ნეტგაზეთი • RU

17 წლის გოგონას მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული: ”პოლიციაში ჩემი ფეხით მივედი”

 

17 წლის გოგონას განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატები მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას გირაოს – 10 ათასი ლარის სანაცვლოდ ითხოვდნენ. ბრალდებული პოლიციას ჩაბარდა.

 

6 მაისის პარკი. დათო ტრაპაიძის ფოტო

 საქმეს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი განიხილავდა, სასამართლო დარბაზი თითქმის სავსე იყო. ბრალდებული სასამართლო დარბაზში პოლიციის თანამშრომლებმა მიიყვანეს. სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ ბრალდებული ზესტაფონის პოლიციაში საკუთარი ფეხით მივიდა, შესაბამისად, სიმართლეს არ შეესაბამება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია, თითქოსდა ბრალდებული – “შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს”.

 

პროკურორმა რამაზ შავაძემ სასამართლოს განუმარტა, რომ 20 წლის მამაკაცი გოგონას განზრახ მკვლელობის მცდელობაშია ბრალდებული წინასწარი შეცნობით, შურისძიების მოტივით. სახელმწიფო ბრალმდებლის ინფორმაციით, საქმეში ასევე ინახება დაზარალებულის ტელეფონში აღმოჩენილი მოკლე ტექსტური შეტყობინებები. პროკურორმა თქვა, რომ ბრალდებული გოგონას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. საქმეში ასევე ინახება თვითმხილველების ჩვენებები, დაკავების ოქმი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ბრალდებულის აღიარებითი ჩვენება.

 

მოსამართლის კითხვაზე, მხარეები ხომ არ საუბრობენ საპროცესო შეთანხმებაზე, პროკურორმა უპასუხა, რომ ასეთი რამ საერთოდ არ განიხილება.
გოგონას დანით გულმკერდის არეში ერთი შემავალი ჭრილობა აქვს მიყენებული, ასევე დაზიანებები აქვს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. 7 ივნისის მდგომარეობით, ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
იმ მოტივით, რომ ბრალდებულმა ზეგავლენა არ მოახდინოს მოწმეებზე, ხელი არ შეუშალოს მტკიცებულებების მოპოვებას ან არ ჩაიდინოს ახალი დანაშაული, პროკურორმა ბრალდებულის წინასწარი პატიმრობა მოითხოვა. ადვოკატებმა – დავით კეკელიძემ და მამუკა ჭუმბურიძემ სასამართლოში განაცხადეს, რომ მოწმეები ძირითადად პოლიციის თანამშრომლები არიან და ბრალდებული ამიტომაც მათზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

ის, რომ ბრალდებული პოლიციაში საკუთარი ფეხით გამოცხადდა, ადრე ნასამართლევი არ არის – შემამსუბუქებელ გარემოებად შეაფასეს ადვოკატებმა და მისი წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გათავისუფლება მოითხოვეს. მოსამართლის კითხვაზე, როგორ მოახერხებს ბრალდებულის ოჯახი გირაოს საფასურის გადახდას, ადვოკატმა თქვა, რომ ნათესავების იმედი აქვთ, “ფულს შეაგროვებენ”, ან მშობლები უძრავ ქონებას დააგირავებენ.

 

აღკვეთი ღონისძიების შეფარდებისას პროკურორმა ბრალდებულს ჰკითხა: “აპირებდით თუ არა მიმალვას? ემუქრებოდით თუ არა დაზარალებულს? ადვოკატმა პროკურორის კითხვები გააპროტესტა. “ჩემ დიდ პატივისცემას ვადასტურებ პროკურორის მიმართ, მაგრამ ეს დაკითხვის ფორმას ჰგავს. ჩვენ დღეს წინასწარი პატიმრობის საკითხს განვიხილავთ”, – თქვა მამუკა ჭუმბურიძემ, ადვოკატმა. ბრალდებულმა განაცხადა, რომ იყო შეშინებული და აპირებდა მიმალვას, თუმცა მოგვიანებით, როცა გაიაზრა მისი საქციელი, პოლიციაში მისვლა გადაწყვიტა.
მეორე შეკითხვას ბრალდებულმა არ უპასუხა.

 

მოსამართლემ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
სასამართლო პროცესზე ადვოკატებმა თქვეს, რომ ბრალდებული ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
16 წლის გოგო ბათუმში 4 ივნისს დაჭრეს. იმ დღის განმავლობაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბრალდებული დაზარალებულზე შეყვარებული იყო.
აღნიშნული დანაშაული 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
შემდეგი სასამართლო პროცესი 29 აგვისტოს გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნათია როყვა