სიახლეები

აჭარა, კახეთი და თბილისი „ევრონიუსზე“

18.07.2015 • 1659
აჭარა, კახეთი და თბილისი „ევრონიუსზე“

 

 

 

 

„ევრონიუსზე“ საიმიჯო რეკლამის განთავსებისათვის საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ „ევრონიუსისგან“ ბონუსად სამი სიუჟეტი მიიღო – კახეთის, თბილისისა და აჭარის შესახებ.

 

აჭარის შესახებ „ევრონიუსის“ მიერ გადაღებულ სიუჟეტს საზოგადოების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლები სიუჟეტს განიხილავდნენ და წერდნენ, რომ ეს აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის ანტირეკლამა იყო.
„ევრონიუსზე“ გასულ სიუჟეტში ნაჩვენები იყო ბათუმის პლაჟი, ბულვარი, ერთ-ერთ კადრში კენჭებში ყელამდე ჩაფლული დამსვენებელი ყვებოდა, თუ როგორ ერთობოდა ბათუმში. ასევე ნაჩვენები იყო ბათუმის ბოტანიკური ბაღი, აჭარული ხაჭაპურის დამზადების პროცესი და „ქართული გართობა რესტორნებში“.

 

„ექვსკვირიანი ხელშეკრულება გვქონდა ევრონიუსთან. განვათავსეთ საიმიჯო რეკლამა. მათი მხრიდან ბონუსის სახით გამოხატეს კეთილი ნება, რომ რეკლამის გარდა ევრონიუსის ეთერში გასულიყო სამი სიუჟეტი საქართველოს შესახებ. გვითხრეს, რომ ამას გადაიღებდნენ თბილისში, კახეთსა და ბათუმში. კონკრეტული ადგილები, რას გადაიღებდნენ ან რა პერიოდში ჩამოვიდოდნენ, ჩვენთვის არ შეუთანხმებიათ. არც დახმარება უთხოვიათ, არც მათი ჩამოყვანა დაგვიფინანსებია, არც ტრანსპორტირება და განთავსება. არც ის ვიცით ზუსტად, როდის ჩამოვიდნენ.

 

ჩვენ მოვითხოვეთ, რომ შინაარსი ჩვენთვის შეეთანხმებინათ, მაგრამ ხელშეკრულებაში აქვთ პირდაპირ მითითებული, რომ კონტენტზე, რომელიც ევრონიუსის ეთერში გადის, პასუხისმგებელი არის მხოლოდ არხი და მას ჩვენთან არც ერთ შემთხვევაში არ შეათანხმებდნენ. შესაბამისად, არ გვქონდა ინფორმაცია რა სიუჟეტი გავიდოდა. უბრალოდ, ვიცოდით ის, რომ რეკლამის გარდა სამი სიუჟეტი მომზადდებოდა საქართველოს შესახებ,“ – განმარტეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

 

სარეკლამო სააგენტო „ McCANN თბილისის“ კრეატიული დირექტორი ირა ჭელიძე ამბობს, რომ მისი აზრით, „ევრონიუსის“ მიერ მომზადებული სიუჟეტები „ნორმალურია“, თუმცა უფრო „ვიწრო კუთხიდან არის დანახული.“

 

„ეს არის ევრონიუსის ხედვა. საერთო ხედვიდან ამოვარდნილი არ არის. ამიტომ უარყოფითი აზრი ამ სიუჟეტებზე არ მაქვს. ცოტა უფრო ვიწრო კუთხიდან არის დანახული, ვიდრე მე ვისურვებდი. მაგალითად, კახეთში მარტო ღვინო და მონასტერია, როდესაც კახეთი მარტო ღვინო და მონასტერი არ არის. თბილისში – მხოლოდ აბანოთუბანი. ეს სიუჟეტები არ არის სარეკლამო,“ – ამბობს ირა.

 

მისივე თქმით, როდესაც არხზე რეკლამას ათავსებ და სანაცვლოდ გთავაზობენ ბონუსს, ისეთი რამ უნდა აირჩიო, რის გაკონტროლებასაც შეძლებ.
„როცა სარეკლამო თემაზეა საუბარი, რასაც ვერ აკონტროლებ, ის არ უნდა გაუშვა. მოლაპარაკებების დროს ბონუსის სახით შეეძლოთ სხვა რამ მოეთხოვათ, რაც უკეთეს შედეგს გამოიღებდა. დამატებითი სარეკლამო დრო, მაგალითად. ბონუსები ისეთი თემაა, რომ შეიძლება ამაზე ვაჭრობა და ისეთი ბონუსის მოთხოვნა, რომელსაც მეტად გააკონტროლებ და რომელიც უფრო ეფექტური იქნება. ეს არ არის ბონუსი. ბონუსად ითვლება, მაგრამ სარეკლამო კამპანიის შემამაგრებელი ნამდვილად არ არის,“ – ამბობს ირა ჭელიძე.

 

ოქტომბრიდან „ევრონიუსზე“ ისევ დაიწყება საქართველოს პოპულარიზაცია და იტრიალებს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეო რგოლი. საერთო ჯამში აღნიშნული რგოლი 198-ჯერ გავა „ევრონიუსის“ ეთერში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: