სიახლეები

მწერდამჭერი ხაფანგები აჭარის ტყეებში

27.05.2014 • 2955
მწერდამჭერი ხაფანგები აჭარის  ტყეებში

 

„მავნებლებთან ბრძოლა ერთ-ერთი პრიორიტეტია ჩვენთვის,“ – აცხადებს აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე. მისივე თქმით, აჭარაში, წიწვოვან მცენარეებში გავრცელებული მავნებელი მბეჭდავი ქერქიჭამია და კენწეროს ქერქიჭამიაა.

 

 

„მბეჭდავი ქერქიჭამია წლების განმავლობაში აზიანებს წიწვოვნებს. მას პერიოდულად ებრძვიან. ალბათ კლიმატის ცვლილების ბრალიც არის, რომ მოიმატა რაოდენობამ. შესაძლებელი იყო ქიმიური შეწამვლის მეთოდის გამოყენებით მავნებლის განადგურება, მაგრამ  ჩვენ ვცდილობთ ნაკლები ზიანი მიადგეს გარემოს, ამიტომ გამოვიყენებთ მექანიკურ მეთოდს. მწერდამჭერი ხაფანგები შევისყიდეთ და მალე განვათავსებთ  დაავადებულ მონაკვეთებში,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

მისივე თქმით, გარდა ზემოჩამოთვლილი მავნებლებისა, ნაძვს სხვა მავნებელი –  ნაძვის დიდი ლაფანჭამია აზიანებს. მწერდამჭერი ხაფანგი ამ მავნებელს ვერ ერევა. სწორედ ამიტომ დაავადებასთან საბრძოლველად ბუნებრივი მტერი უნდა  გამოიყვანონ.

 

 

„თუ გახსოვთ ბორჯომში გახმა ტყეები. იმ პერიოდში ჩვენთანაც იყო, ჩატარდა მაშინ ღონისძიებები, მაგრამ ახლა ისევ გააქტიურდა. მავნებლების წინააღმდეგ ჩვენი ძალებით უნდა გამოვიყვანოთ ბიოლოგიური მტერი, რომელსაც ჩავასახლებთ და  შემდგომ უკვე თვითონ შეებრძოლება და გაანადგურებს დაავადებას,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

6 ათასი მწერდამჭერი ხაფანგი ქობულეთში, ხულოსა და შუახევში გადანაწილდება. მავნებლები ძირითადად ნაძვსა და სოჭს აზიანებენ. მწერდამჭერი ხაფანგებისთვის ჯამში 230 ათასამდე ლარი დაიხარჯება. კითხვაზე, რამდენად ეფექტური იქნება  აღნიშნული ღონისძიებები, აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე პასუხობს: „თურქეთის გამოცდილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ხერხმა გაამართლა. იქ ეს პრობლემა მოგვარდა ფაქტობრივად. ყველა კონსულტაციის შედეგად, რაც გავიარეთ, გადავწყვიტეთ, ეს მეთოდი გამოგვეყენებინა“.

 

 

გარდა წიწვოვანი მცენარეებისა ტყის მავნებლებთან ბრძოლას ფოთლოვან მცენარეებშიც აპირებენ. თუმცა ამისათვის ჯერ სათანადო კვლევა უნდა ჩატარდეს. სამმართველოს ხელმძღვანელის განცხადებით, სამმართველოს ტენდერი აქვს გამოცხადებული. გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ ფოთლოვან სახეობებში სრული მონიტორინგი განხორციელდება. შედეგები კი მოგვიანებით დაიწყება.

 

 

„წელს  შეიქმნა მავნებლებთან ბრძოლის სამსახური აჭარის სატყეო სააგენტოში.  ასევე მათთვის ქედის ტერიტორიაზე მოეწყო სამუშაო ოფისი, რომელსაც ბევრი დანიშნულება ექნება. ალბათ ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება იქნება მონიტორინგი და კვლევა დაავადებული უბნების, დაავადებებისა და მავნებლების  იდენტიფიცირება,“- განაცხადა ვახტანგ წულაძემ.

 

 

ფოთლოვანი მცენარეებიდან ყველაზე პრობლემური წაბლია. საქართველოს ტყეებში წაბლი დაავადებულია. მცენარეს ე.წ. წაბლის კიბო სჭირს, დაავადება ჯერ ქერქს აზიანებს, მოგვიანებით კი ხეს ნიადაგიდან კვების საშუალებას უბლოკავს, რაც საბოლოოდ ხის გახმობას იწვევს. 

 

 

აჭარის სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ  წაბლის დაავადებასთან ბრძოლის ერთ-ერთი ეფექტური მეთოდი სანიტარული ჭრაა. 

 

 

„სანიტარულ  ჭრას ვატარებთ იმისთვის, რომ კერები შემცირდეს. უფრო ეფექტური წამალი არცაა გამოგონილი,“ – ამბობს ჯუმბერ აბულაძე.

 

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსი ნათია იორდანიშვილი: „საქართველოში წაბლის ხმობის შემთხვევები ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოს გამოვლინდა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. მაშინდელი მკვლევარების თანახმად ხმობა გამოწვეული იყო ე.წ. „მელნისებრი ავადმყოფობით“. დღეისათვის დადგენილია ხმობის გამომწვევი სოკო. მეცნიერთა რეკომენდაციებით, დღეისათვის ამ დაავადების წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ ეფექტურ საშუალებად მხოლოდ სანიტარული ჭრა მიიჩნევა“.

 

გადაბეჭდვის წესი