კვირის ამბები

“რასაც ვერ ამბობ სიტყვებით, შეგიძლია თქვა როკით“

24.05.2014 • 1730
“რასაც ვერ ამბობ სიტყვებით, შეგიძლია თქვა როკით“

 

გიორგი ბერიძეს მუსიკალური ნიჭი ბებიამ შენიშნა და სტუდია “ნაკადულში” მიიყვანა. გიორგის მომავალს ნაკლებად უკავშირებდნენ როკს, თუმცა წლები გავიდა და გიორგი როკ შემსრულებელი გახდა: “ბავშვთა ოპერა “ტურანდოტში” მე და ჩემი ძმა ნიკო ერთად ვიყავით, ხშირად მუზიკლებში ვმონაწილეობდი. ვფიქრობ, კლასიკა ყველაზე დიდი მუსიკაა, კარგი სკოლა ყველა მუსიკოსისთვის, საბედნიეროდ, მე ეს სკოლა გამოვიარე. როცა კლასიკას ვმღეროდი, მაშინ როკს ვუსმენდი, თხუთმეტი წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ როკი მარტო კი არ უნდა მესმინა, უნდა მემღერა. როკში უფრო თავისუფლებას ვგრძნობ, მისი მეშვეობით ბევრი რამის თქმა შემიძლია, რაღაც მომენტში პროტესტსაც გამოვხატავ, უფრო ხშირად კი ჩემი მუსიკით ვეუბნები ყველას, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი თავისუფლებაა! როკი ჯანსაღი მუსიკაა, რასაც ვერ ამბობ სიტყვებით, შეგიძლია თქვა როკით.”

პირველი ნაბიჯები


პირველი ჯგუფი იყო “ჯეოპლანეტი”. იქედან მე, ნიკო და თეო ჩიტიშვილი ერთად წამოვედით. ნიკომ სოლო კარიერა მოიწყო იმ პერიოდში, მე კი ძალიან ბევრი ჯგუფი მყავდა. გვინდოდა გვეკეთებინა მუსიკა და ვიკრიბებოდით, კონკრეტული ჟანრი არ გვქონდა. ჯგუფის ყველა წევრი მეგობრები ვიყავით, ერთ ენაზე ვლაპარაკობდით, ერთნაირად ვფიქრობდით და ერთი მიზანი გვქონდა, ამით თან ვერთობოდით, თან ვვითარდებოდით. რაზეც ვმღერი, იმაზე ვფიქრობ ხოლმე. სცენაზეც ზუსტად ის ვარ, რაც ცხოვრებაში, ძირითადად ქავერებს (ცნობილი შემსრულებლების მუსიკას) ვასრულებ, თუმცა სულ მინდა, რომ მეც ვთქვა ამ უკვე ნამღერი სიმღერით რაღაც ახალი. მუსიკას თავადაც ვწერ, ოღონდ ჯერ არ არის გახმაურებული, ალბათ მალე აჟღერდება ჩემი სიმღერები დიდი მასშტაბებით. ჩემი მუსიკით უფრო ბევრის თქმას შევძლებ, საქართველო ძალიან მიყვარს, მაგრამ არ მყოფნის, მსოფლიო მასშტაბით უნდა ვთქვა სათქმელი. 
ბენდი, სოლოკარიერა და პროექტები

სოლო კარიერის შექმნისთვის არ ვიბრძვი, მე ახლაც ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ მყავდეს ბენდი, ეს დიდი ძალაა. კონკურს “მაგთიფანშიც” იმიტომ მივიღე მონაწილეობა, რომ პრიზი ბენდის შექმნა იყო. ფინალში მოვიგე კიდეც ბენდი, კონკურსანტებიდან უნდა ამერჩია ის, ვინც მინდოდა და ბენდი შემექმნა, სამწუხაროდ უფრო დიდი მოლოდინი მქონდა, რაც არ გამიმართლა, რაღაც პრობლემების გამო ჩვენ დავიშალეთ. თავად “მაგთი ფანი” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კონკურსია საქართველოში, გემოვნებიანი პროექტია, ისეთი სიმღერები ჟღერდა, რაც არც ერთ პროექტში არ გაჟღერებულა, შემიძლია ვთქვა, ევროპის მასშტაბითაც კი. ახლა “X-ფაქტორში” ვმონაწილეობ. დიდი ყოყმანის შემდეგ მივედი,
კონკურსები არ მიყვარს, ალბათ მაზოხისტი ვარ. თუმცა კარგი შემადგენლობითაა პროექტი, კომფორტული გარემოა. ჩემი მოლოდინი უფრო შემოქმედებითია, პრიზები არ მაინტერესებს. კონკურენცია ძალიან დიდია, სხვადასხვა ჟანრის შემსრულებლები ვართ, თუმცა გამარჯვებული პროექტს ერთი ჰყავს, ვფიქრობ, მე მაქვს შანსი, რომ გავიმარჯვო, ყველაზე ძლიერი კონკურსანტები ბათუმიდან ვართ.

ცხოვრების სტილი


მე ვარ ადამიანი, რომელიც სულ უნდა მოგზაურობდეს, ბუნებაში ყოფნა მჭირდება ჩემი თავისუფლების შესაგრძნებად, ცოტა ანარქიული ცხოვრება მიყვარს, ხშირად სიმშვიდეც მჭირდება. ბავშვობაში, როცა ოპერის მომღერალი ვიყავი, მსოფლიო მასშტაბით მოგზაურობაც გვიწევდა, მაშინ პატარა ვიყავი და ვერ ვაანალიზებდი კარგად, მერე მივხვდი, რომ მოგზაურობა ის არის, რაც ყველაზე მეტად მჭირდება. მინდა ვიმოგზაურო ტიბეტში, ალიასკაზე, მსგავსი ადგილები უფრო მხიბლავს, რატომღაც მგონია, რომ ჩემთან ახლოსაა. მართლმადიდებელი ვარ, მაგრამ ბუდიზმი მიტაცებს, ბევრ რაღაცას ვსწავლობ ამ რელიგიით, ტიბეტში მოგზაურობა ვიცი, რომ ბევრს მომცემს, დაგეგმილი მოგზაურობები არ მომწონს, მოულოდნელი უფრო ასწორებს. ლაშქრობებში ხშირად დავდივარ, შარშან მეგობრებთან ერთად ველოსიპედით მოვიარეთ მაღალმთიანი აჭარა. სულ სხვა შეგრძნებაა, როცა ერთი ზურგჩანთით მოივლი აჭარის სოფლებს, თავისუფლების პიკია ჩემთვის ასეთი ლაშქრობები, ძალიან ახლოს ხარ, მაგრამ გგონია, რომ სადღაც შორს მიფრინავ, არავინ გაჩერებს. ტელეფონს თან არ ვატარებთ, აიპოდი მიგვაქვს საყვარელი ფლეილისტით, გზაში ყოველთვის ვუსმენ მუსიკას. ლაშქრობებზე ყოველთვისაა თავგადასავლები, ჯანსაღი სიგიჟეებით დატვირთული, ხშირად რაღაცას ვაშავებთ, მოკლედ, ძალიან მაგარია ჩვენი ლაშქრობები.

შეყვარებული გიორგი


შეყვარებული ვარ ერთ ძალიან კარგ გოგოზე. ბათუმელი არ არის. წერს, პოეტია. ვფიქრობ, ძალიან დიდი ადამიანია, მარტო შეყვარებული არ არის ჩემთვის, პირველ რიგში მეგობარია, უფრო ძმაკაცი. წელს, ზაფხულში, ლაშქრობაზე ერთად მივდივართ, ჩემი ადამიანია, ყველაფერში ვგრძნობ მის მხარდაჭერას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: