Batumelebi | როგორ ვაკონტროლოთ წნევა როგორ ვაკონტროლოთ წნევა – Batumelebi
RU | GE  

როგორ ვაკონტროლოთ წნევა

 

 

არტერიული ჰიპერტენზია – ანუ არტერიული წნევის მომატება, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებაა. ის შესაძლოა სხვადასხვა დაავადებებით იყოს განპირობებული ან ცალკე, იზოლირებულად ჩამოყალიბდეს და თავად გახდეს სხვა დაავადების მიზეზი. როდის, რა მიზეზებით იმატებს არტერიული წნევა და როგორ ვაკონტროლოთ იგი, ამის შესახებ ბათუმელებს კლინიკა „კარდიო სერვისი XXI“-ის დირექტორი,  კარდიოლოგი გოჩა აბაშიძე ესაუბრა.

 

  • ბატონო გოჩა, რა ითვლება არტერიული წნევის საშუალო ნორმად?

თანამედროვე რეკომენდაციებით, არტერიული წნევა უნდა იყოს 140/90 მმ.ვწ.სვ–ზე დაბალი, ხოლო შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის – 130/85 მმ.ვწ.სვ–ზე დაბალი. ასაკის მიხედვით ეს ციფრები არ იცვლება.

  • რა ასაკიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს არტერიული ჰიპერტენზია?

არტერიული ჰიპერტენზიის კონკრეტული ასაკობრივი ნორმები არ არსებობს, თუმცა ასაკის ზრდასთან ერთად მისი გამოვლინების რისკი იზრდება. ასევე საგულისხმოა, რომ 50 წლამდე ასაკში ჰიპერტენზია ჭარბობს მამაკაცებში, შემდგომი წლოვანების პაციენტები კი უმეტესად ქალები არიან.

  • რა სახის არტერიული ჰიპერტენზია არსებობს?

არსებობს ორი სახის არტერიული ჰიპერტენზია – პირველადი, ანუ ესენციური ჰიპერტენზია და მეორადი, ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია. უნდა აღინიშნოს, რომ სიმპტომური ჰიპერტენზია სხვადასხვა შინაგანი ორგანოების დაავადების დროს ვლინდება და უმეტეს შემთხვევაში, დაავადება იწყება ბავშვობის ასაკში.

პირველადი არტერიული ჰიპერტენზია, თავის მხრივ, იყოფა სტადიებად, ანუ ხარისხებად. ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების მიერ ამჟამად განიხილება სიმძიმის მიხედვით I, II III ხარისხი, ასევე ცალკე განიხილება იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზია, როცა არტერიული წნევის ზედა მაჩვენებელი ციფრი 140-ზე მეტია, ხოლო ქვედა ციფრი არის ნორმის ფარგლებში – 90.

ზოგიერთ პაციენტს (დაახლოებით ყოველ მეხუთეს) არტერიული წნევა სამსახურში ემატება. ასეთ ვარიანტს უწოდებენ „სამუშაო ადგილის ჰიპერტენზიას“.

  • რას ვნებს მაღალი არტერიული წნევა?

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ერთ მილიარდზე მეტი ადამიანის პრობლემას მსოფლიოში. მაღალი არტერიული წნევით დაავადების პირობებში შეიძლება ჩამოყალიბდეს: 1. გულის დაავადებები – სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რემოდულირება (ჰიპერტროფია), გულის უკმარისობა; 2. ინსულტი, ან ტრანზიტორული იშემია; 3. თირკმლის ქრონიკული დაავადება (უკმარისობა); 4. თვალის დაავადება – რეტონოპათია; 5. პერიფერიული არტერიების დაავადება.

  • რა არის პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი მიზეზები?

პირველადი არტერიული ჰიპერტენზიის ხელშემწყობი მიზეზებია ზოგადი სიმსუქნე (ს.მ.ი.>30 – სხეულის მასის ინდექსი უნდა იყოს არაუმეტეს 30–ისა), მარილის ჭარბი მოხმარება, ჭარბკალორიული საკვების ხშირი მიღება, სტრესი (ფსიქოემოციური სფეროს არასტაბილურობა), გენეტიკური განწყობა ამ დაავადების მიმართ, პროფესიის სახეობა, უმოძრაო ცხოვრების სტილი, ალკოჰოლის ხშირი მიღება, თამბაქოს მოხმარება და სხვა.

  • როგორ ხდება დაავადების პროფილაქტიკა და მკურნალობა?

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სამიზნე ორგანოების (გული, ნერვული სისტემა, თირკმელი) გამოკვლევა, რისკის სტრატიფიკაცია. შემდეგ პაციენტთან გასაუბრებით უნდა გავარკვიოთ ამ დაავადების ხელშემწყობი მიზეზები. კონკრეტულ შემთხვევაში ამისათვის საჭიროა გარკვეული ინსტრუმენტული და კლინიკურ–ბიოქიმიური ლაბორატორიული გამოკვლევები, რის საფუძველზეც ხდება დიაგნოზის გაფორმება.

რაც შეეხება არტერიული წნევის მკურნალობას, აუცილებელია ორი ძირითადი წესის დაცვა: 1. მედიკამენტური მკურნალობა ექიმის რეკომენდაციების მიხედვით; 2. ცხოვრების სტილის შეცვლა, ანუ მოდიფიკაცია.

  • როგორ შეიძლება ადამიანმა მართოს არტერიული წნევა, გარდა მედიკამენტოზური მკურნალობისა?

გარდა მედიკამენტური თერაპიისა, არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლა. პირველ რიგში, საჭიროა ემოციური სფეროს მოწესრიგება, ჭარბი წონის დაკლება, ფიზიკური აქტივობა, სწორი კვება – უპირატესობა ენიჭება ხილსა და ბოსტნეულს (სასურველია უმი, თერმულად დაუმუშავებელი პროდუქტები), უნდა შეიზღუდოს ცხოველური წარმოშობის ცხიმები – კარაქი, ერბო, ქონი შებოლილი ხორცის ნაწარმი, ნამცხვარი, ნაყინი, შოკოლადი. უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, თამბაქოს მოხმარება.

და ბოლოს, ვინაიდან არტერიული წნევის მატება ხშირად დაკავშირებულია სულიერ მღელვარებასთან, აუცილებელია სიმშვიდის შენარჩუნება ნებისმიერ სიტუაციაში. გვახსოვდეს, რომ არის მოვლენები ჩვენ გარშემო, რომელთა მართვა არ ძალგვიძს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია ფრანგიშვილი