კვირის ამბები

,,პენსიონერები რომ არ იყვენ, სოფელში ხალხი დაიხოცება’’

24.05.2014 • 1761
,,პენსიონერები რომ არ იყვენ, სოფელში ხალხი დაიხოცება’’

 

 

ზვარეს ფანჩატურში არჩევნებზე პირდაპირ საუბარს გაურბიან და პირად თუ სოფლის საერთო პრობლემაზე იწყებენ ლაპარაკს.

“არჩევნების წინ იციან მოსვლა და დაპირებები, ამას ვიზამთ, იმას გავაკეთებთო, ჩატარდება არჩევნები და ვინაა შემსრულებელი, აღარავინ გამოჩნდება, რატომ აძლევენ მოსახლეობას ფულად დახმარებას?! ხომ შეიძლება სოფლის მეურნეობას და ბიზნესს შეუწყონ ხელი, მოსახლეობას საკუთარი შემოსავალი გაუჩინონ და მათხოვარივით არ გადაუგდონ ფული ოჯახებს” – ამბობს შალვა ქობულაძე.

საუბარში მოხუცი ბაბუა ერთვება, ის არც სახელს გვეუბნება და არც გვარს.

“პენსიონერები რომ არ იყვენ, სოფელში ხალხი დეიხოცება. ჩემი ოჯახის მარჩენალი 73 წლის კაცი ვარ ჩემი პენსიით. წელს 50 წლის ნარგავები დაყინა და დაგვიტეხა თოვლმა. განა ვინმემ მოგვიკითხა? არჩევნები გლეხს არ აინტერესებს. სამი მა-ჟორიტარი კანდიდატი რომ გვყავს, ვიცი” – ამბობს მოხუცი.

ახლა ზვარეში ყველა უწყლოდ და უთევზოდ დარჩენილი თევზის აუზებზე საუბრობს. როგორც მოსახლეობა ამბობს, 40-კომლიან სოფელში ადრე თუ 11 ოჯახს გამოჰყავდა ამერიკული კალმახი, მწარმოებელთა რიცხვი დღეს მხოლოდ ორია.
“ჩვენი სოფელი თევზის მწარმოებელი იყო, 11 მეურნეობა მუშაობდა, მაგრამ მხოლოდ ორი შემორჩა. წელს თურქული კომპანია შემოვიდა, გვითხრა, თევზის საკვებით მოგამარაგებთო, ჩვენც დავთანხმდით, იმის მიუხედავად, რომ საკვებს ძვირად გვაძლევდა, რადგან ფულს ერთდროულად კი არა, ნელ-ნელა ვუხდიდით. როცა თევზი გაიზარდა და უნდა გაგვეყიდა, ფასი დაეცა, სწორედ იმ კომპანიამ შემოიტანა თევზი და სამ დოლარში გაყიდა, მაგრამ ჩვენ რომ ამ ფასად გავყიდოთ, ვალის მეტი არაფერი გვრჩება, თვითღირებულებას არ ფარავს. ჩვენი პრობლემა ეს არი, თევზის საკვები ძვირია, თევზი კი – იაფი, ასე რომ არ იყოს და ხელშეწყობა გვქონდეს, ყველა აუზი ამოქმედდებოდა” – ამბობს შალვა ქობულაძე.

საუბრისას ფანჩატურში “კონსერვატორების” მაჟორიტარობის კანდიდატი, რაინდი ლორთქიფანიძეც გამოჩნდა, რომელიც ქედის საკრებულოში მოხვედრას ზვარის თემიდან ცდილობს. როგორც რაინდი ამბობს, სოფელში მხოლოდ გაცნობითი შეხვედრები აქვს, იგი მოსახლეობას გზისა და წყლის პრობლემის მოგვარებას ჰპირდება. “წყალი და გზა ვიღას ენდომება, თუ სოფლიდან ხალხი წავა. მეცხვარემ კატა დაკიდა ცხვრის გადასარჩენადო, ასეთია მაგათი საქმე, “ოცნება” იძახის “ნაციონალები” გვყავს, თორემ ყველაფერს გავიტანთ და ვიზამთო, გამტანი რომ ყოფილიყვნენ, ზამთარში საგანგებო მდგომარეობა რომ გვქონდა, მოვიდოდნენ, მაგრამ არავინ გამოჩენილა, მაშინ არ იყო არჩევნები და მაგიტომ”- ამბობს შალვა და დასძენს, რომ სოფელში მიგრაციამ იმატა.

ფანჩატურში მყოფი ახალგაზრდები საუბრისგან თავს იკავებენ. მათ შორისაა 21 წლის ელიზბარ თურმანიძეც, რომელიც სოფლისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდება. ელიზბარი ხიჭაურის უნივერსიტეტის სტუდენტია, ამბობს, რომ არჩევნები არ აინტერესებს და არც ტელევიზიით ეცნობა ინფორმაციას: “არ მაინტერესებს არჩევნები, მე მხოლოდ სწავლაზე ვფიქრობ” – ამბობს ელიზბარი.

რას ელოდებიან ზვარეში ამ არჩევნების შედეგად? “არ მგონია, რაიმე შეიცვალოს ამ არჩევნებით. ამბობდნენ, სამართლიანობა აღდგებაო, უკეთესობა ჯერ არ შეინიშნება. მაგრამ ვფიქრობ, იქნება” – იმედოვნებს ვახტანგ ქობულაძე.
მერაბ ჯაბნიძე ამბობს, რომ ბევრი რამე გაკეთდა:”ჯანდაცვა გაუმჯობესდა, ბაღები უფასოა… “იგი ხმის მიცემას იმ მაჟორიტარობის კანდიდატისთვის აპირებს, რომელიც მისი ნათესავია: “მისი იმედი მაქვს” .

სოფელში გამართული წინასაარჩევნო შეხვედრებით ნაკლებად ინტერესდება სურიე ჯაბნიძე: “შეხვედრები კი იყო შარშან, წელსაც იქნება ალბათ, მაგრამ მე არ გავდივარ, სახლის საქმეებით ვარ დაკავებული” – ამბობს ის.

ზვარელი ტარიელ ქობულაძე ამბობს, რომ არჩევნებზე აუცილებლად აპირებს წასვლას. “უკეთესი პირობები მინდა, ჩემი სურვილია აქ, ახლოს ბაღი გაიხსნას და ბავშვები ვატარო, ასე შევძლებ საქმე ვაკეთო, თუნდაც ბოსტნეული მოვიყვანო, ახლაც მომყავს, მაგრამ რთულია ორ ბავშვთან სოფლის საქმეების კეთება. ტელევიზორ- ში ვუყურებ კანდიდატებს, ისე არ ვიცი, ბავშვებზე ვარ გადართული” – ამბობს ტარიელის მეუღლე, დალი მამულაძე. “არ ვიცი, ამ არჩევნებით რა იცვლება, ჩემთვის მთავარი ეს არ არის, სახლის მიმდებარედ მეწყერი ვითარდება, ხუთი წელია განცხადებას ვწერ, ვითხოვდი კედლის ჩამოსხმას, მიწა რომ ჩავარდეს, თან ჩაგვიყოლებს, მე ეს მაწუხებს” – ამბობს 52 წლის ნარი ბერიძე.

სოფლიდან მომავალს გზაზე 70 წლის ილია ჯაბნიძე მხვდება. იგი პირუტყვს სახლისკენ მიერეკება. “სულ შრომაში ვარ, ჩემს ხელებს ხომ ხედავ, 20 კაცი რომ მოვიდეს, თავისუფლად ვუმასპინძლებ. სკები მაქვს, ვენახი, ღვინოს ვწურავ, არაყს ვხდი – ჭაჭას, პირუტყვი მყავს. ჩემი შრომით კმაყოფილი ვარ, ოთხივე ბიჭს საცხოვრებელი მოვუწყე, ცენტრში მაღაზია და სასადილო მაქვს, არაფერი მიჭირს. მშრომელ კაცს არ უნდა გაუჭირდეს სოფელში, დილით 6 საათზე რომ გავალ სამუშაოდ, 12 საათზე ვბრუნდები სახლში. არჩევნებიდა კანდიდატები არ ვიცი, შეხვედრებზე სასიარულოდ არ მცალია, მე ახლაც სამუშაოდ გავრბივარ” – ამბობს ილია და მემშვიდობება.

გადაბეჭდვის წესი