ნეტგაზეთი • RU

აჭარის კრივის ფედერაცია ახალი პრეზიდენტის მოლოდინში

 

 

   აჭარაში კრივის ექვსი ფედერაციაა რეგისტრირებული. მათგან სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ ერთი – ის იღებს, რომელსაც საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია აღიარებს. როგორც განათლების სამინისტროში სპორტის განყოფილების ხელმძღვანელმა მინდია ქათამაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი აჭარის სამოყვარულო კრივის ფედერაციასთან თანამშრომლობს, რომელიც 2015 წელს შეიქმნა. კრივის საზოგადოება ფედერაციის პრეზიდენტის მუშაობით უკმაყოფილოა და ახალ პრეზიდენტის არჩევას ითხოვს.

ბიძინა ბერიძე (ცენტრში) საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტისა და მოკრივეების შეხვედრაზე ბათუმში | 4 ივლისი 2015

აჭარაში კრივის მთავარი მწვრთნელი გოჩა აბაშიძე ამბობს, რომ რეგისტრირებული ექვსი ფედერაციიდან ხუთი ფორმალურად არსებობს, კრივის საქმიანობას კი, აჭარის სამოყვარულო კრივის ფედერაცია ინარჩუნებს. ამ ფედერაციის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი რამაზ სოფრომაძეა. სწორედ მის მიმართ გააჩნია პრეტენზიები მთავარ მწვრთნელს. გოჩა აბაშიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ფედერაციას ღონისძიებათა კალენდარი არამიზნობრივად ჰქონდა გაწერილი. უფრო მეტიც, აჭარის პირველობას ფედერაციის პეზიდენტი მასთან შეთანხმების გარეშე გეგმავდა და ატარებდა. სწორედ ამ მიზეზით მთავარ მწვრთნელსა და ფედერაციას შორის თანამშრომლობა არ შედგა.

„თუ მიმიჩნევდნენ მთავარ მწვრთნელად, მაშინ მე უნდა შემთანხმებოდნენ აჭარის პირველობის ჩატარებაზე. მაისში არამიზნობრივად იყო დაგეგმილი აჭარის პირველობა, რომელშიც არც ერთ რეგიონს არ მიუღია მონაწილეობა. წესით, აჭარის პირველობა საქართველოს ჩემპიონატის წინ ტარდება და კომპლექტდება გუნდი ეროვნულ პირველობაზე მონაწილეობისთვის. წელს არ ჩატარდა დროულად და მაისში მოინდომეს აჭარის პირველობა, მაშინ როდესაც საქართველოს პირველობა უკვე ჩატარებული იყო“. აჭარის კრივის ფედერაციის შემადგენლობაში ცვლილების განსახილველად 4 ივნისს სარაჯიშვილის #22-ში მდებარე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ბათუმის ოფისში კრივის ფედერაციის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრას ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი დავით კვაჭაძე და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით წიკლაურიც ესწრებოდნენ.

„ბევრი სასაუბრო გვქონდა. გვინდა, რომ ჩატარდეს არჩევნები პატიოსნად და აირჩიონ ფედერაციის პრეზიდენტი, ისე, რომ კრივის სამყარომ გადაწყვიტოს და არა ვიღაცამ დანიშნოს. მაგრამ ეს ეროვნულ ფედერაციასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რომ ვიცოდეთ ვისთან ვითანამშრომლებთ. ჩვენ დიდი ხანია ვაპირებდით ჩამოსვლას. აჭარაში არიან ძალიან კარგი მოკრივეები და გვინდა, რომ აჭარაში კრივი ძველ დიდებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა დავით კვაჭაძემ.

ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები გასულ კვირას უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეროვნული ნაკრების საწვრთნელო შეკრების გამო თვის ბოლოსთვის გადაიდო. გოჩა აბაშიძის თქმით, ფედერაციის პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად კრივის საზოგადოება ბიძინა ბერიძეს განიხილავს. „ბიძინა ბერიძე მოკრივე იყო 80-იანი წლების ბოლოს. დადიოდა ბონის კულტურის სახლში. პროფესიით ადვოკატია, აქვს თავისი სასტუმრო. გულით და სულით კრივშია ეს კაცი. უბრალოდ, არ ჩანდა. შეკრებაზე რომ მივდივართ, თვითონ გვეხმარება ფინანსურად. ბიძინა 10 წელია ჩვენთან დადის და საღამოობით ვარჯიშობს. თუკი 5 ბავშვი იყო ტურნირზე წასაყვანი, თავისი ინიციატივით მეექვსეს გვაყოლებდა. პრეზიდენტობა მას არ უნდოდა, ჩვენ შევთავაზეთ. კრივის საზოგადოება ირჩევს მას. ეს იდეა გავაცანით დავით კვაჭაძესაც“, – განაცხადა აჭარაში კრივის მთავარმა მწვრთნელმა.

თავის მხრივ, რამაზ სოფრომაძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ის არჩევნების ჩატარების წინააღმდეგი არ არის.

„მე, უბრალოდ, მაინტერესებს ვინ იქნებიან კანდიდატები. თუ რამე უკეთესად გაკეთდება, თავადაც დავეხმარები“. რამაზ სოფრომაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია, მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. როგორც მინდია ქათამაძემ თქვა, კრივის ფედერაციის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 22 ათასი ლარია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ხიმშიაშვილი