კვირის ამბები

სოფლის ექიმი შვებულების გარეშე

18.07.2015 • 1817
სოფლის ექიმი შვებულების გარეშე

 

 

 

 

 

ეთერ შარაძე ოჯახის ექიმად ქედაში 16 წელია მუშაობს. იგი ცხმორისის თემის მოსახლეობას ამბულატორიულ მომსახურებას უწევს. ექიმი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ თემებში არსებულ ამბულატორიებს სტატუსი შეეცვალათ და იურიდიული პირიდან ფიზიკურ პირებად ჩამოყალიბდნენ, ანაზღაურებადი შვებულებით ვეღარ სარგებლობენ.

 

„მანამდე კი ვსარგებლობდით შვებულებით და მოსახლეობას არანაირი პრობლემა ამით არ ექმნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ შვებულებაში ვიყავი, საჭიროების შემთხვევაში აცრის ან კრიტიკული მდგომარეობის დროს უბანზე გავდიოდი. რვა წელი იქნება, რაც შვებულება არ მქონია, შეუსვენებლად ვმუშაობ. გვეუბნებიან, შვებულებით ისარგებლებთ, თუ თქვენ შემცვლელს ნახავთო. ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვისარგებლოთ შვებულებით და საშვებულებოც მან აიღოს, მიუხედავად იმისა, რომ კანონით ყველა ადამიანს ეკუთვნის წელიწადში ერთხელ ანაზღაურებადი შვებულება. რომც ვიპოვოთ შესაბამისი კადრი, რეალურად უფასო შვებულება გამოგვივა. მაგრამ ასეთი ადამიანის ნახვაც რთულია, შესაძლოა ვერც იპოვო“ -, ამბობს ეთერი.

 

ქედის მუნიციპალიტეტში სულ ცხრა ამბულატორია ფუნქციონირებს, მათგან მხოლოდ ორ _ მახუნცეთისა და ცხმორისის ამბულატორიაში ორი ჯგუფი მუშაობს, დანარჩენში კი ერთი ჯგუფია.

 

ჯგუფის ოდენობა თემში მოსახლეობის რიცხოვნობაზეა დამოკიდებული, იმ შემთხვევაში, თუ თემში 1500 ადამიანი ცხოვრობს, ერთი ჯგუფი ინიშნება, 1500-დან 3 000-მდე მცხოვრებზე კი – ორი ჯგუფი.

 

იქედან გამომდინარე, რომ ცხმორისის თემს ორი ბრიგადა ემსახურება, ეთერი ამბობს, რომ თუ შვებულებაში გავა, მოსახლეობას სამედიცინო მომსახურებაში პრობლემა არ შეექმნება და მეორე ბრიგადა მოემსახურება.

 

„ცხმორისის ამბულატორიაში 6000-მდე ადამიანს ვემსახურებით, ჩვენი შვებულებაში გასვლით მოსახლეობას არანაირი პრობლემა არ შეექმნება. მორე ჯგუფი იმუშავებს და ერთმანეთს ჩავანაცვლებთ“, – ამბობს ეთერი.

 

ასევე წლებია შვებულების გარეშე მუშაობენ ამბულატორიაში დასაქმებული სხვა მედდები და ექიმები. ისინი ამბობენ, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო ბოლო ორი წელია ხელშეკრულებას ექვსი თვით უფორმებს, ხელშეკრულებაში კი შვებულება გაწერილი არ არის.

 

წონიარისის ამბულატორიის ექიმი მზევინარ ბოლქვაძე ამბობს, რომ დამსაქმებელმა მას არც ის 15 დღე აუნაზღაურა, როდესაც იგი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სამსახურში ვერ გამოცხადდა.

 

„2005-2006 წლებში თბილისში გავიარე საოჯახო მედიცინის კურსი, 2006 წლიდან ვმუშაობ ამბულატორიაში, აღარც კი მახსოვს შვებულებაში ბოლოს როდის გავედი. ოპერაცია დამჭირდა, ფეხზე ენდოპროთეზირება გავიკეთე და ის 15 დღე, რომელიც ოპერაციისა და რეაბილიტაციისთვის დამჭირდა, არ ამინაზღაურეს, 15 დღის ხელფასი ჩამომაჭრეს. სამუშაო ხელშეკრულება სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გვაქვს გაფორმებული, სამუშაოს შესრულებას ის გვთხოვს. ერთხელ დავსვი შვებულების საკითხი, მითხრეს, ფიზიკური პირი ნიშნავს იმას, რომ როგორც მაღაზიას დაკეტავ – არ იმუშავებ და გახსნი – იმუშავებ, ასე არისო.“ –  ამბობს მზევინარი.

 

ის ამბობს, რომ თუ მედდა შვებულებაში გავა, მის საქმეს თვითონ შეითავსებს, მაგრამ მედდას არ შეუძლია ექიმის საქმის შესრულება. თუმცა თუ შვებულებაში გაუშვებენ, საჭიროების შემთხვევაში უბანზე გამოცხადდება.

 

„მაგრამ არის მეორე გარემოებაც – შრომის კანონმდებლობით ყველას ეკუთვნის წლის განმავლობაში შვებულება. ჩვენ ერთ თვეს არ ვითხოვთ, რამდენიმე დღეც რომ დავისვენოთ, ესეც კარგი იქნება, მე ეს საკითხი დავაყენე მინისტრის მოადგილესთან შეხვედრის დროს, პასუხად კი მივიღეთ – რადგან ფიზიკური პირები ხართო და ასე შემდეგ“, – ამბობს მზევინარი.

 

შვებულებასთან დაკავშირებული საკითხის მოგვარება ექიმებმა 2 ივლისს ქედაში სამუშაო ვიზიტით მყოფ აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ლევან გორგილაძეს და საქართველოს სასწრაფო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელს თეიმურაზ ხარაშვილს სთხოვეს.

 

მინისტრის მოადგილე ლევან გორგილაძე აცხადებს, რომ ამბულატორიული მომსახურების პროგრამას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს. რაც შეეხება დასაქმებულთა უფლებებს, მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ დასაქმებულთა უფლებები არ ირღვევა, რადგან ამ მომსახურებას სახელმწიფო შეისყიდის, დასაქმებული კი დამსაქმებელს შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.
ლევან გორგილაძის თქმით, „სამუშაო სრულდება ერთწლიანი ხელშეკრულების საფუძველზე. აქედან გამომდინარე, გამოდის მომსახურების შესყიდვა და არა თანამშრომლობა, ანუ სახელმწიფო აცხადებს ერთი წლით ამ მომსახურებაზე შესყიდვას და ფიზიკური პირი ამ შესყიდვაში მონაწილეობას – მომსახურებას აწვდის. შესაბამისად, შრომითი უფლებები არ ირღვევა“.

გადაბეჭდვის წესი