კვირის ამბები

რა მცენარეების მოპოვება იზღუდება აჭარის მთებში

28.05.2014 • 4175
რა მცენარეების მოპოვება იზღუდება აჭარის მთებში

 

 

ძმერხლი მარადმწვანე მცენარეა შროშანისებრთა ოჯახიდან, რომელიც ველურ პირობებში იზრდება და რომელსაც დეკორატიულ მებაღეობაში  იყენებენ. ძმერხლს შეხვდებით თითქმის ყველა ყვავილების სალონში. ეს მცენარე თაიგულების ტრადიციული დანამატია. საქართველოში ძირითადად აჭარაში, ქართლსა და აფხაზეთშია გავრცელებული. გასულ წელს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ სახეობის პოპულაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. კვლევა წელსაც გრძელდება. კვლევები ჩატარდა ქობულეთში, მახუნცეთში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში,  სპეციალისტების განცხადებით 11 სატყეო უბანზე მცენარის მოპოვება დაუშვებელია.

 

 

„ძმერხლი გააქვთ უკრაინასა და სომხეთში, სადაც სათაიგულედ იყენებენ.  ხარიშუბლასგან იცით, რომ პლატიფილინს იღებენ და ძალიან  ბევრი საწარმოა, რომელიც ამას იბარებს. მონიტორინგი ჩავატარეთ იმ მონაკვეთში, სადაც ტრადიციულად ანთროპოგენური ზემოქმედება უნდა ყოფილიყო მაღალი და კატასტროფული შედეგები გვაქვს,“ – აცხადებს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე.

 

 

„აღნიშნული კვლევები ძირითადად ჩავატარეთ იმ კვარტალებში, სადაც განსაკუთრებით დიდი იყო ანთროპოგენული ზემოქმედების ხარისხი. როგორც კვლევებმა გვიჩვენა, უმრავლეს კვარტალში უნდა აიკრძალოს ძმერხლის დამზადება,  პოპულაციების აღდგენამდე მისი შემდგომი ბუნებაში შენარჩუნების მიზნით.  შესწავლილი ტერიტორიიდან მხოლოდ ქობულეთის ორ  სატყეო კვარტალში არის მცირე რაოდენობით მარაგი. თერთმეტ შესწავლილ უბანზე დაუშვებელია ძმერხლის მოპოვება, მისი პოპულაციის აღდგენამდე,“ – ამბობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი იზოლდა აბულაძე.

 

 

კვლევა მიმდინარე წელსაც გრძელდება. სპეციალისტები წელს იმ ადგილებს შეისწავლიან, რომელიც რთულად მისადგომია მოსახლეობისათვის და საერთო სურათს დადებენ.

 

 

მეორე სახეობა, რომლის ბუნებრივი და ეკოლოგიური მდგომარეობა სპეციალისტებმა შეაფასეს, ხარიშუბლაა. ისევე როგორც ძმერხლი, ხარიშუბლაც მაღალი ეკონომიკური ღირებულებისაა. მცენარეს ნედლეულად სამედიცინო სფეროში იყენებენ. საკვლევი არეალი ხულო-შუახევი იყო.

 

 

„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ შესწავლილ არეალში მცენარე გავრცელებულია ერთეული სახით და მისი მოპოვება დაუშვებელია. ასეთი 13 უბანია ხულოსა და შუახევში. ჩვენი შეფასებით სატყეო უბნები ორ კატეგორიად იყოფა: რიგ ადგილებში ხარიშუბლას მოპოვება სამ წლამდე დაუშვებელია, რიგ ადგილებში კი –  პოპულაციის აღდგენამდე მისი შემდგომ ბუნებაში შენარჩუნების მიზნით,“ –  ამბობს იზოლდა აბულაძე.

 

 

სპეციალისტების მიერ მომზადებული რეკომენდაციები საქართველოს  გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტს და სატყეო სააგენტოს გადაეგზავნა შემდგომი რეაგირებისათვის. როგორც აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახტანგ წულაძე აცხადებს, შესწავლილ უბნებზე გაიზრდება მონიტორინგი, რომ მოსახლეობამ ძმერხლი და ხარიშუბლა არ  მოიპოვოს.

 

 

მიუხედავად ბიომრავალფეროვნების დაცვის განყოფილების რეკომენდაციისა,  ძმერხლის ამჟამად შეუფერხებლად მოიპოვებენ. რაც შეეხება ხარიშუბლას, მცენარე ნედლეულად აგვისტოდან არის ვარგისი. მიიღებს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას და აიკრძალება თუ  არა ამ ორი სახეობის მოპოვება, ჯერჯერობით უცნობია. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: