სიახლეები

ბათუმის მერია სკვერის რეაბილიტაციას იწყებს

26.05.2014 • 1674
ბათუმის მერია სკვერის რეაბილიტაციას იწყებს

 

 

 

სატენდერო პირობების მიხედვით, სკვერში ხუთი სანიაღვრე ჭა უნდა გაკეთდეს. ბარათაშვილისა და ზუბალაშვილის ქუჩების მხრიდან, სკვერი ბაზალტის ბორდირებით შემოიღობება. ბორდიურები სკვერის შიგნითაც დამონტაჟდება. სავალი ნაწილი კი ფერადი დეკორატიული ფილებით უნდა დაიფაროს (მთლიანობაში 1504კვ.მ). დაზიანებულ მწვანე საფარზე გათვალისწინებულია კორდის დაგება. სკვერში უნდა განთავსდეს 15 სკამი და ამდენივე დეკორატიული სანაგვე ურნაც.

 

 

როგორც კეთილმოწყობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნუგზარ შერვაშიძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, სკვერში არსებული შადრევანი დაიშლება, რომელიც რამდენიმე წელია უფუნქციოდაა და მის ნაცვლად ახალი შადრევანი აიგება: „შადრევანი იქნება სადა. გარედან გრანიტის ფილებით მოპირკეთდება, შიგნით კი მოზაიკა გაკეთდება“.

 

 

სატენდერო პირობების მიხედვით, უნდა შეკეთდეს და შეიღებოს სკვერში არსებული განათების ბოძებიც. რაც შეეხება საბავშვო ატრაქციონებს, მათ წელს არ გაანახლებენ. „ატრაქციონების პროგრამა წელს არ არის, შარშან კი არ განახლებულა“, _ ამბობს ნუგზარ შერვაშიძე.

 

 

რაც შეეხება უსაფრთხოებას, სკვერში არ არის ვიდეოთვალი. როგორც ნუგზარ შერვაშიძე ამბობს, ვიდეოთვალების განთავსება შს სამინისტროს – პრეროგატივაა. „თუმცა არც ჩვენ მიგვიმართავს მათთვის“,- აცხადებს ის.

 

 

სკვერში არსებული ინფრასტრუქტურა ხშირად ზიანდება. სკამებზე ხშირად სძინავთ მთვრალებს. არის შემთხვევები, როცა სკვერში უნებართვოდ ანთებენ კოცონსაც.

 

 

ნუგზარ შერვაშიძის თქმით, ინფრასტრუქტურას ზედამხედველობის სამსახური გააკონტროლებს _ „სხვა დეტალები კი შს სამინისტროს შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა“.  

 

 

მერიამ ტექნიკურ სამუშაოებზე ტენდერი 2 მაისს გამოაცხადა. პირობების მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმების დღიდან ორი თვის განმავლობაში უნდა შეასრულოს.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი