კვირის ამბები

გზა საიადან „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატობამდე

26.05.2014 • 1453
გზა საიადან „თავისუფალი საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატობამდე

 

 

ბატონო ზურა, როგორც ვიცი, თქვენ მეორე იურისტი ხართ კახა კუკავას პარტიიდან, რომელიც ბათუმის მაჟორიტარად იყრით კენჭს. რა შანსი გაქვთ?

 

ეს არის ძალიან ლოკალური არჩევნები. ჩემი მაჟორიტარად წარდგენა ხდება კონკრეტულ, ვიწრო უბანში. საზოგადოების მხარდაჭერის იმედი მაქვს ჩემს უბანში, რადგან საიაში მუშაობის პერიოდში ბევრი მოქალაქე მიმიღია და გამიწევია სამართლებრივი კონსულტაცია. მაჟორიტარი კი მუდმივად უნდა ზრუნავდეს საზოგადოების ინტერესებზე. მრავალრიცხოვანი  დაპირების გაკეთებას არ ვაპირებ, რადგან ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცებულია და ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ შეძლებს მოქალაქეთა სასარგებლოდ რაიმეს გადაწყვეტას, თუმცა ის, თუ ვინ არის დეპუტატი მათ ოლქში, ეს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ და ეს იქნება ძალიან დიდი მიღწევა ჩემ შემთხვევაში. ჩემი ტელეფონი ექნება თითოეულ ჩემს ამომრჩეველს და შეეძლებათ დამირეკონ არა მარტო ეზოს მოწყობის, არამედ სხვა საკითხებზეც.  

 

 

ამომრჩევლის გზავნილები როგორია, ხომ არ ცდება  მაჟორიტარის შესაძლებლობების ფარგლებს

 

 

ბათუმის უბნების პრობლემები თითქმის ერთი და იგივეა, თუმცა ჩემს უბანში არის შიდა ეზოების პრობლემა, გზების მოუწესრიგებლობა, არ აქვთ გასართობი ადგილები ბავშვებისთვის და ა.შ. მე ვიქნები საკრებულოში ყველა ამ საკითხების ლობი. ბათუმში არ არის მუნიციპალური აუზის პრობლემაც, რადგან კერძო აუზები არ არის ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია ამხანაგობებთან ურთიერთობა და ისეთი საკითხები განხილვა, რომელიც ცალკეულ მობინადრეს შეიძლება აწუხებდეს.  

 

 

ბათუმის ბიუჯეტს თუ იცნობთ რამდენია, როგორ ფიქრობთ გაწვდება თქვენი პარტიის დაპირებებს?

 

 

ზოგადად ვიცნობ და შემიძლია ვთქვა, რომ სოციალური მიმართულებით უფრო მოქნილი უნდა იყოს.

 

 

რამდენია სოციალურ პროგრამების ბიუჯეტი და თქვენი აზრით, რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს უფრო მეტი?  

 

 

მართალი გითხრათ, ზუსტი ციფრი არ მაქვს, მაგრამ ვიცი ბიუჯეტს როგორ იღებდნენ. ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე იყო გათვლილი. ჯანდაცვის კუთხით მეტი მომსახურება უნდა მიიღოს მოქალაქემ. ზოგიერთ უბანში არის ტრანსპორტის პრობლემაც. 

 

 

თქვენ მოდიხართ საიადან. ვიცით, რომ კახა კუკავას პარტია, ისევე როგორც ნინო ბურჯანაძის, რომელთანაც პოლიტიკურ ბლოკში ხართ გაერთიანებული, პრორუსული რეპუტაციის პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული. ცნობილია ამ პოლიტიკური ძალების განწყობები ეთნიკურრელიგიურ და სექსუალური უმცირესობების მიმართ. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხებზე

 

 

ჩვენი პარტიის პოზიციაა, რომ რუსეთის ფედერაციასთან მეზობლური დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და ეს არ ნიშნავს პრორუსულობას. თუ კუკავას   სადმე აქვს გაჟღერეებული – `არა ნატოს~, ეს არ ნიშნავს, რომ არ გვინდა ევროპა. ევროპა ასოცირდება ადამიანის უფლებებთან, ცხოვრების სულ სხვა სტანდარტებთან. დამოუკიდებელ სასამართლოსთან და ბევრ დემოკრატიულ ღირებულებებთან. ჩვენი კურსი არის ევროპულ ოჯახში ინტეგრაცია, მაგრამ არა ეროვნული ფასეულობების ხარჯზე.

 

 

რომელ ფასეულობებს გულისხმობთ?

 

ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი საკითხი…

 

 

ევროპული ფასეულობები ახსენეთ, ანტიდისკრიმინაციულ კანონზე რას ფიქრობთთქვენ რომ ყოფილიყავით პარლამენტში, დაუჭერდით მხარს?

 

 

ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ სტანდარტს აწესებს კონსტიტუცია. ადამიანის ღირსება, პატივი არის ხელშეუვალი და არ შეიძლება მისი დარღვევა რელიგიური, ეთნიკური თუ სექსუალური ფაქტორების გამო. მე რომ დეპუტატი ვყოფილიყავი, მხარს არ დავუჭერდი ამ კანონის მიღებას. ქვეყანა არ არის მზად იმისთვის, რომ პატივი სცეს ვიღაცის უფლებას და დავინახეთ კიდეც, რაც მოჰყვა ამას.   

გადაბეჭდვის წესი


ასევე: