სიახლეები

სტადიონის პროექტის ავტორი ანტიკორუფციული სამსახურის ზეწოლაზე

15.07.2015 • 4234
სტადიონის პროექტის ავტორი ანტიკორუფციული სამსახურის ზეწოლაზე

„ჩვენ გვქონდა ეტაპობრივად გაწერილი ხელშეკრულებაში, თუ რა დოკუმენტები უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი. წარმოუდგენლობის შემთხვევაში მივეცით 20-დღიანი ვადა დაჯარიმებით. ამის შემდეგ კომპანიამ კიდევ მოითხოვა 50-დღიანი ვადა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან ბევრი იყო და გამოიწვევდა, ასე ვთქვათ, სამომავლოდ პრობლემებს. მივიღეთ გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მედიასთან აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ.

სტადიონის პროექტის შესყიდვაზე კონკურსში გამარჯვებულ კომპანია „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.-თან [„იბერპროექსთან“] სამინისტრომ ხელშეკრულება მიმდინარე წლის 31 მარტს გააფორმა.

კონკურსში გამარჯვებული მაკეტი, რომლის მიხედვითაც აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმში სტადიონი აღარ აშენდება

„ხელშეკრულების გაუქმების შესახებ ბრძანება ძალაში შესული არ არის. გადაწყვეტილებას სამართლებრივი პროცედურა აქვს. ერთი თვის ვადაში ჩვენ შეგვიძლია ის გავასაჩივროთ ადმინისტრაციული წესით აჭარის მთავრობაში. თუ არ დაგვაკმაყოფილა ადმინისტრაციული წესით მიღებულმა საბოლოო ვერდიქტმა, შემდეგ უკვე შეგვიძლია სასამართლოს მივმართოთ… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროექტში უამრავი თანხაა დახარჯული ჩვენ მიერ და ლოგიკურია, რომ, მინიმუმ, ამ თანხის კომპენსაცია მაინც მოვითხოვოთ“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში „იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილმა პირმა მამუკა ლობჟანიძემ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში [ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 დღეში] ვერ წარმოადგინა საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა (საექსპერტო დასკვნით). სამინისტროს ინფორმაციითვე, მათ ეს დოკუმენტები  ვერც  2015 წლის 9 ივნისამდე მიცემულ დამატებით ვადაში მიიღეს.

ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სამინისტროს ბრძანებაში აღნიშნულია, რომ 2015 წლის 5 ივნისს სამინისტროში შევიდა კომპანიის წერილი, რომლის მიხედვითაც ის  მოითხოვს „ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ჩაითვალოს დაუძლეველ გარემოებად და გადავადდეს საპროექტო ტერიტორიის საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება, სახელმწიფო უწყებების მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების პროცესის დასრულების შესახებ, მათზე ოფიციალური შეტყობინების მიღების თარიღიდან მომდევნო 50 დღით“.

„სახელმწიფო უწყებების მიერ დოკუმენტაციის გადამოწმების“ რა პროცესზე იყო  საუბარი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან კონკრეტული პასუხი „ბათუმელებმა“ ვერ მიიღო. სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ წერილით კომპანია ითხოვდა გეოლოგიური კვლევის გადავადებას – „ფორს-მაჟორში ვიყავი, ტექნიკა არ იყო საქართველოში… სხვა, მნიშვნელოვანი მაგ წერილში არაფერი არ არის“.

„გეოლოგიურ კომპანიას უთანხმდები თანხაზე, იხდი ამ თანხას და ის კვლევას ატარებს  – ეს პროცესი ძალიან მარტივია.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კარგად იცის, თუ რატომ არ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება. სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან ჩვენგან იყო მოთხოვნილი დამატებითი დოკუმენტაცია _ ვითომდა ჩვენ მიერ საკონკურსო წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მართებულობის დაზუსტების მიზნით. ეს საკმაოდ უხეში კანონდარღვევაა და ეს ალბათ, ერთ-ერთი საფუძველი და მთავარი არგუმენტი იქნება ჩვენი საჩივრის“, – აცხადებს მამუკა ლობჟანიძე.

ბათუმის სტადიონის პროექტის კონკურსზე წარდგენილი პაკეტების გახსნა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში

„დამატებით დოკუმენტებს სამინისტროდან არავინ სთხოვდა კომპანიას, ყოველ შემთხვევაში ოფიციალურად, წერილობით, თორემ ასეთი წერილი ჩვენს დეპარტამენტში აუცილებლად გაივლიდა“, – განაცხადეს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში. დეპარტამენტში ადასტურებენ, რომ წესით, თუ რაიმე დასაზუსტებელი იყო, სამინისტროს ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა მოეთხოვა და არა ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.

