როგორ აისახა ქამრების შემოჭერის პოლიტიკა აჭარის მთავრობაზე

 

 

ბათუმის მერია
ბათუმის მერია

გასულ კვირას „ქამრების შემოჭერის“ არგუმეტით ბათუმის მერიამ შესყიდვების გეგმიდან რამდენიმე თავი ამოიღო, რამდენიმე თავში გათვალისწინებული თანხა კი შეამცირა და შესაბამისი ცვლილება ბიუჯეტშიც შეიტანა: მერია აღარ შეიძენს სამზარეულოს ჭურჭელს, მტვერსასრუტს და წყლის მაღალი წნევის ტუმბოს, რის შედეგადაც 4700 ლარი დაიზოგება. ასევე, ბათუმის მერია აღარ დაბეჭდავს საინფორმაციო ბუკლეტებს, უარს იტყვის თანამშრომელთათვის სატრენინგო მომსახურების შესყიდვასა და საინფორმაციო სააგენტოებიდან ინფორმაციის მიღებაზე. ამ ნაწილში კი ჯამში 17 800 ლარი დაიზოგება.

 

მერიის საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, არჩილ ვანაძის ინფორმაციით, მცირდება წარმომადგენლობითი ხარჯებიც, საწვავის, სატელეფონო და მივლინებების ნაწილში. საერთო ჯამში კი, მერია ქამრების შემოჭერის პოლიტიკის ფარგლებში  123  300 ლარს დაზოგავს.

 

პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მითითებას ქამრების შემოჭირაზე ბათუმის საკრებულოშიც დაემორჩილენ. საკრებულოს აპარატის უფროსის, პაატა მგელაძის მიერ სხდომაზე წარმოდგენილი ინფორმაციით, ბათუმის საკრებულო ადმინისტრაციული ხარჯებიდან 135 000 ლარს დაზოგავს. თანხა მოაკლდება საოფისე, რბილი ავაჯის შესაძენად, ტრანსპორტის ექსპლუატაცია-მოვლის, ასევე საქონლით მომსახურებისა და სხვა ხარჯებს. ბათუმის საკრებულოს წევრებს კი ტელეფონით საუბრის ლიმიტი 90 ლარიდან – 50 ლარამდე შეუმცირდათ. პაატა მგელაძის განმარტებით, ამ თანხის დაზოგვით საკრებულოს ეფექურად მუშაობას ხელი არ შეეშლება.

 

სხდომა აჭარის მთავრობაში
სხდომა აჭარის მთავრობაში

ქამრების შემოჭერის პოლიტიკაზე აჭარის მთავრობაშიც იზრუნეს.

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმარებისა და ანალიზის სამსახურის უფროსის ლია ბერიძის თქმით, ცვლილება პროგრამულ ნაწილს არ შეეხება და თანხას ძირითადად ადმინისტრაციული ხარჯებიდან დაზოგავენ: “ჩვენი ბიუჯეტის 70 პროცენტი პროგრამებზეა მიმართული. თავის დროზეც შეზღუდული გვქონდა რესურსი ადმინისტრაციულ ხარჯებში, თუმცა ახლა კიდევ ერთხელ გადავხედეთ და შევეცდებით, რომ მივლინებები, საქონლით მომსახურება იქნება ეს თუ სხვა, მაინც კორექტირება შევიტანოთ.”

 

ამავე უწყების მთავარი ფინანსისტის ნონა გალოგრეს ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრო 21 000 ლარის დაზოგვას გეგმავს, მათ შორის 7500 ლარი წარმომადგენლობითი ხარჯია:

 

„ეს პირველი კვარტლის მიხედვით, წლის განმავლობაში შეიძლება უფრო მეტიც შევამციროთ, თანხ ტენდერების შედეგადაც დაიზოგება“, – განმარტავს ნონა გალოგრე.

 

ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტრომ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის განსაზღვრის მიზნით, მასზე დაქვემდებარებულ უწყებებს წერილობით მიმართა.

 

„მათ უნდა წარმოადგინონ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ ხედავენ ქამრების შემოჭერის პოლიტიკას და ჩვენ მათგან ველოდებით პასუხებს“, – ამბობს სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი თამუნა დიასამიძე.

 

ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებას გეგმავენ აჭარის განათლების, სპორტისა და მეცნიერების სამინისტროში: „ჩვენ უკვე მოვამზადეთ პროექტი, ამ დროისათვის უკვე შევამცირეთ ბიუჯეტი სამი პროცენტით – ეს არის დაახლოებით 48 800 ლარი, ცვლილება შეეხო სამივლინებო, წარმომამდგენლობით ხარჯებს და ასევე საწვავს. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ ქამრების შემოჭერასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ გასულ წელსაც დავზოგეთ თანხა“.

 

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქამრების შემოჭერაზე“ განკარგულება (# 422) 2015 წლის 6 მარტს გამოსცა, რის შემდეგაც გახმაურდა მისი ადმინისტრაციული ხარჯებისა და ავეჯის შეძენის შესახებ ინფორმაცია. ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ლარის კურსის ვარდნისა და აღიარებული კრიზისის ფონზე პრემიერის გადაწყვეტილება გაამართლა. ამ ფონზე რამდენად შეასრულებენ პრემიერის დავალებას მასზე დაქვემდებარებული უწყებები, ამას „ბათუმელები“ ეტაპობრივად დააკვირდება.

 

 

განვითარების პრობლემების მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა

 

პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები მიიღებენ სპეციალისტთა გუნდის მომსახურებას (საჭიროებიდან გამომდინარე ადრეული განვითარების სპეციალისტის, ფსიქოლოგის, მეტყველების თერაპევტის, ოკუპაციური თერაპევტის მომსახურებას), რომელიც შეაფასებს ბავშვების კოგნიტურ, ფიზიკურ, ფუნქციურ, სოციალურ-ემოციურ, კომუნიკაციურ უნარებს და ინდივიდუალური ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, განვითარების გეგმის საფუძველზე განავითარებს შესაბამის უნარებს.

 

ბავშვებთან მუშაობის ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობები დაეხმარება განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს მაქსიმალურად გამოავლინონ მათი შესაძლებლობები, განავითარონ საკუთარი პოტენციალი, ჩაერთონ სკოლამდელი ან დაწყებითი საფეხურის განათლებაში და ინტეგრირდნენ საზოგადოებაში, რათა გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

 

 

მურმან დუმბაძე ღარიბაშვილს: მის გონებაში, მენტალობაში პრობლემაა


ბატონო მურმან, პრემიერ-მინისტრმა თქვენ და თქვენს თანამოაზრეებს მოღალატეები გიწოდათ..,

ეს არის ღრმა შეცდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრის. ის არის ქვეყნის პირველი პოლიტიკოსი  და ის უნდა იყოს არამარტო მისიანის პრემიერი, არამედ მისი პოლიტიკური ოპონენტის პრემიერ-მინისტრიც. ეს უნდა გააცნობიეროს ახალგაზრდა ღარიბაშვილმა. როგორც ჩანს, მას ჰყავს სუსტი მრჩევლები, ეს სიტყვა მას ერთხელ რომ წამოცდეს, გასაგებია აპატიებდი, მაგრამ პრაქტიკულად ეს სტანდარტია და მის გონებაში, მენტალობაში არის სერიოზული პრობლემა. მირჩევნია ის განვითარდეს და იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან პოლიტიკურ კონკურენციაში არიან, კონკურენციით მოუგოს.

ვინც პოლიტიკურ ოპონენტს მოღალატეს  უწოდებდა, ის ხელისუფალი საქართველოში არ ცხოვრობს, მაგალითად,  ასლან აბაშიძე ოპონენტებს მოღალატეებს ეძახდა, ასე იქცეოდა მიხეილ სააკაშვილიც. მე მაქვს სურვილი, ირაკლი ღარიბაშილმა, როცა ის ხელისუფლებაში აღარ იქნება,  საქართველოში იცხოვროს.  


ხომ არ აპირებთ მიმართოთ სასამართლოს?

პატივისა და ღირსების შელახვა დაუშვებელია საქართველოს კონსტიტუციით, მაგრამ მე სასამართლოს გზით არ წავალ. გარდა იმისა, რომ პოლიტიკოსი ვარ, პროფესიით მასწავლებელი ვარ და მე ვასწავლი ირაკლი ღარიბაშვილს პოლიტიკურ ოპონენტებთან კონკურენციას. მე სასამართლო არ მაინტერესებს.

 

არასრულწლოვანი მსჯავრედებულები ჩადენილი დანაშაულის მიხედვით

 

არასრულწლოვანი მსჯავრედებულები, 2014 წელს ჩადენილი დანაშაულის მიხედვით:

 

განზრახ მკვლელობა: მსჯავრდებული იყო – 6 არასრულწლოვანი, აღეკვეთა თავისუფლება – 5 არასრულწლოვანს;

 

ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება: მსჯავრდებული იყო – 8 არასრულწლოვანი, აღეკვეთა თავისუფლება – 2 არასრულწლოვანს;

 

გაუპატიურება: 0;

 

ქურდობა: მსჯავრდებული იყო – 229 არასრულწლოვანი [აქედან 10 გოგონა], აღეკვეთა თავისუფლება – 53 არასრულწლოვანს;

 

ხულიგნობა: 0;

 

ნარკოტიკების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება: მსჯავრდებული იყო – 14 არასრულწლოვანი, აღეკვეთა თავისუფლება – 2 არასრულწლოვანს;

 

სხვა დანაშაული: მსჯავრდებული იყო – 124 არასრულწლოვანი [აქედან 6 გოგონა], აღეკვეთა თავისუფლება – 42 არასრულწლოვანს;

 

ჩადენილი დანაშაულის მიხედვით არასრულწლოვანი მსჯავრდებულების შესახებ ინფორმაცია, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებზე დაყრდნობით გაავრცელა.

ღარიბაშვილი:”ჩემთვის არ არის საინტერესო არც მურმან დუმბაძე, არც ფუტკარაძე, არც ვასაძე”

 

“ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა წევრებმა გააკეთეს არჩევანი და ეს მათი არჩევანია, არ ვიცი რის ხარჯზე, რა მიზნით ან რა მოტივით ერთმა დატოვა პარტია,  მერე ჩვენ გავრიცხეთ პარტიიდან… ეს ნორმალური პროცესია, ჩვენ ურჩ და მოღალატე წევრებს არ გავიჩერებთ პარტიაში და თუ ვინმეს შევატყობთ მოღალატეობრივ საქციელს, რა თქმა უნდა,  სხვებსაც ადეკვატურ პასუხს გავცემთ… ის,  რაც ხდება აჭარაში, ეს პოლიტიკური თამაშებია და სიტუაცია კონტროლის ქვეშაა, ოპოზიციას არაფრის თავი არ აქვს, ვერავინ ვერ გადააყენებს მთავრობას.”

 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რეგიონში ის ვადამდელ არჩევნებს არ ელოდება. 

 

“ყველა იმ ადამიანს, ვინც უღალატა ქართველი ხალხს, მოსახლეობა გასცემს პასუხს მომდევნო არჩევნების დროს… ჩემთვის არ არის საინტერესო მურმან დუმბაძე, არც ჯემალ ფუტკარაძე, ისინი მოღალატეები არიან, ჩემთვის არც მედეა ვასაძე არ არის საინტერესო და არც მათზე საუბარი”.   

120 ათასი ლარი კალიების წინააღმდეგ

 

სასოფლო-სამეურნეო მავნებლის კალიის გავრცელების კერებში, სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება, უნდა განხორცილედეს ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში (სავარაუდოდ – 10 ათას ჰექტარზე), ავიაციის საშუალებით, ულტრამცირემოცულობიანი აგრეგატების მეშვეობით, სააგენტოს მიერ მითითებულ ადგილებში;

 

მომსახურების სავარაუდო ღირებულება შეადგენს120 000 ლარს; ხოლო მომსახურების გაწევის სავარაუდო ვადებია: 2015 წლის მაისი-აგვისტო (კალიის მასობრივი გავრცელების შემთხვევაში); მომსახურების გაწევის საჭიროებას განსაზღვრავს შემსყიდველი, კალიის გავრცელების გათვალისწინებით.

 

სატენდერო პირობების მიხედვით, შემსრულებელი ვალდებულია მკაცრად დაიცვას პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შენახვის, ტრანსპორტირების, რეალიზაციისა და გამოყენების წესები. გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარება განხორციელდება თითოეულ ჰექტარზე გაწეული მომსახურების მიხედვით – გახარჯული ნაზავის რაოდენობა, ფრენის ხანგრძლივობა, შემასხურებელი აგრეგატის ტექნიკური მაჩვენებლები.

 

ტენდერში მონაწილემ უნდა წარადგინოს ცნობა ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციიდან, იმის დასადასტურებლად, რომ საჰაერო ხომალდ(ებ)ის ექსპლუატანტის მოწმობა არის მოქმედი და პრეტენდენტს უფლება აქვს განახორციელოს საავიაციო სამუშაოები. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 10 აპრილს დაიწყება და 15 აპრილს შეწყდება.

არათანაბარი პირობები – პროკურორის სასარგებლოდ

ბათუმის საქალაქო სასამართლო/მანანა ქველიაშვილის ფოტო

ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა თანასწორობა თითოეული მხარისთვის გულისხმობს საკუთარი პოზიციის, მათ შორის მტკიცებულებების წარდგენის გონივრულ შესაძლებლობას ისეთ პირობებში, რომელიც მას არ ჩააყენებს არახელსაყრელ მდგომარეობაში მოწინააღმდეგესთან. მხარეთა შეჯიბრებითობა გულისხმობს დაცვისა და ბრალდების მხარეთა თანაბარ პირობებს მოიპოვონ, შეისწავლონ, წარადგინონ და გამოიკვლიონ საკუთარი და მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებები, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ისარგებლონ თანაბარი უფლება-მოვალეობებით… მხარეთა თანასწორობასა და შეჯიბრებითობაზე აგებული სისხლის პროცესის მიზანი სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფაა.

მიუხედავად ამისა, ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურორებთან არათანაბარ პირობებში იმყოფებიან, ამიტომაც ადვოკატები საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობენ.
“სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის უზრუნველყოფისთვის”, – ასე ჰქვია 72-გვერდიან კვლევას, რომელსაც მალე საკანონმდებლო ინიციატივად აქცევენ, მანამდე კი ავტორები მოსაზრებებს ფოკუსჯგუფებს აცნობენ. აპირებენ შეხვდნენ მოსამართლეებს და მათთან განიხილონ კანონის ნორმები, რომლითაც, მათი შეფასებით, ბრალდებისა და დაცვის მხარის თანაბარი უფლებები ირღვევა. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურა ამ ბოლოს განსაკუთრებით ჩაიკეტა. ამის მიუხედავად იმედი აქვთ, რომ მათი კოლეგები დისკუსიაზე უარს არ იტყვიან. “ჩვენი მიზანი სულაც არ არის პროკურორები დაჩაგრულები ან მაჩანჩალები იყვნენ. ჩვენ გვსურს თანაბარი უფლებებით ვსარგებლობდეთ”, – ამბობს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, ადვოკატი ემზარ პაქსაძე.

ადვოკატი და ყოფილი პროკურორი ედიშერ მახარაძე მიიჩნევს, რომ თანასწორუფლებიანობა პირობითია მთელი რიგი გარემოებების გამო: “მთელი რიგი საკანონმდებლო დანაწესი პირდაპირ ავლენს არათანასწორობას. მხოლოდ ბრალდების მხარეა უფლებამოსილი ახორციელოს სისხლის სამართლებრივი დევნა, დაცვას ეს უფლება არა აქვს, ე.ი. საკითხი დავას მოკლებულია. საკანონმდებლო დონეზე არათანაბარ მდგომარეობაშია დაცვისა და ბრალდების მხარე არა მხოლოდ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესაძლებლობაში და დამოუკიდებლობაში. ბრალდება მტკიცებულების მოპოვების ვადას განსაზღვრავს თვითონ, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებით, ხოლო დაცვას, წინასასამართლო სხდომის თარიღის ჩანიშვნით, სასამართლოს მიერ განესაზღვრება ეს ვადა. ბრალდების მხარე სასამართლოს თავის პოზიციას უსაბუთებს სახელმწიფო ინტერესით, დაცვა კი – ბრალდებულის, ეს ახდენს ზეგავლენას საკითხის გადაწყვეტაზე და აისახება ცალკეული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე. მნიშვნელოვანია კვალიფიკაციის შეცვლაზე დავაც. სასამართლო იშვიათად თუ იზიარებს დაცვის პოზიციას და ცვლის პირველად კვალიფიკაციას გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას, რაც ნიშნავს ბრალდების მხარის მოსამართლეთა პროფესიულ დონესთან გათანაბრებას”.

ედიშერ მახარაძის აზრით, “მოსამართლე უფრო კვალიფიციური იურისტია, ვიდრე ბრალდების ან დაცვის წარმომადგენლები, მათ მეტი სამართლებრივი წინდახედულობა და გამოცდილება აქვთ, ე.ი. დანაშაულებრივი ქმედების ზუსტი შეფასების უნარი გააჩნიათ და ამ უნარს მოსამართლეები უნდა იყენებდნენ მუდამ“.

გასული წლის სექტემბერში კანონში შესული ცვლილების შემდეგ ადვოკატებს ჩხრეკისა და ამოღების უფლება მიენიჭათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ უფლების მიღებას ყველა ადვოკატი ითხოვდა, აღმოჩნდა, რომ პრაქტიკაში თითქმის არავინ იყენებს. თუ მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში ქურდობა აფთიაქთან ახლოს მოხდა, სათვალთვალო კამერიდან ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლება ადვოკატსაც აქვს, მაგრამ ამისთვის მან სასამართლოს უნდა მიმართოს. მოსამართლე კი ნეიტრალურ გამომძიებელს ავალებს ადვოკატის შუამდგომლობის შესრულებას. თავის მხრივ, გამომძიებელი ვალდებულია მტკიცებულება პირველად საქმის პროკურორს მიუტანოს.
„ჩემ მიერ გამოთხოვილ მტკიცებულებებს პირველად საქმის პროკურორი ამოწმებს და მერე მე. ხომ შეიძლება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის საზიანო მტკიცებულება ამოიღონ ჩემი შუამდგომლობით? და გამომძიებელმა „ძალით“ რომ გამიფუჭოს მტკიცებულება, რა მოხდება ასეთ დროს? ჩვენ ადვოკატები ვართ და სიმართლის დადგენის ვალდებულება არ გვაქვს“, -ამბობს ემზარ პაქსაძე. დაცვის მხარე ამ არგუმენტით მტკიცებულებების მოპოვებას ერიდება.

ადვოკატი დავით კვაჭანტირაძე ამბობს, რომ მტკიცებულებების მოპოვების პროცესში დაცვის მხარე უთანასწორო პირობებშია ბრალდების მხარესთან. ის, რომ დაცვის მოპოვებული მტკიცებულება პირველად ბრალდების მხარეს გადაეცემა, დაცვის უფლებას ეწინააღმდეგება: „ადვოკატი არ არის ვალდებული კლიენტის საზიანო მტკიცებულებები წარუდგინოს გამოძიებას. თანაც ჩხრეკისა და ამოღების ხარჯებს დაცვის მხარე ანაზღაურებს. რაც შეეხება კომპიუტერში დაცულ ინფორმაციას, მისი მოპოვების უფლებას კანონი დაცვის მხარეს საერთოდ უზღუდავს“.

თუმცა, ადვოკატმა ირაკლი გრძელიძემ კოლეგებისგან განსხავებით, ამ კანონით მინიჭებული უფლების გამოყენება სცადა -მან შუამდგომლობით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიმართა და მათი საშვთა ბიუროდან ამონაწერის მიღება ითხოვა. ეს დოკუმენტი მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმეზე დასართავად სჭირდებოდა (ადვოკატი ეჭვობდა, რომ პირი, რომელიც მისი დაცვის ქვეშ მყოფს ადებდა ხელს, როგორც დამნაშავეს, საგამოძიებო უწყებებთან მანამდე ჰქონდა ურთიერთობა, ვიდრე დანაშაული მოხდებოდა): „ვეჭვობდი, რომ ე.წ. დაზარალებულმა დანაშაულის პროვოცირება მოახდინა, ამიტომაც მაინტერესებდა ეს დაზარალებული რამდენჯერ იყო ნამყოფი საგამოძიები უწყების შენობაში“.

ადვოკატს საშვთა ბიუროდან მონაცემების მიღებაზე უარი უთხრა თბილისის საქალაქო სასამართლომ. უარის თქმის მიზეზი ადვოკატისთვის უცნობია. მას ასევე უარი უთხრა სასამართლომ სატელეფონო საუბრების ამოღების შუამდგომლობაზეც- მოსამართლის თანაშემწემ ადვოკატს ტელეფონით განუმარტა, რომ ეს პროკურორის პრეროგატივა იყო.
ადვოკატების მიერ მომზადებულ რეკომენდაციებში, რომელსაც მალე კანონპროექტის სახით პარლამენტს წარუდგენენ, საუბარი კიდევ ერთ დეტალზეა – თუ ადვოკატმა მისი დაცვის ქვეში მყოფის საქმეზე ექსპერტიზა ჩაატარა, კანონი ავალდებულებს ექსპერტიზის დასკვნა დაუყონებლივ ბრალდებას გადასცეს.

კანონპროექტების ავტორები კანონში კიდევ ერთი დეტალის დამატებას ითხოვენ. იმ შემთხვევაში თუ, მაგალითად, პირს ბრალი ედება ყაჩაღობაში, მაგრამ სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდებულს იარაღი არ ჰქონია და მან ყაჩაღობა კი არა ქურდობა ჩაიდინა, შესაძლოა სასჯელის ზომა შეუმცირდეს და ბრალდების მუხლი შეიცვალოს. ემზარ პაქსაძე ამბობს, რომ მოსამართლეს მუხლის შეცვლა მხოლოდ ბრალდებულის სასიკეთოდ შეუძლია: `რეკომენდაციის მომზადების დროს ვისარგებლეთ ევროპული კონვენციით, მაგალითად, თუ ადამიანს ბრალად ედებოდა ყაჩაღობა, მაგრამ მოსამართლემ ჩათვალა, რომ იქურდა, მიზანშეწოლილია აპელაციამ დაცვის მხარეს მისცეს საშუალება დამატებით წარადგინოს მტკიცებულებები და მხოლოდ ამ ნაწილში საქმე არსებითად განიხილოს სასამართლომ, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოში ეს ვერ მოხერხდა“.

უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, გასულ წელს 251 პირს შეუმსუბუქდა სასჯელი სააპელაციო სასამართლოში, საკასაციო სასამართლოში 11 ადამიანს შეეცვალა კვალიფიკაცია და სასჯელი. პირველი ინსტანციის სასამართლოებმა კი, სულ 17391 ადამიანის სისხლის სამართლის საქმე განიხილეს.

“ჩხიკვთა ქორწილის” პრემიერა

 

სპექტაკლის შემდეგ მოზარდების გამოფენა გაყიდვა მოეწყო

ხელოვანთა კლუბის ფოტო

 

 “ჩხიკვთა ქორწილის” რეჟისორი, ნიკოლოზ ტუღუში ამბობს, რომ ეს მისი მეოთხე სპექტაკლია, რომელიც მოსწავლეებთან ერთად მოამზადა. ის გეგმავს მოზარდებთან   მუშაობის გაგრძელებას. 

 

ხელვაჩაურში ახალი აგრარული ბაზარი გაიხსნება

 

300 კვ.მ. ტერიტორიის კეთილმოსაწყობად ტენდერი დღეს გამოცხადდა. თანამედროვე ბაზრის მოსაწყობად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 60 000 ლარი გამოიყო. პირველ ეტაპზე ბაზარში 100 დახლი დამონტაჟდება.

 

ახალ ბაზარში ფერმერები სავაჭრო ადგილებით უფასოდ ისარგებლებენ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ბაზრის გახსნა მაისის თვეში არის დაგეგმილი.

ჩაქვში წყლის სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო

 

მერიის ცნობით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარების მშენებლობა იწყება, რაც ჩაქვის მოსახლეობისთვის წყლის თვითდენით მიწოდებას უზრუნველყოფს. სამუშაოებს ჩაქვში დღეს ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვიც ესწრებოდა. 


პროექტში ასევე გათვალისწინებულია მწვანე კონცხისა და მახინჯაურის მოსახლეობის წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია.


პროექტი ევროკავშირის საგრანტო ფონდის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 6 მილიონ 100 ათას ევროს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის II კვარტლისთვის დასრულდება.

როდის შეკეთდება გზა თამარის დასახლებაში

 

ნაზი ფუტკარაძე თამარის დასახლებაში ცხოვრობს. იგი ამბობს, რომ ბოლო ორი წელია თამარისა და ბარცხანის დასახლებების შემაერთებელი გზა არ შეკეთებულა და მოსახლეობას გზაზე ღრმულებისა და დატბორილი ქუჩის გამო გადაადგილებისას პრობლემები ექმნება:


„ესაა ბარცხანისა და ბენზეს დასახლებების შემაერთებელი გზა,  496 მეტრია ეს მონაკვეთი. ცუდ მდგომარეობაშია არა მარტო ნობელების, არამედ სხვა ქუჩებიც. ამ ქუჩაზე სამარშრუტო ხაზიც გადის და შეწუხებული არიან მძღოლებიც, გადაადგილება შეუძლებელია. ბენზეს დასახლებაში საოჯახო მედიცინის ცენტრია, სადაც ავადმყოფები მიდიან, ბავშვები სკოლაში დადიან… მივმართეთ მერიას, რომ პასუხი გაგვცენ, რას გეგმავენ, ასეთი უყურადღებობა როგორ შეიძლება. ადრე პერიოდულად მაინც გადიოდა გრეიდერი და ასეთი ღრუმლები არ იყო და წყალი არ დგებოდა, 2-3 წელია ამ გზაზე არაფერი გაკეთებულა“ – ამბობს ნაზი ფუტკარაძე.


თამაზ სალუქვაძე, მერის რწმუნებული თამარის ადმინისტრაციულ დასახლებაში ამბობს, რომ გზა შეკეთდება მას შემდეგ, რაც გამოვლინდება ტენდერში გამარჯვებული:


„ერთი ტენდერი გამოცხადდა თებერვლის ბოლოს, ჩავარდა ის ტენდერი, ხელახალი გამოცხადდა და ამ თვის ბოლოს უნდა გამოვლინდეს ტენდერში გამარჯვებული და დაიწყება ამ პრობლემის მოგვარება. გზის მოხრეშვა, მოშანდაგება და გასწორება მოხდება, ჯერჯერობით კაპიტალურად ვერ გაკეთდება, რადგან ქალაქში მიმდინარეობს საკანალიზაციო და სანიაღვრე წყლების რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც 2017 წლამდე გაგრძელდება, ამჯერად გზა მოწესრიგდება“ – განმარტა თამაზ სალუქვაძემ. 

 

აჭყვისთავში მოსწავლეებმა შიმშილობა განაახლეს

აჭყვისთავის სკოლის ოთხმა მოსწავლემ 18 მარტს განაცხადა, რომ შიმშილობას იწყებდნენ, თუმცა აქცია იმ დღესვე შეწყვიტეს,  დღეს კი მოსწავლეები ისევ სკოლასთან შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ შიმშილობდნენ.

აჭყვისთავის სკოლის მასწავლებელი ხათუნა მენაბდე გამოცდაზე ჩაჭრილი ერთ-ერთი მოსწავლის დედაა.  კონფლიქტი აჭყვისთავის საჯარო სკოლაში ექსტერნის გამოცდებს მოჰყვა. რამდენიმე მოსწავლემ განაცხადა, რომ სკოლის დირექტორმა შორენა მენაღარიშვილმა მათ შეცდომით შემოახაზვინა გამოცდის დროს პასუხები, რის გამოც ისინი გამოცდაზე ჩაიჭრნენ.

გამოცდების შედეგებს სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა სკოლის დირექტორსა და ხათუნა მენაბდეს შორის, რაც, სკოლის დირექტორის განცხადებით, ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და პედაგოგმა დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც პედაგოგი, ხათუნა მენაბდე უარყოფს. დირექციამ ხათუნა მენაბდე სკოლის დისციპლინური საბჭოს ოქმის, შრომის შინაგანაწესისა და მასწავლებლის პროფესიული კოდექსის დარღვევის  საფუძველზე დაითხოვა.

ექსტერნის გამოცდაზე ჩაჭრილმა მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა აჭარის განათლების სამინისტროს მიმართეს განცხადებით, შეესწავლათ მათი საკითხი. სამინისტროს შიდა აუდიტისა და ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე მჟავანაძემ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ სამინისტრომ საქმე შეისწავლა:

„სამინისტრომ დაასრულა ინპექტირება, რომელიც განხორციელდა მოსწავლეებისა და მათი მშობლების განცხადების საფუძველზე, განცხადებას ახლდა მოსწავლეების განმარტებითი ბარათიც, სადაც გამოთქვამდნენ თავიანთ შენიშვნებს. ექსტერნის გამოცდაზე არიან კომისიის სხვა წევრები, პედაგოგები… ყველა ამბობს, რომ ასეთი ფაქტი [დირექტორის მხრიდან კარნახი] არ ყოფილა. ექსტერნის გამოცდა სულ 11 იყო და რამდენიმე გამოცდაში ამ მოსწავლეებს ჰქონდათ მიღებული არადამაკმაყოფილებელი შედეგი. ექსტერნის გამოცდებში თუ ერთი მაინც არადამაკმაყოფილებელი ნიშანი მიიღო მოსწავლემ, სხვა გამოცდებში, მაღალი ქულებიც რომ მიიღოს, გამოცდები არ ითვლება ჩაბარებულად. მოსწავლეებს პრეტენზია ჰქონდათ, რატომ გაგვიყვანეს სხვა გამოცდებზე, თუ მანამდეც ჩაჭრილები ვიყავითო, მაგრამ სკოლას არ ჰქონდა უფლება აეკრძალა მათთვის შემდეგ გამოცდაზე გასვლა.“

ალექსანდრე მჟავანაძემ განაცხადა, რომ დღეს თავადაც იმყოფებოდა აჭყვისთავში და ესაუბრა სკოლის მოსწავლეებსა და მათ მშობლებს. მისი თქმით, დღეს აჭყვისთავში იმყოფებოდა სოციალური აგენტიც, რომელმაც მოსწავლეების მშობლები გააფრთხილა, რომ ისინი აგებდნენ პასუხს ბავშვების უსაფრთხოებაზე.  

ვინ არიან ისინი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” გაუქმებას ითხოვენ

 ბათუმი, 12 მარტი, აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან

ვინ არიან ის ორგანიზაციები, რომლებიც ენმ-ის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) გაუქმებას ითხოვენ? რატომ აქტიურდებიან ისინი ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა თუ თბილისში და თანაც სწორედ მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ქუჩის აქციების სამზადისშია? რა არის მათი შემოსავლის წყარო? რა კავშირი აქვთ მათ ხელისუფლებასთან, ძალოვან უწყებებთან? რა პროექტებს ახორციელებენ ისინი?

ბოლო დროის ერთ-ერთი პროექტი – პრიალა ფურცელზე დაბეჭდილი ფოტოკოლაჟი, რომელიც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება, ფურცლის ხარისხის მიხედვითა და გავრცელების არეალით თუ ვიმსჯელებთ, იაფი არ უნდა დამჯდარიყო. ამ პლაკატების მომზადება დააფინანსა ორგანიზაციამ სახელწოდებით – “ყველა თაობა საქართველოსთვის”. ორგანიზაცია, რომელიც რეგისტრირებულია 2014 წლის 24 თებერვალს, პოლიტპატიმრებს აერთიანებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი – მერაბ თორია ამბობს, რომ არ ახსოვს რამდენი ერთეული პლაკატი დაბეჭდეს ან რა დაჯდა მისი გავრცელება. “დოკუმენტებში უნდა ჩავიხედო და გეტყვით”, – უთხრა მან “ბათუმელებს”.
მერაბ თორიას თქმით, მას არც ენმ-ის მამხილებელი ფილმის ჩვენებისთვის გახარჯული თანხის ოდენობა ახსოვს.

“ყველა თაობა საქართველოსთვის” აღმასრულებელი დირექტორის თქმით, მათ ორგანიზაციას ბიზნესი აფინანსებს. “ქართველები არიან დონორები, ბიზნესშემოწირულობები, ზოგი მცირე შემოწირულობაა, ზოგი ცოტა უფრო მეტი”, – ამბობს მერაბ თორია. ორგანიზაციას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს. ინტერნეტსივრცეში არსებული ინფორმაციის მიხედვით, ეს ორგანიზაცია მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ მუშაობით არის დაკავებული. მათ წესდებაში, სხვადასხვა მიზანთან ერთად, ერთ-ერთ უმთავრესად მითითებული აქვთ “ღირსებით აღსავსე სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების ხელშეწყობა”.

ენმ-ის ყველაზე აქტიურად მაინც ორგანიზაცია “თავისუფალი თაობა” ებრძვის. ორგანიზაციას ოთხი დამფუძნებელი ჰყავს, მათ შორის გამოკვეთილი ლიდერი ვლადიმერ სადღობელაშვილია. ორგანიზაციას არ აქვს ვებგვერდი, შესაბამისად, არც იმის შესახებ არის ცნობილი, რა პროექტებს ახორციელებს, ან ვინ არის მისი ფინანსური მხარდამჭერი. წესდების მიხედვით, ამ ორგანიზაციის მიზნებია: საქართველოს მასწავლებლების, პროფესორ-მასწავლებლების, მოსწავლეების, სტუდენტების ინტერესებისა და უფლებების დაცვა ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ასევე, ზემდგომ ორგანოებს შორის შუამავლის ფუნქციის შესრულება; მოსახლეობაში ქრისტიანული მართლმადიდებლობის ღირებულებების დაცვა და განმტკიცება; ზრუნვა ქართული ენის, დამწერლობის პოპულარიზაციასა და მათ მიმართ პატივისცემის დამკვიდრებაზე”.

“თავისუფალი თაობა” დაფუძნდა 2014 წლის 13 ნოემბერს. ორგანიზაციას ოფისი აქვს ბათუმშიც. ვლადიმერ სადღობელაშვილმა ოფისი ბათუმში სამჯერ გახსნა – პირველად რეგიონში ხელმძღვანელად ჯემალ დუაძე გამოაცხადა, ხოლო შემდეგ – ვახტანგ მითაიშვილი. ვახტანგ მითაიშვილი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ ორგანიზაციას ბათუმში 100-ზე მეტი წევრი ჰყავს.

“აქედან შვიდი-რვა ადამიანი ვიღებთ ხელფასს, მათ შორის მეც ვიღებ ხელფასს. რაც შეეხება ოფისის იჯარას – ყოველთვიურად 1 000 ლარს ვიხდით”, – ამბობს ვახტანგ მითაიშვილი, რომელიც მისივე თქმით, ბათუმის მერიის ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტად მუშაობს. რაც შეეხება ორგანიზაციის ბათუმის ოფისის ზოგად ბიუჯეტს, ვახტანგ მითაიშვილის თქმით, ეს იმაზეა დამოკიდებული, რა სახის აქციებს მართავენ და რამდენად მასშტაბურია ესა თუ ის აქცია.

ვახტანგ მითაიშვილი ირწმუნება, რომ მათ ორგანიზაციას ფინანსურად მხარს უჭერენ ის ბიზნესმენები, “რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაზე გაბრაზებულნი არიან”.

ვახტანგ მითაიშვილი ბოლო პერიოდში აგორებული სკანდალების გამო სამსახურიდან, ამ შემთხვევაში ბათუმის მერიის ტურისტული ობიექტების მართვის სააგენტოდან წასვლას არ აპირებს. ის სააგენტოში სპეციალისტად მუშაობს. მითაიშვილი ამბობს, რომ სამსახურთან შეუფერებელი არაფერი გაუკეთებია (გასულ კვირას ვახტანგ მითაიშვილმა და მისმა მეგობრებმა აქცია გამართეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატის – ჯემალ ფუტკარაძის სახლთან, რასაც დეპუტატმა შეურაცხმყოფელი უწოდა).

გასულ კვირას მერიის კიდევ ორი სამსახურის სამი თანამშრომელი, როგორც მოძალადე, ისე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. ბათუმის მერიის ავტოსატრანსპორტო მონიტორინგის სამსახურის უფროსი გიორგი თუშმანიშვილი, ამავე სამსახურის თანამშრომელი მერაბ ღოღობერიძე (ინციდენტის შემდეგ ღოღობერიძემ სამსახური დატოვა პირადი განცხადების საფუძველზე) და მერიის კულტურის ცენტრის თანამშრომელი გუჯა აგირბა. სამივე მოხელე “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” თავს დაესხა უმაღლესი საბჭოს დეპუტატს პეტრე ზამბახიძეს.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, თუ როგორ შეურაცხყოფენ დეპუტატს, მათ შორის ფიზიკურადაც, შს სამინისტრო ამ დრომდე აცხადებს, რომ “ფაქტზე მოკვლევა არ დამთავრებულა”. ბათუმელების ინფორმაციით კი, რომელიც ინფორმირებულ წყაროებს ეფუძნება, შს სამინისტრო აპირებს პეტრე ზამბახიძეზე განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფა და კვერცხების დაშენის ფაქტი განიხილოს როგორც გამოხატვის თავისუფლება. შესაბამისად, თავდამსხმელებს პრაქტიკაში დამკვიდრებული 100 ლარითაც კი არ დააჯარიმებენ.

 

უმაღლესი საბჭოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს
უმაღლესი საბჭოს წევრს ნაციონალური მოძრაობიდან, პეტრე ზამბახიძეს კვერცხები ესროლეს

მედიით გავრცელებულ კადრებს დეპუტატზე თავდასხმად არც ბათუმის არჩეული მერი მიიჩნევს. ის ამბობს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ქცევაზე პასუხის მოთხოვნის უფლება იქიდან გამომდინარე არ აქვს, რომ ინციდენტი არც სამუშაო საათებში მომხდარა და არც სამუშაოს ტერიტორიაზე. ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი განათლებით იურისტია, იგი რამდენიმე წლის განმავლობაში ლექციებსაც კითხულობდა თბილისის ჯავახიშვილის უნივერსიტეტში. შესაბამისად, გამორიცხულია არ იცოდეს ბათუმის მერმა კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ”, რომლის 78-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტში დისციპლინურ გადაცდომასთან დაკავშირებით პირდაპირ წერია: “ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ”.

გიორგი ერმაკოვის სიტყვებს “ბათუმელებთან” უცვლელად იმეორებს კულტურის ცენტრის უფროსი ჯონი საბაშვილი. კითხვაზე – აპირებს თუ არა გაათავისუფლოს სამსახურიდან თანამშრომელი, რომელიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, როგორც ძალადობრივი აქცევის მონაწილე, ამბობს რომ – არა. ჯონი საბაშვილი თავის მოტივაციას ასე აკონკრეტებს: “მაგას რამე დანაშაული რომ ჰქონოდა, პოლიციამ წაიყვანა და გამოუშვა. ესე იგი, არაფერი დანაშაული არ ჩაუდენია, ხომ?”

გიორგი თუშმანიშვილი და გუჯა აგირბა, როგორც თავად ამბობენ, დღემდე არიან “ქართული ოცნების” ბათუმის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები.

რას ნიშნავს ბათუმის მერის გიორგი ერმაკოვის, მისი თანამშრომლების ეს განცხადებები ან შს სამინისტროს მიერ ღია ძალადობის ფაქტზე “ხანგრძლივი მოკვლევა”? – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც უკვე მრავალი წელია ადამიანის უფლებებზე მუშაობენ, ეს მიდგომა აშფოთებთ, რადგან მიაჩნიათ, რომ ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ძალადობრივი ქმედება და მასზე ოპერატიული რეაგირების უქონლობა, ჰგავს ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის შეთანხმებას, არ დაისაჯოს გარკვეული სახის ძალადობა, უფრო მეტიც – ის იქნას წახალისებული.

 

ზუგდიდი, აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან
ზუგდიდი, აქცია ნაციონალური მოძრაობის ოფისთან

მართლაც, დეპუტატ ზამბახიძის მიმართ ჩადენილი ძალადობიდან დროის გასვლის შემდეგაც, გიორგი თუშმანიშვილი ამბობს, რომ ის, რაც მან გააკეთა, თავდასხმა არ ყოფილა და არც სამსახურიდან წასვლას აპირებს. კითხვაზე – “ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ დეპუტატ პეტრე ზამბახიძის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია მოგაწოდათ სუს-მა, იქნებ გვითხრათ, საიდან გაიგეთ, რომ პეტრე ზამბახიძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში იმყოფებოდა, გიორგი თუშმანიშვილი ამბობს:

“სპეცსამსახურების მითითებები ყოველგვარ საზიზღრობებს თვითონ აკეთებდნენ. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად იყო პეტრე ზამბახიძე, ჩვენ შევიტყვეთ ქალაქიდან”.

კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ენმ-ის მუშაობის აკრძალვაა, “სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” სახელწოდებით არის ცნობილი. ორგანიზაციას ხუთი დამფუძნებელი ჰყავს, ლიდერი კი – გოდერძი ოთარაშვილია. მისი თქმით, “ორგანიზაციას ჰყავს სადროშოები ქვეყნის მასშტაბით, რომელიც, ჯამში, რამდენიმე ათას წევრს აერთიანებს და დაპირისპირების შემთხვევაში, რეგიონებიდან 6 ათასი ადამიანის მობილიზება შეუძლია”. კითხვაზე, თუ ვინ აფინანსებს ორგანიზაციას, ოთარაშვილი პასუხობს – “არიან ადამიანები ჩვენ შორის და ჩვენი შრომით ვაგროვებთ და ასე გაგვაქვს თავი”. წესდების მიხედვით, ამ ორგანიზაციის მთავარი მიზანი სახელმწიფოში სამართლიანობის აღდგენის განვითარებაა.

ენმ-ის გაუქმებაზე თუ აკრძალვაზე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაერთიანების სახელწოდებაა “ერთსულოვნება საზოგადოებრივი უფლებებისთვის”, რომელსაც მოგვიანებით კოალიცია “ერთსულოვნება”ეწოდა.

კოალიციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მიხეილ ანდღულაძე “ბათუმელებთან” ამბობს, რომ კოალიციაში 300-მდე არასამთავრობო ორგანიზაციაა გაერთიანებული:

“ჩვენთან არის დაახლოებით 60-70-წევრიანი სათათბირო ორგანო, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი რეზო ჩხეიძე. არის უხუცესთა საბჭო. არის სასულიერო დასი, მამაოები არიან ჩაბმული ჩვენს სივრცეში, არის ახალგაზრდული ფრთა. არის საზოგადოებრივი კოლეგია, რომელშიც 60-მდე მეცნიერი და აკადემიკოსია შემოსული. ისინი უშუალოდ, დოკუმენტურად ადგენენ იმ საბუთებსა და საფუძველს, რომელზედაც ჩვენ ვართ, არის მმართველობითი რგოლი, რომელიც ძირითადად თავმჯდომარეების, მოადგილეებისა და სამსახურების ხელმძღვანელებით არის და ასევე არის რეგიონული სტრუქტურა საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით 53 რაიონში გვყავს წარმომადგენლობა”.

კოალიცია “ერთსულოვნების” ხელმძღვანელი მიხეილ ანდღულაძე ამბობს, რომ მათი საქმიანობის მთავარი მიზანი ენმ-ის გაუქმებაა: “სააკაშვილის უმსგავსოების გასაპროტესტებლად 2012 წლის 11 ნოემბერს ჩამოყალიბდა ჩვენი კოალიცია, პირველი კონფერენცია მაშინ გვქონდა. საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები შეიკრიბნენ და წარმოაჩინეს, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, რომ ეს კოჰაბიტაციური ხელისუფლება იყო დამანგრეველი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და მით უმეტეს, კიდევ ის, რომ საკონსტიტუციო ვადის ამოწურვის მიუხედავად, პრეზიდენტი აპირებდა პრეზიდენტობას კიდევ 10 თვის განმავლობაში.

ამიტომ დავიწყეთ ჩვენ მისი გადადგომის მოთხოვნა. მილიონ-ნახევარი ხელმოწერა შევაგროვეთ საქართველოს მასშტაბით, რათა ეს უმსგავსობა არ განხორციელებულიყო, მაგრამ არ დაგვიჯერა ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ჩვენი შეძახილი. ახლა უკევ არც არავინ არ დავობს და ის კი არა, ბრალდებებიც აქვს წაყენებული ამ ადამიანს ამ უმსგავსოების შედეგად გაფლანგული ბიუჯეტის სახსრებისა და მილიარდებია გატანილი საქართველოდან”.

მიხეილ ანდღულაძე ვარაუდობს, რომ ახლა მაინც დაუგდებს ყურს მათ ხმას ხელისუფლება: “ასეთივე შეძახილით ვაცხადებთ დღესაც, რომ ნაციონალური მოძრაობა არის გასაუქმებელი”.

რაც შეეხება კოალიციის ფინანსურ წყაროს, მიხეილ ანდღულაძე ირწმუნება, რომ მათი კოალიცია წევრების შემოწირულობებით არსებობს: “ეს არის ინდივიდუალურ საწყისებზე, ვინც რასაც შევძლებთ და რასაც წარმოვადგენთ… ყველა წევრს ვერ ჩამოვთვლი, შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი – გაწევრიანებული არის საქართველოს ავღანელთა კავშირი, საქართველოს ჩოხოსანთა დარბაზი, საქართველოს უხუცესთა დარბაზი, ქალთა მოძრაობა მანდილიონი, კავკასიის ხალხთა ანსამბლი”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შექმნილ არაერთ ორგანიზაციას უწოდებს, როგორც ხელისუფლებისგან მართულს. ბოლო წლებში დაფუძნებული რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განსაკუთრებით ორგანიზებულად ენმ-ს ებრძვიან თბილისში, ზუგდიდში, ფოთსა და ბათუმში. კახეთში, სამცხეთ-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მომუშავე ჟურნალისტებმა “ბათუმელებს” უთხრეს, რომ მსგავსი მიზნების არასამთავრობო ორგანიზაციები ამ რეგიონებში ჯერ არ არსებობს.

სამი კინოპროექტი, რომელსაც აჭარის განათლების სამინისტრო დააფინანსებს

 

რეჟისორ გიორგი ოვაშვილის „ხიბულა“ [განმცხადებელი კომპანია – შპს ” ალამდარი”]; ნინო ჟვანიას „აღლუმი“ [შპს “ახალი ქართული ფილმი”] და ჰოლანდიელი რეჟისორის, ლუდი ვოეკენის „ნელსონი“ [შპს “მილიმეტრ ფილმი”] – აჭარის განათლების სამინისტრო წელს ამ კინოპროექტებს დააფინანსებს.

 

აჭარაში კინოხელოვნების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა უკვე მესამე წელია ხორციელდება და მისი ბიუჯეტი წლიდან წლამდე იზრდება.  2013 წელს პროგრამის ბიუჯეტი 100 ათასი ლარი იყო, 2014 წელს – 242 000 ლარი, ხოლო მიმდინარე, 2015 წელს პროგრამის ბიუჯეტი 400 000 ლარია.  გასულ, 2013-2014 წლებში პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ ფილმებს შორისაა გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, კარლოვი ვარის ფესტივალის გამარჯვებული და  ლაშა ცქვიტინიძის ფილმი „მე ვარ ბესო“ – თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული.    

 

შსს: ბათუმში მშობიარობის შემდეგ ქალის გარდაცვალებაზე ძიება დაიწყო

 

ძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით, რომელიც ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 

 

შეგახსენებთ, რომ  25 მარტს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში სამშობიარო სახლიდან გადაყვანილი 29 წლის მაია ვერძაძე გარდაიცვალა. პაციენტს ორი ოპერაცია ჩაუტარდა სამშობიარო სახლში, რის შედეგადაც მისი მდგომარეობა დამძიმდა და იგი რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ბათუმის სამშობიარო სახლის ექიმებს ადანაშაულებენ. 


აქცია ბათუმის სამშობიარო სახლთან
აქცია ბათუმის სამშობიარო სახლთან

 

 

 

აჭარის განათლების სამინისტრომ დაფინანსება 394 სტუდენტს გაუგრძელა

 

დაფინანსება მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის, ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტების, საზღვაო აკადემიისa და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა. 


2015 წლის „სტუდენტთა დახმარების“ პროგრამის ფარგლებში სულ გათვალისწინებულია 951 სტუდენტის დაფინანსება. 


სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება გაიცემა შემდეგი კატეგორიის სტუდენტებზე: სტუდენტები მაღალმთიანი აჭარიდან: ქედა, შუახევი, ხულო; დედით ან მამით ობოლი, უდედმამო; მრავალშვილიანი ოჯახის წევრი: ოთხი და მეტი შვილი;  სოციალურად დაუცველი: 100 000 ქულა და ნაკლები.

 


ტორესა მოსი განათლების შესახებ – დისკუსია ბათუმში

 

Toresa Mossy. ფოტო: რადიო „თავისუფლება“
Toresa Mossy. ფოტო: რადიო „თავისუფლება“

რატომ გვჭირდება განათლება და რა კავშირშია ის წარმატებასთან?  რა ტიპის განათლება არის საჭირო იმისათვის, რომ მივაღწიოთ წარმატებას?  რატომ არის ცოდნა ძალა და როგორ შეგვიძლია ეს ძალა გამოვიყენოთ წარმატების მისაღწევად?  – ტორესა მოსი ისაუბრებს განათლებაზე, როგორც წარმატების მიღწევის ინსტრუმენტზე, თანამედროვე განათლების ორიენტირებსა და შესაძლებლობებზე.


დასწრება თავისუფალია. დასაწყისი 17 საათზე.


 შეხვედრაზე  ასევე  გაიმართება ტორესა მოსის  წიგნების  – ,,სიბრძნე სიცრუისა’’ და ,, მე/შენ  ქრისტე ხარ’’  გამოფენა- გაყიდვა. დისკუსიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ  ავტოგრაფი მიიღონ წიგნის ავტორისგან.

 

დისკუსიის მოდერატორები იქნებიან: “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის”  წევრი, ჟურნალისტი მანანა ქველიაშვილი და “ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის”  ხელმძღვანელი მარიკა ზაქარაძე.

 

მის: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37  [ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზი]

 

დისკუსია დაგეგმილია  პროექტის  –  „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“ [ANI] ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია  (UNAG), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

სამშობიარო სახლის დირექტორი: ოჯახის წევრებს არარეალური პრეტენზიები აქვთ

 

ნუკრი ბეჟანიძე
ნუკრი ბეჟანიძე

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუკრი ბეჟანიძის განცხადებით, საავადმყოფომ უკვე მიმართა საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეიწავლოს გარდაცვლილი პაციენტის საქმე. სწორედ სააგენტომ უნდა დაასკვნას, იკვეთება თუ არა საქმეში ექიმების ბრალი.  


„ველოდებით სააგენტოს დასკვნას და იმის მიხედვით გაირკვევა სიტუაცია. ჩვენ შეტყობინება გადავეცით და შეისწვალიან. ოჯახის წევრებს არარეალური პრეტენზიები აქვთ, ზოგიერთი ექიმი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ საქმეში და მათ მიმართაც აქვთ პრეტენზიები, ამიტომ რეგულირების სააგენტო გაარკვევს ამას“ – განაცხადა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.

 

საავადმყოფოს დირექტორი დღეს  გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს არ შეხვედრია.

 

კითხვაზე, კონკრეტულად რამ გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის გართულება, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ ეს სერიოზული სიტუაციაა: „მძიმედ შემოვიდა თავიდან, ეს შემიძლია ვთქვა“ – ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.  

 

29 წლის ქალი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა – აქცია ბათუმის სამშობიარო სახლთან

ბათუმის სამშობიარო სახლის წინ რუსთაველის ქუჩა ცალმხრივად გადაკეტილია. 29 წლის მაია ვერძაძის ოჯახის წევრები სამშობიარო სახლის ექიმებს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებენ. პაციენტს ორი ოპერაცია ბათუმის სამშობიარო სახლში გაუკეთეს და შემდეგ ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის დღეს, დილას გარდაიცვალა.

ოჯახის წევრების თქმით, 29 წლის მაია სამშობიარო სახლში პარასკევს, 20 მარტს, მიიყვანეს. ახლობლები ამბობენ, რომ პაციენტს ორი კვირის მანძილზე მაღალი წნევა ჰქონდა და ოჯახი ექიმებს საკეისრო კვეთის გაკეთებას სთხოვდა, თუმცა ექიმებმა ეს საჭიროდ არ მიიჩნიეს. 

„მე მივიყვანე პარასკევს. ექოსკოპია რომ გადაუღეს, ექიმმა უთხრა, მკვდარია ნაყოფიო. სასწრაფოდ დავაწვინეთ. არავითარი სისხლდენა არ ჰქონია“ – ამბობს იზოლდა მორჩილაძე, გარდაცვლილის ბიცოლა.  

მისი თქმით, ნაყოფი მკვდარი დაიბადა და ოჯახს უთხრეს, რომ მეორე ოპერაციაც იყო საჭირო, რის დროსაც პაციენტს საშვილოსნო ამოუღეს. „მეორე დღეს მეუბნება ექიმი, სისხლდენაა მუცლის ღრუშიო. ვითხოვდი, დამაკვალიანეთ და ჩემი ფულით გადავიყვან თბილისში-მეთქი, არა, ამის განძრევა არ შეიძლება, მდგომარეობა სტაბილურიაო. დაეწყო სისხლდენა და გაეთიშა თირკმელი. დაგვიბარეს ისევ და გვითხრეს, ძალიან დამძიმდა მდგომარეობა და რეფერალურში უნდა გადავიყვანოთ ან რესპუბლიკურშიო, დიალიზის აპარატი არ გვაქვს ჩვენო. გამოჟონა ინფორმაციამ, რომ ოპერაციის დროს მუცლის ბადის გაკაწვრა მოხდაო და ამიტომაც დაიწყო სისხლდენაო“ – ამბობს იზოლდა მორჩილაძე.

„თავისი ფეხით შევიდა სამშობიარო ბლოკში, ტყუილია ის, რაც თქვეს ტელევიზორში, რომ სისხლდენით შეიყვანეს. ვადანაშაულებთ ექიმებს, იმიტომ, რომ როცა პაციენტს ჰქონდა 180 წნევა, ორი კვირით ადრე ითხოვეს, გაუკეთეთ საკეისროო. რა მოხდებოდა, რომ საკეისრო გაკეთებულიყო, ბავშვიც გადარჩებოდა და ქალიც. უარყო ექიმმა ორი დღის წინ ტელევიზორში, არანაირი განცხადება არ შემოსულა მაგის თაობაზეო. რატომ ტყუის?!“ – ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი მაგული კოჩალიძე.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შესახვედრად ბათუმის სამშობიარო სახლიდან  არავინ გამოსულა. სამშობიარო სახლს ამ წუთებშიც საპატრულო პოლიცია იცავს. რუსთაველის ქუჩაზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარებაც, რადგან გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის რამდენი წევრი ცუდად გახდა.

„თუ მართალი არიან ეს ექიმები, ბოდიშს მოვუხდით და წავალთ, მაგრამ არ გამოდიან. ესენი ზიან და უყურებენ ტელევიზორს, არ აინტერესებთ აქ რა ხდება. მაგათ ვუწოდებ თეთრხალათიან მკვლელებს, რით განსხვავდებიან მკვლელებისგან? იმით, რომ თეთრი ხალათები აცვიათ, ამიტომ არ იჭერენენ ამათ“ – ამბობს ზურაბ  დიასამიძე, გარდაცვლილის მეუღლის ბიძა.  

ბათუმის სამშობიარო სახლის დირექტორის, ნუკრი ბეჟანიძის განცხადებით, საავადმყოფომ უკვე მიმართა საქართველოს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს, შეიწავლოს გარდაცვლილი პაციენტის საქმე. სწორედ სააგენტომ უნდა დადოს დასკვნა, იკვეთება თუ არა საქმეში ექიმების ბრალი.  

„ველოდებით სააგენტოს დასკვნას და იმის მიხედვით გაირკვევა სიტუაცია. ჩვენ შეტყობინება გადავეცით და შეისწვალიან. ოჯახის წევრებს არარეალური პრეტენზიები აქვთ, ზოგიერთი ექიმი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ საქმეში და მათ მიმართაც აქვთ პრეტენზიები, ამიტომ რეგულირების სააგენტო გაარკვევს ამას“ – განაცხადა ნუკრი ბეჟანიძემ „ბათუმელებთან“.

საავადმყოფოს დირექტორი დღეს  გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის წევრებს არ შეხვედრია.

კითხვაზე, კონკრეტულად რამ გამოიწვია პაციენტის მდგომარეობის გართულება, ნუკრი ბეჟანიძე ამბობს, რომ ეს სერიოზული სიტუაციაა: „მძიმედ შემოვიდა თავიდან, ეს შემიძლია ვთქვა“ – ამბობს ნუკრი ბეჟანიძე.

ბოლო ორი თვის მანძილზე ეს ბათუმის სამშობიარო სახლში ქალის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა

ქობულეთში პოლიციას ახალი შეფი ჰყავს

 

გასული წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გურჩიანი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად მუშაობდა. 

 

 სად წაიყვანეს ქობულეთის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი, ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციის გაცემის ბიუროსთან გადაგვამისამართა.  

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა წიგნად ფონდს განაახლებს

 

საჯარო ბიბლიოთეკა წიგნებს გამარტივებული ელექტრონული ტენდერით შეიძენს. ბიბლიოთეკის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლენილია – შპს “ბესტ სელერი – წიგნის სადისტრიბუციო სამსახური”.

წიგნების შესყიდვისთვის ბიბლიოთეკის მიერ დასახელებული იყო 20 ათასი ლარი, “ბესტ სელერი” კი, წიგნებს 18 980 ლარად სთავაზობს ბიბლიოთეკას. ტენდერშიც მხოლოდ ეს ერთი კომპანია მონაწილეობდა.

მოთხოვნილი წიგნების უმეტესობა 2011-2015 წლებში უნდა იყოს გამოცემული. მეორადი წიგნების მიწოდება დაუშვებელია. წიგნების მიწოდება უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან შვიდ დღეში. ხელშეკრულება კი, დოკუმენტების მიხედვით, 26 მარტს გაფორმდება.

ერთი წიგნის პრეზენტაცია

 

„ზოგადად, წიგნის გამოცემა მოვლენა არის, მაგრამ წიგნი, რომლის განხილვაც დღეს მოეწყო, უაღრესად საინტერესო სამეცნიერო ნაშრომია. სწორედ ამ წიგნით გაიცნობ ავტონომიური რესპუბლიკის ნახევარსაუკუნოვან ისტორიას“, – ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი რამაზ სურმანიძე.

 

პრეზენტაციაზე
პრეზენტაციაზე

ვანო პაპუნიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენდიდში დაიბადა. წლების განმავლობაში მას სხვადასხვა თანამდებობები ეკავა. 1992 წლიდან შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორია, 2009 წლიდან კი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელი. დღემდე 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, მათ შორის 10 მონოგრაფია. მისი სამეცნიერო კვლევები ძირითადად მერქნიანი მცენარეულობის ბიოეკოლოგიური თავისებურებების შესწავლას, გარემო ფაქტორების ზემოქმედებასთან შეგუებას, ტყის მეურნეობისა და მწვანე მშენებლობისათვის ინტროდუცენტების შერჩევასა და პრაქტიკაში მათი დანერგვის საკითხებს ეხება.

 

საიუბილეო საღამო ქედის კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო, წიგნის განხილვას პროფესორ მასწავლებლები და სხალთის ეპისკოპოსი სპირიდონი ესწრობოდნენ. 

ბათუმში ჭაჭის კოშკი ჩაირთო

 

ბათუმში ჭაჭის თაუერი 2012 წლის 17 ოქტომბერს გაიხსნა. კოშკს გარს  ოთხი  შადრევანი აკრავს. თითოეულთან დამონტაჟებულია ჭაჭის ჩამოსასხმელი, სადაც ჭაჭა სპეციალური სენსორული მოწყობილობის საშუალებით მოედინება.   

 

 ჭაჭის კოშკის სიმაღლე მთლიანობაში  25 მეტრს შეადგენს, მთავარი გუმბათი განთავსებულია 25 მეტრის სიმაღლეზე, ხოლო დანარჩენი 4 გუმბათი – 5 მეტრ სიმაღლეზე. კოშკზე დამონტაჟებულია საათი.  

 

„ჭაჭის თაუერის“ მშენებლობა ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 810 055 ლარით დაფინანსდა.

 

სამხედრო გემების საქართველოში შემოსვლის საკითხს პრემიერი გადაწყვეტს

 

შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში პარლამენტმა 2015 წლის 4 მარტს დაამტკიცა. პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი კი 23 მარტს გამოქვეყნდა.

 

კანონის ახალი რედაქციით, „უცხო სახელმწიფოს სამხედრო გემი საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებად დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე შემოსვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს 2 კვირის ვადაში.

 

იგივე პროცედურაა უცხო სახელმწიფოს ატომური გემის საქართველოს პორტებსა და შიგა წყლებში შემოსვლის ნებართვის მისაღებადაც. ამ შემთხვევაში გემის მფლობელი ქვეყანა გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა დიპლომატიური არხებით შუამდგომლობას აღძრავს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო 1 კვირის ვადაში განიხილავს შუამდგომლობას და დასკვნას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამ სახელმწიფოს თანხმობის ან უარის შესახებ ეცნობება გემის შემოსვლამდე არაუგვიანეს 14 დღისა.

 

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით შეიქმნა. თავის დროზე, მთავრობის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, საბჭოში იმოქმედებდა კრიზების მართვის ცენტრი, რომელიც სტიქიური უბედურებების და სხვა ფორს მაჟორული სიტუაციების დროს ეფექტური ღონისძიებების გატარებისთვის კოორდინაციას გაუწევდა ყველა შესაბამის უწყებას.

 

საბჭოს დებულება, რომლის აპარატშიც 81 ადამიანია დასაქმებული, პრემიერ-მინისტრმა გასული წლის იანვარში დაამტკიცა.

 

აშშ-ს სამხედრო გემი ბათუმის ნავსადგურში /ფოტო: თედო ჯორბენაძე/

აჭარის სამთავრობო დელეგაცია პოლონეთში

 

სხდომას აჭარის აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე, აჭარის მთავრობის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი-ხათუნა ნაყეური და რეგიონის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ტურისტული სააგენტოს დირექტორი სოფო ლაზიშვილი დაესწრებიან.

ვიზიტის ფარგლებში სილეზიის სავოევოდოს მარშალის ოფისში გაიმართება შეხვედრები სავოევოდოს ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრაზე მხარეებს შორის 2014 წელს ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის, დასაქმებისა და ტურიზმის სფეროებში განხორციელებულ პროექტებს განიხილავენ. ასევე ხელი მოეწერება 2015 წლის თანამშრომლობის გეგმას. 

 

დაგეგმილია სტუმრობა სილეზიის უნივერსიტეტში. 

სილეზიის სავოევოდოსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობა 2011 წელს თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების განვითარების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე გრძელდება.

 

ინფორმაცია აჭარის ჯანდაცვის  სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

ბათუმში როკ-ჯგუფი „ბეთლემი“ კონცერტს მართავს

კლავიში – მალხაზ  დუმბაძე,  გიტარა –  თემურ დიასამიძე,  ბას-გიტარა – რობი გოგიტიძე, დრამერი – გიორგი თევდორაძე და ვოკალისტი ილა წულაძე.

კონცერტზე 15 კომპოზიცია შესრულდება.

როკ-ჯგუფი„ბეთლემი“ დაარსდა დაბა ქედაში 1987 წელს და უკვე 28 წლის არსებობის ისტორია აქვს.   წარსულში  ჯგუფი დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 90-იან წლებში მონაწილეობდა სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებაში როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში (ბალტიისპირეთი, გერმანია). მოგვიანებით ჯგუფი დაიშალა, 2010 წელს კი, ახალი შემადგნელობით ჩამოყალიბდა.

„ბეთლემის“ სოლოკონცერტი ბათუმის საზაფხულო თეატრში 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება უფასოა.

როკ-ჯგუფი ბეთლემი

გიტარისტი თემურ დიასამიძე

ბას-გიტარისტი რობი გოგიტიძე და დრამერი გიორგი თევდორაძე

რას ცვლის შუახევიჰესი

  • ბატონო თორნიკე, რა შეთანხმებას მოეწერა ხელი 19 მარტს შერატონში?

ეს იყო ხელმოწერა „შუახევიჰესის“ საბოლოო დაფინანსების ხელშეკრულებაზე.

  • შუახევიჰესის პროექტის დასრულების შედეგად, რა თანხა შევა ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სახელმწიფოს ბიუჯეტში?

კაპიტალიზაციის ერთი პროცენტი ქონების გადასახადის სახით, რომელიც ცვალებადი იქნება წლების მიხედვით, მაგრამ იქნება დაახლოებით 4-5 მილიონი ლარი. სახელმწიფო ბიუჯეტში სხვა ტიპის გადასახადებს გადაიხდიან, როგორიცაა საშემოსავლო და მოგების გადასახადი. კორპორატიული გადასახადის ზუსტი დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ.

  • რამდენი ადგილობრივი ადამიანია ამ დროისთვის დასაქმებული ჰესის მშენებლობაზე და რამდენია უცხოელი?

დღეისათვის დაახლოებით 600 ადგილობრივია დასაქმებული შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებიდან, ასევე არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეებიც, მაგრამ მათზე ზუსტი მონაცემი არ მაქვს.

  •  ჰესის დასრულების შემდეგ რამდენი ადამიანისთვის შეიქმნება სამუშაო ადგილი?

ოპერირების დროს, ბუნებრივია, ნაკლები იქნება, მაგრამ შესაბამისი გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების შემდეგ უკვე დაგვჭირდება როგორც ტექნიკური პერსონალი, ასევე მხარდაჭერის, ანუ სხვა არაძირითადი საქმიანობისთვის პერსონალი და ამაშიც ადგილობრივები იქნებიან ჩართული. დაახლოებით 50 კადრი დასაქმდება ალბათ.

  • რას ითვალისწინებს შუახევიჰესის სოციალური პოლიტიკა, რა შეიცვლება იმ სოფელში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომელთაც უშუალოდ ან ირიბად შეეხება პროექტი?

სოციალურ პროექტებში რამდენიმე მილიონი ლარი დაიხარჯება, 2015 წელს ორ მილიონამდე ლარია სოციალური პროექტებისთვის. ეს თანხა მოხმარდება როგორც კონკრეტული სოფლებისა და თემების ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც სოფლის მიერ იქნება შერჩეული, ასევე, გარკვეული თანხა მოხმარდება ე.წ. „შემოსავლის წყაროს“ გაჩენას სოფლებში. ეს იქნება საოჯახო და სხვადასხვა ტიპის ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და ა.შ.

  • რამდენ სოფელზეა საუბარი?

პროექტის არეალში პირდაპირი და ირიბი ზემოქმედების ქვეშ ხდება 17 სოფელი. სავარაუდოდ, ყველა სოფელში რაღაც გაკეთდება. თუმცა, ეს დამოკიდებულია იმაზე, რომელ სოფელზე უფრო მეტია ჰესის პირდაპირი ზემოქმედება. ამის მიხედვით შედგება ბიუჯეტი.

  • ინვესტიციების განსახორციელებლად ოფშორული ქვეყნიდან თუ შემოვა რაიმე თანხა და კონკრეტულად რომელი ქვეყნიდან?

არანაირი ოფშორული დაფინანსება არ იქნება. ყველასთვის ცნობილია ჩვენი დამფინანსებლები, ეს არის ნორვეგიული კომპანია Clean Energy Invest-ი da Tata Power-ი, რომელიც ინდური კომპანიაა და ასევე მსოფლიო ბანკის წევრი, საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია. არც ერთი ჩვენი პარტნიორი და კრედიტორი კომპანია ოფშორული იურისდიქციით არ სარგებლობს.

  • წლიურად რა ოდენობის ელექტროენერგიის წარმოებაზეა საუბარი. რამდენს მოიხმარს აქედან საქართველო და რამდენი პროცენტი იქნება ექსპორტი?

დაახლოებით 450 გეგავატსაათი. ზამთრის დეფიციტურ პერიოდში ელექტროენერგიის რეალიზაცია მოხდება საქართველოში, ხოლო გაზაფხულსა და ზაფხულში თურქეთში მოხდება ელექტროენერგიის ექსპორტი, რაც საკმაოდ დიდ შემოსავალს მოუტანს ქვეყანას.

  • ჰესის მშენებლობა ადგილობრივი მოსახლეობის მუდმივი პროტესტის ფონზე მიმდინარეობს, ახალი ხელშეკრულებით, რომელიც გუშინ გაფორმდა, რამე ცვლილება თუ შევიდა მოსახლეობის უსაფრთხოება თვალსაზრისით?

ამაზე არაერთხელ გვაქვს პასუხი გაცემული. მშენებლობის დაწყების წინ მთელი რიგი რისკებისა შესწავლილია. ასევე შესწავლილია ის რისკებიც, რაც არსებობს ცალკეულ სოფლებში გეოლოგიური თვალსაზრისით და ჰესის არსებობის პირობებში  არ გაიზრდება. პროექტი ითვალისწინებს გარემოს უსაფრთხოების დაცვასაც. იმ შემთხვევაში, თუკი ნებისმიერი ზიანი დადგება, კომპანიის პროექტის მშენებლობიდან გამომდინარე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და ხუთ სოფელთან გაფორმებული სამხრივი ხელშეკრულების საფუძველზე, გაიცემა კომპენსაცია.

 

თბილისელი პიტერ პენი

 

გიგი ამბობს, რომ ის პიტერ პენივითაა, მას გარეგნულადაც ჰგავს და ისტორიითაც. ქუჩაში გამვლელებიდან, რომელთაც საკუთარ თავზე უყვება, ბევრი გაიცნო და დაუმეგობრდა. ახლა მათთან ერთად ატარებს დროს, ისინი ბავშვები არიან, რომლებიც აპურებენ, სტუმრად პატიჟებენ თავისთან და ერთად თამაშობენ. მერე რა, რომ ასაკში დიდი სხვაობაა. გიგი დიდი ბავშვია, დიდი ტანად.

გიგი ნინიძე
გიგი ნინიძე

 

მას კითხვა ძალიან უყვარს და ბევრი წიგნიც აქვს წაკითხული, პიანინოზე შესანიშნავად უკრავს, თუმცა დაკვრა მისთვის არავის უსწავლებია, ნოტებსაც კი ვერ ცნობს, შეუძლია ნაწარმოები მოისმინოს და თავისი ინტერპრეტაციით დაუკრას. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის, გიგი ხატავს კიდეც, თვითნასწავლი მხატვარია და ხშირად მადლობის ნიშნად თავის მეგობრებს ან მუსიკას უძღვნის, ან თავის ნახატებს ჩუქნის.

 

„მუსიკას სწავლა არ უნდა, არც დაკვრას, არც ნოტს, რომ არ ვიცი მათი სახელები რა, ვერ ვუკრავ? მუსიკას შეგრძნობა უნდა, რასაც შევიგრძნობ, იმას ვხატავ. კიდევ კარგი ბევრი ფერი არსებობს, ხანდახან იმდენ რამეს ვგრძნობ, რომ ცოტა ფერით ამას ვერც გადმოვცემდი.

 

წიგნის კითხვაც მუსიკასავითაა, იმდენ რამეს გაგრძნობინებს, რომ მერეც ხატვა მინდება. ზოგადად, როცა ვფიქრობ, ვიხსენებ, ან ვოცნებობ, ყოველთვის ხატვა მინდება. ხელოვნება დარდის საუკეთესო ჩასაკლავია და თან ამ დარდს ბედნიერებად აქცევს.

 

ალბათ გავაფრენდი, ამეების კეთება რომ არ შემეძლოს, შემიძლია გადამეტებული ნათქვამია, გამომდის შეიძლება ითქვას~, – თქვა გიგიმ.

 

ქართველი პიტერ პენი, როგორც აღვნიშნე, გამვლელებს ესაუბრება თავის სამყაროზე, რომელსაც მხოლოდ თავისთვის ვერ იტევს, სხვებს უნდა გაუზიაროს, თუმცა ბევრჯერ სხვებს მისი მოსმენა არ უნდათ, ალბათ, ყველას თავისი პრობლემა აქვს და სხვისი დარდი მეტისმეტია.

 

„მე ადამიანების გაცნობა მიყვარს, მათთან ლაპარაკი, მარტო ცუდ რამეებს არ ვუყვები. ხშირად მინდა ჩემს წიგნებზე მოვუყვე, პერსონაჟებზე, რომელთაც ვამსგავსებ მათ და ჩემს ნახატებზეც. ქუჩაში ძალიან ლამაზი გოგო რომ გაივლის და უცებ რამე მუსიკა მომაგონდება, მას ამაზე ხომ უნდა ვუთხრა? ამაში ცუდი რა არის? უცხო თუა ვერ გავიცნობ და ვერ დაველაპარაკები?

 

ისე მალე გახდება ნაცნობი, რომ ვერც მიხვდები. ასეთი ბევრი მეგობარი მყავს ახლა, ჩემი ბავშვები უცხოები იყვნენ ხუთი თვის წინ, ახლა კი ყველაზე ახლობლები არიან ჩემთვის. ერთმანეთს ბევრი სითბო და სიყვარული უნდა მივუძღვნათ.

 

მე ვიცი, ადამიანებს მანამ უნდა ეფერო და კოცნო, სანამ შენთან არიან, მერე რა, რომ ახლა არ იცნობ, გაიცნობ და მოასწრებ, სანამ სამუდამოდ დაკარგავ და სულ გაუცხოვდებიან. ყველაზე თბილი მაინც ბავშვები არიან, მათ არ უკვირთ ასეთი რომ ვარ და მე ეს მახარებს~.

 

გიგი 26 წლამდე ასაკის ბიჭია, რომელსაც ადამიანები უყვარს, მათთან ლაპარაკი, მეგობრობა, მათი სიყვარული და დაფასება. გიგი 26 წლამდე პიტერ პენია, რომელიც თბილისის ქუჩებში დახეტიალობს და ბავშვებს აბედნიერებს. ალბათ დიდებსაც გააბედნიერებდა, მათ რომ მისთვის დრო ჰქონდეთ.

უფასო სამედიცინო აქცია სოფელ ცხმორისში

 

ენდოკრინოლოგის, უროლოგის, ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ალერგოლოგის, ნევროპათოლოგის, კარდიოლოგის, და ექოსკოპისტის კონსულტაციის მიღება ადგილობრივ მოსახლეობას მთელი დღის განმავლობაში შეეძლება.

 

ასევე ჩატარდება რამდენიმე სახის სამედიცინო კვლევა. აქცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და ქედის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.

 

მორიგ უფასო სამედიცინო აქციას 4 აპრილს, „საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრის“ მედიკოსები ხულოს მუნიციპალიტეტის სხალთის თემში ჩაატარებენ.

ინფორმაცია „ბათუმელებს“ ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ლიზა თედორაძემ მიაწოდა. 

„პეპის მოგზაურობა 2“ ბათუმში

პიესის ავტორი და რეჟისორი ზურაბ ქავთარაძეა. სპექტაკლში ნინო კახიძე, ირაკლი გვარჯალაძე, ეკენე მეხეშიძე, პაატა ფაცია და ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის მოსამზადებელი ჯგუფის აღსაზრდელები მონაწილეობენ.

„პეპის მოგზაურობა 2“   ბათუმის ხელოვნების ცენტრში 28 მარტს  15: 00 საათზე დაიწყება. ბილეთის ფასი 3 ლარია და მისი შეძენა მსურველებს ხელოვნების ცენტრის სალაროში შეეძლებათ.

პატიოსანი ქუჩის ქურდები

 

მაგალითად, რუსთაველის ქუჩაზე, 26 მაისის ქუჩის კვეთაში, რუსთაველის ქუჩის მხრიდან, სამშობიარო სახლის ჩათვლით, დამონტაჟებულია სამი „ფეიბოქსი“, ხოლო 26 მაისის ქუჩიდან მემედ აბაშიძის გამზირამდე (ყოფილი სტალინის ქუჩამდე) – ხუთი „ფეიბოქსი“. აღნიშნული რვა აპარატიდან არც ერთი არ მუშაობდა.

 

„ფეიბოქსი ტერმინალი“ #3567144, რომელიც დამონტაჟებულია სამშობიარო სახლის წინ მაღაზიაში  ჩასასვლელ კიბესთან, არ მუშაობს სისტემატურად. „ფეიბოქსი“ ხშირად „ყლაპავს“ თანხას, რომელსაც უკან არავინ გიბრუნებს. ასეთი შემთხვევა მქონდა 26 თებერვალს, როცა „ფეიბოქსმა“ ოთხი ლარი „ჩამიყლაპა“. იქვე, გვერდით მდგომმა ახალგაზრდებმაც ასევე თქვეს, რომ მათაც „შეუჭამა“ თანხა რამდენჯერმე. ასევე თანხა „გადაუყლაპა მაღაზიიდან ამოსულ გოგონას, რომელსაც ტელეფონის ბალანსის შევსება უნდოდა. „ფეიბოქსმა“ იქვე ფული „გადაუყლაპა“ ტაქსის მძღოლსაც.

 

საქმის მოგვარება გადავწყვიტე, დავრეკე ცხელ ხაზზე: (032) 2319191. ჯერ ჩაირთო მუსიკა, ოპერატორმა კი 10 წუთის შემდეგ მიპასუხა. ჩაიწერა ჩემი ტელეფონის, ასევე „ფეიბოქსის“  ნომერი და მითხრა, რომ თანხა ჩამერიცხებოდა, თუმცა როდის?…

 

ამ ყველაფრის შემდეგ გამიჩნდა ეჭვი, მართლა ერთდროულად გაფუჭდა ამდენი „ფეიბოქსი“, თუ ხელოვნურად აფუჭებენ, ან კი იციან შესაბამის ბანკებში? თუ ეს იციან „ფეიბოქსის“ ზედამხედველებმა და ასეთ მუშაობას ამჯობინებენ?  წარმოიდგინეთ, ბათუმის ქუჩებში რამდენი ასეთი აპარატია დამონტაჟებული და ყოველი კვირის ბოლოს რამდენი თანხა იქნება მოსახლეობისგან მოპარული.

 

იქნებ ამ წერილმა გამოაფხიზლოს შესაბამისი ბანკების ხელმძღვანელები და დააწესონ კონტროლი „ფეიბოქსების“ მუშაობაზე.  

წაკითხული აქვთ თუ არა დეპუტატებს აჭარის კონსტიტუცია?

 

წაკითხული აქვთ თუ არა აჭარის კონსტიტუცია უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს და თუ წაკითხული აქვთ, როგორ ესმით მისი შინაარსი? – ეს საკითხი უმაღლესი საბჭოს წევრის ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევის კენჭისყრის კანონიერების ეჭვქვეშ დაყენების შემდეგ გახდა აქტუალური.

 

კონსტიტუციონალისტ მალხაზ ნაკაშიძის განმარტებით, დათქმა, რომ ვიცე-სპიკერი სიითი შემადგენლობის ერთმა მესამედმა (ანუ 11-მა დეპუტატმა) უნდა აირჩიოს აჭარის კონსტიტუციითა განსაზღვრული. რეგლამენტი, რაც კონსტიტუციიდან გამომიდინარეობს, ადგენს მხოლოდ პროცედურას და არა ვიცე-სპიკერად არჩევისთვის საჭირო ხმათა ოდენობას. უმაღლეს საბჭოში განვითარებული მოვლენების შემდეგ კი კონსტიტუციონალისტს არ აქვს პასუხი კითხვაზე, რა მიზეზით დაიწყეს დავა უმაღლესი საბჭოს წევრებმა იმაზე, რაც კონსტიტუციით უკვე განსაზღვრულია. „ამის მიზეზი კონსტიტუციის კარგად არწაკითხვა, მისი არცოდნა თუ რაიმე სხვაა, ეს მე არ ვიცი“, – ამბობს მალხაზ ნაკაშიძე.

 

ისტორისკოს ემზარ  კახიძის შეფასებით კი, მისთვის როგორც ამომრჩევლისთვის, რაც უმაღლეს საბჭოში ხდება, სიბნელეა. ის ამბობს, რომ უმაღლეს საბჭოში განვითარებულ მოვლენებს სხვა სახელს ვერ არქმევს. „მე ისიც ვერ გავიგე რა ხდება, მართლა დაარღვიეს კონსტიტუცია თუ არ დაარღვიეს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულან. უბრალოდ, პირადი სიმპათიების მიხედვით ახდენენ კონსტიტუციის განსაზღვრებას. ასე არ შეიძლება“, – ამბობს ემზარ კახიძე.

 

უმაღლესი საბჭოს სხდომას, რომელზეც ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე არჩევას უყარეს კენჭი, 13 წევრი ესწრებოდა – რვა `ნაციონალური მოძრაობიდან~, თავად ჯემალ ფუტკარაძე, მედეა ვასაძე და ორიც `თავისუფალი  დემოკრატებიდან~. უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი ბესო შერვაშიძე `ბათუმელებთან~ სატელეფონო საუბრისას ირწმუნება, რომ მართალია, `თავისუფალმა დემოკრატებმა“ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს, მაგრამ ისინი სხდომაზე დასასწრებად დარეგისტრიდნენ.

 

ჯემალ ფუტკარაძის ვიცე-სპიკერად არჩევას მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, რაც აჭარის კონსტიტუციის თანახმად მის ასარჩევად საკმარისი არ იყო. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ავთანდილ ბერიძემ განმარტა, რომ პროცედურა არ შედგა და სხდომა დახურულად გამოაცხადა, რასაც დეპუტატები შეეწინააღმდეგნენ.

 

კითხვაზე არის თუ არა აჭარის საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციის სწორად წაკითხვის ან თუნდაც, ზოგადად, მისი წაკითხვის პრობლემა? – აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ავთანდილ ბერიძე პასუხობს:

 

„მე-15 მუხლის დარღვევაზე სხდომაზევე გავაკეთე განცხადება, თუ რატომ არ შემეძლო არჩევნები ჩატარებულად ჩამეთვალა. ერთ-ერთი ძირითადი მოტივი იყო ის, რომ დაირღვა აჭარის კონსტიტუციის მე-15 მუხლის მოთხოვნა. როდესაც კანონქვემდებარე აქტი, ანუ რეგლამენტი არ ექვემდებარება კონსტიტუციის ნორმას, მოქმედებს კონსტიტუციის ნორმა. რაც შეეხება იმას, რატომ არ არის რეგლამენტი კონსტიტუციასთან თანხვედრაში, მე პირველივე სხდომაზე ვთქვი და ყოველთვის ვამბობდი, რომ აჭარის კონსტიტუცია და ასევე რეგლამენტი არის უხარისხო, ეს ოქმშიცაა ჩაწერილი. ჩვენ კონსტიტუციის შეცვლაზე ხელი არ მიგვიწვდება. რადგან ამას სჭიდებოდა 14 ხმა, რაც ჩვენ არასდროს გვქონდა. რაც შეეხება რეგლამენტს, როდესაც დავინახეთ, რომ საჭირო იყო რეგლამენტის საფუძვლიანი ცვლილება, შევქმენით რეგლამენტზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მთლიანად შევიყვანეთ იურიდიული კომისია. მე არ გამიცდენია ამ ჯგუფის არც ერთი შეხვედრა. მისი წაკითვის პრობლემა მე არ მგონია იდგეს დღეს წესრიგში, მათ ასე საკითხი მანამდე ბიუროს სხდომაზე არ დაუყენებიათ. ეს შეგნებული ქმედება იყო“.

 

ჯემალ ფუტკარაძის არჩევას კანონიერად მიიჩნევდა აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თემურ კახიძე. თუმცა ახლა ის ამბობს: „მე თავიდანვე განვაცხადე, რომ კონსტიტუცია უპირატესია. მე ამოვდიოდი კონსტიტუციიდან, სადაც ცალსახად წერია, რომ გადაწყვეტილება მიიღება 11 ხმით. მაგრამ არის ძალიან ბუნდოვანი ჩანაწერები, რაც განსაზღვრავს, რომ თუ 11 ხმას ვერ იღებს ვერც ერთი კანდიდატი, მეორე კანდიდატი, ვინც მიიღებს ხმათა უმრავლესობას არანაკლებ ერთი მესამედისა, არჩეული იქნება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ. ჩვენ, `თავისუფალი დემოკრატები“, ვფიქრობთ, რომ ამომავალი წერტილი არის კონსტიტუცია“.

 

კონსტიტუცია, რომ უპირატესია ვიდრე რეგლამენტი, ეს თავიდანვე იცოდა პეტრე ზამბახიძემ. ის ბევრი დეპუტატისგან განსხვავებით განათლებით იურისტია. ის ამბობს კიდეც, რომ სადავოა, რაც გასულ კვირას უმაღლეს საბჭოში მოხდა. მაგრამ ამის მიუხედავად, კონსტიტუციასთან შეუსაბამო წესით ვიცე-სპიკერის არჩევის ორგანიზება ძირითადად მან წარმართა, რასაც ერთადერთი ახსნა აქვს – ეს მისი პარტიის, `ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებში შედიოდა.

 

არსებული ქაოსი არ ყოფილა დაბრკოლება აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებისთვის მათთვის აქამდე ცნობილი, მაგრამ საზოგადოებისთვის უცნობი სხვა დოკუმენტებიც გამოეტანათ დღის სინათლეზე – საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერად დავით ბაციკაძის კანონდარღვევით არჩევას. რეგლამენტის თანახმად, ვიცე-სპიკერის არჩევა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სხდომაზე დასასწრებად რეგისტრაციას 14 დეპუტატი გაივლის. დეპუტატებმა გამოაქვეყნეს ოქმი, რითაც დასტურდება, რომ რეგლამენტი ყოფილი ვიცე-სპიკერის არჩევის დროსაც დაირღვა, რადგან რეგისტრაცია მხოლოდ 13-მა დეპუტატმა გაიარა. გასულ კვირას ამ ოქმის გამოქვეყნების შემდეგ დეპუტატები ნიშნისმოგებით საუბრობდნენ, რომ თურმე დავით ბაციკაძეც უკანონოდ ყოფილა არჩეული. თითქოს მათი ვალდებულება არ არის კანონის დაცვით აირჩიონ უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერი, იმის მიუხედავად ბაციკაძე იქნება, ფუტკარაძე თუ ვინმე სხვა.

ლაზური ქორწინების ისტორიები

როცა ვაჟი 16 წლის ასაკს მიაღწევდა, მას უფლება აღარ ჰქონდა გოგოებთან ელაპარაკა, ხოლო გოგოებს ბიჭთან ლაპარაკი 13 წლიდან ჰქონდათ აკრძალული. 13 წლიდან გოგოები უკვე ჩადრს ატარებდნენ და არათუ ბიჭთან ლაპარაკის, მათთვის საკუთარი სახის ჩვენებაც კი არ შეეძლოთ. ქალს ინიშნავდნენ შუამავლების მეშვეობით. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქალის ოჯახსა და წარმომავლობას. ყველა მშობელი ცდილობდა თავისი შვილი კარგი გვარის ბიჭზე ან ქალიშვილზე დაექორწინებინა. მას შემდეგ რა ოჯახის ავ-კარგს გაიკითხავდნენ, მშობლები ქალის ოჯახში შუამავალს გააგზავნიდნენ.

„ასეთ საქმეებზე შუამავალი ყოველთვის მზის ჩასვლის შემდეგ მიდის. ქალიშვილის ოჯახში „ბისმილლაჰის“ თქმით პირველად მარჯვენა ფეხს შედგამს და დამხვდურთ მიესალმება. მასპინძელიც თავს დაუკრავს და შეიპატიჟებს. ჯერ სხვა რამეზე ისაუბრებენ. ასე,  2-3 საათის შემდეგ შუამავალი იტყვის: ჩვენ კარგ საქმეზე მოვედით, შენი ქალიშვილი გვინდაო. თუ მასპინძელი სასიძოს ოჯახს კარგად იცნობს და ბიჭიც მოსაწონია, მაინც იტყვის: პირდაპირ პასუხს ვერ მოგცემთ, ჯერ ჩემს ნათესავებს შევეკითხებიო. თუ არ სურს მიათხოვოს, მაშინ მიზეზად ან სახლის აშენებას, ან სხვა რამეს დაასახელებს, ან პირდაპირ უარს იტყვის“, – წერს მ. ვანილიში წიგნში „ლაზეთი“.

თუ ორივე ოჯახი თანახმა იქნებოდა, მაშინ ნიშნობის დღედ ხუთშაბათს აირჩევდნენ. აუცილებლად საღამოს. ნიშნობამდე შუამავალი ქალიშვილის მამას ორ თავსაბურავს – იაზმას, პუდრს და ძვირფას ქინძისთავს „ფეის“ მიუტანდა. ხუთშაბათ დღეს ოჯახები ქალის ოჯახში მიიყვანდნე ხოჯას, მასთან ერთად ოჯახს ესტუმრებოდნენ უხუცესებიც, 20-30 კაცი. ამ უხუცესებიდან აირჩევდნენ ორ პიროვნებას, ერთს ქალის ოჯახიდან, ერთსაც – ბიჭის. ისინი იყვნენ დასაქორწინებელი წყვილის წარმომადგენლები ე.წ. ბაბალუღები (მამობილები).

ამის შემდეგ ხოჯა წერდა „ახთს“. ეს იყო ერთგვარი საქორწინო კონტრაქტი. ქალის წარმომადგენლები ასახელებდნენ თანხას, თუ რა თანხა უნდა გადაეხადა ბიჭს იმ შემთხვევაში, თუკი ქორწინების შემდგომ ცოლს გაეყრებოდა.

ქალიშვილის ბაბალუღი თანხის დასახელებას 1000 ოქროდან იწყებდა, ვაჟის ბაბალუღი – 100 ოქროდან. უხუცესები, რომლებიც „ახთის“ შედგენას ესწრებოდნენ, ამ თანხას საბოლოოდ გაასაშუალებდნენ. საქორწინო კონტრაქტში ასევე იწერებოდა იმ ნივთების ღირებულება, რომლებიც სიძეს მიჰქონდა ქალიშვილისათვის. იმ აუცილებელ ნივთებს შორის, რაც სიძეს უნდა მიეტანა საცოლისთვის, იყო ვერცხლის ქამარი და ილანჯუღი – ყელზე ჩამოსაკიდი ძეწკვი.

კონტრაქტის შედგენის შემდეგ დამსწრეები დალევდნენ შარბათს და ქალი დანიშნულად ითვლებოდა.

ნიშნობას, რა თქმა უნდა, მოსდევდა ქორწილი, რომელსაც ლაზურად ჭანდა ეწოდება. ქორწილისთვის ორივე ოჯახი დიდი გულმოდგინებით ემზადებოდა.

ერთი აბრეშუმის და ორი ჩითის კაბა, საგარეო და საშინაო ფეხსაცმელები და აბრეშუმის ჩადრი – ეს ნივთები ვაჟის მხარეს პატარძლისთვის აუცილებლად უნდა მიეტანა. გოგოს ოჯახი ამზადებდა მზითევს. მზითვში შედიოდა – ორი ლეიბი, ორი საბანი, საწოლი, კამოდი, სარკე, ათი სპილენძისა და ხუთი უბრალო თეფში, სამი ქვაბი და დიდი და პატარა ტაშტი. ქორწილის დღეს პატარძალს ასევე ატანდნენ ტკბილეულს – შაქარლამას, ჩურჩხელას და თხილს.

ქორწილის დღეს სიძე მიდიოდა დედოფლის ოჯახში თანმხლებლებთან ერთად. პატარძლის ოჯახი სტუმრებს ბაქლავით უმასპინძლდებოდა. დედოფლის გამოყვანის დრო რომ მოვიდოდა, სახლიდან გამოსვლის წინ, დედოფლის რომელიმე ნათესავი კარებს დანას მიაჭედებდა. ამას კარის დაჭერა ერქვა. ამ დროს სიძის ბიძა ან ვინმე ახლობელი მივიდოდა და ჰკითხავდა, თუ რატომ არ ატანდნენ ქალს. კარის დამჭერი ეტყოდა, რომ „კაფიხარჯი~, ანუ კარის ხარჯი მინდაო. მაშინ სიძის წარმომადგენელი ამოიღებდა ფულს და მისცემდა კარის დამჭერს. ამის შემდეგ პატარძალს უკვე შეეძლო სახლიდან გასვლა.

თუ ქალი ახლო სოფელში მიჰყავდათ, მაშინ მას ცხენზე სვამდნენ, თუ შორ სოფელში თხოვდებოდა, ამ შემთხვევაში ნავებით მიდიოდნენ სიძის ოჯახში. დედოფალს სიძის სახლში აუცილებლად მარჯვენა კარით შეიყვანდნენ, კარს კი დანებს მიაკრავდნენ.

მას შემდეგ, რაც მაყრები სიძის ოჯახში მივიდოდნე, გაიშლებოდა ხალიჩა.

დედოფალი ხალიჩაზე დადგებოდა მის თანმხლებ ქალებთან ერთად. გამოვიდოდა დედამთილი და რძალს ღომის მარცვლებში გარეულ ხურდა ფულს მიაყრიდა. ამის შემდეგ მამამთილი და სიძე მორიგეობით გამოვიდოდნენ და ისინიც ღომის მარცვლებიან ხურდა ფულს დააყრიდნენ პატარძალს. ამ ფულს ქორწილის სტუმრები დაიტაცებდნენ. ღომის მარცვალსა და ფულს გამრავლების ნიშნად აყრიდნენ პატარძალს. ამ რიტუალის დასრულების შემდეგ პატარძალი სახლში მამამთილს შეჰყავდა და ცეცხლის პირას სვამდა.

შემდეგ იწყებოდა ქორწილი. მაყრები სუფრას მიუსხდებოდნენ და ლაზურ კერძებს აგემოვნებდნენ. ქორწილის დროს მნიშვნელოვანი რიტუალი იყო სტუმართა გამასპინძლების წესი. სანამ მაყრები სიძის ოჯახში მივიდოდნენ, ოჯახი მანამდე მეზობლებს უმასპინძლდებოდა, მაყრების მისვლის შემდეგ – მათ. მაყრების დაპურების შემდეგ, სუფრას ის კაცები მიუსხდებოდნენ, ვინც სუფრას ემსახურებოდნენ. ამის შემდეგ მოდიოდა მაყარი ქალების რიგი. მას შემდეგ, რაც მაყრად მისული ქალები დანაყრდებოდნენ, სუფრასთან მაყრის მომსახურე მასპინძელი ქალები სხდებოდნენ. შემდეგ იმართებოდა ცეკვა და სიმღერა.

მაყრები ქორწილის მეორე დღეს სახლში ბრუნდებოდნენ. მაყრების წასვლის შემდეგ იწყებოდა მზადება სიძე-დედოფლის პირველი ღამისთვის. ოთახს ჯერ ქალის მიერ მოტანილი მზითვით რთავდნენ. მას შემდეგ, რაც სამზადისს მორჩებოდნენ, ოთახში პირველს სიძეს უშვებდნენ, შემდეგ – დედოფალს. ოთახს აუცილებლად უნდა ჰქონოდა მცირე ჭუჭრუტანა, საიდანაც მეზობლის ქალები წყვილის ურთიერთობას ადევნებდნენ თვალს. ვინაიდან ეს წესი სიძე-დედოფლისთვისაც იყო ცნობილი, ისინი ოთახში სინათლეს აქრობდნენ.

ახალმოყვანილ რძალს, ძირითადად, საოჯახო საქმეებით ტვირთავდნენ. მისთვის სავალდებულო იყო დილით ადრე ადგომა, მჭადის გამოცხობა და სამზარეულოს დალაგება. ამასთან, ახალმოყვანილი რძალი საღამოს ყველაზე გვიან უნდა დაწოლილიყო, მაშინ როცა ოჯახის ყველა წევრი დაწვებოდა დასაძინებლად.

რძალს უფლება არ ჰქონდა ერთი წლის მანძილზე ხმა გაეცა მამამთილისთვის. ზოგჯერ ეს დრო ხუთ წელსაც გრძელდებოდა. ქალს უფლება არ ჰქონდა 40 წლამდე ქმრისთვის საჯაროდ სახელით მიემართა. სანამ ცოლ-ქმარი 40 წლის გახდებოდა, ცოლი ქმარს ებჩის – ბიჭო – ეძახდა, ხოლო ქმარი ცოლს „ეი“-ს. 40 წლის შემდეგ ცოლს ქმრისთვის ბადის ანუ მოხუცს ეძახდა, ხოლო ქმარი ხჩინის – ბებერ დედაკაცს. რძალს ოჯახში სახელით არავინ მიმართავდა, მას გელინს ეძახდნენ, რაც ქართულად რძალს ნიშნავს.

სანიე ჯევაიში

ქალის დანიშვნის წესი მეოცე საუკუნეშიც ისევე აქტუალური იყო, როგორც წინა საუკუნეებში. სარფში მცხოვრები 79 წლის სანიე ჯევაიში თავისი ქორწინების ისტორიას იხსენებს.

„კოლმეურნეობაში ვმუშაობდი. ჩაის ვკრეფდი. ჩემი მომავალი ქმარიც ჩაიში მუშაობდა, ჩემი ძმა კი – ჩაის მიმღებ პუნქტში. საქმრო ძმამ შემირჩია. მითხრა კარგი, ჭკვიანი, პატიოსანი ბიჭიაო. 18 წლის იყო მაშინ. დავინიშნეთ. სამი წელი ვიყავით დანიშნულები. მერე დავქორწინდით. სანამ დავქორწინდებოდით, ხელი არ დაუკარებია ჩემთვის ჩემს საქმროს. ახლა რომ ყველაფერი დასაშვებია, მასე კი არ იყო მაშინ. არც მიკოცნია, თვალებშიც ვერ ვუყურებდი“, – იხსენებს სანიე.

სანიე ამბობს, რომ ადრე ქალები სოფელში ჩადრით დადიოდნენ და უცხო მამაკაცებს სახეს არ აჩვენებდნენ. ჩადრით მუშაობდნენ ჩაიშიც.

„ლამაზი წითელი კაბა მქონდა. ერთხელ ჩავიცვი ეს ჩემი წითელი კაბა, წავისვი პომადა და გავყევი ჩემს ქმარს ბათუმში. ვერავინ მიცნო. სარფში ეხუმრებოდნენ მერე თურმე ჩემს ქმარს, სანიეს ვეტყვით უცხო, ლამაზ-ლამაზ ქალთან ერთად რომ დადიხარო. ჩემს ქმარს უთქვამს, ჩემი სანიე იყო ეგ, მე მაგის ღალატს გულშიც არ გავივლებო. არავის არ ჰქონდა ჩემი სახე ნანახი და ანკი როგორ მიცნობდნენ“, – იხსენებს სანიე ჯევაიში.

სანიეს ქმარი ლაზი იყო, ისევე როგორც თავად. დღეისათვის ლაზებში ხშირია შერეული ქორწინება, თუმცა ლაზები მაინც ცდილობენ თავიანთი ქალიშვილები ლაზებს მიათხოვონ, ხოლო ვაჟს ლაზი ქალი შერთონ ცოლად.

სარფი

„სისხლიანი ქრონიკა“ – ფსიქოლოგიური ძალადობა მოზარდებზე

 

 

ანა არგანაშვილი

 

 

ანა, ძალადობის ამსახველი ფილმის ჩვენებას დიდი დისკუსია მოჰყვა საზოგადოებაში, ნაწილი ამართლებს იმას, რომ მოზარდებმა მსგავსი ინფორმაცია მიიღონ. რასთან გვაქვს საქმე?

გაეროს ბავშვთა უფლებების მე-17 მუხლის თანახმად, ბავშვს შეუძლია მიიღოს ყველა სახის ინფორმაცია, გარდა დამაზიანებელი ინფორმაციისა, რომლის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს ძალადობის შემცველი ინფორმაცია. ბავშვი ნებისმიერი ინფორმაციის მიღების დროს დაცული უნდა იყოს ძალადობისგან – გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-19 მუხლი. ბავშვის ფსიქიკაზე დამაზიანებელი მოქმედების მქონე პროგრამებისა და კადრების გავრცელება ასევე იკრძალება ეროვნული კანონმდებლობით, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით, რაც ცხადს ხდის კანონმდებლის ნებას, რომ ამგვარი ზეგავლენისგან ბავშვი დაცული უნდა იყოს ნებისმიერ გარემოში, იქნება ეს მასმედიით გადაცემული პროგრამა თუ სხვაგან მოწყობილი კინოჩვენება. აბსოლუტურად ყველა ინფორმაცია უნდა იყოს გაანალიზებული, რამდენად შეუძლია ზიანის მოტანა მოზარდის ფსიქიკისთვის. თუ ამგვარი ზიანი შეფასებული და გამორიცხული არ იყო, ძალადობრივი კადრების ჩვენება მოზარდისთვის შეგვიძლია განვიხილოთ მოზარდზე ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმად. მოზარდზე ფსიქოლოგიურმა ძალადობამ შესაძლებელია გამოიწვიოს საკმაოდ მძიმე შედეგები, რაც შეიძლება გამოვლინდეს ახლავე ან რამდენიმე წლის შემდეგ.

 

 არსებობს რაიმე კვლევა, რომლითაც ცალსახად დასტურდება მსგავსი ფილმების უარყოფითი გავლენა მოზარდებზე?
 

რა თქმა უნდა. მსოფლიოში ჩატარებულია კვლევები იმის დასადგენად, თუ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს მოზარდზე აგრესიული და ძალადობრივი სცენების შემცველმა კადრებმა.

 

 თქვენ გამოეხმაურეთ სალომე ზურაბიშვილს სოციალურ ქსელში, სადაც ის წერდა, რომ მოსწავლეები სპეციალურად მიჰყავთ აუშვიცისა თუ სხვა საკონცენტრაციო ბანაკების სანახავად და რომ ეს არის ნორმა. თქვენი აზრით, შეიძლება მსგავსი შედარების გაკეთება?
 

ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტის შეფასება მოხდეს შესაბამისი პროფესიის ადამიანის მიერ, – როდესაც ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ ძალადობის შემცველმა კადრებმა რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს ბავშვზე, მნიშვნელოვანია მოვისმინოთ ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტის აზრი. მეც სწორედ იმ პოზიციიდან ვაფასებ ამ მოვლენას, რომ ვარ პროფესიით ფსიქოლოგი და ბოლო რვა წელია ბავშვთა უფლებების სფეროში ვმუშაობ. ინდივიდუალურად მიმუშავია ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან და ვიცი ძალადობის სამეცნიერო და ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი გამოვლენის ფორმები. რაც შეეხება განსხვავებას, ის აშკარაა: განათლებისა და ისტორიის გაცნობის მიზნით მართლაც არის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადგილი, სადაც მოზარდი გაეცნობა ამ ინფორმაციას, მაგრამ ეს ადგილი არის წინასწარ საგანმანათლებლო და შემეცნების მიზნებისთვის სწორად დაგეგმილი და ორგანიზებული. ანუ ასეთ ადგილზე მოზარდი ინფორმაციას მიიღებს შესაბამისი ანალიზის ჩარჩოში და ეს ინფორმაცია იქნება გაფილტრული. ხოლო ამ ინფორმაციის ე.წ. უმი ფორმით მიწოდება, გადაუმუშავებლად, შესაბამისი სფეროს ექსპერტების ანალიზის გარეშე, შეიცავს ბავშვების ტრავმირების რისკს.

ახლა შევხედოთ ამ მოვლენას სამართლებრივი კუთხით: ვის აქვს უფლება და კანონის მიერ მინიჭებული ვალდებულება გადაწყვიტოს ნახავს თუ არა ბავშვი რაიმე საფრთხის შემცველ მასალას? – ეს უფლება აქვს ბავშვის მშობელს; თუ ის ვერ ახორციელებს ამ უფლებამოსილებას, სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენელს, კერძოდ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. ჰკითხა ვინმემ ამ ბავშების მშობელს, რამდენად იქნებოდნენ ისინი თანახმა? მიაწოდა ინფორმაცია, რათა მათ მიეღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება შესაძლო რისკების შესახებ? თუ ეს პირობები დაცული არ იყო, შესაბამისად აქ საკითხი სამართლებრივადაც დგება. გარდა ამისა, ბავშვები სიუჟეტში ყვებოდნენ, რომ მათ ფილმის შესახებ სკოლაში შეატყობინეს და უთხრეს, რომ ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება მათი დასწრების შესახებ. როგორ ფიქრობთ, სკოლა არ იზიარებს პასუხისმგებლობას მისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებაზე? ასევე სიუჟეტებიდან ჩანს, რომ ბავშები მოატყუეს, მინიმუმ დაუმალეს და, შესაბამისად, გააკეთებინეს არაინფორმირებული არჩევანი, რაც ასევე გამორიცხავს ბავშვის არჩევანს და სურვილს დასწრებასთან დაკავშირებით. ერთი სიტყვით, ეს კომპლექსურად შესასწავლი შემთხვევაა და ჩვენი ორგანიზაციის მოლოდინია, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მას ყველა კუთხით შეისწავლის და პასუხისმგებლობის მატარებელ პირებს გამოავლენს.

 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მოზარდების უფლებები დაირღვა?

 ჩემი შეფასებით, ბავშვის უფლებები დაირღვა, ხოლო შესწავლის შემდეგ დადგინდება, რა ხარისხითაა ის დარღვეული და რა სახის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, მას შემდეგ რაც გაირკვევა, რომელი უწყება ან პირი რა როლს ასრულებდა ამ მოვლენაში.

 

 ცალკეული ხელისუფლება მუდმივად იყენებდა სკოლის რესურსს პოლიტიკური მიზნებისთვის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ შემთხვევაშიც მოხდა მოსწავლეების მანიპულირება პოლიტიკური მიზნებისთვის?

 ბავშვთა უფლებების კონვენცია საუბრობს ბავშვების ჩართვაზე პოლიტიკურ პროცესებში, რაც სრულიად დაუშვებელია. კონვენციაში წერია, რომ ბავშვი ხშირად ვერ აცნობიერებს და, ბუნებრივია, ინფორმირებულ თანხმობასაც ვერ მისცემს, ამიტომ მათი ხშირად ბოროტად იყენებენ. კონვენციის თანახმად, ეს არის სრულიად მიუღებელი და ბავშვთა უფლებების საწინააღმდეგო აქტი. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო ბავშვების რაიმე აქტივობაში ჩართვის დროს და თუ ეს არ ემსახურება რაიმე ცოდნას, შემეცნებას ან განათლების მიღებას, მაშინ ეს მხარეც უნდა შეფასდეს, ხომ არ იყო რაიმე პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული.

 

 როგორ ფიქრობთ, ორგანიზატორებისთვის მოზარდები რატომ გახდა სამიზნე ჯგუფი?

 ხშირია შემთხვევები, როდესაც პოლიტიკური სუბიექტები იყენებენ ბავშვებს – აცვიათ ბავშვებს პარტიის სიმბოლიკიანი მაისურები. ესეც მიუღებელია, რადგან ბავშვის, როგორც ვიზუალური მასალის გამოყენება, ბავშვის ინტერესში ვერ იქნება. არ შეიძლება ბავშვს პოლიტიკურად დატვირთული ინფორმაცია მივაწოდოთ. ზოგადად, არის საქართველოში ბავშვების გამოყენების ტენდენცია, რაც ასევე პრობლემაა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ომბუდსმენები ხშირად აკრიტიკებენ ამ ფაქტებს და მოუწოდებენ პოლიტიკოსებს არ ჩართონ ბავშვები ასეთ მოქმედებაში.

გარდა ამისა, ხშირია ბავშვი რესპონდენტების გამოყენება, მათი პირადი ცხოვრების გაშუქება ისე, რომ ირღვევა მათი უფლებები. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას და ველოდებით მათ გადაწყვეტილებებს. შემდეგ უკვე ტელევიზიებიც ყურადღებით მოეკიდებიან. სხვა შემთხვევაში, გაგრძელდება ეს მანკიერი პრაქტიკა.

ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს?

 პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა იმ სუბიექტის, რომელთაც ევალებოდათ ბავშვთა დაცვა მავნე ზეგავლენის მქონე ინფორმაციის მიღებისგან. აღნიშნულის დადგენაში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სოციალური მომსახურების სააგენტოც, რომელიც ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევებს შეისწავლის და მოახდენს სათანადო რეაგირებას.

 

ნა, რა შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოების იმ ნაწილს, ვინც ამბობს, რომ „რა მოხდა მერე, ბავშვებმა უნდა იცოდნენ წარსული“ და რომ ბავშვთა უფლებებზე საუბარი, ამ შემთხვევაში, მორალისტობაა. ნიშნავს ეს იმას, რომ ქართული საზოგადოება ცუდად იცნობს ბავშვთა უფლებებს?


 ზუსტად ეს არის პრობლემა – ხშირად ბავშვებს დამოუკიდებელ, ბავშვთა უფლებების სუბიექტად არ მოვიაზრებთ. ბავშვი არის სუბიექტი, აბსოლუტურად დამოუკიდებელი და რადგან ის თავს ვერ იცავს, ეს ნიშნავს, რომ მისი დაცვის ვალდებულება უფროსებს გვეკისრება და ისინი გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით უნდა დავიცვათ. არსებობს თემები, რომლებიც პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დგას, ასეთი თემაა ბავშვის უფლება იყოს დაცული ძალადობისგან. მიუხედავად იმისა, ვის მიერ, რომელი ბავშვი, რა მიზეზით დაექვემდებარა ფსიქილოგიურ ძალადობას – ჩვენ ის უნდა დავიცვათ, ასეთია კანონის მოთხოვნა.

 

პროკურატურა: ბრალდებაზე უარს ვაცხადებთ

 

სასამართლო პროცესის დაწყებამდე დაცვისა და ბრალდების მხარე

 

გასულ პარასკევს, ანუ სწორედ იმ ეტაპზე, როცა ამ საქმის გარშემო ბრალდებასა და დაცვას საბოლოო სიტყვა უნდა ეთქვათ სასამართლოში, პროკურორმა მოსამართლეს აცნობა, რომ ზემდგომ პროკურორთან შეთანხმებით უარს ამბობდა ბრალდებაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სისხლის სამართლებრივი დევნა ბრალდებულის მიმართ შეწყდა. “შესაძლოა ჩაქირიდი მართლაც არის დამნაშავე, მაგრამ საქმეში მოპოვებული მტკიცებულებათა ერთობა არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ, მან ნამდვილად ჩაიდინა დანაშაული. ასეთ დროს კი კანონით ბრალდებულის სასარგებლო გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განმარტა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ. მეზღვაური ნიკოლოზ ჩაქირიდი ბრალდებული იყო სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკების შეძენა-შენახვა), რაც 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

`გახარებული და გაკვირვებული ვარ, პროკურატურა უახლოვდება დემოკრატიულ სტანდარტებს… მე სასამართლოსგან ნამდვილად ველოდი გამამართლებელ განაჩენს, წინა სასამართლო პროცესზე, ბრალდებულის ნათესავმა მითხრა, რომ პროკურორი გაღიმებული დაინახა და მგონი ცუდად არ არის ჩვენი საქმეო… მადლობის მეტი რა გვეთქმის. მე ვმუშაობდი ადრე ძალოვან უწყებებში, დიდი ხანია ვმუშაობ ადვოკატად, ასეთ ფაქტს ბოლო პერიოდში ვერ ვიხსენებ”, – თქვა ადვოკატმა ნუგზარ მგელაძემ. 

 

“მადლობა, რომ დარწმუნდით ჩემს უდანაშაულობაში”, – ეს კი ბრალდებულის სიტყვებია. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა თქვა, რომ სასამართლო სადამსჯელო ორგანო არ არის და მას კანონი ავალდებულებს, დააკმაყოფილოს პროკურორის შუამდგომლობა. ამის მიუხედავად, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეებს მსგავსი რამ უთხრა: “ალბათ მიხვდა პროკურატურა, რომ მისთვის სასურველი შედეგი არ დადგებოდა, ამიტომაც მიიღო სახელმწიფო ბრალდებამ ეს გადაწყვეტილება”.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ყადაღა მოეხსნა იმ სახლსაც, რომელიც ნიკოლოზ ჩაქირიდის გირაოს სანაცვლოდ იყო დაყადაღებული.

 

ბათუმელი ნიკოლოზ ჩაქირიდი ბოლო შრომითი ხელშეკრულებით კაპიტნის მესამე თანაშემწე იყო შორეულ ნაოსნობაში. სახლში ის 2013 წლის 17 დეკემბერს დაბრუნდა. ბათუმში დაბრუნებიდან დაახლოებით ერთ თვეში (2014 წლის იანვარში) ნათესავი დაუკავშირდა და სთხოვა გამოეტანა ამანათი, რომელიც საბერძნეთიდან იყო გამოგზავნილი. ნიკოლოზმა როგორც კი ამანათი გამოიტანა, ის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს: ფუთაში 0,609 გრამი ჰეროინი აღმოჩნდა.
ნიკოლოზის ნათესავი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ გამოცხადდა, როცა გაიგო, რომ ის დააკავეს და თქვა, რომ ფუთა მას გამოუგზავნეს. ამის მიუხედავად, გასულ პარასკევამდე პროკურორი ირაკლი დონდოლაძე ნიკოლოზს მაინც დამნაშავედ მიიჩნევდა.

Exit mobile version