მეოთხე კურსის სტუდენტი თამაზ მჟავანაძე ამბობს, რომ სწავლის გასაგრძელებლად წასვლა თბილისში მოუწევს, რადგან მას არც საჯარო სამართლის და არც სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამის გაგრძელება არ სურს: „მოწვეული პროფესორით მაგისტრატურა ვერ იმუშავებს, ეს პრობლემაც ამიტომ დგას. ჩემი პროფილი სამოქალაქო მიმართულებაა, სისხლის სამართალი როგორ ავირჩიო?! ეს ორი მიმართულება ერთმანეთისგან ისე განსხვავდება, როგორც ცა და მიწა. ჩვენი სტუდენტების უმეტესობა ვერ იხდის საბაკალავრო გადასახადს, ამ სტუდენტებს სხვა ქალაქში სასწავლებლად გადასვლა დამატებით დიდ ხარჯებს გაუჩენს, ჩემთვისაც რთული იქნება, თუნდაც ფინანსური თვალსაზრისით. ამ პრობლემის გამო დასაქმების ბაზარზე სერიოზული ხარვეზები იქმნება“.
ადამ მახარაძე, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი, პრობლემის მიზეზად ადამიანური რესურსის ნაკლებობას ასახელებს: „ამ მიმართულებაში ჩვენ გვყავს მხოლოდ სპეციალისტი, რომელსაც ხარისხი აქვს დაცული _ ბაკურ ლილუაშვილი და ერთი დოქტორანტი, რომელიც ამჟამად არის ასისტენტ პროფესორი. საბაკალავრო პროგრამის განხორციელებისთვის ეს ორი ადამიანი არანაირი თვალსაზრისით არ არის საკმარისი. ორი წლის წინ, როცა აკრედიტაციას გადიოდა სამართლის პროგრამა, ჩვენ ამ პრობლემის გამო ვერ წარვადგინეთ“.
საგანმანათლებლო პროგრამა ნებისმიერ საფეხურზე უნდა აკმაყოფილებდეს ხუთ ძირითად სტანდარტს, რომელსაც განსაზღვრავს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი: „პირველია სწავლების რესურსი, სადაც იგულისხმება ინფრასტრუქტურა და აკადემიური რესურსი, მეორე – სწავლის მეთოდოლოგია და ორგანიზება, მესამე – საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და სწავლის ხარისხის გაზრდის შესაძლებლობები. ასეთი პრინციპია, დაგეგმე, გააკეთე, შეამოწმე და განავითარე. რომელიმე პრინციპი თუ ირღვევა, პროგრამა ვერ განხორციელდება, სამართალთან მიმართებაში კი არსებობს დამატებითი კრიტერიუმები დარგობრივი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად“, – ამბობს ბათუმის უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, მერაბ ხალვაში.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წლამდე სამაგისტრო პროგრამა სამოქალაქო სამართალში აკრედიტებული იყო. როგორც მერაბ ხალვაში ამბობს, სამაგისტრო პროგრამის განხორციელებისთვის უნივერსიტეტს ჰქონდა გარკვეული პრობლემები: „ეს პრობლემები უმთავრესად რესურსებს ეხებოდა, საქმე გაგვირთულა იმან, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე უნივერსიტეტიდან წავიდა ცნობილი პროფესორი ბესო ზოიძე, რომელიც სამოქალაქო მიმართულებით მუშაობდა“.
ბესო ზოიძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, მისი მოწვევა ბათუმის უნივერსიტეტმა რამდენჯერმე სცადა: „ჯავახიშვილში ის სრული პროფესორია, პარალელურად ჩვენთან სრული დატვირთვით მუშაობას ვერ შეძლებს. საათების დაახლოებით სამოც პროცენტს უნდა იღებდეს აკადემიური პირი, დარჩენილ ორმოც პროცენტზე შესაძლებელია მოწვევა, ჩვენს დეპარტამენტში ასეც ხდება. ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტთან გვქონდა მოლაპარაკება, რომ დაეშვათ გამონაკლისი ბატონი ბესო ზოიძისთვის და მისთვის მიეცათ უფლება პარალელურად ჩვენს უნივერსიტეტში არჩეულიყო პროფესორად, თუმცა თანხმობა ვერ მივიღეთ“, – ამბობს ადამ მახარაძე.
გამოყოფა: ადამ მახარაძე: „არაერთ სტუდენტს შევთავაზეთ, რომ შემდგომში დაცვა განეხორციელებინათ სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. აქედან მიდიან და სამწუხაროდ აღარ ბრუნდებიან. ამჟამად ორი ბათუმელი დოქტორანტი მოღვაწეობს თბილისში. იმედი გვაქვს, ისინი მაინც დაბრუნდებიან“.
თამაზ მჟავანაძე სამომავლოდ აკადემიური საქმიანობის გაგრძელებას გეგმავს. ის ხარისხის დაცვას სამოქალაქო სამართალში აპირებს. „მე მინდა აკადემიური ხარისხის მიღების შემდეგ დავბრუნდე ამ უნივერსიტეტში პროფესორის სტატუსით“, – ამბობს თამაზი.
პროგრამა რომ განხორციელდეს, ამისათვის საჭიროა კონკურსის წესით აირჩეს აკადემიური პერსონალი: „სამოქალაქოს რესურსად ვერ ჩაითვლება სისხლის სამართლის მიმართულებით არჩეული პროფესორი, შესაბამის დარგში უნდა ჰქონდეს აკადემიურ პირს კომპეტენცია“, – ამბობს მერაბ ხალვაში.
„ბათუმი საზღვრისპირა ქალაქია. აქ აქტიურად შემოდის თურქული ინვესტიცია, ბაზარზე კი არის სამოქალაქო სამართლის სპეციალისტების დეფიციტი. ამ მიზეზის გამო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროგრამის განხორციელება“, – ამბობს ადამ მახარაძე.
ადამ მახარაძის თქმით, ბათუმის უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამას ყოველ წელს საშუალოდ 90 სტუდენტი ასრულებს. დაახლოებით 45 სტუდენტი სწავლას შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში აგრძელებს, აქედან 25 პროცენტი ირჩევს საჯარო სამართალს, 40 პროცენტი – სისხლის სამართალს, სხვებს კი სამოქალაქო სამართლის შესწავლის სურვილის მიუხედავად არჩევანის გაკეთება მაინც ამ ორი მიმართულებით უწევთ.
ამ დროისათვის უცნობია, შეძლებს თუ არა პროგრამის მომზადებას მომდევნო აკრედიტაციამდე უნივერსიტეტი. ხელახალ აკრედიტაციას უნივერსიტეტი ამ მიმართულებით 2016 წელს გაივლის.