პირველი დღე გენტში
ჩემი პირველი დღე გენტში ნამდვილად არ ჰგავდა „საუკეთესო ხანის“ დასაწყისს. უიღბლობის სერია დაიწყო აეროპორტშივე, სადაც დაიკარგა ჩემი ბარგი და მხოლოდ მეორე დღეს მოვახერხე მისი დაბრუნება. სექტემბერში მზიანი ბათუმიდან წასულს იქ უკვე სიცივე და წვიმა დამხვდა. უცხო ქვეყანაში ჩასულმა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, სად უნდა მეცხოვრა და საქირავებლად ბინას ქუჩა-ქუჩა ვეძებდი. ამ ყველაფერმა ძალიან დამრთგუნა და შემაშინა.
ჩვენი ინტერნაციონალური სახლი
გენტში ჩემი ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ქალაქის ერთ-ერთი კარის ზარზე გაჩნდა წარწერა: „DEVADZE KETI“, რაც იმას აღნიშნავდა, რომ ამ კარის მიღმა უკვე ჩემი დროებითი „სამფლობელო“ იყო.
ჩვენს სტუდენტურ სახლში სულ ათი სტუდენტი ვცხოვრობდით, მათგან ხუთი ბელგიელი, ორი იტალიელი, ორი ქართველი და ერთიც ესპანელი. ჩვენს სახლში არასდროს იყო მოწყენილობა. ხშირად ვაწყობდით ნაციონალურ ვახშამს. გვქონდა ქართული და ევროპული კულინარიის დღეები. სახლის მეპატრონე იყო ბელგიელი არქიტექტორი, რომელსაც საოცრად ეშინოდა ხანძრის გაჩენის. ყველა ოთახში გვქონდა ცეცხლჩამქრობი, სირენები, ჩემი ოთახის ფანჯრიდან გადიოდა საავარიო კიბე, ტანსაცმლის კარადა გამომიცვალა იმის გამო, რომ ძველი კარადა ცეცხლსაშიში იყო. ერთხელ ცრუ განგაშიც კი მოგვიწყო და გვავარჯიშა, თუ როგორ უნდა მოგვეხდინა ასეთ დროს ევაკუაცია.
UGent – „სხვაგვარი“ ფსიქოლოგია
ბელგიაში ყოფნის დროს ვსწავლობდი გენტის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე. ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში შედის. აქ სწავლისას ბევრი რამ ძალიან საინტერესო და უცნაურიც კი იყო ჩემთვის. მაგალითად, ის, რომ ლექციების ცხრილი არ იყო წინასწარ განსაზღვრული და ის დგებოდა კვირიდან კვირამდე, სტუდენტებთან შეთანხმებით. ლექტორების დამოკიდებულება სტუდენტების მიმართ იყო ძალიან კოლეგიალური, ისინი ჩვენ მოგვიხსენიებდნენ, როგორც თავიან კოლეგებს. ერთხელ ერთმა სტუდენტმა ჩვენს ლექტორს მიწერა, რომ გარკვეული მიზეზის გამო ვერ დაესწრებოდა ლექციას. ამის გამო ლექტორმა მისთვის სპეციალურად ჩაიწერა მთელი ლექცია და შემდეგ გაუგზავნა, რათა სტუდენტი არ ჩამორჩენოდა სასწავლო პროცესს და თანაბარ პირობებში ყოფილიყო ჩვენთან შედარებით. ლექციის მიმდინარეობის დროს ყურადღება არ ექცეოდა უმნიშვნელო დეტალებს. მაგალითად, შეგვეძლო გვეჭამა ან დაგველია რაიმე, გავსულიყავით გარეთ, როცა მოგვინდებოდა, შეგვეძლო მოგვეთხოვა შესვენება ან სასაუბრო თემის შეცვლა.
გენტის უნივერსიტეტში სწავლის დროს, როგორც მომავალმა ფსიქოლოგმა, ჩემი პატარა კვალი დავტოვე უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში. ჩემი ორი ნაშრომი ორგანიზაცია SIHO -ს კვლევით მასალებში გამოქვეყნდა, რასაც მომავალში ამ უნივერსიტეტში სწავლისას სხვა სტუდენტები გამოიყენებენ სასწავლო მასალებად.
იგრძენი თავი, როგორც საკუთარ სახლში
გენტი ნამდვილად არის ის ქალაქი, რომელიც თავს ადვილად შეგაყვარებს. ცოტა დრო დამჭირდა იმისათვის, რომ თავი მეგრძნო ისე, როგორც საკუთარ სახლში. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ შუა საუკუნეების არქიტექტურა, მდინარეებითა და არხებით დაკლაკნილი ვიწრო ქუჩები, ჰაერში მოტრიალე შოკოლადისა და ვაფლის სუნი, უამრავი ველოსიპედი და ლუდის ბარი? – სწორედ ასეთია გენტი. პირველი, რამაც აქ გამაოცა, იყო ველოსიპედების სიმრავლე, ეს არის აქ გადაადგილების ძირითადი საშუალება. ველოსიპედით დადის ყველა: მოხუცი, ახალგაზრდა, პატარა ბავშვი, ზოგი შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილი, ზოგი კაბით და მაღალი ქუსლებით.
მთავარი ატრიბუტი: ზურგჩანთა და პასპორტი
ერთი რამ, რაც, ალბათ, მსოფლიოს ყველა ერასმუსელს აერთიანებს, არის მოგზაურობის მანია. ერასმუსის დროს შემოსავლის, ამინდისა თუ ნებისმიერი სხვა გარემოების მიუხედავად მოგზაურობა არასდროს არის უადგილო და არასასურველი.
ჩემი ევროტური ბელგიის ქალაქების მონახულებით დაიწყო. მოვინახულე ბრიუგე, ულამაზესი ქალაქი, რომელსაც ჩრდილოეთის ვენეციას უწოდებენ. მისი ისტორიული ცენტრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. ანტვერპენი, რომელიც ბელგიის ფლანდრიული რეგიონის დედაქალაქად იწოდება. მისი საზღვაო პორტი მსოფლიოში ათ უდიდეს პორტს შორის მოიხსენიება. ლიგე – სადაც დავესწარი ყოველწლიური სინათლის ფესტივალს. ჩემი პირველი ტურისტული იმედგაცრუება ბრიუსელის ნახვის დროს იყო. ბელგიის უფრო პატარა ქალაქებისგან განსხვავებით ის არც ისე ლამაზი აღმოჩნდა, გადატვირთული მოძრაობა და უწესრიგობა ქუჩებში – არ ტოვებდა ტურისტისთვის სასიამოვნო შთაბეჭდილებას. დიდი ინტერესით ველოდი ცნობილი ბატარა ბიჭის ქანდაკების Manneken-Pis -ნახვას, რომელიც მსოფლიოში არის ცნობილი და ბრიუსელის ერთგვარ სიმბოლოსაც კი წარმოადგენს. როდესაც საბოლოოდ მივუახლოვდი ამ ქანდაკებას, სასაცილო სურათს წავაწყდი. ეს იყო ძალიან პატარა ქანდაკება, ძლივს შესამჩნევი, რომელიც ქოლგით და საწვიმარი ქურთუკით იყო შემოსილი. რთული დასაჯერებელი იყო, რომ ეს ნამდვილად იყო ბრიუსელელი ბიჭუნას ის ცნობილი ქანდაკება.
შემდეგ იყო ბუდაპეშტი, რომელსაც უკვე მერამდენედ ვსტუმრობ და მაინც ახერხებს ყოველ ჩასვლაზე ჩემ გაოცებას. პრაღა, თავისი იდუმალი ჩარლს ბრიჯით. მიუნხენი, საოცარი ქუჩის მუსიკოსებით, BMW-ს მუზეუმით. ღამის ზალსბურგი და ლუდვიგ II-ს ჯადოსნური სასახლე ნოიშვანშტაინში. უდიდესი და ულამაზესი საშობაო ბაზრობა კიოლნში. საშობაო არდადეგებზე კი ჩემმა ოჯახმა გამიკეთა საჩუქარი და მესტუმრა გენტში. ახალ წელს შევხვდით საოცნებო პარიზში, ტრიუმფალური თაღის ქვეშ. პარიზი არასდროს ყოფილა ჩემი ოცნების ქალაქი, თუმცა ახლა უკვე ვფიქრობ, რომ სულ ტყუილად არ ვოცნებობდი მასზე.
ყველაზე საინტერესო მოგზაურობა იყო ამსტერდამში – ქალაქში, რომელსაც არასდროს სძინავს. ვესტუმრეთ სახლს, სადაც ანა ფრანკი იმალებოდა ოჯახთან ერთად ებრაელთა დევნის დროს და სადაც იქმნებოდა მისი ცნობილი დღიურები. გავიცანი მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე ცნობილი ადამიანები მადამ ტიუსოს ცვილის ფიგურების მუზეუმში. ვნახე ლეგენდარული „წითელი ფარნების ქუჩა“ და მსოფლიოში უდიდესი ყვავილების ბაზარი.
Welcome – ანუ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება
ერასმუსის მოგონებები მით უფრო შთამბეჭდავია, რაც მეტ ახალ ადამიანს იცნობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩემს ინტერნაციონალურ მეგობრებთან ურთიერთობის ყველაზე საინტერესო ასპექტი ერთმანეთისთვის კულტურისა და ტრადიციების გაცვლა იყო. ჩემი მეგობრები ხშირად ინტერესდებოდნენ საქართველოთი, ჩვენი კულტურითა და ტრადიციებით. ერთი ბელგიელი გოგო გაოცებული აზუსტებდა ჩემთან ინფორმაციას ტელევიზორში ნანახი სიუჟეტის შესახებ, სადაც ამბობდნენ, რომ ქართველებს „შეუძლიათ” საუზმეზეც კი დალიონ ალკოჰოლური სასმელი. ჩემს მეგობრებს უკვირდათ, თუ როგორ შეიძლება ერთი მარტივი სიტყვის – „Welcome“- ის ქართული თარგმანი იყოს მთელი წინადადება: „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“.
გენტში ყოფნის დროს ვუყურეთ ქართულ ფილმს: „გრძელი ნათელი დღეები“, სადაც გოგონას იტაცებენ ცოლად მოყვანის მიზნით. ჩემი მეგობრები ვერაფრით მიხვდნენ, თუ რატომ იტაცებენ ამ გოგოს და მერე ყველა რატომ სვამს და აღნიშნავს ამ ამბავს. თან ეს გოგოც რატომ არის ამით ასეთი გახარებული.
ჩემს ბარსელონელ მეგობარს ისე მოეწონა ქართული დამწერლობა, რომ აპირებს ტატუ გაიკეთოს ქართული ასოებით, ფიქრობს, რომ ეს ძალიან ეგზოტიკური იქნება.
ჩემი ევროპული დღიურების დასასრულს მინდა გავიხსენო ის ყველაზე ძლიერი და სუნთქვისშემკვრელი შეგრძნება, რომელსაც არც ახალი შთაბეჭდილებები, არც ევროპული თავისუფლების განცდა და არც მოგზაურობით მიღებული სიამოვნება შეედრება. ეს არის შეგრძნება, როდესაც ბრუნდები შინ!