საინფორმაციო შეხვედრა თვითმართველობის არჩევნების თემაზე

 

„შეხვედრების მიზანია ვაცნობოთ საზოგადოებას თვითმმართველობის კოდექსში შესული ცვლილებების შესახებ. ის რომ თვითმმართველ ორგანოებს გადაეცემათ ექსკლუზიური უფლებამოსილება; ის რომ 2014 წლის სექტემბერში საშემოსავლო გადასახადის ნაწილი უნდა დარჩეს თვითმმართველობას, ასევე უნდა გაიმიჯნოს ქონება თვითმმართველობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. 2017 წლამდე შესაძლებელია მოხდეს ახალი მუნიციპალიტეტების წარმოშობაც. ასევე ის ცვლილებები, რომელიც საარჩევნო კოდექსშია, როდესაც პირდაპირ ვირჩევთ მერებს, ის რომ 4%-იანი ბარიერია პარტიებისთვის დადგენილი, რომ ამომრჩევლის 20% აქვს უფლება მოითხოვოს საკითხის ინიცირება, თუ კი უკმაყოფილოა გამგებლის ან მერის საქმიანობით. ბუნებრივია შემდეგ საკრებულომ უნდა იმსჯელოს და ორმა მესამედმა გადაწყვიტოს ეს საკითხი“ – ამბობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენელი ასლან ჭანიძე.

 

ტბელ აბუსერიძის #4-ში ამხანაგობის თავმდომარე ლალი ბისეიშვილი თვითმმართველობის რეფორმის, კონკრეტულად კი დეცენტრალიზების მომხრეა.

 

 „რაც არის დასახული, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი მოხმარდეს ქალაქის განვითარებას და არ იყოს ცენტრალიზებული, ეს იქნებოდა კარგი“- ამბობს ლალი ბისეიშვილი.

 

 

დღემდე საქართველოში ოთხი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მცდელობა იყო. ასლან ჭანიძე  მიიჩნევს, რომ თვითმმართველობის რეფორმის პრაქტიკაში დანერგვა ხალხის აქტიურობაზეა დამოკიდებული:

 

 

„ხალხს აქვს ძალაუფლება. თუკი მოსახლეობა არ იაქტიურებს და არ გაიგებს, როგორ ხდება ქონების გამიჯვნა, რა პროცენტი რჩება საშემოსავლოს და თვითმმართველობას, ბუნებრივია ეს რეფორმაც დაზიანდება.“

 

 

მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით 21 მაისიდან ტარდება. მას სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს  (USAID) პროგრამის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) მხარდაჭერით. პროექტის „ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში ახორციელებს.

 

ბათუმის მერია არჩევნებში მონაწილე პარტიებს აფრთხილებს

 

 

„საარჩევნო პლაკატების განთავსებასთან დაკავშირებით გვსურს კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ ბეჭდვითი-სააგიტაცო მასალების გავრცელების, მათ შორის საარჩევნო პლაკატების გაკვრის ადგილი განსაზღვრულია ბათუმის საკრებულოს მიერ. სამწუხაროდ ხშირად არის კანონის დარღვევის ფაქტები. საარჩევნო სუბიექტებს უკვე დაეგზავნათ გაფრთხილება და ჩაბარებიდან ორი დღის ვადაში  ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაჯარმდებიან. თითქმის ყველა პოლიტიკურ პარტიას თანაბარი რაოდენობის დარღვევა აქვს.“ – განაცხადა გოჩა ძნელაძემ.

 

მისივე თქმით, ჯარიმა საარჩევნო პლაკატის კანონით გაუთვალისწინებელ ადგილას გაკვრისათვის  50 ლარია (პირველ ჯერზე), ხოლო თუ საარჩევნო პლაკატი გაკრულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ზონაში მდებარე შენობაზე, მაშინ ჯარიმა პირველ შემთხვევაში 200 ლარია, განმეორებით შემთხვევაში კი 1000 ლარი.

 

გაფრთხილება თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე პარტიებს ზედამხედველობის სამსახურმა გუშინ გაუგზავნა. პარტიებს გაფრთხილების მიღების შემდეგ ორი დღის ვადა აქვთ დარღვევების გამოსასწორებლად.  ზედამხედველობის სამსახურს ჯერ-ჯერობით არც ერთი პოლიტკური პარტია არ დაუჯარიმებია.

 

კოალიცია „ქართული ოცნება“; პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი საქართველო – ნინო ბურჯანაძე“; მოქალაქე  ნიაზ ბოლქვაძე; პოლიტიკური პარტია „სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს გზა“; პოლიტიკური გაერთიანება  „ხალხის პარტია“; პოლიტიკური გაერთიანება  „ხალხის პარტია“; პოლიტიკური პარტია „პატრიოტთა ალიანსი“; პოლიტიკური გაერთიანება ,„ირაკლი ღლონტი – რეფორმატორები“ – ეს ის პარტიები და პოლიტკური გაერთიანებებია, რომელსაც მერია აფრთხილებს, საარჩევნო პლაკატები მხოლოდ კანონით დადგენილ ადგილებში განათავსონ.

 

 

კონკურსი პროექტისთვის “ბათუმის ეზოს ამბები”

 

 

პროექტი „ბათუმის ეზოს ამბები“ 2014 წლის აგვისტოს მესამედ გაიმართება და გულისხმობს საჯარო სივრცეში მხატვრების ერთობლივშემოქმედებით, კვლევით და სამუშაო პროცესს – ძველი ბათუმის რამდენიმე ეზოსა (ე.წ. „იტალიური ეზო“) და ქუჩაზე, ხოლო ბოლოს ნამუშევრების იგივე ეზოებში გამოფენას.

 

პროექტში მონაწილეობას მიიღებს 8 ადგილობრივი (4 აჭარიდან, 4 საქართველოს სხვა რეგიონიდან) და 4 უცხოელი მხატვარი

(პოლონეთი, უკრაინა, იაპონია).

 

 

განხორციელების თარიღი:

სამუშაო პერიოდი 16-დან 28 აგვისტომდე;
ნამუშევრების გამოფენა – 29, 30 და 31 აგვისტო.


მონაწილე მხატვრების და ეზოს მაცხოვრებლების თანამშრომლობით შეიქმნება ნამუშევრები, რომელთა ინსპირაციის წყარო ეზოს და მისიმობინადრეების კულტურული მემკვიდრეობა, პერსონალური ისტორიები, ინფრატრუქტურა, არქიტექტურული თავისებურებები და ყოველდღიურიცხოვრების დინამიკა იქნება.

 

 

გამოყენებული მედია შეიძლება იყოს ფოტო, ვიდეო, აუდიო, პერფორმანსი, ინსტალაცია, ლენდ-არტი, სტრიტ-არტი და ა.შ.;

შესაძლებელია პერმანენტული და დროებითი ნამუშევრების შექმნა.

 

საკონკურსოდ მიიღება PDF ფორმატის პორტფოლიოები /არაუმეტეს 5 MB-სა/

პორტფოლიო უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

შემოქმედებითი მოკლე ბიოგრაფია და საკონტაქტო ინფორმაცია);
ბოლო 3 წლის განმავლობაში განხორციელებული დაგანუხორციელებელი 3 პროექტი:
ნამუშევრები/პროექტები – სახელწოდება, შექმნისთარიღი, კონცეფცია, ფოტო-დოკუმენტაციაან ონლაინბმული;
განუხორციელებელი პროექტები – სახელწოდება, კონცეფცია;

პროექტის ფარგლებში ანაზღაურდება: მგზავრობა, საცხოვრებელი, ნამუშევრების წარმოება, პერ-დიემი, ჰონორარი.

 

 

საკონკურსო პორტფოლიოები (PDF) მიიღება 2014 წლის 20 ივნისამდე ელფოსტაზე:

info@backyardstories.ge 

 

ინფორმაცია შერჩეული მონაწილეების შესახებ გამოქვეყნდება ვებგვერდზე 2014 წლის 25 ივნისს.

ლაბირინთში გზააბნეულის ფიქრები

 

ნანა ლობჟანიძე
ნანა ლობჟანიძე

თუ სახლი ის ადგილია, სადაც შენ ცხოვრობ, სადაც საღამოს სამსახურის შემდეგ ბრუნდები, სადაც საძინებელი ოთახის კარადის თაროზე შენი პიჟამოა შეკეცილი, აბაზანის თაროზე კი, შენი შხაპის კრემი და შამპუნი დგას, სადაც ლოგინში ჩაწოლილი ძილის წინ ვაშლს ახრამუნებ და საინტერესო წიგნს კითხულობ, მაშინ ჩემი სახლი თბილისში, ჭავჭავაძის პროსპექტზეა.

 

 

თუ შენი სახლი ის ადგილია, სადაც შენი მშობლები ცხოვრობენ, სადაც ყველა პასუხისმგებლობა გეხსნება, სადაც შეგიძლია წუწუნით თავი შეაცოდო დედას, სადაც დილით გაღვიძებულს საუზმე გამზადებული გხვდება, საღამოს კი მამა გირეკავს, სამსახურიდან ვბრუნდები და თუ გინდათ თქვენს საყვარელ ნამცხვარს გამოვიყოლებო, მაშინ ჩემი სახლი მოსკოვში, სვეტლოგორსკის ქუჩაზეა.

 

 

თუ შენი სახლი ის ადგილია, სადაც შენი მოგონებები ცხოვრობენ, სადაც ბავშვობა გაგიტარებია, სადაც ბებო და ბაბუც იყვნენ,  სადაც კვირაობით მთელი ოჯახი იკრიბებოდა სადილზე, და  მაგიდა ბებოს მიერ საგანგებოდ მომზადებული კერძებით იწონებდა თავს, სადაც ყველა კუთხე-კუნჭული შენთვის ძალიან ახლობელი და ძვირფასი ოყო, მაშინ ჩემი სახლი სოხუმში, ჩანბას ქუჩაზეა.

 

 

მოგონებების სახლში ყველაზე მეტად მინდა მოვხვდე, მაგრამ შარშან ზაფხულში სოხუმიდან დაბრუნებულმა ჩემმა უმცროსმა დამ  სახლის სურათები რომ ჩამომიტანა, იძულებული გავხდი შევგუებოდი იმ რეალობას, 20 წელი ჯიუტად რომ არ ვუსწორებდი თვალს – მოგონებების სახლში დაბრუნება ისეთი ნატვრის კატეგორიაში გადავიდა, არასდროს ახდენა რომ უწერია. როდესმე კიდეც რომ ჩავიდე ქალაქში, სადაც ჩემი ბავშვობის სახლი დგას, თურმე იქედან  ჩემი მოგონებები დიდი ხანია გაუდევნიათ და სხვა ადამიანების რეალობა დასახლებულა.

 

 

ოცნებად დავატარებ ვცხოვრობდე პატარა ხის სახლში, ღია ვერანდით. ვერანდაზე მედგას მოხერხებული ტახტი ბევრი რბილი ბალიშით. საღამოს  ვანთებდე ფარანს, ფეხზე ნაქსოვ ჭრელ წინდებს ვიცვამდე, ტახტზე მოკალათებული კუბოკრულ პლედს ვიფარებდე და ლიმონიანი ჩაის წრუპვისას ჩემ წინ გადაშლილი ტყის სილამაზით ვახარებდე თვალს და გონებას. 

 

 

ოცნების სახლი ალბათ იმიტომ გაჩნდა ჩემს წარმოსახვაში, რომ  ლაბირინთში გზა ამებნა, ვლამობ თავი დავაღწიო და ზუსტად გადავწყვიტო, გაელვებულ ფიქრზე      დავიღალე, სახლში მინდა!“ სად მინდა ვიყო, სად არის ჩემი სახლი…

 

როგორ ვაკონტროლოთ წნევა

  • ბატონო გოჩა, რა ითვლება არტერიული წნევის საშუალო ნორმად?

თანამედროვე რეკომენდაციებით, არტერიული წნევა უნდა იყოს 140/90 მმ.ვწ.სვ–ზე დაბალი, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის – 130/85 მმ.ვწ.სვ–ზე დაბალი. ასაკის მიხედვით ეს ციფრები არ იცვლება.

  • რა ასაკიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს არტერიული ჰიპერტენზია?

არტერიული ჰიპერტენზიის კონკრეტული ასაკობრივი ნორმები არ არსებობს, თუმცა ასაკის ზრდასთან ერთად მისი გამოვლინების რისკი იზრდება. ასევე საგულისხმოა, რომ 50 წლამდე ასაკში ჰიპერტენზია ჭარბობს მამაკაცებში, შემდგომი წლოვანების პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.

  • რა სახის არტერიული ჰიპერტენზია არსებობს?

არსებობს ორი სახის არტერიული ჰიპერტენზია – პირველადი, ანუ ესენციური ჰიპერტენზია და მეორადი, ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია. უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომური ჰიპერტენზია სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაავადების დროს ვლინდება და უმეტეს შემთხვევაში, დაავადება იწყება ბავშვობის ასაკში.

პირველადი არტერიული ჰიპერტენზია, თავის მხრივ, იყოფა სტადიებად, ანუ ხარისხებად. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ამჟამად განიხილება სიმძიმის მიხედვით I, II III ხარისხი, ასევე ცალკე განიხილება იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია, როცა არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი ციფრი 140-ზე მეტია, ხოლო ქვედა ციფრი არის ნორმის ფარგლებში – 90.

ზოგიერთ პაციენტს (დაახლოებით ყოველ მეხუთეს) არტერიული წნევა სამსახურში ემატება. ასეთ ვარიანტს უწოდებენ „სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიას“.

  • რას ვნებს მაღალი არტერიული წნევა?

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ერთ მილიარდზე მეტი ადამიანის პრობლემას მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევით დაავადების პირობებში შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. გულის დაავადებები – სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რემოდულირება (ჰიპერტროფია), გულის უკმარისობა; 2. ინსულტი, ან ტრანზიტორული იშემია; 3. თირკმლის ქრონიკული დაავადება (უკმარისობა); 4. თვალის დაავადება – რეტონოპათია; 5. პერიფერიული არტერიების დაავადება.

  • რა არის პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი მიზეზები?

პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი მიზეზებია ზოგადი სიმსუქნე (ს.მ.ი.>30 – სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს არაუმეტეს 30–ისა), მარილის ჭარბი მოხმარება, ჭარბკალორიული საკვების ხშირი მიღება, სტრესი (ფსიქოემოციური სფეროს არასტაბილურობა), გენეტიკური განწყობა ამ დაავადების მიმართ, პროფესიის სახეობა, უმოძრაო ცხოვრების სტილი, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს მოხმარება და სხვა.

  • როგორ ხდება დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სამიზნე ორგანოების (გული, ნერვული სისტემა, თირკმელი) გამოკვლევა, რისკის სტრატიფიკაცია. შემდეგ პაციენტთან გასაუბრებით უნდა გავარკვიოთ ამ დაავადების ხელშემწყობი მიზეზები. კონკრეტულ შემთხვევაში ამისათვის საჭიროა გარკვეული ინსტრუმენტული და კლინიკურ–ბიოქიმიური ლაბორატორიული გამოკვლევები, რის საფუძველზეც ხდება დიაგნოზის გაფორმება.

რაც შეეხება არტერიული წნევის მკურნალობას, აუცილებელია ორი ძირითადი წესის დაცვა: 1. მედიკამენტური მკურნალობა ექიმის რეკომენდაციების მიხედვით; 2. ცხოვრების სტილის შეცვლა, ანუ მოდიფიკაცია.

  • როგორ შეიძლება ადამიანმა მართოს არტერიული წნევა, გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა?

გარდა მედიკამენტური თერაპიისა, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა. პირველ რიგში, საჭიროა ემოციური სფეროს მოწესრიგება, ჭარბი წონის დაკლება, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება – უპირატესობა ენიჭება ხილსა და ბოსტნეულს (სასურველია უმი, თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტები), უნდა შეიზღუდოს ცხოველური წარმოშობის ცხიმები – კარაქი, ერბო, ქონი შებოლილი ხორცის ნაწარმი, ნამცხვარი, ნაყინი, შოკოლადი. უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება.

და ბოლოს, ვინაიდან არტერიული წნევის მატება ხშირად დაკავშირებულია სულიერ მღელვარებასთან, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში. გვახსოვდეს, რომ არის მოვლენები ჩვენ გარშემო, რომელთა მართვა არ ძალგვიძს.

ბათუმის მერობის კანდიდატი: „მე ვარ კარენოი ბათუმელი“

 

 

 

 

“უკრაინაში სოფლის მეურნეობის, აზოტის სფეროში ასე თუ ისე წარმატებული ბიზნესი მქონდა, მაგრამ ჩამოვედი და დავინახე, რომ ჩემს ბათუმელებს ძალიან უჭირს, ის ბათუმი აღარაა ბათუმი ქათქათა რომ იყო, ძალიან დიდი მოვლა უნდა, ძალიან დიდი გასაჭირი აქვს მოსახლეობას” – აცხადებს მურმან ბერიძე.

 

მურმან ბერიძე, ბათუმში, ე.წ ჭაობის უბანში ცხოვრობს და მისი უბნის განვითარებაზე გვიყვება: „ეს უბანი ჩვენ უნდა განვავითაროთ, ტურისტები უნდა მოვიზიდოთ – რუსეთი იქნება, უკრაინა იქნება თუ სხვა საზღვარგარეთის ქვეყანა”…

 

კანდიდატის აზრით ქალაქში ბევრი პრობლემაა: ” მედიცინაში დასახვეწია ყველაფერი, ინფრასტრუქტურა დასახვეწია, სპორტული მოედნები არ არის ახალგაზრდებისათვის, არაფერი არ არის, ტყუილად ცარიელი მიწები არის მიგდებული უპატრონოდ…”

 

რატომ გადაწყვიტა ბიზნესმენმა პოლიტიკაში წასვლა? –  „იცით რა არის, მე როცა ჩამოვედი უკრაინიდან , რომ დავბრუნდი ჩემს ბათუმში შევხედე, მიტინგები ტარდებოდა, „ოცნებასთან“ ერთად მეც ვღებულობდი მონაწილეობას და როდესაც დაარბიეს აქცია, 26 მაისს, აჭარის ტელევიზიასთან, ჩემი შვილი მსახურობდა ჯარში, დამირეკა ჩემმა შვილმა ტელეფონზე, რა ხდება მამა მეთქი, და დამამთავრებინე ეს ჯარიო და რატომ მეუბნებითქო და ჩემი უფროსი მევიდა, მამაშენი იქანე მიტინგზე არის, წავიდეს, რომ უნდა დავარბიოთო, ხოდა ეხლა რა ხდება – პიროვნებები, რომლებიც ამ პროცესში მონაწილეობდნენ ისინი არიან მერიაში უფროსებად და მთელ ინფრასტრუქტურაში მაგენი არიან, ამით არაფერი არ შეცვლილა და ამისათვის გადავწყვიტე. ქალაქში, რაც მერიას ესაჭიროება, იმ სფეროში შევცვლი აუცილებლად, ჩვენი ბიუჯეტი რაც არის, უქმად რაც იფლანგება, გამოვიყენებ ქალაქის სასარგებლოდ”…

 

რას ფიქრობს  ბათუმის მერობის კანდიდატი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე? –  „არ უნდა მივემხროთ , ჩვენ არა ვართ მაგისათვის მზად, ჯერ მზად უნდა იყო იმ კანონისათვის, რაც მისაღებია და მერე უნდა მიიღო”…  კითხვაზე წაკითხული აქვს თუ არა კანონი გვპასუხობს: “არ წამიკითხავს, არ მეცალა , მაგ თემაზე ნაღდად არ განმიხილია” – ამბობს მურმან ბერიძე. 

რა მცენარეების მოპოვება იზღუდება აჭარის მთებში

 

 

ძმერხლი მარადმწვანე მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან, რომელიც ველურ პირობებში იზრდება და რომელსაც დეკორატიულ მებაღეობაში  იყენებენ. ძმერხლს შეხვდებით თითქმის ყველა ყვავილების სალონში. ეს მცენარე თაიგულების ტრადიციული დანამატია. საქართველოში ძირითადად აჭარაში, ქართლსა და აფხაზეთშია გავრცელებული. გასულ წელს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახეობის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. კვლევა წელსაც გრძელდება. კვლევები ჩატარდა ქობულეთში, მახუნცეთში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,  სპეციალისტების განცხადებით 11 სატყეო უბანზე მცენარის მოპოვება დაუშვებელია.

 

 

„ძმერხლი გააქვთ უკრაინასა და სომხეთში, სადაც სათაიგულედ იყენებენ.  ხარიშუბლასგან იცით, რომ პლატიფილინს იღებენ და ძალიან  ბევრი საწარმოა, რომელიც ამას იბარებს. მონიტორინგი ჩავატარეთ იმ მონაკვეთში, სადაც ტრადიციულად ანთროპოგენური ზემოქმედება უნდა ყოფილიყო მაღალი და კატასტროფული შედეგები გვაქვს,“ – აცხადებს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე.

 

 

„აღნიშნული კვლევები ძირითადად ჩავატარეთ იმ კვარტალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი იყო ანთროპოგენული ზემოქმედების ხარისხი. როგორც კვლევებმა გვიჩვენა, უმრავლეს კვარტალში უნდა აიკრძალოს ძმერხლის დამზადება,  პოპულაციების აღდგენამდე მისი შემდგომი ბუნებაში შენარჩუნების მიზნით.  შესწავლილი ტერიტორიიდან მხოლოდ ქობულეთის ორ  სატყეო კვარტალში არის მცირე რაოდენობით მარაგი. თერთმეტ შესწავლილ უბანზე დაუშვებელია ძმერხლის მოპოვება, მისი პოპულაციის აღდგენამდე,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იზოლდა აბულაძე.

 

 

კვლევა მიმდინარე წელსაც გრძელდება. სპეციალისტები წელს იმ ადგილებს შეისწავლიან, რომელიც რთულად მისადგომია მოსახლეობისათვის და საერთო სურათს დადებენ.

 

 

მეორე სახეობა, რომლის ბუნებრივი და ეკოლოგიური მდგომარეობა სპეციალისტებმა შეაფასეს, ხარიშუბლაა. ისევე როგორც ძმერხლი, ხარიშუბლაც მაღალი ეკონომიკური ღირებულებისაა. მცენარეს ნედლეულად სამედიცინო სფეროში იყენებენ. საკვლევი არეალი ხულო-შუახევი იყო.

 

 

„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შესწავლილ არეალში მცენარე გავრცელებულია ერთეული სახით და მისი მოპოვება დაუშვებელია. ასეთი 13 უბანია ხულოსა და შუახევში. ჩვენი შეფასებით სატყეო უბნები ორ კატეგორიად იყოფა: რიგ ადგილებში ხარიშუბლას მოპოვება სამ წლამდე დაუშვებელია, რიგ ადგილებში კი –  პოპულაციის აღდგენამდე მისი შემდგომ ბუნებაში შენარჩუნების მიზნით,“ –  ამბობს იზოლდა აბულაძე.

 

 

სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები საქართველოს  გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს და სატყეო სააგენტოს გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის. როგორც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე აცხადებს, შესწავლილ უბნებზე გაიზრდება მონიტორინგი, რომ მოსახლეობამ ძმერხლი და ხარიშუბლა არ  მოიპოვოს.

 

 

მიუხედავად ბიომრავალფეროვნების დაცვის განყოფილების რეკომენდაციისა,  ძმერხლის ამჟამად შეუფერხებლად მოიპოვებენ. რაც შეეხება ხარიშუბლას, მცენარე ნედლეულად აგვისტოდან არის ვარგისი. მიიღებს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას და აიკრძალება თუ  არა ამ ორი სახეობის მოპოვება, ჯერჯერობით უცნობია. 

ქალის მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობის მიზეზები – ნიმფომანია

მუდმივი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა, ეროტიკული ფანტაზიები, გამუდმებით ახალი პარტნიორების ძიება, ტენდენცია აგრესიულობისკენ, აქედან გამომდინარე სექსუალური ქცევის დარღვევა და ხშირი შემთხვევითი სქესობრივი კონტაქტები – ეს ნიმფომანიაა (ნიმფო – პატარძალი, მანია – ლტოლვა, სიგიჟე), პათოლოგიური ჰიპერსექსუალურობის ერთ-ერთი სახე ქალებში, რომელიც სხვადასხვა პარტნიორთან სხვადასხვა სახის სქესობრივი ურთიერთობებისადმი იმპულსურ, არაკონტროლირებად, ობსესიურ ლტოლვაში ვლინდება.

ნიმფომანიის მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა ენდოკრინული, ნევროლოგიური, ორგანული და ფსიქიკური დარღვევები იყოს. ყველაზე ხშირად ნიმფომანიის მიზეზი ფსიქიკური დარღვევებია – მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, ფსიქოპათიები, შიზოფრენია, ისტერია, ფრიგიდულობა. ნიმფომანია შეიძლება ქალზე სექსუალური ძალადობის შედეგად, ან საპირისპიროდ – ბავშვობაში სექსუალობასთან დაკავშირებული ქცევების მკაცრმა აკრძალვამაც გამოიწვიოს.

ასაკიდან გამომდინარე ორი სახის ნიმფომანიას განასხვავებენ – ნიმფომანია ახალგაზრდა ქალებში და კლიმაქტერული ნიმფომანია.

ახალგაზრდა ქალები ნიმფომანიის სიმპტომებით ხშირად არ თვლიან თავს ავადმყოფებად, ისინი მიიჩნევენ, რომ ტემპერამენტულები არიან და მომატებულ ლიბიდოს ქალურ ღირსებას აწერენ. ქალები მხოლოდ იმ შემთხვევაში მიმართავენ ექიმს, როდესაც მომატებული ლიბიდო საგანგაშო ხდება, როდესაც ჰიპერსექსუალურობა ცოდვად ან გარყვნილებად მიიჩნევა.

კლიმაქტერული ნიმფომანია აღენიშნებათ ქალებს კლიმაქსის დადგომისთანავე ან პოსტკლიმაქტერულ პერიოდში და მისი ძირითადი მიზეზი ჰორმონალური დისბალანსია. გარდა ამისა, კლიმაქტერულ ნიმფომანიას ხშირად თან ერთვის შიზოფრენია და ფსიქოპათიები.

არის ასევე მდგომარეობები, რომლებიც ახლოს არის ნიმფომანიასთან, მაგალითად, ქალს შეიძლება ჰყავდეს რამდენიმე პარტნიორი არა სექსუალური მოტივებით, არამედ არასრულფასოვნების კომპლექსის გამო, როდესაც ის არ არის დარწმუნებული საკუთარ ქალურობასა და სილამაზეში.

მკურნალობის ჩატარების აუცილებლობა დამოკიდებულია იმაზე თუ, როგორ აღიქვამს ადამიანი საკუთარ ჰიპერსექსუალურობას. ზოგ ქალს მოსწონს მომატებული ლიბიდოს და პერმანენტული სქესობრივი ლტოლვის შეგრძნება, ამას დადებითად აღიქვამს და ამიტომაც რთულდება საზღვრის გავლება ნორმასა და პათოლოგიას შორის. იმ შემთხვევაში თუ გვაქვს ზემოხსენებული სიმპტომები და ობიექტი ვერ უწვეს კონტროლს საკუთარ სურვილებს, რაც მას პრობლემას უქმნის სამსახურში, პირად ცხოვრებაში და ეს სიტუაცია მის მიერ აღიქმება საგანგაშოდ, მან აუცილებლად უნდა მიმართოს კონსულტაციისთვის ფსიქოთერაპევტს ან/და სექსოლოგს.

საერთაშორისო კონფერენცია ხელოვნების უნივერსიტეტში

 

“საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მნიშვნელოვანი მოვლენაა არა მხოლოდ უნივერსიტეტის, ბათუმის ისტორიაშიც, ვინაიდან დღემდე, ბათუმში გამართულ ყველა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე ხელოვნება წარმოდგენილი იყო სექციის სახით, მაგრამ დამოუკიდებლად იგი  მხოლოდ წელს იმართება ხელოვნების უნივერსიტეტში,” – ნათქვამია ოფიციალურ რელიზში.

 

 

 

 

მწერდამჭერი ხაფანგები აჭარის ტყეებში

 

„მავნებლებთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის,“ – აცხადებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე. მისივე თქმით, აჭარაში, წიწვოვან მცენარეებში გავრცელებული მავნებელი მბეჭდავი ქერქიჭამია და კენწეროს ქერქიჭამიაა.

 

 

„მბეჭდავი ქერქიჭამია წლების განმავლობაში აზიანებს წიწვოვნებს. მას პერიოდულად ებრძვიან. ალბათ კლიმატის ცვლილების ბრალიც არის, რომ მოიმატა რაოდენობამ. შესაძლებელი იყო ქიმიური შეწამვლის მეთოდის გამოყენებით მავნებლის განადგურება, მაგრამ  ჩვენ ვცდილობთ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს, ამიტომ გამოვიყენებთ მექანიკურ მეთოდს. მწერდამჭერი ხაფანგები შევისყიდეთ და მალე განვათავსებთ  დაავადებულ მონაკვეთებში,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

მისივე თქმით, გარდა ზემოჩამოთვლილი მავნებლებისა, ნაძვს სხვა მავნებელი –  ნაძვის დიდი ლაფანჭამია აზიანებს. მწერდამჭერი ხაფანგი ამ მავნებელს ვერ ერევა. სწორედ ამიტომ დაავადებასთან საბრძოლველად ბუნებრივი მტერი უნდა  გამოიყვანონ.

 

 

„თუ გახსოვთ ბორჯომში გახმა ტყეები. იმ პერიოდში ჩვენთანაც იყო, ჩატარდა მაშინ ღონისძიებები, მაგრამ ახლა ისევ გააქტიურდა. მავნებლების წინააღმდეგ ჩვენი ძალებით უნდა გამოვიყვანოთ ბიოლოგიური მტერი, რომელსაც ჩავასახლებთ და  შემდგომ უკვე თვითონ შეებრძოლება და გაანადგურებს დაავადებას,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

6 ათასი მწერდამჭერი ხაფანგი ქობულეთში, ხულოსა და შუახევში გადანაწილდება. მავნებლები ძირითადად ნაძვსა და სოჭს აზიანებენ. მწერდამჭერი ხაფანგებისთვის ჯამში 230 ათასამდე ლარი დაიხარჯება. კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება  აღნიშნული ღონისძიებები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე პასუხობს: „თურქეთის გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხერხმა გაამართლა. იქ ეს პრობლემა მოგვარდა ფაქტობრივად. ყველა კონსულტაციის შედეგად, რაც გავიარეთ, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი გამოგვეყენებინა“.

 

 

გარდა წიწვოვანი მცენარეებისა ტყის მავნებლებთან ბრძოლას ფოთლოვან მცენარეებშიც აპირებენ. თუმცა ამისათვის ჯერ სათანადო კვლევა უნდა ჩატარდეს. სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამმართველოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ფოთლოვან სახეობებში სრული მონიტორინგი განხორციელდება. შედეგები კი მოგვიანებით დაიწყება.

 

 

„წელს  შეიქმნა მავნებლებთან ბრძოლის სამსახური აჭარის სატყეო სააგენტოში.  ასევე მათთვის ქედის ტერიტორიაზე მოეწყო სამუშაო ოფისი, რომელსაც ბევრი დანიშნულება ექნება. ალბათ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იქნება მონიტორინგი და კვლევა დაავადებული უბნების, დაავადებებისა და მავნებლების  იდენტიფიცირება,“- განაცხადა ვახტანგ წულაძემ.

 

 

ფოთლოვანი მცენარეებიდან ყველაზე პრობლემური წაბლია. საქართველოს ტყეებში წაბლი დაავადებულია. მცენარეს ე.წ. წაბლის კიბო სჭირს, დაავადება ჯერ ქერქს აზიანებს, მოგვიანებით კი ხეს ნიადაგიდან კვების საშუალებას უბლოკავს, რაც საბოლოოდ ხის გახმობას იწვევს. 

 

 

აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ  წაბლის დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი სანიტარული ჭრაა. 

 

 

„სანიტარულ  ჭრას ვატარებთ იმისთვის, რომ კერები შემცირდეს. უფრო ეფექტური წამალი არცაა გამოგონილი,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი: „საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა გამოწვეული იყო ე.წ. „მელნისებრი ავადმყოფობით“. დღეისათვის დადგენილია ხმობის გამომწვევი სოკო. მეცნიერთა რეკომენდაციებით, დღეისათვის ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მხოლოდ სანიტარული ჭრა მიიჩნევა“.

 

ინიციატივა შშმ პირთა მშობლების საპენსიო ასაკის შემცირებაზე

 

ორი ორგანიზაცია – „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის“ და „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია „მეჯლისი“ ითხოვს კანონში ცვლილების შეტანას, რომელიც შშმ პირთა მშობლების საპენსიო ასაკს ქალებისთვის 50 წლით, ხოლო კაცებისთვის 55 წლით განსაზღვრავს.

 

„ამით მხარს დავუჭერთ იმ ოჯახებს, რომელთაც ჰყავთ შშმ პირები. ისინი უფრო მეტად წარმოჩინდებიან საზოგადოების წინაშე, უფრო მეტად გავუწევთ მატერიალურ  და მორალურ დახმარებას“, – განაცხადა „ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია მეჯლისის“ მმართველმა ირმა ჩხაიძემ.

 

დღესდღეობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობლების, ისე როგორც სხვა დანარჩენების, საპენსიო ასაკი 65 წელია.

 

„მსგავსი ინიციატივა ჯერ არ გაჟღერებულა და თუ ჩვენ წინადადებას მიიღებს ზემდგომი ორგანოები, გარდა იმისა, რომ გაუმჯობესდება ამ ოჯახების სოციალური მდგომარეობა, გვეცოდინება იმ ადამიანების სტატისტიკა, ვისაც ჰყავთ შშმ პირი შვილები. ჩვენ ვიცით, რომ ზოგიერთი ოჯახი მალავს, რომ ჰყავს შშმ პირი“, – ამბობს შშმ პირთა უფლებებისათვის თავმჯდომარემ თამაზ მჟავანაძემ.

 

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მშობლების საპენსიო ასაკის დაწევის თაობაზე ორგანიზაციები დღესვე აპირებენ ერთობლივი წერილობით მიმართონ აჭარის უმაღლეს საბჭოსა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებს.

სამოქალაქო სამართალი – პრობლემა, რომელსაც უნივერსიტეტი ვერ აგვარებს

 

მეოთხე კურსის სტუდენტი თამაზ მჟავანაძე ამბობს, რომ სწავლის გასაგრძელებლად  წასვლა თბილისში მოუწევს, რადგან მას არც საჯარო სამართლის და არც სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის გაგრძელება არ სურს: „მოწვეული პროფესორით მაგისტრატურა ვერ იმუშავებს, ეს პრობლემაც ამიტომ დგას. ჩემი პროფილი სამოქალაქო მიმართულებაა, სისხლის სამართალი როგორ ავირჩიო?! ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. ჩვენი სტუდენტების უმეტესობა ვერ იხდის საბაკალავრო გადასახადს, ამ სტუდენტებს სხვა ქალაქში სასწავლებლად გადასვლა დამატებით დიდ ხარჯებს გაუჩენს, ჩემთვისაც რთული იქნება, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით. ამ პრობლემის გამო დასაქმების ბაზარზე სერიოზული ხარვეზები იქმნება“.

 

 

ადამ მახარაძე, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პრობლემის მიზეზად ადამიანური რესურსის ნაკლებობას ასახელებს: „ამ მიმართულებაში ჩვენ გვყავს მხოლოდ სპეციალისტი, რომელსაც ხარისხი აქვს დაცული _ ბაკურ ლილუაშვილი და ერთი დოქტორანტი, რომელიც ამჟამად არის ასისტენტ პროფესორი. საბაკალავრო პროგრამის განხორციელებისთვის ეს ორი ადამიანი არანაირი თვალსაზრისით არ არის საკმარისი. ორი წლის წინ, როცა აკრედიტაციას გადიოდა სამართლის პროგრამა, ჩვენ ამ პრობლემის გამო ვერ წარვადგინეთ“.

 

 

საგანმანათლებლო პროგრამა ნებისმიერ საფეხურზე უნდა აკმაყოფილებდეს ხუთ ძირითად სტანდარტს, რომელსაც განსაზღვრავს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „პირველია სწავლების რესურსი, სადაც იგულისხმება ინფრასტრუქტურა და აკადემიური რესურსი, მეორე – სწავლის მეთოდოლოგია და ორგანიზება, მესამე – საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და სწავლის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობები. ასეთი პრინციპია, დაგეგმე, გააკეთე, შეამოწმე და განავითარე. რომელიმე პრინციპი თუ ირღვევა, პროგრამა ვერ განხორციელდება, სამართალთან მიმართებაში კი არსებობს დამატებითი კრიტერიუმები დარგობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მერაბ ხალვაში.

 

 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლამდე სამაგისტრო პროგრამა სამოქალაქო სამართალში აკრედიტებული იყო. როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის უნივერსიტეტს ჰქონდა გარკვეული პრობლემები: „ეს პრობლემები უმთავრესად რესურსებს ეხებოდა, საქმე გაგვირთულა იმან, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტიდან წავიდა ცნობილი პროფესორი ბესო ზოიძე, რომელიც სამოქალაქო მიმართულებით მუშაობდა“.

 

 

ბესო ზოიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, მისი მოწვევა ბათუმის უნივერსიტეტმა რამდენჯერმე სცადა: „ჯავახიშვილში ის სრული პროფესორია, პარალელურად ჩვენთან სრული დატვირთვით მუშაობას ვერ შეძლებს. საათების დაახლოებით სამოც პროცენტს უნდა იღებდეს აკადემიური პირი, დარჩენილ ორმოც პროცენტზე შესაძლებელია მოწვევა, ჩვენს დეპარტამენტში ასეც ხდება. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან გვქონდა მოლაპარაკება, რომ დაეშვათ გამონაკლისი ბატონი ბესო ზოიძისთვის და მისთვის მიეცათ უფლება პარალელურად ჩვენს უნივერსიტეტში არჩეულიყო პროფესორად, თუმცა თანხმობა ვერ მივიღეთ“, – ამბობს ადამ მახარაძე.

 

 

გამოყოფა: ადამ მახარაძე: „არაერთ სტუდენტს შევთავაზეთ, რომ შემდგომში დაცვა განეხორციელებინათ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. აქედან მიდიან და სამწუხაროდ აღარ ბრუნდებიან. ამჟამად ორი ბათუმელი დოქტორანტი მოღვაწეობს თბილისში. იმედი გვაქვს, ისინი მაინც დაბრუნდებიან“.

 

 

თამაზ მჟავანაძე სამომავლოდ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ის ხარისხის დაცვას სამოქალაქო სამართალში აპირებს. „მე მინდა აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ დავბრუნდე ამ უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსით“, – ამბობს თამაზი.

 

 

პროგრამა რომ განხორციელდეს, ამისათვის საჭიროა კონკურსის წესით აირჩეს აკადემიური პერსონალი: „სამოქალაქოს რესურსად ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის მიმართულებით არჩეული პროფესორი, შესაბამის დარგში უნდა ჰქონდეს აკადემიურ პირს კომპეტენცია“, – ამბობს მერაბ ხალვაში.

 

 

„ბათუმი საზღვრისპირა ქალაქია. აქ აქტიურად შემოდის თურქული ინვესტიცია, ბაზარზე კი არის სამოქალაქო სამართლის სპეციალისტების დეფიციტი. ამ მიზეზის გამო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება“, – ამბობს ადამ მახარაძე.

 

 

ადამ მახარაძის თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამას ყოველ წელს საშუალოდ 90 სტუდენტი ასრულებს. დაახლოებით 45 სტუდენტი სწავლას შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში აგრძელებს, აქედან 25 პროცენტი ირჩევს საჯარო სამართალს, 40 პროცენტი – სისხლის სამართალს, სხვებს კი სამოქალაქო სამართლის შესწავლის სურვილის მიუხედავად არჩევანის გაკეთება მაინც ამ ორი მიმართულებით უწევთ. 

 

 

ამ დროისათვის უცნობია, შეძლებს თუ არა პროგრამის მომზადებას მომდევნო აკრედიტაციამდე უნივერსიტეტი. ხელახალ აკრედიტაციას უნივერსიტეტი ამ მიმართულებით 2016 წელს გაივლის.  

ვაჟა ვერულიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მისი უფლებების დარღვევაზე

„სარეთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ 2014 წლის 22 მაისს გავრცელებულ კველავაში ნათქვამია, რომ ვაჟა ვერულიძე ფლობს 50%-იან წილს კომპანიაში შპს „აუდიტორული საკონსულტაციო და სასწავლო ცენტრი BDO ლიდერი“, ამავე კომოპანიის დარჩენილი 50%-ის  მფლობელი კი მისი მეუღლე ნანა ხინიკაძეა. 

კვლევაში ნათქვამია ისიც, რომ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ვაჟა ვერულიძის მეუღლე  ნანა ხინიკაძე 20% წილს ფლობს „თაობა XXI“-იც.

 

ინფორმაციას, რომ მეუღლესთან ერთად ფლობს კომპანიას ვაჟა ვერულიძეც ადასტურებს. ის ამბობს, რომ კომპანია დიდი ხნის წინაა დაარსებული და  არასდროს მიუღია ტენდერებში მონაწილეობა, შესაბამისად, ამ წილებიდან შემოსავალი არ მიუღია.  

ეს განმარტება ორგანიზაციის კვლევაშიცაა დაფიქსირებული. „ზემოთ მოცემულ კომპანიებს ელექტრონულ ტენდერებში მონაწილეობა არ მიუღიათ. მათთან არც გამარტივებული შესყიდვის შესახებ გაფორმებულა ხელშეკრულება“, – ნათქვამია  კვლევაში.

მიუხედავად ამ განმარტებისა,  ვაჟა ვერულიძე ამტკიცებს, რომ ორგანიზაციამ მისი იმ ადამიანებში მოხსენიებით, რომლებმაც თვითმმართველი ორგანიების მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგეს, მისი უფლებები დაირღვა.

„საერთაშორიოს გამჭვირვალობის მიერ  კვლევის პრეამბულაში, რომელიც ეხებოდა ბათუმის საკრებულოს წევრების ბიზნესინტერესებს, ნათქვამია, რომ  ბათუმის საკრებულოს ექვსი წევრი, მათ შორის დასახელებულია ჩემი გვარიც, იმ კომპანიების მეწილეები არიან, რომლებიც  ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რეგულარულად იმარჯვებდნენ. ამ ინფორმაციის ტელევიზიისა და პრესის საშუალებით გავრცელების  შემდეგ  კი,  ნებსით თუ უნებლიედ დაირღვა ჩემი უფლებები და საზოგადოება შეყვანილი იქნა შეცდომაში“, – აცხადებს ვაჟა ვერულიძე.

ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელის, მალხაზ ჭკადუას განმარტებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის დამოკიდებულება, რომ „არ უნდა ვყოფილიყავი მოხსიენიებული, რადგან მათ მოგებული აქვთ ტენდერი და ჩვენ არ გვაქვს ტენდერებში მონაწილეობა მიღებული, არის აბსოლუტურად გაუგებარი. ჩვენ პრემაბულაში, ანუ დათქმებში, რაც კვლევის შედეგად მივიღეთ, ვწერთ, რომ ამ ადამიანების კომპანიების ნაწილს აქვს მოგებული სახელმწიფო ტენდერები და ნაწილთან არის გამარტივებული შესყიდვები გაფორმებული. 

ჩვენს კვლევას ჰქვია საკრებულოს წევრებისა და მათი ოჯახის წევრების ბიზნეს ინტერესები. პრეამბულაში ცალ-ცალკე ვერ ჩაწერდით ვის აქვს გაფორმებული ხელშეკრულება და ვის არა, ამიტომაც ჩაშლილად მივაწოდეთ ინფორმაცია საზოგადოებას თუ რომელი პირი რა კომპანიას ფლობდა და ეს კომპანია რა ტენდერებში იღებდა მონაწილეობას.  

არგუმენტი, რომ ვაჟა ვერულიძის უფლებები შეილახა, ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია. ჩვენი კვლევა არანაირად არ იყო ორიენტირებული ვინმეს უფლების შელახვაზე.  ჩვენი მიზანი იყო საზოგადოების ინფორმირებულობა იმაზე, რომ რეალურად ადამიანები, რომლებიც არიან წარმომადგენლობით ორგანოში, აქვთ თუ არა სხვა ინტერესები გარდა იმისა, რომ მართონ ქალაქი. ჩვენ  აბსოლიტურად პასუხისმგებლები ვართ იმ ინფორმაციაზე, რაც გამოვაქვეყნეთ.“

„ჰილტონ ბათუმი“, რვაფეხა და ოფშორი

აპრილის ბოლოს ბათუმის საკრებულომ ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნებაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. ამ პროცესის წამოწყებიდან ორ კვირაში კი ბულვარის ტერიტორიიდან 5 000 კვ/მ მიწის ნაკვეთი, ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე, მისი გასხვისების მიზნით ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს  საკუთრებაში ისე გადასცა, ინვესტორის ვინაობით არ დაინტერესებულა. ამ საკითხის განხილვისას საკრებულოს სხდომაზე ძირითადად მოთხოვნილ ტერიტორიაზე განთავსებული კაფე „რვაფეხას“ შენობის ბედითა და გასხვისების პირობებით დაინტერესდნენ.

„პირდაპირი წესით საკუთრებაში გადაცემის მიზნით“, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ ჯერ კიდევ მშენებარე სასტუმრო „ჰილტონის“ მიმდებარედ არსებული ტერიტორიის საკუთრებაში გადაცემის თხოვნით ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს 2014 წლის პირველ აპრილს მიმართა. მინისტრმა ტერიტორიის საკუთრებაში დარეგისტრირების მოთხოვნა „ჰილტონის“ მენეჯმენტის შეთავაზებით დაასაბუთა:

„ჰილტონი დაინტერესებულია მოაწყოს მაღალი დონის საზოგადოებრივი დანიშნულების ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებასა და მომსახურების სფეროში ადგილობრივთა დასაქმებას“, – ნათქვამია მინისტრის წერილში.

ტერიტორიაზე, რომლის ათვისებითაც „ჰილტონის“ მენეჯმენტი დაინტერესდა, კაფე „რვაფეხას“ შენობაა განთავსებული, რომელიც დიდი ხანია უფუნქციოდაა. სწორედ ეს შენობა გახდა სამინისტროს მხრიდან პროექტის გადახედვის მიზეზი:

„კომპანიამ შემოგვთავაზა რვაფეხას სხვაგან გადავიტანთო. ეს შენობა ძეგლი არ არის, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ მის მიმართ საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია, კომპანიისგან ახალი პროექტის წარმოდგენა მოვითხოვეთ, იმის გათვალისწინებით, რომ რვაფეხა დარჩება და პირვანდელი ფუნქცია აღუდგება, ახლა ველოდებით ახალ პროექტს“ – განაცხადეს სამინისტროს პრესსამსახურში.

რა პირობით აპირებს აჭარის მთავრობა ზღვისპირა პარკის ტერიტორიაზე 5 ათასი კვ/მეტრი ტერიტორიის გასხვისებას, ამის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს: `„ტერიტორია, რომელიც გადავეცით, არის მოუწესრიგებელი. ისინი ამბობენ, რომ მოაწყობენ ტურისტულ ინფრასტრუქტურას. ბულვარის მერიის მართვაში დაბრუნების პერსპექტივა დროშია გაწერილი, ამიტომ ვფიქრობ, რომ საკრებულოს მხრიდან ეს გადაწყვეტილება იყო გონივრული. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის კომპანიის მფლობელი, ნამდვილად არ მახსოვს და არც არის აუცილებელი მახსოვდეს. ჩემთვის მთავარია ინვესტიცია და ის, რომ გადაიხდიან ქონების გადასახადს ბიუჯეტში“, – თქვა ირაკლი ჩავლეიშვილმა.

მინისტრ დავით ბალაძის განმარტებით, სამინისტრო ტერიტორიას არ ასხვისებს, განიხილება გრძელვადიანი იჯარის ფორმა, ხელშეკრულების დეტალებზე კი მას შემდეგ შეთანხმდებიან, რაც კომპანია სამინისტროს „რვაფეხას“ ადგილზე დარჩენის პირობით ახალ პროექტს წარუდგენს.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანია  სამინისტროს 9 მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის განხორციელებას, ორი საცურაო აუზის მოწყობასა და მცენარეებით გამწვანებული ხიდის მშენებლობას სთავაზობს.

„ტურინვესტის“ მიერ მოთხოვნილი ტერიტორია თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკუთრება იყო, თუმცა ის სიპი „ბათუმის ბულვარის„ შემადგენლობაშია, ბათუმის ბულვარი კი ძეგლის სტატუსის მატარებელია. ამიტომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობის წამოწყება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ნებართვას საჭიროებს.

სააგენტოს ხელმძღვანელის ბიძინა აფხაზავას ინფორმაციით, პროექტთან დაკავშირებით ჯერ სააგენტოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ.

„კომპანიის წარმომადგენელი იყო მოსული, გაგვესაუბრა. ჩვენ ვუთხარით, რომ მართალია ჯერ სტატუსი არ აქვს, მაგრამ რვაფეხა ჩვენთვის ძეგლია. ამიტომ მისი გადატანა გამორიცხულია. კი ბატონოო გვითხრა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ მოუმართავთ.“

„ჰილტონ ბათუმის“ მშენებელი კომპანია „ტურინვესტი“ რომელიც, ახალი პროექტის წამოწყების მიზნით ბათუმის ზღვისპირა პარკში ხუთი ათას კვ/მ ტერიტორიას ითხოვს, ობშორშია დარეგისტრირებული.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, კომპანია „ტურინვესტის“ 80% წილის მფლობელი შპს „HESTOK LIMITED“-ია. კომპანია დიდ ბრიტანეთშია დარეგისტრირებული, 20%-ის მფლობელი კი ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრიტებული კორპორაცია „ORIX INVESTORS CORP“-ია. დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიის მმართველობის ორგანოს რუსეთის მოქალაქეები ირინა ანტიპოვა და კლიმენტი ქასრაძე აკონტროლებენ, კომპანიის მმართველობის ორგანოს წევრია ლატვიის მოქალაქე ანდრეის მოროზოვიც.

2010 წელს „ტურინვესტის“ 100% წილის მფლობელი „HESTOK LIMITED“-ი იყო. ამ დროს კომპანიის დირექტორად კაიზერ ქასრაძე ფიქსირდება, 2012 წლის მეორე ნახევარში ის გიორგი აბაშიძემ ჩაანაცვლა.

2014 წლის „ტურინვესტის“ 20% წილი „ORIX INVESTORS CORP“-ზე 10 მილიონ  833 947 ლარად გასხვისდა.

გიორგი აბაშიძე ამჟამადაც კომპანიის დირექტორია, მან „ბათუმელებთან“ ახალ პროექტზე საუბარი არ ისურვა. „არის რაღაც დეტალები, რაზეც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, როცა შევთანხმდებით, დიდი სიამოვნებით ვისაუბრებ“, – განაცხადა აბაშიძემ.

„HESTOK LIMITED“-ს ბათუმში კიდევ ერთი კომპანია „ჰესტოკ ბათუმი“ აქვს დარეგისტრირებული. ამ კომპანიამ ბათუმში რამდენიმე პროექტი განახორციელა, მათ შორისაა ბათუმის საბაგირო.

ბათუმში პრემიერისთვის ემზადებიან

 

„მაკბეტი“ ორ მოქმედებად  შექსპირის მიხედვით თარგმნა ლილი ფოფხაძემ და რობერტ სტურუამ.
  

მხატვარი – გოგლა გოგიბერიძე
ქორეოგრაფი – კოტე ფურცელაძე
მუსიკალური გაფორმება – თენგიზ შამილაძე
რეჟისორის თანაშემწეები – თეონა ლორთქიფანიძე, ზვიად მურვანიძე

 

მონაწილეობენ:

მანუჩარ შერვაშიძე – (დანკანი, სიუარდი)
მამუკა მანჯგალაძე – (მელკოლმი)
ნიკა ძიძიგური – (დონალბეინი)
ზაალ გოგუაძე – (მაკბეტი)
დიმიტრი მელია – (ბენკო)
დავით ჯაყელი – (ლენოქსი)
ჯემალ ველიაძე – (როსი)
გიორგი ფირცხალაშვილი – (ანგუსი)
გოგიტა მეგრელიძე – (მენთესი)
ლაშა კონცელიძე – (ფლეანსი, მაკდაფის ვაჟი)
ლევან თედორაძე – (სეიტონი)
დავით წერეთელი – (ექიმი, სერჟანტი)
თათია თათარაშვილი – (ლედი მაკბეტი)
მეგი კობალაძე – (ლედი მაკდაფი)
ენვერ ჩაიძე – (მაესტრო)
ნოდარ იაკობაძე – (I მკვლელი)
ბერდია ინწკირველი – (II მკვლელი)
ტიტე კომახიძე –( I ალქაჯი)
ქეთი ეგუტიძე – (II ალქაჯი)
თეო შამილაძე – (III ალქაჯი)

 

ბილეთები იყიდება თეატრის სალაროში
სალარო – (0422) 27 31 90 ან 27 06 13
ფასი 15 ლარი

 

საჯარო სკოლების პირველ – მეოთხე კლასებში სწავლა მაისის ბოლომდე არ განახლდება

 

 

ბათუმში ვირუსული მენინგიტის 19 შემთხვევა დაფიქსირდა.  

 

„არსებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ დედაქალაქში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო. რეგიონებში კი, რაოდენობა არ გაზრდილა, თუმცა, კლებაც არ ფიქსირდება. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ რეგიონებში მდგომარეობის გართულება, ჯანდაცვის სამინისტრო გვაძლევს რეკომენდაციას, დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასის ჩათვლით), სწავლა 30 მაისის ჩათვლით შეწყდეს. აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე დღეს, საღამოს რესურცენტრების საშუალებით, ყველა სკოლას ეცნობება. რაც შეეხება, გაცდენილ საათებს, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შევა ცვლილება და გაცდენილი დრო ჩაითვლება საპატიოდ“- განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელის მარო ჩხაიძის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის ყველა საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში  ჩატარდა: 

 

„ყველგან ჩატარდა დეზინფექცია. შემთხვევათა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა, თუმცა ეს ამ სეზონისთვის დამახასიათებელია. ყველა საკარო სკოლაში, ასევე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები“.   

 

თუმცა, პრევენზიის მიზნით, დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი ჯერ არ განახლდება.

როგორ აღნიშნეს ქედაში დამოუკიდებლობის დღე

 

ტურნირში ქედის, ხულოს, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და ბათუმის რესურსცენტრების საჯარო სკოლების ნაკრები  გუნდები ასპარეზობდენ, გამოვლინდა გამარჯვებული.

 

პირველი ადგილი ქედის სკოლების ნაკრებმა გუნდმა მოიპოვა, მეორე-ქობულეთის, მესამე ადგილის მფლობელი კი ხელვაჩაურის გუნდი გახდა. ტურნირში მონაწილე სპორტსმენებს სიგელები დაურიგდათ, გამარჯვებულ გუნდს კი გარდამავალი თასი ერგო.

 

 

„ეს ტურნირი მუნიციპალიტეტების სკოლებს შორის ტარდებოდა, ჩვენი ორგანიზებით ტურნირს მაშტაბური სახე მივეცით და მუნიციპალიტეტის სკოლების ნაკრები გუნდები  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით წარმოვადგინეთ. ავთანდილ ბერიძე იყო მწვრთნელი და პედაგოგი, რომელმაც 1974-1975 წლებში, საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ჩატარებულ საკავშირო ჩენმპიონატში მახუნცეთის სკოლა მესამე ადგილზე გაიყვანა“ – აცხადებს ქედის რესურსცენტრის უფროსი დურმიშხან შავიშვილი.

 

ტურნირის პარალელურად, ქედაში, ღია ცის ქვეშ, გამარჯვების პარკში, კონცერტი მიმდინარეობდა. ქედის კულტურის ცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას ერთგვარი საქველმოქმედო დატვირთვაც ჰქონდათ, იქვე იდო შესაწირი ყუთი, სადაც დამსწრე საზოგადოება ქედის მკვიდრის ნანა გორგილაძის მკურნალობისთვის საჭირო თანხას აგროვებდა.

 

 

„დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ტრადიციულად მეხუთე წელია ღია ცის ქვეშ ვმართავთ, წელს ნანა გორგილაძის დასახმარებლად შესაწირი ყუთი განვათვსეთ, შემოსული თანხა კი მის მკურნალობას მოხმარდება“ – განაცხადა  ქედის კულტურის ცენტრის რეჟისორმა ლია მახარაძემ.

 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მოეწყო ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებშიც.

ევროპის მოედანზე გალა კონცერტისთვის ემზადებიან

 

 

მზადება გალა კონცერტისთვის

 

კონცერტის ბიუჯეტი 23 ათასი ლარია. კონცერტის ბოლოს, მონაწილეები საქართველოს ჰიმნს ერთად შეასრულებენ.  

 

 

კულტურული ღონისძიებები ბათუმის კულტურის ცენტრის ორგანიზებით ტარდება. ამჟამად კონცერტში მონაწილეები ევროპის მოედანზე რეპერტიციებს გადიან.

 

 

 საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი  მიძღვნილი ღონისძიებები,  საღამოს 7 საათზე  საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

 

 

დამოუკიდებლობის დღეს გამართული სპორტული შეჯიბრებები

 

 

 

ჩემპიონატს ორგანიზებას უწევდა საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია. ფედერაციის პრეზიდენტის მაკა გიორგობიანის ინფორმაციით, ჩემპიონატი გუშინ დაიწყო და მასში ბათუმის, თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის საციგურაო სკოლების 30 აღსაზრდელი მონაწილეობდა. პირველ ადგილზე გასულებს 300 ლარი, მეორეზე – 200, მესამე ადგილის მფლობელებს კი 100 ლარი გადასცეს საჩუქრად.

 

 

სპორტული შეჯიბრებები აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა, ხოლო საქართველოს ჩემპიონატი ფიგურულ სრიალში, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. ჩემპიონატს ორგანიზებას საქართველოს ფიგურული სრიალის ფედერაცია უწევდა.

 

 

ჩემი ევროპული დღიურები

 

                                                                                                                                                                              პირველი დღე გენტში

 

 

ჩემი პირველი დღე გენტში ნამდვილად არ ჰგავდა „საუკეთესო ხანის“ დასაწყისს. უიღბლობის სერია დაიწყო აეროპორტშივე, სადაც დაიკარგა ჩემი ბარგი და მხოლოდ მეორე დღეს მოვახერხე მისი დაბრუნება. სექტემბერში მზიანი ბათუმიდან წასულს იქ უკვე სიცივე და წვიმა დამხვდა. უცხო ქვეყანაში ჩასულმა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სად უნდა მეცხოვრა და საქირავებლად ბინას ქუჩა-ქუჩა ვეძებდი. ამ ყველაფერმა ძალიან დამრთგუნა და შემაშინა.

 

                                                                                                                                                     ჩვენი ინტერნაციონალური სახლი

 

 

 

გენტში ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ქალაქის ერთ-ერთი კარის ზარზე გაჩნდა წარწერა: „DEVADZE KETI“, რაც იმას აღნიშნავდა, რომ ამ კარის მიღმა უკვე ჩემი დროებითი „სამფლობელო“ იყო.

 

ჩვენს სტუდენტურ სახლში სულ ათი სტუდენტი ვცხოვრობდით, მათგან ხუთი ბელგიელი, ორი იტალიელი, ორი ქართველი და ერთიც ესპანელი. ჩვენს სახლში არასდროს იყო მოწყენილობა. ხშირად ვაწყობდით ნაციონალურ ვახშამს. გვქონდა ქართული და ევროპული კულინარიის დღეები. სახლის მეპატრონე იყო ბელგიელი არქიტექტორი, რომელსაც საოცრად ეშინოდა ხანძრის გაჩენის. ყველა ოთახში გვქონდა ცეცხლჩამქრობი, სირენები, ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადიოდა საავარიო კიბე, ტანსაცმლის კარადა გამომიცვალა იმის გამო, რომ ძველი კარადა ცეცხლსაშიში იყო. ერთხელ ცრუ განგაშიც კი მოგვიწყო და გვავარჯიშა, თუ როგორ უნდა მოგვეხდინა ასეთ დროს ევაკუაცია.

 

 

                                                          UGent –სხვაგვარი ფსიქოლოგია

 

 

 

ბელგიაში ყოფნის დროს ვსწავლობდი გენტის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედის. აქ სწავლისას ბევრი რამ ძალიან საინტერესო და უცნაურიც კი იყო ჩემთვის. მაგალითად, ის, რომ ლექციების ცხრილი არ იყო წინასწარ განსაზღვრული და ის დგებოდა კვირიდან კვირამდე, სტუდენტებთან შეთანხმებით. ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ იყო ძალიან კოლეგიალური, ისინი ჩვენ მოგვიხსენიებდნენ, როგორც თავიან კოლეგებს. ერთხელ ერთმა სტუდენტმა ჩვენს ლექტორს მიწერა, რომ გარკვეული მიზეზის გამო ვერ დაესწრებოდა ლექციას. ამის გამო ლექტორმა მისთვის სპეციალურად ჩაიწერა მთელი ლექცია და შემდეგ გაუგზავნა, რათა სტუდენტი არ ჩამორჩენოდა სასწავლო პროცესს და თანაბარ პირობებში ყოფილიყო ჩვენთან შედარებით. ლექციის მიმდინარეობის დროს ყურადღება არ ექცეოდა უმნიშვნელო დეტალებს. მაგალითად, შეგვეძლო გვეჭამა ან დაგველია რაიმე, გავსულიყავით გარეთ, როცა მოგვინდებოდა, შეგვეძლო მოგვეთხოვა შესვენება ან სასაუბრო თემის შეცვლა.

 

 

გენტის უნივერსიტეტში სწავლის დროს, როგორც მომავალმა ფსიქოლოგმა, ჩემი პატარა კვალი დავტოვე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ჩემი  ორი ნაშრომი ორგანიზაცია SIHO -ს კვლევით მასალებში გამოქვეყნდა, რასაც მომავალში ამ უნივერსიტეტში სწავლისას სხვა სტუდენტები გამოიყენებენ სასწავლო მასალებად.

 

 

 

იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში

 

 

 

გენტი ნამდვილად არის ის ქალაქი, რომელიც თავს ადვილად შეგაყვარებს. ცოტა დრო დამჭირდა იმისათვის, რომ თავი მეგრძნო ისე, როგორც საკუთარ სახლში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ შუა საუკუნეების არქიტექტურა, მდინარეებითა და არხებით დაკლაკნილი ვიწრო ქუჩები, ჰაერში მოტრიალე შოკოლადისა და ვაფლის სუნი, უამრავი ველოსიპედი და ლუდის ბარი? – სწორედ ასეთია გენტი. პირველი, რამაც აქ გამაოცა, იყო ველოსიპედების სიმრავლე, ეს არის აქ გადაადგილების ძირითადი საშუალება. ველოსიპედით დადის ყველა: მოხუცი, ახალგაზრდა, პატარა ბავშვი, ზოგი შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, ზოგი კაბით და მაღალი ქუსლებით.

 

 

 

მთავარი ატრიბუტი: ზურგჩანთა და პასპორტი

 

ერთი რამ, რაც, ალბათ, მსოფლიოს ყველა ერასმუსელს აერთიანებს, არის მოგზაურობის მანია. ერასმუსის დროს შემოსავლის, ამინდისა თუ ნებისმიერი სხვა გარემოების მიუხედავად მოგზაურობა არასდროს არის უადგილო და არასასურველი.

 

 

ჩემი ევროტური ბელგიის ქალაქების მონახულებით დაიწყო. მოვინახულე ბრიუგე, ულამაზესი ქალაქი, რომელსაც ჩრდილოეთის ვენეციას უწოდებენ. მისი ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ანტვერპენი, რომელიც ბელგიის ფლანდრიული რეგიონის დედაქალაქად იწოდება. მისი საზღვაო პორტი მსოფლიოში ათ უდიდეს პორტს შორის მოიხსენიება. ლიგე – სადაც დავესწარი  ყოველწლიური სინათლის ფესტივალს. ჩემი პირველი ტურისტული იმედგაცრუება ბრიუსელის ნახვის დროს იყო. ბელგიის უფრო პატარა ქალაქებისგან განსხვავებით ის არც ისე ლამაზი აღმოჩნდა, გადატვირთული მოძრაობა და უწესრიგობა ქუჩებში – არ ტოვებდა ტურისტისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებას. დიდი ინტერესით ველოდი ცნობილი ბატარა ბიჭის ქანდაკების Manneken-Pis -ნახვას, რომელიც მსოფლიოში არის ცნობილი და ბრიუსელის ერთგვარ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს. როდესაც საბოლოოდ მივუახლოვდი ამ ქანდაკებას, სასაცილო სურათს წავაწყდი. ეს იყო ძალიან პატარა ქანდაკება, ძლივს შესამჩნევი, რომელიც ქოლგით და საწვიმარი ქურთუკით იყო შემოსილი. რთული დასაჯერებელი იყო, რომ ეს ნამდვილად იყო  ბრიუსელელი ბიჭუნას ის ცნობილი ქანდაკება.

შემდეგ იყო ბუდაპეშტი, რომელსაც უკვე მერამდენედ ვსტუმრობ და მაინც ახერხებს ყოველ ჩასვლაზე ჩემ გაოცებას. პრაღა, თავისი იდუმალი ჩარლს ბრიჯით. მიუნხენი, საოცარი ქუჩის მუსიკოსებით, BMW-ს მუზეუმით. ღამის ზალსბურგი და ლუდვიგ II-ს ჯადოსნური სასახლე ნოიშვანშტაინში. უდიდესი და ულამაზესი საშობაო ბაზრობა კიოლნში. საშობაო არდადეგებზე კი ჩემმა ოჯახმა გამიკეთა საჩუქარი და მესტუმრა გენტში. ახალ წელს შევხვდით საოცნებო პარიზში, ტრიუმფალური თაღის ქვეშ. პარიზი არასდროს ყოფილა ჩემი ოცნების ქალაქი, თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად არ ვოცნებობდი მასზე.

 

 

ყველაზე საინტერესო მოგზაურობა იყო ამსტერდამში – ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს. ვესტუმრეთ სახლს, სადაც ანა ფრანკი იმალებოდა ოჯახთან ერთად ებრაელთა დევნის დროს და სადაც იქმნებოდა მისი ცნობილი დღიურები. გავიცანი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ცნობილი ადამიანები მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში. ვნახე ლეგენდარული „წითელი ფარნების ქუჩა“ და მსოფლიოში უდიდესი ყვავილების ბაზარი.

 

 

Welcome ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

 

ერასმუსის მოგონებები მით უფრო შთამბეჭდავია, რაც მეტ ახალ ადამიანს იცნობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩემს ინტერნაციონალურ მეგობრებთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო ასპექტი ერთმანეთისთვის კულტურისა და ტრადიციების გაცვლა იყო. ჩემი მეგობრები ხშირად ინტერესდებოდნენ საქართველოთი, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. ერთი ბელგიელი გოგო გაოცებული აზუსტებდა ჩემთან ინფორმაციას ტელევიზორში ნანახი სიუჟეტის შესახებ, სადაც ამბობდნენ, რომ ქართველებს „შეუძლიათ” საუზმეზეც კი დალიონ ალკოჰოლური სასმელი. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, თუ როგორ შეიძლება ერთი მარტივი სიტყვის –  „Welcome“- ის ქართული თარგმანი იყოს მთელი წინადადება: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.

 

 

გენტში ყოფნის დროს ვუყურეთ ქართულ ფილმს: „გრძელი ნათელი დღეები“, სადაც გოგონას იტაცებენ ცოლად მოყვანის მიზნით. ჩემი მეგობრები ვერაფრით მიხვდნენ, თუ რატომ იტაცებენ ამ გოგოს და მერე ყველა რატომ სვამს და აღნიშნავს ამ ამბავს. თან ეს გოგოც რატომ არის ამით ასეთი გახარებული.

 

 

ჩემს ბარსელონელ მეგობარს ისე მოეწონა ქართული დამწერლობა, რომ აპირებს ტატუ გაიკეთოს ქართული ასოებით, ფიქრობს, რომ ეს ძალიან ეგზოტიკური იქნება. 

 

 

ჩემი ევროპული დღიურების დასასრულს მინდა გავიხსენო ის ყველაზე ძლიერი და სუნთქვისშემკვრელი შეგრძნება, რომელსაც არც ახალი შთაბეჭდილებები, არც ევროპული თავისუფლების განცდა და არც მოგზაურობით მიღებული სიამოვნება შეედრება. ეს არის შეგრძნება, როდესაც ბრუნდები შინ! 

ბათუმის მერია სკვერის რეაბილიტაციას იწყებს

 

 

 

სატენდერო პირობების მიხედვით, სკვერში ხუთი სანიაღვრე ჭა უნდა გაკეთდეს. ბარათაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების მხრიდან, სკვერი ბაზალტის ბორდირებით შემოიღობება. ბორდიურები სკვერის შიგნითაც დამონტაჟდება. სავალი ნაწილი კი ფერადი დეკორატიული ფილებით უნდა დაიფაროს (მთლიანობაში 1504კვ.მ). დაზიანებულ მწვანე საფარზე გათვალისწინებულია კორდის დაგება. სკვერში უნდა განთავსდეს 15 სკამი და ამდენივე დეკორატიული სანაგვე ურნაც.

 

 

როგორც კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნუგზარ შერვაშიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, სკვერში არსებული შადრევანი დაიშლება, რომელიც რამდენიმე წელია უფუნქციოდაა და მის ნაცვლად ახალი შადრევანი აიგება: „შადრევანი იქნება სადა. გარედან გრანიტის ფილებით მოპირკეთდება, შიგნით კი მოზაიკა გაკეთდება“.

 

 

სატენდერო პირობების მიხედვით, უნდა შეკეთდეს და შეიღებოს სკვერში არსებული განათების ბოძებიც. რაც შეეხება საბავშვო ატრაქციონებს, მათ წელს არ გაანახლებენ. „ატრაქციონების პროგრამა წელს არ არის, შარშან კი არ განახლებულა“, _ ამბობს ნუგზარ შერვაშიძე.

 

 

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სკვერში არ არის ვიდეოთვალი. როგორც ნუგზარ შერვაშიძე ამბობს, ვიდეოთვალების განთავსება შს სამინისტროს – პრეროგატივაა. „თუმცა არც ჩვენ მიგვიმართავს მათთვის“,- აცხადებს ის.

 

 

სკვერში არსებული ინფრასტრუქტურა ხშირად ზიანდება. სკამებზე ხშირად სძინავთ მთვრალებს. არის შემთხვევები, როცა სკვერში უნებართვოდ ანთებენ კოცონსაც.

 

 

ნუგზარ შერვაშიძის თქმით, ინფრასტრუქტურას ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს _ „სხვა დეტალები კი შს სამინისტროს შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა“.  

 

 

მერიამ ტექნიკურ სამუშაოებზე ტენდერი 2 მაისს გამოაცხადა. პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

 

 

 

გზა საიადან „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატობამდე

 

 

ბატონო ზურა, როგორც ვიცი, თქვენ მეორე იურისტი ხართ კახა კუკავას პარტიიდან, რომელიც ბათუმის მაჟორიტარად იყრით კენჭს. რა შანსი გაქვთ?

 

ეს არის ძალიან ლოკალური არჩევნები. ჩემი მაჟორიტარად წარდგენა ხდება კონკრეტულ, ვიწრო უბანში. საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს ჩემს უბანში, რადგან საიაში მუშაობის პერიოდში ბევრი მოქალაქე მიმიღია და გამიწევია სამართლებრივი კონსულტაცია. მაჟორიტარი კი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საზოგადოების ინტერესებზე. მრავალრიცხოვანი  დაპირების გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცებულია და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს მოქალაქეთა სასარგებლოდ რაიმეს გადაწყვეტას, თუმცა ის, თუ ვინ არის დეპუტატი მათ ოლქში, ეს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა ჩემ შემთხვევაში. ჩემი ტელეფონი ექნება თითოეულ ჩემს ამომრჩეველს და შეეძლებათ დამირეკონ არა მარტო ეზოს მოწყობის, არამედ სხვა საკითხებზეც.  

 

 

ამომრჩევლის გზავნილები როგორია, ხომ არ ცდება  მაჟორიტარის შესაძლებლობების ფარგლებს

 

 

ბათუმის უბნების პრობლემები თითქმის ერთი და იგივეა, თუმცა ჩემს უბანში არის შიდა ეზოების პრობლემა, გზების მოუწესრიგებლობა, არ აქვთ გასართობი ადგილები ბავშვებისთვის და ა.შ. მე ვიქნები საკრებულოში ყველა ამ საკითხების ლობი. ბათუმში არ არის მუნიციპალური აუზის პრობლემაც, რადგან კერძო აუზები არ არის ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია ამხანაგობებთან ურთიერთობა და ისეთი საკითხები განხილვა, რომელიც ცალკეულ მობინადრეს შეიძლება აწუხებდეს.  

 

 

ბათუმის ბიუჯეტს თუ იცნობთ რამდენია, როგორ ფიქრობთ გაწვდება თქვენი პარტიის დაპირებებს?

 

 

ზოგადად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ სოციალური მიმართულებით უფრო მოქნილი უნდა იყოს.

 

 

რამდენია სოციალურ პროგრამების ბიუჯეტი და თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს უფრო მეტი?  

 

 

მართალი გითხრათ, ზუსტი ციფრი არ მაქვს, მაგრამ ვიცი ბიუჯეტს როგორ იღებდნენ. ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე იყო გათვლილი. ჯანდაცვის კუთხით მეტი მომსახურება უნდა მიიღოს მოქალაქემ. ზოგიერთ უბანში არის ტრანსპორტის პრობლემაც. 

 

 

თქვენ მოდიხართ საიადან. ვიცით, რომ კახა კუკავას პარტია, ისევე როგორც ნინო ბურჯანაძის, რომელთანაც პოლიტიკურ ბლოკში ხართ გაერთიანებული, პრორუსული რეპუტაციის პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული. ცნობილია ამ პოლიტიკური ძალების განწყობები ეთნიკურრელიგიურ და სექსუალური უმცირესობების მიმართ. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხებზე

 

 

ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მეზობლური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ეს არ ნიშნავს პრორუსულობას. თუ კუკავას   სადმე აქვს გაჟღერეებული – `არა ნატოს~, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპა. ევროპა ასოცირდება ადამიანის უფლებებთან, ცხოვრების სულ სხვა სტანდარტებთან. დამოუკიდებელ სასამართლოსთან და ბევრ დემოკრატიულ ღირებულებებთან. ჩვენი კურსი არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, მაგრამ არა ეროვნული ფასეულობების ხარჯზე.

 

 

რომელ ფასეულობებს გულისხმობთ?

 

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საკითხი…

 

 

ევროპული ფასეულობები ახსენეთ, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე რას ფიქრობთთქვენ რომ ყოფილიყავით პარლამენტში, დაუჭერდით მხარს?

 

 

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს აწესებს კონსტიტუცია. ადამიანის ღირსება, პატივი არის ხელშეუვალი და არ შეიძლება მისი დარღვევა რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური ფაქტორების გამო. მე რომ დეპუტატი ვყოფილიყავი, მხარს არ დავუჭერდი ამ კანონის მიღებას. ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, რომ პატივი სცეს ვიღაცის უფლებას და დავინახეთ კიდეც, რაც მოჰყვა ამას.   

გაზეთი „ბათუმელები“ 13 წლისაა

 

გაზეთ ბათუმელების ნიუსრუმი
გაზეთ ბათუმელების ნიუსრუმი

ამჟამად შპს „გაზეთი ბათუმელები“ გამოსცემს 24 გვერდიან ყოველკვირეულ გაზეთს,  აქვს ახალი ამბების ქართულენოვანი ნაციონალური ვებგვერდი www.netgazeti.ge, რომლის ოფისი თბილისში მდებარეობს და ლოკალური ახალი ამბების ვებგვერდი – www. batumelebi.ge.  ამავე დროს კომპანია არის ორგანიზატორი ბათუმში 2010 წელს დაარსებული პრესკაფისა,  რომელშიც „ბათუმელებმა“ განახორციელა ფინანსური ინვესტიცია.

 

 დაარსებიდან დღემდე არ შეცვლილან გაზეთის დამფუძნებლები და გამოცემის პოლიტიკა – „ბათუმელები“ დღემდე მწვავე სოციალური და პოლიტიკური საკითხების გაშუქებაზეა ორიენტირებული.  

 

netgazeti.ge-ს ნიუსრუმი თბილისში
netgazeti.ge-ს ნიუსრუმი თბილისში

სხვადასხვა დროს გაზეთმა მიიღო გერმანული ფონდ ცაიტის და ნორვეგიულ გამოხატვის თავისუფლების ფონდის პრემია „პრესის თავისუფლების პრიზი” და პრიზი ორგანიზაციისაგან „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” გაზეთში გამოქვეყნებული საგამოძიებო სტატიების გამო.

 

 

პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში. შოთა გუჯაბიძის ფოტო
პრესკაფე და სადისკუსიო კლუბი ბათუმში. შოთა გუჯაბიძის ფოტო

2014 წელს გაზეთმა გამოსცა პირველი წიგნი, „მოგზაურობა ძველ ბათუმში“, გაზეთ „ბათუმელებში“ სხვადასხვა დროს გამოქვეყნებული სტატიების და ფოტოებს კრებული ძველ ბათუმზე.

 

გაზეთ „ბათუმელების” გამოწერა  შეგიძლიათ როგორც ბათუმში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც.  გამოწერა შესაძლებელია  ტელეფონით: (0422) 27 99 12; ხელმომწერები გაზეთს მიიღებენ მათთვის სასურველ მისამართზე, სახლში/სამსახურში. ხელმოწერის წლიური ფასი: 50 ლარი.  ხელმომწერები ასევე საჩუქრად მიღებენ წიგნს „მოგზაურობა ძველ ბათუმში“.

 

ბათუმისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს

ოფიციალურ ცერემონიალს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჩავლეიშვილი, ბათუმის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში მურმან დუმბაძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე დაესწრნენ.  ოფიციალურმა პირებმა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან გადაინაცვლეს, სადაც ე.წ. „ბათუმის ქარტიაზე“ ხელმოწერის ცერემონიასაც დაესწრნენ

ბათუმში სანაპიროზე სამხედრო ტექნიკა გამოიფინა

სამხედრო აღჭურვილობის დათვალიერება 18:00 საათამდე გაგრძელდება. ტექნიკის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას ბავშვები და მოზარდები იჩენენ.

სამხედრო ტექნიკის გამოფენა ბათუმში

ბათუმში 26 მაისისთვის დაგეგმილი საზეიმო გახსნა გადაიდო

 

ღონისძიების გადადების მიზეზებს ბათუმის მერიაში ვერ აკონკრეტებენ.

ცვლილებები შევიდა დაგეგმილ პროგრამაში. 14:00 საათზე დაგეგმილი კამერული მუსიკის კონცერტიც აღარ გაიმართება. „ბერიკები“ კი ერას მოედნის ნაცვლად, მსვლელობებს ქალაქის სხვადასხვა უბნებში გამართავენ.

რამდენიმე წუთში კი საოცრებათა მოედანზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სამხედრო ტექნიკის გამოფენა უნდა გაიმართოს.

ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარედ კი ძველი და ახალი ბათუმის ფოტოების გამოფენა მიმდინარეობს. იქვე სკვერში,  „ბათუმის ქარტიის“ ხელმოწერის ცერემონიაც გაიმართება.

საქართველო ადრეულ ასაკში ქორწინების მაჩვენებლით მეორეა აღმოსავლეთ ევროპაში

 

 

არსებული სტატისტიკით, საქართველოში მცხოვრები ქალების 17% დაქორწინდა 18 წლის შესრულებამდე. ადრეული ქორწინების საკითხი გაშუქდა სახალხო დამცველის 2012 და 2013 წლების ანგარიშებში. ამ საკითხზე საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ მხარდაჭერით 2013 წელს ჩაატარა ადრეული ქორწინების შესახებ სიტუაციური ანალიზი, გამოიკვეთა პრობლემები და შემუშავდა რეკომენდაციები.

 

 

სახალხო დამცველის 2013 წლის ანგარიშის მონაცემებს, გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევის შედეგებსა და რეკომენდაციებს სახალხო დამცველის ოფისი წარადგენს შეხვედრაზე, რომელიც ხვალ გაიმართება თბილისში. შეხვედრა, რომლის სახელწოდებაც არის  – “ადრეული ქორწინების პრევენცია – გენდერული თანასწორობისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობისათვის” – გაუძღვება მანანა კობახიძე, საქართველოს პარლამეტის ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე.

 

 

სახალხო დაცველის ოფისის ცნობით, შეხვედრაზე გამომსვლელთა შორის არიან: უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი; ნილს სკოტი, საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი, რატი ბრეგაძე, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლელა ბაქრაძე, გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი.

 

 

 შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრის მიზანია ადრეული ქორწინების პრობლემით დაინტერესებულ უწყებათა დიალოგის ხელშეწყობა, პრობლემის არსის, მიზეზებისა და შედეგების წარმოჩენა და რეკომენდაციების შემუშავება სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრისათვის.

 

 

 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, ქორწინება დასაშვებია 18 წლის ასაკიდან. 16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დასაშვებია მშობლების ან მზრუნველის თანხმობით. ადრეული ქორწინებისას, 16 წლამდე ასაკში, ქორწინება არ რეგისტრირდება; საერთაშორისოდ მიღებული განმარტებების მიხედვით, ტერმინი ადრეული ქორწინება აღწერს ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან ჩვეულებითი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი 18 წელზე ნაკლებია . ადრეულ ქორწინებას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „იძულებით ქორწინებას”, ან „ბავშვთა ქორწინებას”, რადგან ბავშვებს, თავისი ასაკიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ მისცენ ქორწინებაზე თავისუფალი, წინასწარი და ინფორმირებული თანხმობა. ადრეული ქორწინება ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციის დარღვევაცაა (მუხლი 16 (2), სადაც განცხადებულია, რომ „დაქორწინება შესაძლებელია მხოლოდ ორივე მექორწინე მხარის თავისუფალი და სრული თანხმობისას”.

 

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება ფორმა №3 რეცეპტებთან დაკავშირებით

 

ოთხი თვის წინ, მინისტრის ბრძანების შესაბამისად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებებს დაევალათ, მეორე ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის ფორმა №3 რეცეპტის ბლანკზე გამოწერის პრაქტიკის ეტაპობრივი დანერგვის გეგმა-გრაფიკის შემუშავება და ჯანდაცვის სამინისტროსთვის წარმოდგენა, რაც ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფრომაციით, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ ზოგიერთ დაწესებულებას, დღემდე არ შეუსრულებია.

 

ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსი მარინა დარახველიძის მიერ მოწოდებლი ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებებმა გეგმა-გრაფიკი ელექტრონულად, სამინისტროს პორტალზე, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელთა პასპორტიზაციის მოდულში, სპეციალურად რეცეპტებისთვის გამოყოფილ ველში უნდა ატვირთონ, ხოლო სოფლის ექიმებმა საანგარიშგებო დოკუმენტაციასთან ერთად წარადგინონ იგი, სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის ფილიალებში.

 

იმ შემთხვევებში, თუ გეგმა-გრაფიკების ამ სახით წარდგენა ვერ ხერხდება, შესაძლოა გეგმა-გრაფიკი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მატერიალური სახით (ქაღალდის მატარებელზე), ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით (mlatsabidze@moh.gov.ge) წარადგინოთ. 

საჯარო დებატები ბათუმში: “ანტიდისკრიმინაციული კანონი თანასწორობის პოლიტიკისთვის”

 

დისკუსიაზე განხილული იქნება თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ორ მაისს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” კანონი, გახდეს ქმედითი პოლიტიკის საფუძველი საქართველოს მოქალაქეებს შორის რეალური თანასწორობის დამკვიდრებისთვის.

 

ძირითადი მომხსენებლები არიან: გენო გელაძე – დემოკრატიის ინსტიტუტის თავმჯდომარე; გიორგი გოცირიძე – იურისტი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და თამთა მიქელაძე – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის დირექტორი.

მოდერატორი – “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი ნატა იმედაიშვილი.

დისკუსიაზე დასწრება თავისუფალია.

მისამართი: ქ. ბათუმი, ფარნავაზ მეფის ქ. 62/64

თხილნარის მოსახლეობა ბავშვთა ბაღის გახსნას ითხოვს

 

სოფელ თხილნარში დაახლოებით სამასზე მეტი კომლი ცხოვრობს.

 

“თუ  სოფელში ახალი შენობის აგება არ მოხერხდება, სოფელში არსებობს რესურსი, რამდენიმე ძველი შენობის სახით, რომლის გარემონტების შემთხვევაში შეიძლება რომ ბავშვთა ბაღი სწორედ იქ განთავსდეს” – ამბობს უფლებათა დამცველი თამაზ ბაკურიძე.

 

მისი თქმით, თხილნარის მოსახლეობამ არაერთხელ მიმართა მთავრობას ამ მოთხოვნით, მაგრამ მათი მხრიდან საპასუხო რეაქცია დღემდე არ ყოფილა.

გიორგი ერმაკოვი ანტიდისკრიმინაციულ კანონზე: “ეს ცოტა ისეთი თემა არის ჩემთვის”

 

 

 

პროგრამის შესახებ ამბობს, რომ ძირითადად ქალაქში არსებული პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული : “პროგრამა სხვათაშორის არის ძალიან ლაკონური, ძალიან დახვეწილი და იქ არის ძირითადად იმ პრიორიტეტებზე გამახვილებული ყურადღება რაც ქალაქს სჭირდება” .

საზოგადოებრივი სექტორი აპირებს მემორანდუმის გაფორმებას ყველა მერობის კანდიდატთან , რომლის ძირითადი არსი არის, რომ ბულვარის იერსახე არ შეიცვალოს და არ მოხდეს უხეში ჩარევები, კითხვაზე მოაწერდა თუ არა ის ამ მემორანდუმს ხელს პასუხობს რომ კი : “აუცილებლად, ქალაქის განვითარების გეგმაში აუცილებლად უნდა არსებობდეს ტერიტორიები, რომლებიც ასე ვთქვათ, პირობითად უნდა იყოს ხელშეუხებელი. ხელშეუხებლობა არ ნიშნავს იმას რომ არ უნდა განვითარდეს.”

 

ბათუმის წყალი შესაძლოა აღარ იყოს მუნიციპალური დაქვემდებარების და ის გადაეცეს საქართველოს ხელისუფლებას. ერმაკოვის ინფორმაციით ეს დაკავშირებულია რამდენიმე უბნის წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან, რომლის საპროექტო სამუშაოებიც ბათუმის წყალთან და გერმანულ კომპანიასთან ერთად ხორციელდებოდა. ფასების დარეგულირების შესახებ ამბობს : “წყალთან დაკავშირებით ჩვენ ვსარგებლობთ იმ ფასებით რომელიც არის დადგენილი, მაგრამ პლიუს ამას ამ პროექტის ფარგლებში ჩვენ გვქონდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამრიცხველიანებას, რომელსაც ახორციელებს თვითონ მერია და არა მოსახლოების ხარჯზე. ფასი რაც შეეხება ელექტრო ენერგიის, წყლის და გაზის გადასახადი რეგულირდება ერთობლივად.”  

 

გიორგი ერმაკოვი თავის უეცარ გამოჩენას საჯარო სამსახურში შემდეგნაირად ხსნის : ” არის ადამიანები ვინც შენ გიცნობს, აფასებს შენს საქმიანობას და ეს შეხედულებები არაერთგვაროვანია საზოგადოებაში საერთოდ, როგორც საჯარო მოხელეების მიმართ, ასევე პოლიტიკოსების მიმართ” კითხვაზე მართლა განცხადების საფუძველზე მიიღეს ის თუ არა ის მერიაში პასუხობს : ” ამ გუნდმა, რომელიც მოვიდა ხელისუფლების სათავეში ჩათვალა რომ ჩემი რესურსის გამოყენება შესაძლებელი იყო და მე არაერთხელ გავუსვი ამას ხაზი, რომ ჯერ შინაგანად უნდა ვყოფილიყავი დარწმუნებული -შევძლებ კი მე ამას?! “

კითხვაზე მოაწერდა თუ არა ანტიდისკრიმინაციულ კანონს ხელს, ამბობს : “ეს ცოტა ისეთი თემა არის ჩემთვის, ცოტა სათუთი, მე ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი, ამიტომ მე ჩემი შეხედულება მაქვს ამასთან დაკავშირებით ვთვლი, რომ ყველა სარწმუნოების წარმომადგენელი და მეც როგორც ქრისტიანი უნდა ვიყოთ შემწყნარებელი უნდა ვიყოთ ტოლერანტი და რაც შეეხება კანონს, კანონი არის კანონი, მაგრამ გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან თვითონ კონსტიტუციით არის დაცული გარკვეული უფლებები ჩვენი მოქალაქეებისა და ეს არის უფლებები, ეს არი მოვალეობები, ეს რომ არ გავაგრძელოთ მე ერთ რამეს გეტყვით, ვარ ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი ქართველი კაცი და როგორც იურისტი გაგცემთ პასუხს რომ კანონი მიღებულია და კანონი არის კანონი”.

 

“რასაც ვერ ამბობ სიტყვებით, შეგიძლია თქვა როკით“

 

გიორგი ბერიძეს მუსიკალური ნიჭი ბებიამ შენიშნა და სტუდია “ნაკადულში” მიიყვანა. გიორგის მომავალს ნაკლებად უკავშირებდნენ როკს, თუმცა წლები გავიდა და გიორგი როკ შემსრულებელი გახდა: “ბავშვთა ოპერა “ტურანდოტში” მე და ჩემი ძმა ნიკო ერთად ვიყავით, ხშირად მუზიკლებში ვმონაწილეობდი. ვფიქრობ, კლასიკა ყველაზე დიდი მუსიკაა, კარგი სკოლა ყველა მუსიკოსისთვის, საბედნიეროდ, მე ეს სკოლა გამოვიარე. როცა კლასიკას ვმღეროდი, მაშინ როკს ვუსმენდი, თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ როკი მარტო კი არ უნდა მესმინა, უნდა მემღერა. როკში უფრო თავისუფლებას ვგრძნობ, მისი მეშვეობით ბევრი რამის თქმა შემიძლია, რაღაც მომენტში პროტესტსაც გამოვხატავ, უფრო ხშირად კი ჩემი მუსიკით ვეუბნები ყველას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა! როკი ჯანსაღი მუსიკაა, რასაც ვერ ამბობ სიტყვებით, შეგიძლია თქვა როკით.”

პირველი ნაბიჯები


პირველი ჯგუფი იყო “ჯეოპლანეტი”. იქედან მე, ნიკო და თეო ჩიტიშვილი ერთად წამოვედით. ნიკომ სოლო კარიერა მოიწყო იმ პერიოდში, მე კი ძალიან ბევრი ჯგუფი მყავდა. გვინდოდა გვეკეთებინა მუსიკა და ვიკრიბებოდით, კონკრეტული ჟანრი არ გვქონდა. ჯგუფის ყველა წევრი მეგობრები ვიყავით, ერთ ენაზე ვლაპარაკობდით, ერთნაირად ვფიქრობდით და ერთი მიზანი გვქონდა, ამით თან ვერთობოდით, თან ვვითარდებოდით. რაზეც ვმღერი, იმაზე ვფიქრობ ხოლმე. სცენაზეც ზუსტად ის ვარ, რაც ცხოვრებაში, ძირითადად ქავერებს (ცნობილი შემსრულებლების მუსიკას) ვასრულებ, თუმცა სულ მინდა, რომ მეც ვთქვა ამ უკვე ნამღერი სიმღერით რაღაც ახალი. მუსიკას თავადაც ვწერ, ოღონდ ჯერ არ არის გახმაურებული, ალბათ მალე აჟღერდება ჩემი სიმღერები დიდი მასშტაბებით. ჩემი მუსიკით უფრო ბევრის თქმას შევძლებ, საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მყოფნის, მსოფლიო მასშტაბით უნდა ვთქვა სათქმელი. 
ბენდი, სოლოკარიერა და პროექტები

სოლო კარიერის შექმნისთვის არ ვიბრძვი, მე ახლაც ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მყავდეს ბენდი, ეს დიდი ძალაა. კონკურს “მაგთიფანშიც” იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ პრიზი ბენდის შექმნა იყო. ფინალში მოვიგე კიდეც ბენდი, კონკურსანტებიდან უნდა ამერჩია ის, ვინც მინდოდა და ბენდი შემექმნა, სამწუხაროდ უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, რაც არ გამიმართლა, რაღაც პრობლემების გამო ჩვენ დავიშალეთ. თავად “მაგთი ფანი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსია საქართველოში, გემოვნებიანი პროექტია, ისეთი სიმღერები ჟღერდა, რაც არც ერთ პროექტში არ გაჟღერებულა, შემიძლია ვთქვა, ევროპის მასშტაბითაც კი. ახლა “X-ფაქტორში” ვმონაწილეობ. დიდი ყოყმანის შემდეგ მივედი,
კონკურსები არ მიყვარს, ალბათ მაზოხისტი ვარ. თუმცა კარგი შემადგენლობითაა პროექტი, კომფორტული გარემოა. ჩემი მოლოდინი უფრო შემოქმედებითია, პრიზები არ მაინტერესებს. კონკურენცია ძალიან დიდია, სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები ვართ, თუმცა გამარჯვებული პროექტს ერთი ჰყავს, ვფიქრობ, მე მაქვს შანსი, რომ გავიმარჯვო, ყველაზე ძლიერი კონკურსანტები ბათუმიდან ვართ.

ცხოვრების სტილი


მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ უნდა მოგზაურობდეს, ბუნებაში ყოფნა მჭირდება ჩემი თავისუფლების შესაგრძნებად, ცოტა ანარქიული ცხოვრება მიყვარს, ხშირად სიმშვიდეც მჭირდება. ბავშვობაში, როცა ოპერის მომღერალი ვიყავი, მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობაც გვიწევდა, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი კარგად, მერე მივხვდი, რომ მოგზაურობა ის არის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება. მინდა ვიმოგზაურო ტიბეტში, ალიასკაზე, მსგავსი ადგილები უფრო მხიბლავს, რატომღაც მგონია, რომ ჩემთან ახლოსაა. მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ბუდიზმი მიტაცებს, ბევრ რაღაცას ვსწავლობ ამ რელიგიით, ტიბეტში მოგზაურობა ვიცი, რომ ბევრს მომცემს, დაგეგმილი მოგზაურობები არ მომწონს, მოულოდნელი უფრო ასწორებს. ლაშქრობებში ხშირად დავდივარ, შარშან მეგობრებთან ერთად ველოსიპედით მოვიარეთ მაღალმთიანი აჭარა. სულ სხვა შეგრძნებაა, როცა ერთი ზურგჩანთით მოივლი აჭარის სოფლებს, თავისუფლების პიკია ჩემთვის ასეთი ლაშქრობები, ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ გგონია, რომ სადღაც შორს მიფრინავ, არავინ გაჩერებს. ტელეფონს თან არ ვატარებთ, აიპოდი მიგვაქვს საყვარელი ფლეილისტით, გზაში ყოველთვის ვუსმენ მუსიკას. ლაშქრობებზე ყოველთვისაა თავგადასავლები, ჯანსაღი სიგიჟეებით დატვირთული, ხშირად რაღაცას ვაშავებთ, მოკლედ, ძალიან მაგარია ჩვენი ლაშქრობები.

შეყვარებული გიორგი


შეყვარებული ვარ ერთ ძალიან კარგ გოგოზე. ბათუმელი არ არის. წერს, პოეტია. ვფიქრობ, ძალიან დიდი ადამიანია, მარტო შეყვარებული არ არის ჩემთვის, პირველ რიგში მეგობარია, უფრო ძმაკაცი. წელს, ზაფხულში, ლაშქრობაზე ერთად მივდივართ, ჩემი ადამიანია, ყველაფერში ვგრძნობ მის მხარდაჭერას.

ყოფის აუტანელი სიმსუბუქე

 

წარმოიდგინეთ, პრაღის ლამაზ ქუჩებში ტანკები მოხრიგინებს და ამ დროს ყველა პრაღელი გოგო ქუჩაში გამოდის უმოკლესი კაბით და პირდაპირ უდგება ტანკის ლულებს. სავსეა პრაღის ქუჩები ტანკების წინ მდგარი გრძელფეხება გოგოებით, რომლებმაც მოკლე კაბებით გამოხატეს თავიანთი პროტესტი მათ ქვეყანაზე ძალადობის წინააღმდეგ. თითქოს ჯარისკაცებს უთხრეს, რომ მათი არასდროს იქნებოდა ეს ქალაქი, ეს ფეხები, ეს თმა, ეს თვალები. ასეთები არიან პრაღელი გოგოები.

 

ასეთები არიან კუნდერას ქალები. პრაღელმა კაცებმა კი ქუჩის მაჩვენებლები გადააადგილეს, რომ ოკუპანტებს ცოტა
ხნით მაინც აბნეოდათ თავგზა. სხვა რა შეეძლოთ? ყველაფერი ისეთი ბანალური და ათასჯერ გამეორებული იყო: პატარა ქვეყანა და უზარმაზარი ბოროტების იმპერია, ტანკები და შიშველი ხელები. არაბანალური იყო მხოლოდ ადამიანების ისტორიები. ემიგრაციაში წასული ექიმები. მელანქოლიით გაგიჟებული კაცები. სიცოცხლისმოყვარული და რაღაცნაირად, ცოცხლად დამარხული კაცები.

კუნდერას კაცები. მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” უდიდესი წიგნია სიყვარულზე, უსიყვარულობაზე, პოლიტიკასა და ადამიანურ შიშებზე. ეს არ არის მხოლოდ ტერეზას და ტომაშის, ან ფრანცის და საბინას, ან საბინას და ტომაშის, ანდა პრაღის ოკუპაციის ამბავი. ეს არის რთული, ღრმად ფსიქოლოგიურფილოსოფიური წიგნი ურთიერთობებზე, ცხოვრებაზე, რწმენასა და სიყვარულზე. წიგნის არც ერთი გმირი ბედნიერი არ არის. უფრო სწორად, ყველა მათგანი თავისებურად უბედურია.

მაღაზია „წიგნები ბათუმში“. მისამართი: მემედ აბაშიძის #60,; ტელ: 22 84 44]

ვინ იასპარეზებს ევროპის ოლიმპიადაზე

 

ვალერია კიკვაძე

“ბათუმის საჩოგბურთო კომპლექსი” ექვსი მოედნით, “ბათუმის ჩოგბურთის კლუბის” კორტები ბულვარში რვა მოედნით და კორტები სასტუმრო “მარინაში“ ორი მოედნით – ამ კომპლექსებში ვარჯიშობენ აჭარაში ჩოგბურ-თელები და ჩოგბურთის მოყვარულები. 2015 წელს თბილისში “ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი `თბილისი 2015” ტარდება.

ოლიმპიური ფესტივალის – თვის ბათუმიდან ოთხი ჩოგბურთელი ემზადება: ვალერია კიკვიძე (2000 წლიანი), დიანა ცინცაძე (2001 წლიანი), ნიკა ჩხეიძე (2001 წლიანი) და ავთანდილ (ავთო) პაპუაშვილი (2001 წლიანი). ისინი სპორტულ კომპლექს “მარინას” ჩოგბურთის კორტებზე ვარჯიშობენ. ვალერიას, დიანასა და ავთანდილის მწვრთნელი გიორგი ტიკტოპულოა. ნიკა ჩხეიძეს კი მარტინ ხუმარიანი ავარჯიშებს. როგორც გიორგი ტიკტოპულო ამბობს, ახალგაზრდა სპორტსმენები ევროპის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შემდეგ იასპარეზებენ, ამიტომ ევროპის ოლიმპიადაზე ის მოხვდება, ვინც კარგად მოემზადება. „ნაკრები გუნდი – ორი გოგო ორი ბიჭი იანვარში ჩამოყალიბდა.
წინ კიდევ ცხრა თვე გვაქვს. ახლა იწყება შეჯიბრებები, როგორ ითამაშებენ იქიდან გამომდინარე, სექტემბერში უფრო გამოჩნდება მოხვდებიან თუ ვერა აჭარიდან ჩოგბურთელები საქართველოს ნაკრებში”, – ამბობს ტიკტოპულო. აღნიშნულ სპორტულ კორ ტებზე გარდა ნაკრებიოთხეულისა, კიდევ 30 აღსაზრდელი ვარჯიშობს. ნაკრები გუნდისთვის ვარჯიში უფასოა, მაგრამ მეტი შედეგის მისაღწევად ზოგი დამატებით ინდივიდუალურადაც ემზადება. „კვირაში ხუთჯერ ვვარჯიშობ საათ-ნახევარ ან ორ საათს. დამატებით ვემზადები კვირა- ში სამჯერ. ვაპირებ ვიყო ჩოგბურთელი და დიდ წარმატებას მივაღწიო. იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება”, – ამბობს ვალერია კიკვიძე. მან რამდენიმე კვირის წინ თბილისში გამართულ საქართველოს ჩოგბურთის განვითარების ღია პირველობაზე მეორე ადგილი მოიპოვა, აჭარის ღია პირველობაზე კი, რომელიც აპრილის ბოლოს ჩატარდა, ვალერია კიკვიძემ პირველი ადგილი დაიკავა. აჭარის ჩემპიონის ტიტული ბიჭებს შორის კი ნიკა ჩხეიძემ მოიპოვა.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის გამგეობის წევრი და აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ასათიანი, რომელსაც, მისი თქმით, ასევე ევალება აჭარაში, იმერეთში, კახეთსა და რუსთავში ჩოგბურთის განვითარება, ამბობს, რომ მზადაა სპორტსმენების მომზადებას ხელი შეუწყოს: “ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ოლიმპიურ მომზადებაში ხელი არ შეეშალოთ და ბავშვებმა გარკვეული შედეგი აჩვენონ. სამწუხაროდ, აღარ ტარდება გუნდური პირველობები და გარკვეულ წილად ერთადერთი, რითაც მე ვეხმარები ჩოგბურთელებს არის ის, რომ ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე ვარჯიშობენ ბულვარის კორტებზე, ასევე ვეხმარები ბურთებით. დიდ დახმარებას სწევს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციაც”.

50-წლიანი გამოცდილების მქონე ვლადიმერ ასა – თიანი წლების განმავლობაში აჭარაში ჩოგბურთის მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. ის ამბობს, რომ წარმატების მისაღწევად ჩოგბურთელმა მოედანზე ექვსი საათი მაინც უნდა ივარჯიშოს.
26 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით 12, 14 და 16 ასაკობრივ ჯგუფებში აქართველოს პირველობა ტარდება. მასში აჭარის ნაკრების რვა ჩოგბურთელი გაემგზავრება, მათ შორის იქნებიან ვალერია კიკვიძე, ნიკა ჩხეიძე, ავთანდილ პაპუაშვილი და დიანა ცინცაძეც. გიორგი ტიკტოპულოს თქმით, „ბავშვების მონდომება დიდია. მათ უნდათ მოგება. ვნახოთ, ეჯიბრებებზე რა შედეგებს მოვიპოვებთ“.

 

ნიკა ჩხეიძე

,,პენსიონერები რომ არ იყვენ, სოფელში ხალხი დაიხოცება’’

 

 

ზვარეს ფანჩატურში არჩევნებზე პირდაპირ საუბარს გაურბიან და პირად თუ სოფლის საერთო პრობლემაზე იწყებენ ლაპარაკს.

“არჩევნების წინ იციან მოსვლა და დაპირებები, ამას ვიზამთ, იმას გავაკეთებთო, ჩატარდება არჩევნები და ვინაა შემსრულებელი, აღარავინ გამოჩნდება, რატომ აძლევენ მოსახლეობას ფულად დახმარებას?! ხომ შეიძლება სოფლის მეურნეობას და ბიზნესს შეუწყონ ხელი, მოსახლეობას საკუთარი შემოსავალი გაუჩინონ და მათხოვარივით არ გადაუგდონ ფული ოჯახებს” – ამბობს შალვა ქობულაძე.

საუბარში მოხუცი ბაბუა ერთვება, ის არც სახელს გვეუბნება და არც გვარს.

“პენსიონერები რომ არ იყვენ, სოფელში ხალხი დეიხოცება. ჩემი ოჯახის მარჩენალი 73 წლის კაცი ვარ ჩემი პენსიით. წელს 50 წლის ნარგავები დაყინა და დაგვიტეხა თოვლმა. განა ვინმემ მოგვიკითხა? არჩევნები გლეხს არ აინტერესებს. სამი მა-ჟორიტარი კანდიდატი რომ გვყავს, ვიცი” – ამბობს მოხუცი.

ახლა ზვარეში ყველა უწყლოდ და უთევზოდ დარჩენილი თევზის აუზებზე საუბრობს. როგორც მოსახლეობა ამბობს, 40-კომლიან სოფელში ადრე თუ 11 ოჯახს გამოჰყავდა ამერიკული კალმახი, მწარმოებელთა რიცხვი დღეს მხოლოდ ორია.
“ჩვენი სოფელი თევზის მწარმოებელი იყო, 11 მეურნეობა მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ ორი შემორჩა. წელს თურქული კომპანია შემოვიდა, გვითხრა, თევზის საკვებით მოგამარაგებთო, ჩვენც დავთანხმდით, იმის მიუხედავად, რომ საკვებს ძვირად გვაძლევდა, რადგან ფულს ერთდროულად კი არა, ნელ-ნელა ვუხდიდით. როცა თევზი გაიზარდა და უნდა გაგვეყიდა, ფასი დაეცა, სწორედ იმ კომპანიამ შემოიტანა თევზი და სამ დოლარში გაყიდა, მაგრამ ჩვენ რომ ამ ფასად გავყიდოთ, ვალის მეტი არაფერი გვრჩება, თვითღირებულებას არ ფარავს. ჩვენი პრობლემა ეს არი, თევზის საკვები ძვირია, თევზი კი – იაფი, ასე რომ არ იყოს და ხელშეწყობა გვქონდეს, ყველა აუზი ამოქმედდებოდა” – ამბობს შალვა ქობულაძე.

საუბრისას ფანჩატურში “კონსერვატორების” მაჟორიტარობის კანდიდატი, რაინდი ლორთქიფანიძეც გამოჩნდა, რომელიც ქედის საკრებულოში მოხვედრას ზვარის თემიდან ცდილობს. როგორც რაინდი ამბობს, სოფელში მხოლოდ გაცნობითი შეხვედრები აქვს, იგი მოსახლეობას გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდება. “წყალი და გზა ვიღას ენდომება, თუ სოფლიდან ხალხი წავა. მეცხვარემ კატა დაკიდა ცხვრის გადასარჩენადო, ასეთია მაგათი საქმე, “ოცნება” იძახის “ნაციონალები” გვყავს, თორემ ყველაფერს გავიტანთ და ვიზამთო, გამტანი რომ ყოფილიყვნენ, ზამთარში საგანგებო მდგომარეობა რომ გვქონდა, მოვიდოდნენ, მაგრამ არავინ გამოჩენილა, მაშინ არ იყო არჩევნები და მაგიტომ”- ამბობს შალვა და დასძენს, რომ სოფელში მიგრაციამ იმატა.

ფანჩატურში მყოფი ახალგაზრდები საუბრისგან თავს იკავებენ. მათ შორისაა 21 წლის ელიზბარ თურმანიძეც, რომელიც სოფლისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდება. ელიზბარი ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, ამბობს, რომ არჩევნები არ აინტერესებს და არც ტელევიზიით ეცნობა ინფორმაციას: “არ მაინტერესებს არჩევნები, მე მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობ” – ამბობს ელიზბარი.

რას ელოდებიან ზვარეში ამ არჩევნების შედეგად? “არ მგონია, რაიმე შეიცვალოს ამ არჩევნებით. ამბობდნენ, სამართლიანობა აღდგებაო, უკეთესობა ჯერ არ შეინიშნება. მაგრამ ვფიქრობ, იქნება” – იმედოვნებს ვახტანგ ქობულაძე.
მერაბ ჯაბნიძე ამბობს, რომ ბევრი რამე გაკეთდა:”ჯანდაცვა გაუმჯობესდა, ბაღები უფასოა… “იგი ხმის მიცემას იმ მაჟორიტარობის კანდიდატისთვის აპირებს, რომელიც მისი ნათესავია: “მისი იმედი მაქვს” .

სოფელში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრებით ნაკლებად ინტერესდება სურიე ჯაბნიძე: “შეხვედრები კი იყო შარშან, წელსაც იქნება ალბათ, მაგრამ მე არ გავდივარ, სახლის საქმეებით ვარ დაკავებული” – ამბობს ის.

ზვარელი ტარიელ ქობულაძე ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად აპირებს წასვლას. “უკეთესი პირობები მინდა, ჩემი სურვილია აქ, ახლოს ბაღი გაიხსნას და ბავშვები ვატარო, ასე შევძლებ საქმე ვაკეთო, თუნდაც ბოსტნეული მოვიყვანო, ახლაც მომყავს, მაგრამ რთულია ორ ბავშვთან სოფლის საქმეების კეთება. ტელევიზორ- ში ვუყურებ კანდიდატებს, ისე არ ვიცი, ბავშვებზე ვარ გადართული” – ამბობს ტარიელის მეუღლე, დალი მამულაძე. “არ ვიცი, ამ არჩევნებით რა იცვლება, ჩემთვის მთავარი ეს არ არის, სახლის მიმდებარედ მეწყერი ვითარდება, ხუთი წელია განცხადებას ვწერ, ვითხოვდი კედლის ჩამოსხმას, მიწა რომ ჩავარდეს, თან ჩაგვიყოლებს, მე ეს მაწუხებს” – ამბობს 52 წლის ნარი ბერიძე.

სოფლიდან მომავალს გზაზე 70 წლის ილია ჯაბნიძე მხვდება. იგი პირუტყვს სახლისკენ მიერეკება. “სულ შრომაში ვარ, ჩემს ხელებს ხომ ხედავ, 20 კაცი რომ მოვიდეს, თავისუფლად ვუმასპინძლებ. სკები მაქვს, ვენახი, ღვინოს ვწურავ, არაყს ვხდი – ჭაჭას, პირუტყვი მყავს. ჩემი შრომით კმაყოფილი ვარ, ოთხივე ბიჭს საცხოვრებელი მოვუწყე, ცენტრში მაღაზია და სასადილო მაქვს, არაფერი მიჭირს. მშრომელ კაცს არ უნდა გაუჭირდეს სოფელში, დილით 6 საათზე რომ გავალ სამუშაოდ, 12 საათზე ვბრუნდები სახლში. არჩევნებიდა კანდიდატები არ ვიცი, შეხვედრებზე სასიარულოდ არ მცალია, მე ახლაც სამუშაოდ გავრბივარ” – ამბობს ილია და მემშვიდობება.

ბათუმში ორი თვის ბავშვი გარდაიცვალა

 

დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საავადმყოფოში მიყვანისას  ბავშვი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო – “ბავშვი კომაში იყო, როცა შემოიყვანეს. მას აღენიშნებოდა მწვავე დიარეა, გაუწყლოვანება და ცხელება. ბავშვი იყო სრულიად გამოფიტული”.

 

ბავშვი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში გადაიყვანეს, სადაც მას ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

Exit mobile version