„გეოლოგიური კვლევის ვერდაწყებაზე აქ არ არის საუბარი. ისეთი ზეწოლის პროცესში, როცა, ფაქტობრივად, დაკითხვებზე დავყავდით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ჩვენგან იმ გადაწყვეტილების მიღება, რომ კიდევ 150 ათასი ლარი [დაახლოებით ამდენი თანხა სჭირდებოდა გეოლოგიურ კვლევას] გადაგვეხადა, მაშინ როცა არ ვიცოდით, რითი დასრულდებოდა ეს ყველაფერი, ცოტა არ იყოს ძნელი და რთულია. ჩვენ ამის შესახებ ვესაუბრეთ სამინისტროს“, – ამბობს მამუკა ლობჟანიძე.

მისივე თქმით, ამ ყველაფერზე სამინისტროს ოფიციალურადაც მისწერეს, „მაგრამ ერთი თვე პასუხი არ გაგვცეს და ეს დრო გამოიყენეს როგორც დაგვიანების შემადგენელი ნაწილი. არადა, როცა პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ერთი დღით დავაგვიანეთ, სამინისტროდან დაჯარიმების წერილი მანამდე მივიღეთ, ვიდრე ეს დაგვიანება დაფიქსირდებოდა“.

ერთ-ერთი უწყება, რომელიც „იბერპროექსის“ დოკუმენტაციით დაინტერესდა, მამუკა ლობჟანიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოა: „ყოველგვარი სამართლებრივი ნორმების დარღვევით, არაფორმალურად მოგვთხოვეს დოკუმენტები ასეთი ფორმულირებით – „ჩვენ ამ საკითხს ვსწავლობთ“. ჩვენი კონტრარგუმენტი იყო ის, რომ საკითხის შესწავლას აქვს თავისი ნორმები და იმ ნორმებისთვის მიემართათ. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ დოკუმენტაცია, რაც საკონკურსო პირობებში იყო მოთხოვნილი, წარმოვადგინეთ… და თუ, ვთქვათ, საკონკურსო პირობის განსაზღვრისას ვიღაცამ შეცდომა დაუშვა და არ განსაზღვრა ზუსტად რა დოკუმენტები იყო წარმოსადგენი, ან რა შინაარსის და რა ფორმით – ეს ჩვენი ბრალი არ არის…“

„ბათუმელებმა“ მამუკა ლობჟანიძეს სთხოვა იმ წერილის ასლი, რომლითაც ბიზნესჯგუფი ანტიკორუფციული სამსახურისგან მომდინარე ზეწოლაზე ატყობინებდა სამინისტროს, მაგრამ მამუკა ლობჟანიძემ განაცხადა, რომ მას სათავო ოფისთან შეთანხმების გარეშე ამ დოკუმენტის გასაჯაროება არ შეუძლია: „ვინაიდან ჩვენ მაინც სამართლებრივი გზით ვაპირებთ წასვლას, ზედმეტი მოძრაობებისგან თავს ვიკავებთ, ეს ერთი, და მეორე, მე არც ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარ და არც მისი თანამშრომელი. ამდენად, ყველა ასეთი გადაწყვეტილების მიღება – კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემაზე თუნდაც ჟურნალისტებისთვის თუ კანონიერი მოთხოვნის საფუძველზეც, უნდა გადაწყვიტოს კომპანიამ. სამინისტროს თუ სხვა სახელმწიფო უწყებებს ვუხსნი და ვერაფრით გავაგებინე, რომ მე ოფიციალურად მხოლოდ დირექტორის მინდობილი პირი ვარ და ნებისმიერი თხოვნა თუ მოთხოვნა, რომელიც გაკეთდება – ფორმალური თუ არაფორმალური, უნდა გაკეთდეს კომპანიის სახელზე და არა ჩემი მისამართით“.

რა საკითხს სწავლობს ანტიკორუფციული სააგენტო და იბარებდნენ თუ არა კომპანია „იბერპროექსის“ წარმომადგენელს ძალოვან უწყებაში? – შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ თუ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდება, გვაცნობებენ.

მამუკა ლობჟანიძის თქმით, ორივე მხარე [სამინისტრო და ანტიკორუფციული სააგენტო] პარალელურ რეჟიმში ითხოვდა ერთსა და იმავეს – „ერთი, რომ გინდა თუ არ გინდა დაადასტურეთ, კომპანია მართებულად არის რეგისტრირებული, და მეორე იყო კომპანიის გამოცდილებასთან დაკავშირებით“.

სტადიონის პროექტი და „ანბანის კოშკი“

არის თუ არა დაკავშირებული „იბერპროექსი“ ასევე ესპანურ კომპანია „ჩMD ინგენეროს“-თან, რომელმაც „ანბანის კოშკი“ [ასევე ახალი ბულვარი, აგრეთვე პარლამენტის შენობა ქუთაისში და სხვ] შენობები დააპროექტა?

„იბერპროექსის“ დირექტორის მინდობილი პირი მამუკა ლობჟანიძე `ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ „იბერპროექსი“ საპროექტო ორგანიზაციაა და მას ვინ რასაც შეუკვეთავს, იმ დავალებას ასრულებს, როგორც მომსახურების სფეროში მომუშავე ნებისმიერი კომპანია: „სახელმწიფოსთან კონტრაქტორი ადრე რომელი კომპანიაც იყო ძირითადად, ყველამ იცის. თავის დროზე კი, იმ ძირითადმა კომპანიამ, რომელიც აკეთებდა ამ მშენებლობებისა თუ ნაგებობების პროექტებს, „იბერპროექსს“ მხოლოდ კონკრეტული ნაწილების დაანგარიშება დაუკვეთა… თავის დროზე, როცა პირველად დამისვეს მე ეს კითხვა – მაშინაც ვუთხარი, სადმე წერია, რომ აქ რამე კანონდარღვევაა? დანაშაულია სადმე ჩადენილი? სისხლის სამართლის კოდექსში სადმე წერია, რომ წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ავტომატურად ისჯება? რატომაა ასეთი იდუმალებით მოცული ეს ყველაფერი, ვერ ვხვდები“.

ამ ყველაფერზე კი, როგორც მამუკა ლობჟანიძე ამბობს, ამჯერად, უშუალოდ სტადიონის პროექტთან მიმართებაში საუბარი არ ყოფილა: „საერთოდ, “ექსპერტებს“, რომლებიც ამ თემაზე ლაპარაკობენ, ძირითადი არგუმენტაცია აქვთ – ამან მითხრა, იმან მითხრა. არავის არანაირ დოკუმენტში არ ჩაუხედია, ამ დოკუმენტების მართებულობა არ გადაუმოწმებია… მაგრამ უკაცრავად და, სხვადასხვა ოფიციალური დონის ჭორიკნები ამ თემასაც იყენებენ იმისთვის, რომ თავი წარმოაჩინონ – აი, ჩვენ აღმოვაჩინეთ კიდევ ერთი ხალხის ინტერესების მტერი, ხალხის მოღალატე და აი, როგორ მოვექეცით, ქართულად, ვაჟკაცურად, ხმალამოღებული ვებრძვით და ა.შ.“

აშენდება თუ არა სტადიონი ბათუმში

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ აჭარის ბიუჯეტის სახსრებით ქ. ბათუმში, ლეონიძის ქ. №15-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე 20 000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე კონკურსი 2015 წლის 5 იანვარს გამოაცხადა.

საკონკურსო კომისიამ 11 პროექტს შორის გამარჯვებულად „იბერპროექსის“ პროექტი გამოავლინა და კომპანიასთან ხელშეკრულება 2015 წლის 31 მარტს გააფორმა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 579 000 ლარია [საკონკურსო პირობით შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 650 000 ლარი იყო]. კომპანია მე-4 კატეგორიის სტადიონის პროექტს ამზადებდა.

ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს 2015 წლის 25 ივნისის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ გარდა გეოლოგიური დასკვნისა, „IBERPROEX ENGINEERING & PROJECT MANAGEMENT, S.L.“-ი არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებსაც. შესაბამისად, სამინისტროს მიაჩნია, რომ ხელშეკრულება ცალმხრივად უნდა მოიშალოს (გაუქმდეს), ხოლო კომპანიას უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო 12 448,5 ლარის ოდენობით, ვალდებულების დარღვევიდან 2015 წლის 25 ივნისის ჩათვლით“.

კომპანიას ხუთ თვეში, ანუ 2015 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა შეესრულებინა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. ამით პროექტის საბოლოო ვარიანტი და ხარჯთაღრიცხვა დაიდებოდა, რის შემდეგაც სამინისტრო გამოაცხადებდა ტენდერს სტადიონის მშენებლობაზე [რომელიც სწორედ ამ პროექტის მიხედვით აშენდებოდა]. კომპანიის დირექტორის წარმომადგენელი “ბათუმელებთან” ამბობს, რომ აღნიშნულ 5-თვიან ვადაში თავესუფლად ასწრებდნენ ვალდებულების შესრულებას.

„პროექტი ფაქტობრივად მზად არის – გეოლოგიური ნაწილი და გამოყენებული კონსტრუქციების მდგრადობა დაგვრჩა, რომ დავიანგარიშოთ. ეს არის 2-3 კვირის ამბავი. თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი გადაწყვეტილება იქნა ამ ეტაპზე მიღებული“, _ განაცხადა მამუკა ლობჟანიძემ.

დავით ბალაძე: „მინდა ჩვენს მოსახლეობას, ადგილობრივ ფეხბურთის მოყვარულებს და მაყურებლებს ვუთხრა, რომ ქალაქში აუცილებლად აშენდება სტადიონი და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ პროექტის გაჩერებით საერთოდ არ იქნება სტადიონი. ჩვენ იმ თანხას, რაც არის გამოყოფილი ბიუჯეტში, მოვახმართ აუცილებლად სტადიონის ინფრასტრუქტურის განვითარებას“.

აჭარის მიმდინარე და მომდევნო წლების ბიუჯეტში სტადიონისთვის მთლიანობაში 36,5 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. სტადიონის მშენებლობა 2017 წელში უნდა დასრულებულიყო.

ამასთან, არსებობს ბიუჯეტიდან წინა ხელისუფლების დროს, ბათუმის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი კირთაძის ინფორმაციით, 1 მილიონად შესყიდული პროექტი, რომლის მიხედვითაც მშენებლობაზე ტენდერის გამოცხადება ამჟამინდელმა ხელისუფლებამ მიზანშეუწონლად მიიჩნია.

აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა არაერთ კომპანიას პატიობს ვადების [მათ შორის ხანგრძლივ] დარღვევას, ათავისუფლებს პირგასამტეხლოსა თუ ბიუჯეტის სასარგებლოდ, მთლიანობაში, მილიონობით გადასახდელი ჯარიმებისგანაც კი, რაც არ მოხდა „იბერპროექსთან“ მიმართებაში.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მთარობის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე ისიც კი არ გამორიცხა, რომ უცხოეთში ჩავიდნენ სპეციალისტები და იქ რომელიმე სტადიონის იდენტური პროექტი შეისყიდონ.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ამ დროისთვის სტადიონის პროექტთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მიმდინარეობს მუშაობა, რა გზით განხორციელდეს პროექტის  შესყიდვა – გამარტივებული [ერთ პირთან მოლაპარაკების გზით] თუ კონკურსის წესით. სამინისტროში აცხადებენ, რომ საპროექტო თანხა, წესით, იმდენივე უნდა იყოს. კითხვაზე – არის თუ არა შესაძლებელი წინა კონკურსში წარმოდგენილი სხვა 10 პროექტიდან შერჩევა-შესყიდვა, სამინისტროში გვიპასუხეს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია და თუ ასე მოხდება, ე.ი. ეს ნიშნავს, რომ `აჭარის მთავრობამ მისცა თანხმობა ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს და გამარტივებული წესით შეისყიდეს“.

ანგისის სტადიონის ტენდერი უარყოფითი შედეგით

უარყოფითი შედეგით დასრულდა ბათუმში, ანგისის დასახლებაში კიდევ ერთი  სპორტული ბაზის მშენებლობაზე ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი.

ანგისაში სპორტული ბაზის [მათ შორის სტადიონის] მშენებლობისთვის ქალაქის მერია მაქსიმუმ 5 მილიონ 330 ათასი ლარის გადახდას გეგმავდა.

ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია – „კონვენტ ჯორჯია“ მონაწილეობდა [შეთავაზება 5 მილიონ 99 ათას 997 ლარი]. თუმცა, მიმდინარე წლის 5 ივნისს მერიის სატენდერო კომისიამ კომპანიას ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცია მისცა.

„კონვენტ ჯორჯიაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ერთ-ერთი სატენდერო პირობით „ისეთი რაღაცა იყო მოთხოვნილი, რაც ბუნებაში არ არსებობს, კერძოდ, ბუნებრივ საფარზე სერტიფიკატი. ჩვენგან გაკეთდა აქცენტი ამაზე, მაგრამ არ იქნა გათვალისწინებული.“

ხელახალი ტენდერი ამ დრომდე არც მერიას გამოუცხადებია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: