სიახლეები

როგორ გააკონტროლებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას ბაზარზე

17.07.2015 • 1226
როგორ გააკონტროლებენ გენმოდიფიცირებულ პროდუქციას ბაზარზე

 

ბიძინა ჯიბლაძე

 

ბიძინა ჯიბლაძე: კანონი უკვე შესულია ძალაში და ჩვენი ქმედებებიც კანონის შესაბამისი იქნება. გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტის ეტიკეტირების შესახებ კანონის მიზანია მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ამ სფეროში ერთიანი პოლიტიკის არსებობა. კანონის მოქმედების სფერო ვრცელდება იმპორტზე და ასევე, ბაზარზე განთავსებულ სურსათზე. კონტროლი განხორციელდება როგორც საბაჟოზე, ასევე ქსელში.

 პროდუქციის მარკირების განხორციელება ვისი ვალდებულებაა – იმპორტიორის თუ სავაჭრო ქსელის?
 

იმპორტიორია ვალდებული შემოტანილი პროდუქციის ეტიკეტზე ჰქონდეს მითითებული არის თუ არა პროდუქცია გენმოდიფიცირებული, ეტიკეტის მარცხენა ზედა კუთხეში უნდა იყოს განთავსებული მარკირება და წრიულ ფორმაში უნდა იყოს ჩანაწერი – GMO, თუ პროდუქტი გენმოდიფიცირებული ორგანიზმია, თუ გენმოდიფიცირებული პროდუქტია – GM. წარწერა უნდა იყოს მკვეთრად გამოსახული და ადვილად აღქმადი. გარდა ამისა, თუ იმპორტიორს შემოაქვს ისეთი პროდუქტი, რომლის ეტიკეტირება შეუძლებელია, ვთქვათ, გადასაწონი პროდუქტია, ასეთ შემთხვევაში თანმხლებ დოკუმენტაციაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ინფორმაცია.

 ასაწონი პროდუქტი ახსენეთ, ვთქვათ შაქრის, ბრინჯის ან სოიის შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელმა როგორ უნდა მოახდინოს GMO-ს იდენტიფიცირება, გამყიდველი ეტყვის, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტს ყიდის?
 

ასაწონი პროდუქტი სადაც დევს, იქ უნდა იყოს გენმოდიფიცირების ნიშანი მითითებული. ეს ყველაფერი კანონით არის დადგენილი და ვალდებულება არსებობს როგორც ეტიკეტირებული, ასევე ასაწონი სურსათის შემთხვევაშიც.

 იმ პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც უკვე შემოსულია ბაზარზე, რა ზომები გატარდება?
 

ყველა სურსათს გააჩნია მიკვლევადობა. შეუძლია გაყვეს ინფორმაციას და დისტრიბუტორისგან ან საბაჟოზე მიიღოს ინფორმაცია. ამას კანონი ავალდებულებს, რომ ნებისმიერ ეტაპზე შესაძლებელი იყოს ინფორმაციის დადგენა სურსათის შესახებ. შესაბამისად, ეტიკეტირება უკვე შემოტანილ პროდუქტზე პრობლემას არ წარმოადგენს. თუ ამას საწარმო ან რეალიზატორი არ გააკეთებს, ასეთი სურსათი ექვემდებარება განადგურებას.

 თუ არ მოიკვლია რეალიზატორმა ინფორმაცია, ამ შემთხვევაში რა სანქციები გატარდება?
 

კანონის დარღვევა ექვემდებარება 200-ლარიან ჯარიმას და სანამ ამ მოთხოვნებს არ გამოასწორებს, ისე აღნიშნულ პროდუქციას ვერ გაყიდის. საერთოდ, ნორმების დარღვევის შემთხვევაში კანონი ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას ითვალისწინებს 5 000 ლარით. კანონის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში კი – 10 000 ლარით. თუ ხარვეზი არ აღმოიფხვრება, შემოტანილი სურსათიც განადგურდება.

სახელმწიფო კონტროლი რა ფორმით და ინტენსივობით განხორციელდება?

ლაბორატორიული გზით. ბუნებრივია, პროდუქტი გენმოდიფიცირებულია თუ არა, ამას ვიზუალურად ვერ დაადგენ. სახელმწიფო კონტროლის პროგრამაში იქნება ალბათ ჩადებული გენმოდიფიცირებული ორგანიზმისა და პროდუქტის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებული გამოკვლევები. საბაჟოზე ამას ალბათ შემოსავლების სამსახური გამოიკვლევს, ბაზარზე, ანუ ქვეყანაში შემოსულ სურსათზე მონიტორინგს ვაწარმოებთ ჩვენ.

 ეტიკეტირებას ნებისმიერი პროდუქცია ექვემდებარება?
 

ნებისმიერი პროდუქტი, მათ შორის ხილი, ბოსტნეული, რომელიც შეიცავს 09 პროცენტზე მეტი რაოდენობით გენმოდიფიცირებულ ორგანიზმს.

 მარკეტებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებში ალბათ უფრო ადვილია პროდუქციის კონტროლი, მაგრამ იმპორტირებული სურსათი იყიდება სავაჭრო ქსელის გარეთაც. ამის მონიტორინგი როგორ განხორციელდება?
 

გარევაჭრობის შემთხვევაში ეს საკმაოდ რთული იქნება და ეს არც ექვემდებარება ჩვენს მონიტორინგს, რადგან მოვაჭრე თუ არ არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორად, მის მიმართ სახელმწიფო კონტროლის განხორციელება შეუძლებელი ხდება. კანონის მიზანია, მომხმარებელს მისცეს არჩევანის საშუალება, დანარჩენი მომხმარებლის გადასაწყვეტია, იყიდის გენმოდიფიცირებულ პროდუქტს თუ არა.

როდის გამოჩნდება მარკირებული პროდუქცია ბაზარზე?

 წესით, უკვე უნდა გამოჩნდეს ეტიკეტირებული პროდუქტი, რადგან პირველი ივლისიდან ძალაშია ნორმების ამოქმედება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: