში მარგინალიზებული არიან“.

იდა ბახტურიძის აზრით, ქალთა მიმართ ფიზიკური თუ მენტალური ძალადობა რომ დასრულდეს, საჭიროა საზოგადოებამ, სახელმწიფომ არ იქილიკოს გენდერულ თანასწორობაზე და სერიოზულად, საჭიროდ აღიქვას ქალთა უფლებების დაცვა.   „ქალს არ უნდა უხდებოდეს გმირობა იმის სამტკიცებლად, რომ ისიც ადამიანია და მაშინაც ადამიანია, თუ ის არ არის გათხოვილი“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: