კვირის ამბები

ექვსი თვით დაგვიანებული მომსახურება

17.07.2015 • 1398
ექვსი თვით დაგვიანებული მომსახურება

 

 

 

როგორ აისახა დაგვიანებული სერვისი საწოლს მიჯაჭვულ პირებზე და რის საჭიროებას ხედავენ დამატებით ბენეფიციარები „მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამაში“?

მერიის შინმოვლის სერვისით ნარგიზ მახარაძის 19 წლის შვილი, შშმ პირი სარგებლობს. ის ცერებრალური დამბლითაა დაავადებული. „ძალიან მძიმე მდგომარეობა გვქონდა. ექვსი შვილი მყავს, სოციალურად დაუცველი ვარ და სერვისის შეჩერებამ დიდი პრობლემა შეგვიქმნა. ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ, სადაც არ არის სველი წერტილი, შორს მიწევს ბავშვის გაყვანა და ძალიან ვიღლები. მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები ჩვენთვის დიდი შეღავათია“, – ამბობს ის „ბათუმელებთან“.

დავით დევაძეც შინმოვლის პროგრამით სარგებლობს: „ძალიან გაგვიჭირდა პროგრამის შეფერხების გამო. პენსიით მიწევდა წამლების ყიდვა. ხელზე თრომბი მაქვს და შემპირდნენ, რომ მასაჟს გამიკეთებენ. კარგი იქნება თუ გაუმჯობესდება მომსახურება“.

ნინო დოლიძის ოჯახიდან პროგრამით ორი ადამიანი – ციალა და რუსიკო დოლიძეები სარგებლობენ: „მამიდა და დედა მყავს მწოლიარე. პროგრამა ეხმარება მათ როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე სამედიცინო კუთხით. რომ შეჩერდა, გაგვიჭირდა ძალიან. შინმოვლის სერვისი აუცილებელია, კარგი იქნება, თუ საკვების ნაწილსაც დაამატებენ. ჟანგბადი გვჭირდება ხშირად, ძვირი გვიჯდება მისი შეძენა და კარგია, თუ ამ კომპონენტსაც გაითვალისწინებენ. როცა შეტევა აქვს, სასწრაფოს უფასოდ კი მიჰყავს, მაგრამ უკან წამოყვანა 60 ლარი გვიჯდება“.

როგორც ბენეფიციარები ამბობენ, პროგრამის ფარგლებში ისინი კვირაში სამი ლარის მედიკამენტებსა და სამი ლარის ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ.
კოალიციის – „შინმოვლა საქართველოში“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ვახანია `ბათუმელებთან~ ამბობს, რომ შინმოვლის პროგრამის შემუშავებაში მერიას კოალიცია უწევდა პარტნიორობას. „ჩვენ მერიას შევთავაზეთ, რომ რაღაც საკვალიფიკაციო მონაცემები შემუშავებულიყო პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით. მერია დაგვთანხმდა“.

უჩა ვახანიას თქმით, პროგრამაში მთავარი კომპონენტი უნდა ყოფილიყო შინმოვლაში ჩართული პირების 70-საათიანი გადამზადება და ამ სფეროში გამოცდილება. თუმცა, მერიამ ტენდერის გამოცხადების დროს ეს შეთანხმება დაარღვია. მერიამ სატენდერო მოთხოვნებში გადამზადების საათები 70-იდან 60-მდე შეამცირა, გამოცდილების მუხლი კი საერთოდ ამოიღო“.

როგორც მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, გასულ წელს სატენდერო პირობებში არ იყო მითითებული, რომ პროგრამის განმახორციელებელი პირი სამედიცინო პროფილის უნდა ყოფილიყო. მიმდინარე წელს კი კოალიციის მოთხოვნით, ეს პირობა ჩაიდო.

„ამის მიუხედავად, მერიამ ტენდერში არაკვალიფიცირებულ შპს „თრასთ კოლაბორეიშენს“ გაამარჯვებინა. შედეგი ჩვენ გავასაჩივრეთ, ამ კომპანიას არც პროფილი ჰქონდა სამედიცინო და არც გამოცდილება შინმოვლაში. ამის გამო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს დავების საბჭომ მას დისკვალიფიკაცია მიანიჭა“, – ამბობს კოალიციის ხელმძღვანელი.

„თრასთ კოლაბორეიშენმა“ ტენდერში მეორედაც მიიღო მონაწილეობა და ისევ გაიმარჯვა. კოალიციამ კი შედეგი ამჯერადაც გაასაჩივრა.
„მესამედ მერიამ სატენდერო პირობებიდან ამოიღო ის მოთხოვნები, რის გამოც დავების საბჭო კომპანიას დისკვალიფიკაციას აძლევდა. ამჯერად გამარჯვებული გახდა ქირურგიული კლინიკა „სავლე“, რომელსაც ასევე არ აქვს შინმოვლაში გამოცდილება და არის „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორი. ფაქტობრივად, მესამედაც ისევ ამ კომპანიას გაამარჯვებინეს“, – ამბობს უჩა ვახანია და დასძენს, რომ რადგან პროცესი ჩიხში შევიდა და ადამიანები სერვისის გარეშე დარჩნენ, კოალიციამ შედეგების მესამედ გასაჩივრებაზე უარი თქვა.

ბათუმის მერიის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი მარინა რუხაძე ამბობს, რომ შინმოვლის სფეროში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დადგენილი სტანდარტები არ აქვს. ამიტომ შემსყიდველ ორგანიზაციას აქვს უფლება თავად დაადგინოს მოთხოვნები.

„კოალიცია ნამდვილად გვეხმარებოდა ამ პროგრამის შემუშავებაში და მათი მოთხოვნა იყო სწორედ, რომ სპეციალისტების გადამზადების მუხლში 60 საათი დაგვემატებინა. გასულ წელს ონკოლოგიური ცენტრი და კოალიციის პარტნიორი „გენეზისი“ მონაწილეობდნენ პროგრამის განხორციელებაში და არანაირი პრობლემა არ წარმოქმნილა. წელს მათ მოითხოვეს ცვლილებები კომპონენტებში“.

მარინა რუხაძის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენმა“ იმიტომ გაიმარჯვა ტენდერში, რომ თავიდან სატენდერო მოთხოვნებში სამედიცინო პროფილი მითითებული არ იყო. „ცვლილებებმა გარკვეული პრობლემები წარმოქმნა, ამიტომ გავამარტივეთ ტენდერი და ამოვიღეთ დამატებული მოთხოვნები.“
გამარტივებული მოთხოვნების შემდეგ ტენდერში ქირურგიულმა კლინიკამ „სავლემ“ გაიმარჯვა, რომელიც კოალიციის ხელმძღვანელის თქმით, „თრასთ კოლაბორეიშენის“ ქვეკონტრაქტორია და ასევე არ აქვს შინმოვლის გამოცდილება. მერიას ამოჩემებული ჰყავს ეს კომპანია, მისი ფავორიტია და აღარ აქვს მნიშვნელობა მოთხოვნებს“.

მარინა რუხაძე: „მერიის სტანდარტების მიხედვით, პროგრამით მოსარგებლე პირები დიდი ოდენობით მედიკამენტებსა და ჰიგიენურ საშუალებებს იღებენ, კოალიციას ამაზეც ჰქონდა პრეტენზია. შინმოვლის სტანდარტი არ ითვალისწინებს ასეთ დახმარებასო, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ადამიანებისთვის მხოლოდ ფსიქოლოგიური საუბრები არ იქნება საკმარისი. საწოლში მყოფ ადამიანს პირველ რიგში სწორედ ჰიგიენა და მედიკამენტები ესაჭიროება. სამომავლოდ მერია აპირებს შინმოვლის პროგრამაში მედიკამენტების და ჰიგიენური საშუალებების გარდა სურსათის კომპონენტის დამატებასაც, თუმცა ეს ჯერ მხოლოდ სურვილის დონეზეა.

საერთოდ, შინმოვლა პირველად „კარიტასმა“ შემოიტანა საქართველოში და ჩვენ ხშირად გვაქვს მათთან კონსულტაციები. მედიკამენტებისა და ჰიგიენური საშუალებების ნაწილშიც ჩვენ ავუხსენით მათ, თუ რატომ იყო პროგრამაში ამ კომპონენტის ჩადების აუცილებლობა. შინმოვლის გერმანული, შვეიცარული მოდელიც არსებობს, თუმცა, არაპროფესიონალიზმში ვერ დაგვდებენ ბრალს, რადგან, როგორც აღვნიშნე, ბევრ კომპეტენტურ ორგანიზაციასთან და ექსპერტთან გავდივართ კონსულტაციებს“.

მარინა რუხაძის თქმით, პროგრამის შეფერხების მიუხედავად, ბენეფიციარებს, რომლებმაც წერილობით მიმართეს, დახმარება მერიის სხვა პროგრამის ფარგლებში გაეწიათ. „ვინც დაგვირეკა, მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამიდან 200- ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ“. თუმცა, კონკრეტულად რამდენმა პირმა მიიღო ასეთი დახმარება, მარინა რუხაძეს არ ახსოვს.

„მოვლის საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამით“ თითქმის ყველა ასაკის ადამიანი სარგებლობს, მათ შორის ორი ბავშვია. პროგრამა გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის.

პროგრამის სატენდერო თანხა 170 ათასი ლარი იყო. ამჟამად პროგრამის ბიუჯეტი მხოლოდ 57 ათასი ლარია.

უჩა ვახანიას განცხადებით, ჩაშლილმა ტენდერმა საბოლოო ჯამში ბენეფიციარები აზარალა: „პრობლემაა ის, რომ პროგრამის ბიუჯეტი 170 ათასი ლარიდან ჩამოვიდა 57 ათას ლარზე, აქედან 15 ათას ლარზე მეტი არის სავალდებულო დასახარჯი თანხა მედიკამენტებზე. 90 ადამიანს 6 თვის განმავლობაში უნდა მოუარონ 25 ათას ლარად, რაც წარმოუდგენელია და ეს არის პირადად მერიის პასუხისმგებლობა“.

სამომავლოდ მერია აპირებს თავად შეარჩიოს მონიტორინგის ჯგუფის წევრები პროგრამის მონიტორინგისთვის. ასევე წევრებს ცალკე შეარჩევს კოალიციაც.

 

გადაბეჭდვის წესი