Batumelebi | როგორ იცვამდნენ ძველად აჭარაში როგორ იცვამდნენ ძველად აჭარაში – Batumelebi
RU | GE  

როგორ იცვამდნენ ძველად აჭარაში

 

შალის მოკლე ზედატანი, შალის ფართოუბიანი შარვალი, საყელოიანი ახალუხი  და განიერი სარტყელით, წელზე შემოსახვევად – ტანსაცმელს, რომელსაც აჭარაში ყოველდღიურად ატარებდნენ მამაკაცები, ჩაქურა ჰქვია.  ჩაქურა აჭარის გარდა  გავრცელებული იყო გურიასა და სამეგრელოში.

 

„აჭარელს, ყველაფერი რაც აცვია, მოკლეა და ტანზე მჭიდროდ დამდგარი. აქაური შალის ჩოხა წელს ქვემოთ ოდნავ ცდება და ჩატანებულია შალისავე ძიგვაში (შარვალი). ჩოხას ქვემოთ ზუბუნი (სახელოებიანი ჟილეტი) აცვიათ. ზუბუნი ჩითისაა და საზამთროდ დაბამბულია, ხოლო საზაფხულოდ იგივე ზუბუნი უსახელო და დაუბამბავია, სახელად ელეგი ჰქვია. ძიგვა საჯდომთან ძალიან დანაოჭებულია, სიარულს და ძირს დახრას საერთოდ არ უშლის. ბოლოში ვიწროვდება, წვივებს მჭიდროდ ადგას და ფეხებზე პაჭანაგით (საკოჭურით) არის მიმაგრებული. 

ფეხებზე ადგილობრივი მოქსოვილი, ძალზე სქელი და ჭრელი წინდები აცვიათ და წინდებზე ჩაფულას (ქალამანს) ატარებენ. თავზე უეჭველი ყაბალახი უნდა ჰქონდეთ შემობლანდული კოხტად. თავმომწონენი ზაფხულობით სირმა შემოვლებულ ჩოხას, ზუბუნს და ძიგვას შავი სატინისას ატარებენ. ოსმალური ფესი (ფუნჯიანი ქუდი) იშვიათი სანახავია. თუ ატარებენ მხოლოდ მოლები, ყადები და საზოგადო სასულიერო წოდებისანი. ჩვენებური გრძელი ჩოხა-ახალუხი აქაურ ბეგებსღა აცვიათ“, – ეს თედო სახოკიას მიერ აღწერილი მე-19 საუკუნეში აჭარაში მცხოვრებთა ჩაცმულობის სტილია.

აჭარული ტანსაცმლის აუცილებელ ატრიბუტს შეადგენდა იარაღი – თოფი, წელზე გარშემო სავაზნე, მოვერცხლილი დამბაჩა, საჯაყვე, სატევარი და მათარა.

„ამნაირად გამოწყობილი აჭარელი მხარბეჭიანი, ჩამკვირული ტანისა, წვერ-გაპარსული, შავი და პირდაპირობის გამომთქმელი თვალებიანი, შავგრემანი, სურათ-ცხვირიანი, თამამად მოსიარულე, თან ზრდილობიანი სიტყვა-პასუხის პატრონი – მეტად საამო საყურებელია,“ – წერს თედო სახოკია.

აჭარელ ქალებს კაბაზე ქათიბის (მოსაცმელი) მსგავსი ეცვათ. ასეთ მოსაცმელებს ჩითისგან კერავდნენ. ფეხზე, მთაში და ოღროჩოღრო ადგილებში სასიარულოდ ჩუსტებს ატარებდნენ, ხოლო ვაკეში ხისგან გაკეთებული მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვათ. ქალები თავს იბურავდნენ. თავსაფარი რამდენიმე შრისგან შედგებოდა. პირველ რიგში თავზე იკრავდნენ  ჩითის ნაჭერს – იაზმას, შემდეგ იხურავდნენ ლეჩაქს, რომლის ერთი მხარე წელამდე წვდებოდა ქალს. სახეზე შემოკრული ჰქონდათ თხელი მანდილი – ფეჩა. ამ ყველაფერზე ზემოდან ჰქონდათ გადაფარებული თეთრი ჩადრი.

„სიარულისა თუ მუშაობის დროს, შინ თუ გარეთ, სულ ერთთავად ატარებენ ამ ჩადრს, რომ მამათა სქესის წარმომადგენელთ, განსაკუთრებით უცხოელებსა და ქრისტიანებს, თავი არ დაანახონ. როგორც ხედავთ, რამდენადაც აჭარელი მამაკაცის ტანისამოსი პრაქტიკული და ადგილმდებარეობის პირობებთან შეფარდებულია, იმდენად დედაკაცის ტანისამოსი უხერხულია. ადამიანს თავისუფლად მოძრაობას უშლის, ხელ-ფეხს თითქმის უბორკავს. თითქოს იმისთვის გამოუგონიათ, რომ მისმა მატარებელმა თავისი ნებით თავი დაიტყვევოსო,“ – ვკითხულობთ თედო სახოკიას „მოგზაურობანში“.

ლაზების ჩაცმულობა

მე-18-19 საუკუნის ლაზური და აჭარული ჩაცმულობის სტილი თითქმის ერთმანეთს ჰგავდა. ლაზი მამაკაცები აჭარლების მსგავს ძიგვას (შარვალს) ატარებდნენ. შარვლის უბე სრული იყო, ბარძაყს ზემოთ როგორც წინა ნაწილი, ისე უკანა შესბორილი ჰქონდათ. ჩოხის შიგნით სხვადასხვა ფერის პერანგს იცვამდნენ. განსაკუთრებით მოსწონდათ წითელი, ამ ფერის პერანგი ჩოხიდან ლამაზი ჩანდა. ჩოხის იდაყვებზე, სახელოებსა და მხრებზე დაკერებული ჰქონდათ ტყავის ნაჭრები. ამ გზით ჩოხა დიდხანს ინახებოდა და მალე არ ცვდებოდა.

ლაზი ქალების ჩაცმულობა საკმაოდ მდიდრული იყო. სხვადასხვა ფერის ფერადი კაბებით იმოსებოდნენ, კაბაზე ზემოდან ხიკას – წელში გამოყვანილ გრძელ ხალათს ისხამდნენ. იმისათვის, რომ ტანსაცმელი კომფორტული ყოფილიყო, თეძოებს ქვემოთ კაბის წინა ნაწილს კალთა ჰქონდა დატანებული. მუშაობის დროს ამ კალთას ამოიკეცავდნენ. კაბები ძირითადად ატლასის იყო, წელზე კი აბრეშუმის სარტყელი – ორტყაფუ ჰქონდათ შემოხვეული. მდიდრული კაბის გარეშე ლაზი ქალი სახლიდან არ გამოვიდოდა. უბრალო, ჩითის კაბას მხოლოდ  სახლში იცვამდნენ.

ლაზ ქალებს სახასიათო თავსაფარი ჰქონდათ. თავზე იკეთებდნენ ოქროთი გაწყობილ თაბლას, იგივე ფესკას, შუბლზე კი „გობღაფულეს“ – რომელზეც დაკერებული იყო ოქროს ფულები.

აჭარაში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, ფართოდ იყო გავრცელებული ჩოხა. აჭარაში, ძირითადად, აკეცილსახელოებიან, გრძელ ჩოხას ატარებდნენ. თუ ჩაქურა ყოველდღიური ტანსაცმელი იყო, ჩოხას მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში იცვამდნენ. გლეხისა და თავადის ჩოხა განსხვავდებოდა. გლეხს უფრო ღარიბული ეცვა, თავადის ჩოხა კი ძვირფასი ნაჭრით იყო შეკერილი. თავადის ჩოხის მასრა და ქამარ-ხანჯალი უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე – გლეხის.

„ორი სახის ჩოხაა გავრცელებული აჭარაში – აკეცილსახელოებიანი და აღმოსავლეთის გავლენით ყურთმაჯიანი ჩოხა. ყურთმაჯიან ჩოხას სახელოები გაჭრილი აქვს, საიდანაც ჩანს ახალუხის პერანგი, რომელიც ღილკილოებითაა (ნაქსოვი შესაკრავი) შეკრული.

ჩოხას აქვს სამასრეები, სადაც ქილები, იგივე მასრები იწყობა. ამ მასრას ტყვიის  დანიშნულება ჰქონდა. კაჟიანი თოფის ტარებისას ჩოხის მასრებში იყრიდნენ დენთს, საჭიროების შემთხვევაში ჩააპირქვავებდნენ თოფში, დატენიდნენ და გაისროდნენ. ტყვიის დანიშნულებას ასრულებდა და ძალიან პრაქტიკული იყო. მოგვიანებით გახდა ჩოხის აქსესუარი. სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სიგრძის ჩოხას იცვამდნენ. დასავლეთში გრძელი ჩოხა იყო გავრცელებული. ჩოხის კალთა უფრო შუა წვივამდე სწვდებოდა, ზოგჯერ შუა წვივს ქვემოთაც.

ჩოხის განუყრელი ატრიბუტია ახალუხი. ის თხელი ქსოვილისგან იკერება. როგორც დღეს პიჯაკსა და კოსტიუმში ჩასაცმელად ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ პერანგს, ისე იყო მაშინ ახალუხი. იკერებოდა სარჟის ან ხელოვნური აბრეშუმისგან.  შავი სარჟა თავის დროზე იაფი ღირდა და ფართოდ იყო გავრცელებული. ასევე იყო მოწინწკლული ან ზოლიანი ახალუხები. გემოვნებას ნამდვილად არ უჩიოდნენ ჩვენი წინაპრები,“ – ამბობს ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მთავარი მხატვარი გოგლა გოგიბერიძე.

გოგლას საამქრო აქვს, სადაც სასცენო კოსტიუმებს კერავს. ძველი ქართული ტრადიციული სამოსი დღეისათვის ძირითადად სწორედ სასცენო კოსტიუმებში  გამოიყენება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
მანანა ქველიაშვილი