სიახლეები

„გაიცანი საქართველო“ – ტურიზმის დეპარტამენტის ტური ჟურნალისტებისთვის

18.07.2015
„გაიცანი საქართველო“ – ტურიზმის დეპარტამენტის ტური ჟურნალისტებისთვის

 

 

აჭარის ტურისზმის დეპარტამენტის ინფორმაციით,  ტურის ფარგლებში ჟურნალისტები მოინახულებენ მაჭახელას ხეობას, გაეცნობიან ხეობის ტოპონიმებს, ცნობილი „მაჭახელას თოფის“ და მუჰაჯირობის ისტორიას.

შემდეგ მოინახულებენ სოფელ მირვეთს, რომელიც ხელუხლებელი ბუნებითა და ულამაზესი ჩანჩქერით რეგიონის ერთ-ერთ საუკეთესო საველოსიპედე მარშრუტსა და საპიკნიკე ადგილს წარმოადგენს.

სტუმრები მაჭახელას ხეობის სხვა ადგილებთან ერთად ცხემლარას თაროვან ხიდსაც ეწვევიან, რომელიც აჭარაში გავრცელებული ე.წ თამარის თაღოვანი ხიდების საუკეთესო მაგალითია.

ჟურნალისტები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად დაათვალიერებენ ასევე სოფელ ჩხუტუნეთში მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმს და ამბრაზურას, რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი უნიკალური ნაღმსატყორცნი ნაგებობაა.

ჯგუფის წევრებს გიდი იმ უცნობ ადამიანურ ისტორიებს გააცნობს, რომელიც აჭარის ამ სოფლებში სახმელეთო საზღვრის გაყოფას და ე.წ „რკინის ფარდის“ მიღმა დარჩენილ ქართულ მოსახლეობას ეხება. აჭარის რეგიონი მსოფლიოს იმ ერთადერთ ადგილს წარმოადგენს, სადაც „ცივი ომის“დროს ნატოსა და საბჭოთა კავშირს შორის გამყოფი სახმელეთო საზღვარი მდებარეობდა.

ისტორიულ-კულტურული ტურის შემდეგ „გაიცანი საქართველოს“ ჯგუფის წევრები, ქედის ღვინის სახლს ეწვევიან, სადაც ადგილობრივი ღვინის წარმოების ტრადიციების გაცნობასთან ერთად აჭარული სამზარეულოს ცნობილი კერძების მომზადების მასტერკლასს დაესწრებიან.

„გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში მოწვეული ჟურნალისტები, მთიანი აჭარის შემდეგ ბათუმის ტურისტულ ღირშესანიშნაობებს მოინახულებენ, დაესწრებიან „ჰით ბათუმის“ ფარგლებში მიმდინარე სანრემოს ვარსკვლავების კონცერტს და თავიანთ შთაბეჭდილებებს სატელევიზიო გადაცემებსა და სიუჟეტებში ასახავენ.

კამპანია „გაიცანი საქართველო“ შიდა ტურიზმის სტიმულირებას ემსახურება და მასში ცნობადი სახეებია ჩართული. აჭარის მედია ტურში წამყვან ჟურნალისტებთან ერთად დუტა სხირტლაძე და ილო ბეროშვილი იქნება ჩართული – ნათქვამია დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: