შს სამინისტრო მკვლელობის ახალ დეტალებზე

 

გამოძიების ვერსიით 10 სექტემბერს, ღამის საათებში, ბათუმში, აფხაზეთის ქუჩაზე, 1988 წელს დაბადებულმა მამუკა შ-მ, ურთიერთშელაპარაკებისას, ცივი იარაღის გამოყენებით ერთი ჭრილობა მიაყენა მამუკა ა-ს, შემდეგ იმავე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1990 წელს დაბადებულ რაულ მ-ს.

 

იმავე დროს, მამუკა ა-ს და რაულ მ-ს თანხმლებმა პირმა – მამუკა გ-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მამუკა შ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მამუკა შ. და რაულ მ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალნენ.

 

 

სამართალდამცველებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მამუკა გ. შუახევის რაიონის სოფელ ხაბელაშვილებში დააკავეს. პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა ამოიღო. დანაშაულის ჩადენის მეორე იარაღი – დანა ამოღებულია შემთხვევის ადგილიდან. ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის და 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

სახალხო დამცველი: შსს ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები ბავშვების დაცვას ძალადობისგან

 

 

ამ მხრივ განსაკუთრებით პრობლემურია არასრულწლოვნების ძალადობისგან დაცვის საკითხი, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ძალადობის ფაქტზე უფლებამოსილი ორგანოების მხრიდან არ ტარდება ადეკვატური ქმედებები და არ ხორციელდება პრევენციული ღონისძიებები.

 

„მიუხედავად იმისა, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2014 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განსაზღვრულია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ძირითად საჭიროებებზე ორიენტირებული მომსახურება, ბავშვების უმეტესობა, თავშესაფარში ცხოვრების პარალელურად, კვლავ აგრძელებს ქუჩაში მოწყალების მიღებას. ხშირია შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვი იძულებით გაჰყავს თავშესაფრიდან და აიძულებს მას, კვლავ ჩაებას აღნიშნულ ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში“, – წერს სახალხო დამცველი შს მინისტრთან გაგზავნილ წერილში.

 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის“ ქვეპროგრამის მონიტორინგისა და სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარე საქმისწარმოების შედეგებიდან გამოიკვეთა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ხშირ შემთხვევაში, ვერ უზრუნველყოფს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დროულ დაცვას ძალადობისა და უგულებელყოფისგან.
„აღნიშნული უწყება, გარკვეულ შემთხვევებში, არ თანამშრომლობს მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ფარგლებში მოქმედ მობილურ ჯგუფებთან. პრობლემურია რეფერირების პროცედურის განხორციელებაც, რაც ართულებს ქუჩაში მცხოვრებ/მომუშავე ბავშვებთან მუშაობას და მათ განთავსებას საჭირო მომსახურებებში~.
სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი მღებრიშვილს, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ.

ფესტივალი ”ზე-კართან”

 

ფესტივალი „ზე-კართან“ შუახევის მუნიციპალიტეტში რეჟისორ ვახტანგ ბერიძის ინიციატივით 2013 წელს დაფუძნდა და წარმოადგენს ღონისძიებათა ციკლს მწერალთა ლიტერატურული ექსპედიციის ფარგლებში. მისი მიზანია შუახევში თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობა, აჭარის მაღალმთიანეთის პოპულარიზაციის გაზრდა მწერლებსა და პოეტებში. ფესტივალი 2013 წელს აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა („ზე-კართან “ თავისუფალი პროექტების კონკურსის გამარჯვებული გახდა). მუნიციპალიტეტს პროექტის ფარგლებში 40-მდე შემოქმედი სტუმრობდა. გამოიცა კრებული „ზე-კართან“. წიგნში შესულია ნაწარმოებები, რომლებიც მხოლოდ შუახევს ეხება. სამინისტროს იმავე კონკურსის ფარგლებში ფესტივალი შუახევში 2014 წელსაც გაიმართა. კრებული „ზე-კართან -II“ მალე გამოიცემა. წიგნის წარდგენა „ზე-კართან – 2015“-ის გახსნაზე იგეგმება.  

შს სამინისტრო: მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე  [მუხლი 108. განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.  [მუხლი 236. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება]. 

 

 

ერიკ ჰაიშოლტი – Cannes Lions-ის გრანპრის მფლობელი რეკლამის საერთაშორისო ფესტივალზე

 

ერიკ ჰაიშოლტი ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული კრეატორია სკანდინავიის ქვეყნებში. იგი რეკლამის სამყაროში 1993 წლიდან მუშაობს, 1999 წლიდან კი უკვე კრეატიული დირექტორის პოზიციაზე.

 

2015 წელს მან საკუთარი სააგენტო Heisholt Inc დააფუძნა.


მისი მიღწევების სიაშია Cannes Lions-ის გრანპრი, ისევე როგორც ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ლომები; ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდო One Show-ზე; გრან-პრი, ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჯილდოები Eurobest-ზე;  ვერცხლის ორი ნომინაცია D&AD-ზე და სხვა.  

 

ერიკი ჟიურის წევრი იყო ისეთ ფესტივალებზე, როგორებიცაა:

  • D&AD
  • Eurobest
  • Clio Awards
  • New York Festivals
  • Cannes Lions

ამჯერად კი იგი  Ad Black Sea-ის ჟიურის წევრიც იქნება, საუკეთესო ვიდეო-კონტენტისა და სხვა ბრენდირებული კონტენტის კონკურსში.

 

რეკლამის საერთაშორისოფესტივალი Ad Black Sea ტარდება ბათუმში 2015 წლის 24-27 სექტემბერს საქართველოს მთავრობისა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით.

 

არ გამოტოვოთ, დარეგისტრირდით ფესტივალის საიტზე და გაირეთ აკრედიტაცია: www.adblacksea.com დამსწრეთა რეგისტრაცია გრძელდება 11 სექტემბრამდე.


აქვე შეგიძლიათ გაეცნოთ სასემინარო პროგრამის სხვა მონაწილეებს, ისევე როგორც ფესტივალის განახლებად პროგრამას.


დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ: pr@adblacksea.com  (Elena)

ქობულეთში ახალგაზრდა მამაკაცი მუშაობისას უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა

 

შს სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება 240-ე მუხლით [სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა] დაიწყო. 

ტურიზმის დეპარტამენტი: აგვისტოში ვიზიტორების რაოდენობა აჭარაში 2 პროცენტით გაიზარდა

 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული სტატისტიკის მიხედვით, განთავსების ობიექტებში 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში (8 თვე) გასულ წელთან შედარებით ტურისტების 3%-იანი ზრდა შეინიშნება.

 

დეპარტამენტის ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში  წელს განთავსების ობიექტების, ისევე როგორც განთავსების ადგილების, რაოდენობა საგრძნობლად გაზრდილია, კერძოდ, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში რეგიონს 16 ახალი სასტუმრო (686 სასტუმრო ნომერი, 1200-მდე ადგილი) შეემატა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს რეგისტრირებული განთავსების ობიექტების სრული აღწერა და უცხოელ ვიზიტორთა ბაზრის კვლევა.

 

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ მონაცემებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 852 337-მა ათასმა უცხოელმა გადმოკვეთა, რაც წინა წლის მონაცემებს 10% პროცენტით აღემატება. მათ შორის იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 2%-ით არის გაზრდილი წინა წლის აგვისტოსთან შედარებით.

ინფექციური დიარეა 48% პროცენტი – გადამდები დაავადებების სტატისტიკა

 

შეხვედრაზე აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა წარმოადგინა გადამდებ დაავადებათა შესახებ 2015 წლის 8 თვის ანგარიში. სტატისტიკის თანახმად აღნიშნულ პერიოდში აღირიცხა გადამდებ დაავადებათა 19 666 შემთხვევა, რომელთა 52%–ს შეადგენს 0–14 წლამდე ასაკის ბავშვები.

 

დაავადებათა გავრცელების მიხედვით 48% სავარაუდო ინფექციური წარმოშობის დიარეაა, 27% სავარაუდო საკვებისმიერი მოშხამვა. შემთხვევათა ძირითადი ნაწილი მოდის ზაფხულის თვეებზე, განსაკუთრებული მატება ყოველწლიურად აგვისტოს თვეში ფიქსირდება.

 

პრეზენტაციაზე ასევე, წარმოდგენილი იქნა ბოლო 5 წლის განმავლობაში გადამდები დაავადებების გავრცელების მიმოხილვა. აჭარის მოსახლეობაში ფიქსირდება იმუნიზაციით მართვადი ინფექციები: წითელა, წითურა, ყბაყურა, ვირუსული და ბაქტერიული მენინგიტები და სხვა.

 

ყოველი წლის ოქტომბრის თვიდან კი იწყება გრიპისა და მწვავე რესპირატორული დაავადებების ეპიდსეზონი, კერძოდ, წლის მე–40 კვირიდან მომდევნო წლის მე–20 კვირამდე. აღნიშნულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობას განახორციელებს აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.


შეხვედრის მიზანი იყო სეზონურ დაავადებათა შემთხვევების ანალიზი, პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ზოგად საგანმანათლებლო და სკოლამდელ აღმზრდელობით დაწესებულებებში სეზონურ დაავადებათა გავრცელების თავიდან აცილების გზების განხილვა.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის არ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნუგზარ სურმანიძე, აჭარის არ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი გიორგი თავამაიშვილი, აჭარის არ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი კობა ნაკაიძე, მუნიციპალიტეტების გამგებლების მოადგილეები, რესურსცენტრების ხელმძღვანელები, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელები, პოლიკლინიკების ხელმძღვანელები, ქ. ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონალური ცენტრის და ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელები.


გონიოს მუზეუმ-ნაკრძალში თანამედროვე მუზეუმის მოწყობა იგეგმება

 


სააგენტოს ინფორმაციით, გონიოს მუზეუმ-ნაკრძალის განვითარების პროგრამა სამ წელზეა გათვლილი და გულისხმობს მუზეუმ-ნაკრძალში თანამედროვე ტიპის მუზეუმის მოწყობას. კეთილმოეწყობა ეზო და ღია სამუზეუმო სივრცე, მოეწყობა რომაული კოშკი და იმიტირებული არქეოლოგიური ველი, შეიცვლება ციხის კარიბჭე, მოეწყობა ატრაქციები და 3D ლაზერშოუ, დაიდგმება კატაპულტები და 3D მაკეტები.


სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს დაგეგმილია ასევე ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში ღია კაფესა და ეზოს კეთილმოწყობა.

 

გონიოს მუზეუმ-ნაკრძალი აჭარაში ჩამოსული ტურისტებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. 2015 წლის ივლისის მონაცემებით, გონიოს ციხე აჭარაში ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილების ხუთეულში მეოთხე ადგილზეა საბაგირო გზის, ბოტანიკური ბაღისა და დელფინარიუმის შემდეგ. 

 

გონიოს მუზეუმის ხელმძღვანელი შოთა მამულაძე, აჭარის განათლების მინისტრი გია თავამაიშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი
გონიოს მუზეუმის ხელმძღვანელი შოთა მამულაძე, აჭარის განათლების მინისტრი გია თავამაიშვილი და სააგენტოს ხელმძღვანელი მირანდა ჩარკვიანი

შუახევში სატყეო დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავეს

 

შუახევის მუნიციპალიტეტის სატყეო ადმინისტრაციის თანაშრომელი მალხაზ ბოლქვაძე დააკავეს.  

“ბათუმელებს” ეს ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში უკვე დაუდასტურეს.

ბოლქვაძე ჭვანის სატყეო სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე 2012 წლიდან მუშაობდა.  

 

ჯუმბერ აბულაძემ, აჭარის სატყეო  სააგენტოს უფროსის მოადგილემ, “ბათუმელებთან” საუბრისას თქვა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უწყებას დღეს, 2015 წლის 9 სექტემბერს, მიმართა წერილობითი შუამდგომლობით და გამოითხოვა მალხაზ ბოლქვაძის სამსახურში დანიშვნის ბრძანების ასლი.


უწყებაში გაგზავნილი წერილიდან  ასევე ირკვევა, რომ მალხაზ ბოლქვაძის მიმართ მიმდინარეობს ძიება სისხლის სამართლის  კოდექსის იმ მუხლით, რაც  ქრთამის აღებას ნიშნავს. 

სამსახურის უფროსის მოადგილე ჯუმბერ აბულაძე ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია ქრთამის აღების ბრალდებით სად დააკავეს ბოლქვაძე, ან რა თანხაზეა  საუბარი.



ბათუმში ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი იწყება

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ხვალ, საღამოს 7 საათზე გაიხსნება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი ფრანგი მაესტრო, პარიზის მუსიკისა და ცეკვის კონსერვატორიის მუსიკალური სერიების ხელძღვანელი ლორან პეტიჟერარი უდირიჟორებს, ფორტეპიანოზე ელისო ბოლქვაძე დაუკრავს, შესრულდება ჩაიკოვსკის ნაწარმოები.  ფესტივალის გახსნას საქართველოს პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

ელისო ბოლქვაძე და ლორან პეტიჟერარი. პრესკონფერენცია ბათუმში

წელს ფესტივალში მონაწილეობენ: ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშჰუბერი, დიმიტრი იაბლონსკი [აშშ], ილია კონოვალოვი [ისრაელი], მიში სიგიურა [იაპონია], სერენ აქიოლდაში [თურქეთი], ფარჰატ ბადალბელილი [აზერბაიჯანი].

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის.

წელს ფესტივალი 5 დღეს გასტანს და 15 სექტემბერს ბათუმის პიაცაზე დაიხურება. ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ელისო ბოლქვაძე და საგანგებოდ ფესტივალისათვის ბათუმში ზურაბ სოტკილავა ჩამოვა.

9 სექტემბერს სასტუმრო „დივანში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც  ფრანგი დირიჟორი – ლორან პეტიჟერარი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება. როგორც ელისო ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა,  „ეს ფესტივალი არ არის გათვლილი ელიტაზე, ეს არის ფესტივალი მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, ვისაც უნდა, რომ საღამოს მოვიდეს და ძალიან კარგ მუსიკას მოუსმინოს.“

მუსიკალური ფესტივალი ბათუმში ელისო ბოქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. წელს ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთანაც. 

კინოს 8 დღე სექტემბრის ბათუმში

 

ზვიად ელიზიანი
ზვიად ელიზიანი

ზვიად ელიზიანი: ფესტივალი გაიხსნება 13 სექტემბერს ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში და დაიხურება 20 სექტემბერს, ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში. ფილმების ძირითადი ნაწილი ნაჩვენები იქნება კინოთეატრ „აპოლოში“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია კი – სასტუმრო „დივანში“, საკონფერენციო დარბაზში და ასევე, აუცილებლად იქნება კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რაც უკვე მესამე წელია კეთდება კინოფესტივალის ფარგლებში, იმედია ამინდიც ხელს შეგვიწყობს. გახსნა-დახურვის ჩათვლით, ფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და როგორც ყოველთვის, საუკეთესო პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს.

 

რამდენი სექციაა კინოფესტივალზე, რა ფილმები იქნება ნაჩვენები და თქვენი აზრით, მათან განსაკუთრებით რომელი მიიქცევს მაყურებლის ყურადღებას?


ტრადიციულად სამი საკონკურსო სექცია გვაქვს: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი. ყველა სექცია საინტერესოა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული, არასაკონკურსო სექცია არის დიდოსტატთა კოლექცია, სადაც გამოვყოფ კიმ კი დუკის ბოლო ნამუშევარს, ასევე, პიტერ გინუვეის ძალიან საინტერესო ფილმს. ამ სექციაში იქნება წარმოდგენილი ალექსანდრე მინდაძის ფილმიც, ეს გერმანულ-რუსული კოპროდუქციაა, რომელიც რუსეთში ერთხელ იქნა ნაჩვენები და როგორც ვიცი, ფილმი ერთგვარ „შავ სიაში“ მოხვდა თავისი თემატიკიდან გამომდინარე. საკონკურსო სექციაში შეიძლება გამოვყოთ ქართველი რეჟისორის ბაკურ ბაკურაძის ფილმი, რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალზე იყო პრემირებული, დანიური ფილმი „იცი ბიცი“, ასევე თურქული ფილმი – „მუსტანგი“, რომელიც გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინებას ეხება და ძალიან საინტერესო ფილმია.

 

რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც ძალიან საინტერესო სექციაა კინოფესტივალზე, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, შონ მაკალისტერის ფილმი იქნება ნაჩვენები სირიის მოვლენებზე, ასევე – ბრიტანული ფილმი, ცნობილი მომღერლის, ემი ვაინჰაუზის შესახებ; მექსიკურ-ამერიკული ფილმი – „კარტელის მიწა“, ნარკოკარტელებზე, რომელიც `სანდენსის~ კინოფესტივალზე იყო ნომინირებული, ასევე საინტერესოა ვიეტნამის მოვლენებზე რორი კენედის ფილმი. ახალი ქართული ფილმი ამ საკონკურსო სექციაშიც არ გვაქვს სამწუხაროდ, რადგან ფილმები ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა არის ერთი ლატვიურ-ქართული კოპროდუქცია, „ორმაგი უცხოები“.

 

„ქართულ პანორამაში“, რომელიც ცალკე, არასაკონკურსო სექციაა, არის წარმოდგენილი ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, „მე ვარ ბესო“, რომელიც აჭარაშია გადაღებული, ზაზა ხალვაშის „სოლომონი“, რომლის პრემიერაც იქნება, ფაქტობრივად, ფესტივალზე; თეონა გრენადეს ფილმი – „ძმა“ – ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია, დოკუმენტური ფილმი – „სომალის ტყვეები“, რომლის ეპიზოდები ასევე აჭარაშია გადაღებული.

 

წელს გადავცემთ მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის პრიზს ქართველებიდან ლანა ღოღობერიძეს და ბაადურ წულაძეს, ხოლო უცხოელებიდან ცნობილ მსახიობს ნასტასია კინსკის. ლანას ფილმიც იქნება ნაჩვენები ფესტივალზე – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“.

 

რაც შეეხება ჟიურის, ვინ იქნებიან მისი წევრები?


 ჟიურის სამი შემადგენლობა იქნება სექციების მიხედვით. მხატვრული ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს ალექსანდრე მინდაძე. ჟიურის წევრები არიან: ნიკი კარიმი – მსახიობი ირანიდან, ქრისტოფერ გუდვინი, კინოკრიტიკოსი დიდი ბრიტანეთიდან, ნიკოლას რონჩი – საფრანგეთიდან და გიორგი ოვაშვილი, ქართველი კინორეჟისორი. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი კინოდოკუმენტალისტი ზელიმერ ზილნიკი სერბეთიდან, ვოიციეჩ სჩუდლო _ რეჟისორი პოლონეთიდან, დენის უიტლი – დიდი ბრიტანეთიდან, ირინა გორდიჩუკი, კინოკრიტიკოსი უკრაინიდან და ლაშა ხალვაში, საქართველოდან. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წარუძღვება ნენა ძინგარევიჩი, ბელა ტარის ცნობილი კინოსკოლის დეკანი; სუზანა არუთუნიანი – სომხეთიდან, ელენ იანოვსი – ისრაელიდან, თინათინ ყაჯრიშვილი – საქართველოდან და ზიგფრიდი – საფრანგეთიდან.


 

 ვინ იქნებიან წელს ფესტივალის სტუმრები?


ჩვენი სტუმარი იქნება მერაბ ნინიძე და მისი მონაწილეობითაც იქნება ნაჩვენები ფილმი, ასევე ჩამოვლენ: ოთარ იოსელიანი, ბაკურ ბაკურაძე, რომლის ფილმიც იქნება ნაჩვენები, საკმაოდ ცნობილი მსხიობი მაია კომაროვსკა, რომელიც ანჯეი ვაიდას და ზანუსის ფილმებში თამაშობს. ცნობილი მსახიობი ნასტასაი კინსკი, ირანელი მსახიობი – ნიკი კარიმი და ა.შ.. ყველა სტუმართან მასტერკლასი გაიმართება, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ექნება საშუალება მათთან შეხვედრის.

 

ბათუმის კინოფესტივალზე ჩვენ რამდენიმე წელია ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია კინოფესტივალის, ეს არის საშუალება, შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამ ფესტივალზე, მოხდეს კოოპერაცია, დაკავშირება რეჟისორებისა და პროდიუსერების, რაც იმის საფუძველია, რომ ეს შეხვედრა გადაიზარდოს კინოპროექტებში. ბათუმი მითუმეტეს არაჩვეულებრივი ადგილია გადაღებებისთვის, გარდა ამისა, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქვს კარგი პროექტი – სუბსიდირება, რაც კარგად მუშაობს და ლოგიკურია, ჩვენც გვქონდეს ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ისევ და ისევ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი არიან ამ პლატფორმის კოორდინატორები და სიახლეა ის, რომ ახალი ფორმით გაგრძელდება ინდუსტრიული პლატფორმა, ეს იქნება ალტერნატიული ტალღა ფოკუსით – ქროსმედია და ტრანსმედია კინოპროექტებზე, რომელსაც აქვს საშუალება, რომ სხვადასხვა მედიაში ტრანსფორმირდეს. ჩამოდის ტობიას ტნასბინგერი, რომელიც მუშაობდა ბევრ პროდიუსერულ კომპანიასთან, მათ შორის „მეთჩ ფაქტორისთან“, ასევე ჩამოდის სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის ხელმძღვანელი გულინ კუსტინი და სხვა, მნიშვნელოვანი სპეციალისტი.

 

ინდუსტრიული პლატფორმის პარტნიორები არიან აჭარის განათლების სამინისტრო და საქართველოს კინოცენტრი. მათი დაფინანსება ხმარდება მთლიანად ამ პროექტს. ეს პირველი ნაბიჯია და ვფიქრობთ, მომავალ წელს შევძლებთ ამ მიმართულების გაძლიერებას.

 

მთლიანობაში ჩვენ ჩამოგვყავს 80-მდე სტუმარი. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის ჩამოყვანის საშუალება იყო და ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, ვინ ჩამოდის წელს, ვინ იქნებიან ვარსკვლავები და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოგვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები კინოში, მაგრამ თუ საუბარია ვარსკვლავზე, ქალაქი უნდა იყოს მზად ამისათვის.

 

რას გულისხმობთ ამაში? ფესტივალის ბიუჯეტს თუ სხვა რამეს?


ამაში იგულისხმება ფესტივალის ბიუჯეტი, იმიტომ, რომ მაგალითად, როცა იწვევ კიმ კი დუკს, ბრილიანტე მენოდზას (ფილიპინები), დარენ არანოვსკის, რისი რეალური შანსიც გვქონდა წელს, მათი სტატუსიდან გამომდინარე, 12-საათიანი ფრენა როცა სჭირდებათ საქართველოში ჩამოსაფრენად, შეიძლება ჰონორარი არ მოგთხოვონ, მაგრამ მინიმუმ ბიზნესკლასის ბილეთია საჭირო. ამერიკიდან ბიზნესკლასი 5-6 ათასი დოლარი ღირს, თან ასეთი პირები არასოდეს დადიან მარტო, მინიმუმ ერთი ან ორი ადამიანი ახლავთ. ეს არ არის „ვარსკვლავური“ კაპრიზი – ხაზი მინდა გავუსვა. ორი ადამიანის ბიზნესკლასი, დამატებით ლუქს ნომერი, არის დაახლოებით 15 ათასი დოლარი, რაც ჩვენი ფესტივალის ბიუჯეტის მეხუთედია, ძალიან დიდი თანხაა.

 

ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი ვარსკვლავების ჩამოსვლა?


როცა ჩვენს ქალაქში ადამიანებს აქვთ საშუალება შეხვდნენ კიმ კი დუკს, აბას კიაროსტამს, ცნობილ ირანელ რეჟისორს, რომელიც ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი, იოს სტელიგს, რიბჩინსკის, ბელა ტარის, ეს ადამიანები ატარებენ მასტერკლასებს, შენ გაქვს საშუალება გაიგო მათ შესახებ, ამას კულტურულ და მენტალურ დონეზე სულ სხვა ტალღაზე გადაჰყავხარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შენი ქალაქი ხდება პოპულარული, ერთგვარად ინიშნები კულტურულ რუკაზე, ეს ზრდის ქალაქის, ქვეყნის, კინოფესტივალის მნიშვნელობას. ცალკე საკითხია ის, რომ ბათუმის კინოფესტივალის ფორმატი გაძლევს საშუალებას, ეს ადამიანები ნახო ახლოს, უშუალოდ მოუსმინო მათ, ასეთი საშუალება ბევრ კინოფესტივალზე არ არის. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია და არგუმენტები, რომ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს მომავალ წელს ჰქონდეს მინიმუმ ორმაგი ბიუჯეტი, რომ რეალურად შავი ზღვისპირა ქვეყნებში ფესტივალს თავისი მნიშვნელოვანი ნიშა გააჩნდეს.

 

წელს ათი წლისთავია კინოფესტივალის, რას ჰპირდებით მაყურებელს?


 დიახ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობს და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ეფექტურად იმუშაოს იმ რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მოგეხსენებათ ეს არ არის დიდი თანხა. მთლიანი ბიუჯეტი, ყველა წყაროდან, დაახლოებით 85 ათასი ევროა და თუ შევადარებთ სხვა ფესტივალებს, მაგალითად, სომხეთში კინოფესტივალის ბიუჯეტი არის 700-800 ათასი ევრო, სოფიის – დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ევრო, სტამბულის კინოფესტივალის ბიუჯეტიც სოლიდურია, ამის ფონზე ჩვენ წელსაც ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს, ჟიურიც საუკეთესოა.

 

თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ფესტივალი ამ ათი წლის მანძილზე?


 პირველად როცა ვიწყებდით, მაშინ გვყავდა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელმაც გაგვიფორმა კონტრაქტი 30 ათას დოლარზე, ეს უნდა ყოფილიყო ფესტივალის ბიუჯეტი და გადახდის დრო რომ დადგა, პროფესიით იურისტმა მინისტრმა აღმოაჩინა, რომ ჩვენ თურმე რაღაცნაირად ვაიძულეთ ხელი მოეწერა 30 000 დოლარზე, მას კი ეგონა, რომ 30 000 ლარზე აწერდა ხელს და გადმოგვირიცხა 30 000 ლარი. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით. მეორე წელიც არ იყო იოლი, მაგრამ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით, მოვახერხეთ განვითარება. მეორე წელს ჟიურის წევრი იყო ჩიკაგოს დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორი კრისტოფერ კამისჩევი, რომელიც ძალიან გვეხმარება დღემდე პროგრამირებაში, კონტაქტებში. ადამ მიცკევიჩისა და პოლონეთის ინსტიტუტი ყოველთვის მხარში ედგა ფესტივალს. მინდა გავიხსენო, ყველაზე რთულ პერიოდში, 2008 წელს, როცა ომის შემდეგ მოგვიხდა ფესტივალის ოქტომბერში ჩატარება, ბევრი უცხოელი სტუმარი არ ჩამოვიდა, მაგრამ ჩამოვიდა ყველა ის პოლონელი რეჟისორი, რომელიც მოწვეული გვყავდა, მათ შორის ქშიშტოფ ზანუსი და ფესტივალი გაიხსნა ანჟეი ვაიდას „კატინით“. ამერიკის საელჩო, ბრიტანეთის საბჭო გვეხმარება, ასევე, გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი.

 

როგორ ფიქრობთ, შეცვალა ბათუმის კინოფესტივალმა ქალაქი?


მე ვფიქრობ, შეცვალა. ეს არის მაღალმხატვრული, არაკომერციული კინო და ამ კინოს ჰყავს მაყურებელი, რომელიც ბათუმში კინოფესტივალისთვის ჩამოდის. ეს არის ფესტივალი, სადაც არ იყიდება ბილეთები, სადაც არც ერთი კარი არ არის ჩაკეტილი, ღიაა ყველა მასტერკლასი, ყველას შეუძლია დაესწროს ფესტივალს და მეტიც – გახდეს ამ ფესტივალის ნაწილი, თუ სურვილი აქვს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი ნელ-ნელა თავის მცირე როლს ასრულებს (და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი პოტენციალია) ქალაქის ბრენდინგშიც.


კინოფესტივალი, აპოლო
კინოფესტივალი, აპოლო


მედია და რელიგიური შეუწყნარებლობა

 

ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი
ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

მე დღეს ვაპირებ თქვენთან ერთად განვიხილო რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები საქართველოში. ვფიქრობ, ეს განწყობები თუ რისკები ნამდვილად არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ამის ერთ-ერთი ინსპირატორი, თუ გნებავთ მაცოცხლებელი, მედიაა. სწორედ ამიტომაც პრობლემის განხილვა მედიაჭრილში არის საინტერესო, ხოლო ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის კომფორტულიც, რადგან არ მომიწევს იმ მედიაორგანიზაციის შინაგანაწესის დარღვევა, სადაც ვმუშაობ – ვგულისხმობ „გაზეთ ბათუმელებს“. 

 

რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეების გაჩენას დიდწილად განაპირობებს სიძულვილის ენა მედიაში. ქართული მედია ხშირად მოიხსენიებს რელიგიურ უმცირესობებს არა იმ ჯგუფის წევრებად, რომელსაც ისინი საკუთარ თავს მიაკუთვნებენ, არამედ სხვად. მაგალითად, აჭარელ მუსლიმებს, ზოგადად, ქართველ მუსლიმებს მედია ხშირად უწოდებს „თათრებს“. ეს ტერმინი იგივე აზერბაიჯანელი ეთნოსის მოქალაქეებთან მიმართებაშიც გამოიყენება. ცხადია, საქართველოში ამ სიტყვის გარშემო ჩამოყალიბებულია გარკვეული ლინგვისტური ცნობიერება და თავისი შინაარსით ის მხოლოდ და მხოლოდ ამ მოქალაქეებს აკნინებს, შესაბამისად, ხელს უწყობს გაუცხოებას, შეუწყნარებლობას.

 

შეუწყნარებლობის საფრთხეების მზარდ პროცესში არც თუ ისე უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის რელიგიურ უმრავლესობას, როდესაც მისი ზოგიერთი გავლენიანი წარმომადგენელი სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ ღიად აცხადებს, რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის სექტა, მეტიც – ყველა ქართველი, რომელიც არ არის მართლმადიდებელი, არამხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის მტერია.

 

მე ერთი კონკრეტული ფაქტი მინდა გაგიზიაროთ – ახლახან რედაქციაში იმყოფებოდა მოქალაქე მაღალმთიანი აჭარიდან. მას სოფელში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელშიც თურქეთის მოქალაქე სოლიდურ თანხას სთავაზობს. ამ ადამიანს შემსყიდველმა ღიად განუცხადა, რომ სახლი მეჩეთისთვის სჭირდება. საქართველოს მოქალაქეს ძალიან უნდა ეს გარიგება დადოს, მაგრამ შიშობს, რომ თუ ასე მოიქცევა, სამშობლოს გაყიდის. მე მას ვკითხე, რატომ ჰგონია, რომ სახლის გაყიდვით სამშობლოს უღალატებს. მიპასუხა – ასე გამოდის და იმიტომ. ვკითხე, თქვენი მშობლები რა აღმსარებლობის იყვნენ-მეთქი. მიპასუხა, რომ მუსლიმები. ისინი სამშობლოს მოღალატეები იყვნენ-მეთქი? – ისევ ვკითხე. ისინი არა, მაგრამ ახლა თუ ამას გავაკეთებ, მე მოღალატე გამოვალო.

 

კიდევ ერთ ისეთ შემთხვევაზე მინდა მოგიყვეთ, რაც, ასევე, არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი – „ბათუმელების“ ჟურნალისტი ბაირამის დღესასწაულის დღეებში ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, სრულიად სხვა თემატიკის გასაშუქებლად. ხანდაზმულმა ქალმა, როცა გაიგო თუ რა გვარის იყო ჟურნალისტი, სახლში შეიპატიჟა – ჩვენებური ყოფილხარ და შენთან სირცხვილი არ იქნება, მობრძანდი, ხალვა (ტკბილეული, რომელსაც ბაირამზე მუსლიმები ამზადებენ) უნდა გაგასინჯოო. ამ მოქალაქის მაგალითს თუ განვაზოგადებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარი იდენტობის უცხოსთან გამხელა მოხუცსაც კი უჭირს, არათუ ახალგაზრდას.

 

პროპაგანდა მედიაში – „ვინც არ არის მართლმადიდებელი, ის არ არის ქართველი“, ერთი მხრივ, მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოს ქმნის ამ ჯგუფებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე უმრავლესობაში ამძაფრებს შეუწყნარებლობას სხვა ყველა უმცირესობის მიმართ.

 

მსგავს გარემოში უმცირესობისთვის რთულდება ცხოვრება, შესაბამისად, ნოყიერი ნიადაგი მზადდება ბევრი ნეგატიური ურთიერთობისთვის, მათ შორის პროზელიტიზმისთვის. ცხადია, პროზელიტიზმით დაკავებულია ყველა რელიგიური მიმდინარეობა, მაგრამ ეს საკითხი მე მაინც უმრავლესობის კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ, ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ შეუწყნარებლობა უმრავლესობაში გაცილებით სახიფათოა, ვიდრე შეუწყნარებლობა ნებისმიერ სხვა ჯგუფში.

 

რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნესმენმა თავისი სასტუმროს დამლაგებელი მონათლა მართლმადიდებლად. ამ სასტუმროში ერთხელაც ღამის გასათევად მივიდა მართლამდიდებელი სასულიერო პირი, რომელმაც იცოდა ამ ასაკოვანი ქალბატონის მოქცევის ამბავი. ნათლობის შემდეგ ეს ქალისთვის პირველი შემთხვევა იყო, როცა მღვდელს ხვდებოდა, რომელმაც ჩვეულებისამებრ ჰკითხა – თუ როგორ ბრძანდებოდა. ქალმა სასულიერო პირს უპასუხა – „ალაჰ შუქურ“, ანუ უპასუხა ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება აკეთებდა.

 

სიღრმისეული ანალიზი სულაც არ არის საჭირო ამ ასაკოვანი ქალის სულიერი მდგომარეობის შესაფასებლად – მისმა ქვეცნობიერმა გაიაზრა, რომ თუ უმრავლესობას არ შეეკედლა, დარჩება უმცირესობაში, რაც მისთვის მინიმუმ არაკომფორტულია. ალბათ, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, როცა აჭარაში, განსაკუთრებით მთებში, მასობრივი ნათლობების მოწმეები ვხვდებით ყველა რელიგიურ დღესასწაულზე და ამას ქართული მედია მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აშუქებს.

 

ეს მაგალითები თითქოს არაფერია იმასთან შედარებით, რაც იყო ჭელაში, ნიგვზიანში, სამთაწყაროში, მოხეში და ბოლოს ქობულეთის ფაქტი, რომელიც მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე ღორის თავის მიჭედებით დასრულდა. ბუნებრივია, მიუღებლობა და მისი თანმდევი შიშები, მხარეებში რადიკალური განწყობების შემცირებას არ უწყობს ხელს. ამიტომ კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს თუ გავიაზრებთ, რომ რადიკალურად დაპირისპირებულ საზოგადოებას ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – თავად საზოგადოება.

მე, როგორც ჟურნალისტს, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი რადიკალ ისლამისტებს საქართველოში. როცა მათ ვეკითხებოდი, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე, ძირითადად ერთნაირი პასუხები მოვისმინე: ისინი მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის კონკრეტულ ქცევებზე, მოწოდებებზე აქვთ კონკრეტული რეაქციები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათთვის რადიკალიზმი იდენტობის შენარჩუნების ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება.

 

რა თქმა უნდა, მე არ ვიზიარებ შეხედულებას, რომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკურად ქართველების ISIS-ში გაწევრიანება მხოლოდ უმრავლესობის რეაქციაზე რეაქციაა, ანუ ადამიანების მსგავს ტრანსფორმაციას საფუძვლად მხოლოდ რელიგიური შეუწყნარებლობა უდევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვიზიარებთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არსებითი მათი არგუმენტებია და კიდევ ის, თუ როგორ პასუხობს მათ სახელმწიფო. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს პასუხები არის არათანმიმდევრული და რეპრესიული, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები ცალკეული მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავენ.

ახლახან, დახურულ შეხვედრაზე, სწორედ ეთნიკურად ქართველების ISIS-ში გაწევრიანების თემაზე გავუზიარე ინფორმაცია საქართველოში ევროპული ქვეყნის საელჩოს ერთ-ერთ წარმომადგენელს. ვუთხარი ისლამისტების იმ არგუმენტების შესახებ, რომლებიც აქაც ვახსენე. დიპლომატს ასევე ვუთხარი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე ღორის თავის მიჭედებით შეურაცხყოფილი მოქალაქეების საჩივარს. დიპლომატის ხედვით, რასაც პირადად მეც ვიზიარებ, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ, გახდება იმის ინდიკატორი, რელიგიურ შეუწყნარებლობას მომავალში წაახალისებს სახელმწიფო, გაემიჯნება მას, თუ დაიწყებს მოქმედებას ამ განწყობის ხელის შესაშლელად.

 

თუმცა, იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, არც თუ ისე უნუგეშო მდგომარეობაა, პირიქით – მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები არსებობს. სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის პირველ 8 თვეში ამ თემის მიმართ ფიზიკური თავდასხმის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც 1999-2003 წლებში სწორედ ამ მოტივით იეჰოვას მოწმეებმა 800-ზე მეტჯერ იჩივლეს სასამართლოში.

 

მედია, წლების განმავლობაში, ერთეული მედიაორგანიზაციების გარდა, დუმდა რელიგიური უმცირესობის პრობლემატიკაზე, ხოლო უმრავლესობას მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აშუქებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყველა არსებულმა მედიამ თანდათანობით დაუთმო თავისი პლატფორმა რელიგიურ უმცირესობას, ასევე გაჩნდა კრიტიკული მასალები დომინანტი რელიგიის კონკრეტული სასულიერო პირების შეუწყნარებელ მოწოდებებზე. ცხადია, გაშუქების დროს დაშვებული იყო ისეთი უხეში შეცდომები, როგორიც იყო, მაგალითად, ერთ-ერთი ნაციონალური არხის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია ისლამის მიერ ადამიანის მსხვერპლთშეწირვის რიტუალის დასაშვებობაზე. მე ვგულისხმობ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმეს, როცა ირანის მოქალაქის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, ფაქტობრივად, არხზე შეფასდა, როგორც რელიგიური რიტუალი. შემდეგში, იგივე მედიამ მარიამის მკვლელის ირანში დაკავების შესახებ (პირი სამშობლოში 9 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს) ინფორმაცია როცა გაავრცელა, არარაფერი უთქვამს იმ შეცდომაზე, რაზეც უკვე ვისაუბრე. ცხადია, ეს დაუშვებელია და ქართული მედია ამას უნდა გადაეჩვიოს, მან უნდა გაიაზროს, რომ მსგავსი შეცდომების აღიარება საზოგადოებას უცხოს მიმართ შიშის, სიძულვილის დაძლევაში ეხმარება.

 

კონკრეტული ფაქტების მიუხედავად, რაზეც ახლა ვისაუბრე, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცხადია, ვიცი, რომ არაერთი მედია, ყველა პლატფორმაზე, მიზანმიმართულად იყენებს სიძულვილის ენას ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, მაგრამ როცა მახსენდება როგორ იზრდება ბოლო წლებში მედიის მხრიდან უმცირესობების პრობლემატიკით დაინტერესება, მომზადებული სტატიებისა თუ სიუჟეტების რაოდენობა, შესაძლებლად მეჩვენება, საზოგადოებაში არსებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და მისგან მომდინარე საფრთხეების დაძლევა.

დეპუტატის ანგარიში სიძულვილის ენით [ვიდეო]

 

 აქვე არ შემიძლია, პარალელურად სამდურავი არ გამოვთქვა ოპოზიციური მედიასაშუალებების   მისამართით.   რია-რია მიდის ინტერვიუები ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებთან.   მედია საშუალებებს მავანთა სიმპათიები კი არ უნდა ამოძრავდეს, შერიგებისა და სიკეთის  ქმნის პოზიციაზე უნდა იდგნენ… – ეს ამონარიდია ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ფრაქციის თავმჯდომარის ოთარ გელაძის ანგარიშიდან, რომელიც  ხულოს მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ხელმძღვანელი ასლან ჭანიძე ამბობს, რომ  ოთარ გელაძის წინააღმდეგ, შესაძლოა   სახალხო დამცველთან კოლექტიური საჩივარი შეიტანოს ანტიდისკრიმინაციული კანონის დარღვევის მუხლით.  არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი მალხაზ ჭკადუა შეუფერებელს უწოდებს საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებას. „შეუზღუდავი სივრცის“ კითხვებს   მალხაზ ჭკადუამ და ასლან ჭანიძემ უპასუხეს. 

 

ბათუმში მესხის ქუჩის კეთილმოწყობა ნოემბერში დასრულდება

 

ქუჩის კეთილმოწყობა ივლისის შუა რიცხვებში დაიწყო და 20 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გზები“ ასრულებს. სამუშაოების ღირებულება 262 ათასი ლარია.


მესხის ქუჩა. ფოტო ბათუმის მერიის ვებგვერდიდან
მესხის ქუჩა. ფოტო ბათუმის მერიის ვებგვერდიდან


როდის მიიღებენ კომპენსაციას მიწისძვრით დაზარალებულები

 

ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ სამთავრობო კომისიამ იმ დროისთვის ყველა დაზარალებული ოჯახი შეისწავლა, ზარალის ოდენობა დათვალა და კომპენსაციის გაცემის საკითხზე აქტიურად იმუშავა. ყოფილი გამგებელი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემის დაგვიანების გამო მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირება შეიტანა და საკრებულოსგან ითხოვდა თანხმობას, აღნიშნულ საკითხზე პრემიერისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმართვის გასაგზავნად. საკრებულომ საკითხი არ განიხილა.

 

„2012 წელს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე ვიყავი ქედის გამგებელი, ზარალის შესწავლის მიზნით იმ დროისთვის 200-ზე მეტმა ოჯახმა მოგვმართა. გეოლოგიური შესწავლის შემდეგ დაიდო დასკვნები, რის საფუძველზეც ინჟინერ-კონსტრუქტორებმა ზარალის ოდენობა დათვალეს. შესწავლილი ოჯახების მონაცემები სამთავრობო კომისიას გადავუგზავნეთ განსახილველად, კომისიამ ყველა ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა, დაზიანებული აღმოჩნდა 101 საცხოვრებელი სახლი, ზარალის ოდენობამ კი 283 000 ლარი შეადგინა. დაგვპირდნენ, რომ ყველა დაზარალებული ოჯახი კომპენსაციას მიიღებდა. მას შემდეგ, რაც კომპენსაციის გაცემა დიდი ხნით გადაიდო, ინიცირება შევიტანე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თუმცა საკრებულომ საკითხი არ განიხილა“, – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

კითხვაზე, როდის მიიღებენ დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას და რატომ გაჭიანურდა პროცესი, ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პასუხობს:

 

„კომპენსაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გაცემულიყო. შემდეგ გადაწყდა, რომ აჭარის ბიუჯეტიდან გაიცემოდა. იქედან გამომდინარე, რომ მიწისძვრიდან დიდი დრო გავიდა და მოსახლეობის ნაწილმა განაცხადა, რომ მიწისძვრით მიყენებული ზარალი დროთა განმავლობაში გაიზარდა, ოჯახები ხელახლა შევისწავლეთ. 101 ოჯახის ხელახალი გადამოწმება პირველ სექტემბერს დავასრულეთ და მასალები სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადავაგზავნეთ. კომპენსაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან მას შემდეგ გაიცემა, როდესაც საექსპერტო ბიურო შესაბამის დასკვნას დადებს, ამისთვის მას ერთთვიანი ვადა აქვს“.

 

დავით დუმბაძე ამბობს, რომ საკომპენსაციო თანხა უმნიშვნელოდ გაიზარდა: `ზარალი 283 000 ლარი იყო. ოჯახების ხელახალი გადამოწმების შემდეგ თანხა 3-4 000 ლარით გაიზარდა. ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ისეთ დროს გავცეთ კომპენსაცია, რომ ამ ოჯახებმა შეძლონ შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება დაზარალებულთა თავდაპირველ სიას, აღმოვაჩინეთ ლაფსუსებიც. არ ვიცი, ეს რამდენად უნებლიე შეცდომები იყო – სიაში 145 ოჯახი მოიაზრებოდა, შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 101 ოჯახი იყო დაზარალებული“.
დაზარალებულთაგან კომპენსაციის მიღებაზე უარი ორმა ოჯახმა განაცხადა.

2016 წლიდან მუნიციპალიტეტებში ვეტერინარული სამსახურები ამოქმედდება

 

„ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში გვყავს მხოლოდ ფურის ხელოვნური განაყოფიერების სპეციალისტები და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარები, თუმცა ისინი მხოლოდ მონიტორინგსა და კონსულტირებას ეწევიან.  ახალი პროექტი კი მნიშვნელოვანია, რადგან ის ითვალისწინებს კერძო ვეტერინარული სამსახურების განვითარებას მუნიციპალიტეტებში. პირველ ეტაპზე გადამზადდებიან ვეტერინარები, ხელსაწყოებითა და აპარატებით აღიჭურვება ვეტერინარული სამსახურები. ამის შემდეგ, კი ფერმერებს საშუალება ექნებათ სრულად ისარგებლონ ვეტერინარული სამსახურებით, რაც ითვალისწინებს ცხოველთა დაავადებების გამოკვლევას, პროფილაქტიკური და მკურნალობითი ღონისძიებების გატარებას, საჭიროების შემთხვევაში კი ქირურგიულ მომსახურებასაც,“ – განაცხადა აგროსერვისცენტრის დირექტორმა გოჩა ბერიძემ.

 

პროექტი აგროსერვისცენტრსა და კომპანია „CARD“-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის დეტალების დამუშავება და მხარეებს შორის შეთანხმება.

 

“CARD“ სომხური არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც გააჩნია რძის გადამამუშავებელი მცირე  მექანიზაცია,  მსხვილფეხა რქოსანი პირუტვის ხელოვნური განაყოფიერებისა და ფერმერთა კონსულტირების სერვისები. აგროსერვისცენტრის „კარდ“-თან 2013 წლიდან თანამშრომლობს. 

როცა ოჯახს საარსებო შემწეობა უწყდება

 

სოფელ ბალაძეებში მცხოვრებ გენადი ბერიძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სახელმწიფოს შემწეობა ხელახალი გადამოწმების შემდეგ შეუჩერდა.

 

ოთხწევრიან ოჯახში, სადაც სამ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამბობენ, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები არ შეცვლილა, და არც ის იციან, თუ რა გახდა შემწეობის შეწყვეტის მიზეზი.

 

„ორი თვის წინ შეგვიჩერეს დახმარება. ჩვენი პირობები რომ გაუმჯობესებულიყო, არაფერს ვიტყოდი, თუმცა არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ქულები მოგვიმატეს. ოჯახში ოთხი სული ვართ, ქმარს სიმსივნე, დედამთილს „პარალიჩი“ აქვს, მწოლიარე ავადმყოფია, მულს კი ნერვული აშლილობა აწუხებს. სამ ავადმყოფს ვუვლი. როგორ, ან სად ვიმუშაო, რით ვარჩინო ოჯახი? ამათ ვინ მოუვლის? მინდა გავარკვიო რა გახდა დახმარების შეჩერების მიზეზი, თუმცა დედამთილი მძიმე ავადმყოფი რომაა, ვერ დავტოვე და სააგენტოში ვერ ჩავედი. მართალია, ამჟამად ოჯახში ოთხი წევრი ვართ, თუმცა ორი შვილი მყავს – გოგონა გათხოვილია, ბიჭი კი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის“ – ამბობს მაია ბერიძე, გენადი ბერიძის ოჯახის წევრი.

 

მავილე ზაქარაძე
მავილე ზაქარაძე

 

მძიმე სოციალურ ყოფაზე საუბრობს სოფელ ხარაულაში მცხოვრები მავილე ზაქარაძეც, რომელსაც ასევე შეუჩერდა დახმარება. იგი მესამე ჯგუფის ავადმყოფია, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფი თავის დროზე არასწორად მიანიჭეს, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მდგომარეობა გართულდა და დღეს გადაადგილება უჭირს. არც მკურნალობის შესაძლებლობა აქვს და ის დახმარებაც მოუხსნეს, რომელსაც სახელმწიფო მის სამსულიან ოჯახს, საარსებო შემწეობის სახით, ხუთ წელზე მეტია აძლევდა: „მარტის შემდეგ დახმარება აღარ ამიღია. არ ვიცი, რა ნახეს აქ ისეთი, რამაც ქულა აამაღლა. ხის ფიცრულ სახლში ვცხოვრობ, გაწვიმდება და სახლში ისე მაწვიმს, როგორც გარეთ, სარეცხი მანქანა მე არ მაქვს, მაცივარი და არც სხვა სახის ტექნიკა, ერთი ძველი „სტენკა“ მაქვს, რომელიც მშობლებმა წლების წინ მაჩუქეს. რაც ასაკში შევდივარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, გადაადგილება მიჭირს, ჩვენი შემოსავალი ჩემი ავადმყოფობის პენსია – 70 ლარია“.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ყადიძე განმარტავს, რომ სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების გეგმიური გადამოწმება ყველა ოთხ წელიწადში ხდება, თუმცა ოჯახში სოციალური, მატერიალური ან დემოგრაფიული სახის ცვლილების შემთხვევაში, მანამდეც ამოწმებენ.

 

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ზურაბ ყადიძე აღნიშნავს, რომ ოჯახების შემოწმება თბილისიდან გადმოგზავნილი სიებით მიმდინარეობს: „თვეში 200 ოჯახს ვამოწმებთ, ამ დროისთვის შესამოწმებლად მოვიდა იმ ოჯახების სიები, რომლებსაც 57 – დან 10 000 – მდე სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, თბილისიდან გამოგზავნილი სიის გარეშე ჩვენ არ ვამოწმებთ ოჯახს, თუ თვითონ ოჯახი არ მოგვმართავს. რაც შეეხება ქულას, დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში გახდება ცნობილი ოჯახის სარეიტინგო ქულა. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ოჯახის შესწავლა ხდება, ჩვენ არ ვუგზავნით ქულის შესახებ წერილობით ცნობას ოჯახს, თვითონ უნდა მოიკითხონ, რამდენი ქულა მიენიჭათ“.

 

წინა წლებში, იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობის წერილი შევიდოდა სააგენტოში, აგენტი ვალდებული იყო ოჯახი ხელახლა გადაემოწმებინა. ზურაბ ყადიძე განმარტავს, რომ სააგენტოს ეს უფლება აღარ აქვს: „ოჯახების ხელმეორე შესწავლა მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ოჯახში ცვლილება განხორციელდება, სხვა შემთხვევაში – არა. მართალია ოჯახები, რომელთაც შემწეობა შეუჩერდათ, პრეტენზიით მოგვმართავენ, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ცვლილების გარეშე შევისწავლოთ. გასულ წელს სოფლის რწუნებული თუ მიმართავდა გამგებელს და გამგებელი კონკრეტულ ოჯახს უშუამდგომლებდა შესწავლის მიზნით, ასეთ შემთხვევაში შესწავლის უფლება გვქონდა, ახლა ეს უფლება აღარ გვაქვს“.

 

ზურაბ ყადიძე შემწეობის მიმღებ ოჯახებს მიმართავს, რომ ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს ინფორმაცია დროულად მიაწოდონ: „იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი რამდენიმე თვით საზღვარგარეთ გადავა, ოჯახის სხვა წევრმა უნდა მოგვმართოს ამის შესახებ, საზღვარგარეთ წასულ პირს ოჯახის წევრთა სიიდან ამოვიღებთ და პრობლემა არ შეექმნება ამ ოჯახს. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას თითქმის არ გვაწვდიან. ორი-სამი ან 10 დღით სხვა ქვეყანაში გადასვლა შემწეობის შეწყვეტის მიზეზი არ ხდება, მაგრამ როდესაც ოჯახის წევრი ექვსი თვით ტოვებს ქვეყანას და ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის, სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ზემდგომი გვაწვდის ჩვენ და ოჯახს შემწეობა უჩერდება“.

 

მცირედ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: „ოჯახის წევრის მიერ საზღვრის კვეთის შემთხვევაში ოჯახს ერთი ან სამწლიანი ვადით შეუწყდება სტატუსი და ამ ვადით უფლება აღარ აქვს მოგვმართოს განცხადებით. გადავიდა – იმუშავა ან ივაჭრა – გადმოვიდა, ეს ფაქტორები მოქმედებს ქულებზე. თუ ხანმოკლე ვადით საზღვრის კვეთა რამდენჯერმე დაფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს დამატებითი შემოსავალი აქვს, რის გამოც, რა თქმა უნდა, შეუჩერდება სტატუსი. ამასთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა შესაძლოა იმ წუთშივე მოგვაწოდოს ინფორმაცია მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთაზე, ან ვთქვათ, ორი თვის შემდეგ. შესაბამისად მოხდება სტატუსის შეჩერებაც. თუ რაიმე სხვა მიზეზით უწევთ საზღვრის გადაკვეთა, უნდა შეატყობინონ წინასწარ სააგენტოს და ამ შემთხვევაში ოჯახს არ შეუჩერდება სტატუსი“.

 

ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ისიც განუცხადეს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი არ ეთანხმება მისთვის მინიჭებულ ქულას, მაშინ ოჯახის წევრმა განცხადება აუცილებლად უნდა დაწეროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ზაზა სოფრომაძის სახელზე [ზაზა სოფრომაძე ამავდროულად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეცაა – ავტ.].
„თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება შეფასებას, მან საჩივრის წერილში უნდა დაასაბუთოს, რომ დეკლარაციის შევსების დროს დაირღვა კანონი და ა.შ. ანუ ფაქტები უნდა იყოს მოყვანილი, რომ შემდეგ გადამოწმება მოხდეს. მაგრამ, თუ დაემთხვა შემოსავლების სამსახურიდან, რეესტრიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული მონაცემები ოჯახის ქონებისა და შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში არსებულ მონაცემებს, მაშინ კანონმდებლობის ფარგლებში გაეცემა პასუხი მოქალაქეს. თუ საჩივარში მითითებული არ არის დარღვევა, შესაძლოა გასაჩივრებას ოჯახების ხელახლა გადამოწმება არ მოჰყვეს“ – განაცხადეს სამინისტროში.

 

მოსახლეობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათთვის არავის განუმარტავს, თუ რის მიხედვით ხდება შეფასება, რა კრიტერიუმებია და ვერც იმის გარკვევას ახერხებენ, დეკლარაციის შევსებისას სად რა ირღვევა, ან რა შეცდომას უშვებს სოციალური აგენტი. მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მათ განცხადებებს სააგენტოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„თუ პასუხს ვერ მიიღებენ ადგილობრივ განყოფილებებში, სადაც ჩააბარეს წერილი, ეცოდინებათ წერილის ნომერი, გაიგონ და დაგვიკავშირდნენ უშუალოდ ჩვენ“ – გვიპასუხეს სამინისტროს ცხელ ხაზზე [ცხელი ხაზის ნომერია: 15 05].

 

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ „გლეხს, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი, ეძლევა ვაუჩერი, სასუქი, არ იყენებს და მიწას არ ამუშავებს – [როცა ვაუჩერის თუ, ვთქვათ, სასუქის ნაცვლად იღებს თანხას] – კანონით მას სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მიენიჭება. მიწის ნაკვეთი, სახლი, კარი, ავტოფარეხი – ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს ქულებზე, მაგრამ მოსახლეობა მაინც ამ ლოგიკით აპროტესტებს – მერე რა, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი მაქვს“.

 

კითხვაზე, რა ხდება, როცა მესაკუთრე ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს მიწის დამუშავებას, სამინისტროში უპასუხეს, რომ „თუ ვერ ამუშავებს, იმიტომ, რომ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ან მარტოხელა პენსიონერი – ეს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია. არის განსაზღვრული დაავადებები და „ფორმა 100“-ის წარდგენის შემთხვევაში, ეს დაავადებები ქულებზე მოქმედებს და აკლდება საერთო მაჩვენებელს“.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ნასტასია კინსკი ჩამოვა

 

ნასტასია კინსკი
ნასტასია კინსკი

კინოფესტივალის მენეჯერის, ზვიად ელიზიანის თქმით, მათ უკვე მიიღეს მსახიობისგან თანხმობა და მისი მგზავრობის დეტალებიც შეთანხმებულია. ნასტასია კინსკი ბათუმში 14 სექტემბერს ჩამოვა ვენეციიდან. მსახიობი წელს ვენეციის კინოვესტივალის სახე იყო. 


ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი წელს 13-20 სექტემბერს გაიმართება. კინოფესტივალზე სამი საკონკურსო სექციაა: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების. გარდა ამისა, კინოფესტივალის ფარგლებში გაიმართება მასტერკლასები და ინდუსტრიული შეხვედრები, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რეტროსპექტივები და ქართული ფილმების პანორამა.


ფესტივალზე წელს 80-მდე სტუმარს ელოდებიან, მათ შორის: ლანა ღოღობერიძეს, ოთარ იოსელიანს, მერაბ ნინიძეს, ბაადურ წულაძეს, მაია კომაროვსკას და სხვა უცხოელ და ქართველ სტუმრებს. 


 



გაერთიანებული სამეფოს სამხედრო ორკესტრი ბათუმში დაუკრავს

 

The Salamanca Band and Bugles of The Rifles

 

კონცერტის ორგანიზატორი ბრიტანეთის საელჩო და მუნიციპალიტეტებია. „ერთობლივი კონცერტი ქართველ და ბრიტანელ ხალხთა შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერებას ემსახურება და ორ ქვეყანას შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.  

 

ბრიტანეთის სამეფო არმიის ბენდის საქართველოში სტუმრობა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალები აქტიურად უჭერენ მხარს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებისა და ნატოსთან თავსებადობის გზაზე“- ნათქვამია განცხადებაში.

 

„ გაერთიანებული სამეფოს არმიის ბენდია. ბენდს სახელი 1812 წლის 22 ივლისს იბერიის ნახევარკუნძულზე მომხდარი სალამანკას ბრძოლის პატივსაცემად დაერქვა. მდიდარი ტრადიციების მქონე ბენდი ჯერ კიდევ ნაპოლეონის ომების დროს იყო პოპულარული.

 

ბრძოლის ველზე ბრძანებების გასაცემად მსროლელები ვეებერთელა დაფდაფების მაგივრად საყვირებს იყენებდნენ. ბენდი უნიკალური სტილის მუსიკას ასრულებს და მსვლელობის დროს წუთში 140 ნაბიჯს დგამს. კონცერტების გარდა, ორკესტრი სამხედრო აღლუმებს, ფესტივალებსა და ოფიციალურ ვახშმებს მუსიკალურად აფორმებს.

 

ბენდმა უკვე გამართა კონცერტები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში. საქართველოში ვიზიტის დასრულების შემდეგ ორკესტრი სომხეთში გაემგზავრება.

 

ცოლზე ძალადობაში ბრალდებული, შეწყვეტილი პროცესი და ექიმები სასამართლოში

მოსამართლემ სხდომა მას შემდეგ შეაჩერა, რაც ბრალდებული, რომელიც ცოლზე ძალადობის გამოა დაკავებული, შეუძლოდ გახდა. მას შემდეგ, რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ბრალდებულს დახმარება გაუწია, სხდომა განახლდა, თუმცა ბრალდებულმა მოსამართლეს უთხრა, რომ თავს ისევ შეუძლოდ გრძნობდა და სხდომის გადადება სთხოვა.

 

მოსამართლემ მისი შუამდგომლობა გაიზიარა. პროკურორმა კი აღნიშნა, რომ ბრალდებული შეუძლოდ მას შემდეგ გახდა, რაც სასამართლო პროცესზე მისმა შვილმა მამის წინააღმდეგ  ჩვენების მიცემის შესახებ განაცხადა.  „ასე შესაძლოა მომდევნო პროცესზეც გახდეს ის შეუძლოდ, ამიტომ იქნებ მის გარეშე გავაგრძელოთ საქმის განხილვა,“ – თქვა პროკურორმა. 

 

ადვოკატმა განაცხადა, რომ ეს საკითხი პროკურორის გადასაწყვეტი არ არის და ბრალდებულს სურს დაესწროს საქმის განხილვას.

 

სასამართლო სხდომა 24 სექტემბრისთვის გადაიდო.

 

კიბოზე გამარჯვებული ქალები ბათუმში [ვიდეო]

ლანჩხუთში არსებული „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მზია კვირკველია იმ დროს იხსენებს, როცა პირველად აღმოაჩინა, რომ ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. „ეს იყო 6 წლის წინ და ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შოკი“, – ამბობს მზია.

მზიამ ამ დღიდან დაიწყო ბრძოლა სიცოცხლისთვის და ის მიღწეული შედეგით ამაყობს: „სრულიად შემთხვევით ჩავიტარე მამოგრაფია და აღმომაჩნდა მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე მეორე სტადიაში. ცხადია, დავიწყე კვლევა, თუ სად იყო ჩემი სიმსივნე გაჩერებული. აღმოჩნდა, რომ ლიმფურ კვანძებს იქეთ არ იყო წასული. მარჯვენა მკერდზე კეთილთვისებიანი ფიბრო-ადენომა მქონდა, მეორე მხარეს ავთვისებიანი – მარცხენა მკერდზე ლინფური კვანძები ყველა ამოჭრილი მაქვს.  21-ე დღეს დავიწყე ქიმიო-თერაპია, ასევე სხვიური თერაპიაც. 28-ე დღეს საშვილოსნოზე  გავიკეთე ოპერაცია, ყოველ სამ თვეში ვიკეთებდი კონტროლს და დღესაც ვარ ჰორმონალურ თერაპიაზე. მე არ ვთვლი, რომ ეს ჩემთვის განაჩენია, პირიქით, უფალმა მომცა  ძალა, რომ არამარტო ჩემი თავისთვის მებრძოლა, არამედ სხვებისთვისაც“.

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ წევრები ბათუმში, მარათონის შემდგომ

მზია კვირკველიას თქმით, მის ორგანიზაციაში ახლა 40-მდე ქალია გაწევრიანებული, ხოლო ბოლო სამი წლის განმავლობაში ლანჩხუთში 3 ათასამდე ქალი გამოიკვლიეს: „მათგან 48-ს პირველი სტადია გამოუვლინდა, იყო ბევრი მეორე სტადია, 12 იყო მესამე სტადია. სამწუხაროდ, რამდენიმე იყო მეოთხე სტადიაც. კეთილთვისებიანი ფიბროადენომა კი 120-ზე მეტი იყო.“

ლანჩხუთის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ ხელმძღვანელი მოუწოდებს ყველა ქალს „40-დან 70 წლამდე მკერდის მამოლოგია-მამოგრაფია გაიკეთონ, ხოლო 25-დან 60 წლამდე საშვილოსნოს ყელის კვლევები“. გამოკვლევები პაციენტებისთვის უფასოა.

„დროული დიაგნოსტისა და მკურნალობის შემთხვევაში, არც ერთმა ქალმა არ უნდა ჩათვალოს, რომ ეს არის სიცოცხლის დამარცხება – ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ცხოვრებას, სრულფასოვანი ადამიანები ვართ. ჩვენი მაგალითით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს დაავადება 21-ე საუკუნეში იკურნება“, – ამბობს მზია კვირკველია.

მისი აზრით, ასევე აუცილებელია იმ ქალებმა, რომლებმაც გაიარეს ეს გზა, საზოგადოებას მოუყვნენ პირადი ისტორიები კიბოს დამარცხებაზე. „ეს არ არის პირადი ცხოვრება. ეს არის ბრძოლა და თუ ამაზე ბევრი არ ვილაპარაკეთ, შედეგი არ გვექნება“, – ფიქრობს მზია და დასძენს, რომ თუნდაც დღევანდელ მარათონში დამსწრე საზოგადოების რაოდენობა სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ ადამიანებს არ აქვთ სათანადო ინფორმაცია.

კვირეული ბათუმში ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირ „ჰერას“ ორგანიზებით, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ბათუმის მერიის, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის, აჭარის ონკოლოგიის ცენტრის და ბათუმის  რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით“.

გუშინ იმავე თემაზე სასტუმრო „შერატონში“ გაიმართა პრესკონფერენცია, რომელსაც აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

მარათონი ბათუმში: კიბოზე გამარჯვებული ქალები

აგროსერვისცენტრის ტრენინგი სათევზე მეურნეობებისა და იხტიოლოგებისათვის

 

თევზის მეურნეობის მოშენება, წყლის ფილტრაცია, თევზებში გავრცელებული დაავადებები და მათი მკურნალობა – ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც სტუმრებმა 2-საათიანი ტრენინგის განმავლობაში ისაუბრეს. 

 

აჭარის რეგიონში ნათლად იგრძნობა კვალიფიციური იხტიოლოგიების ნაკლებობა, რისი შედეგიც საკალმახე მეურნეობებში თევზთა დაავადებების გავრცელება და თევზის დაღუპვა შეიძლება გახდეს. აგროსერვისცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი მიზნად ისახავს ფერმერებსა და ადგილობრივ იხტიოლოგებში ცოდნის ამაღლებას სათევზე მეურნეობებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში ისრაელიდან ჩამოსულმა სპეციალისტებმა ქობულეთსა და ხელვაჩაურში საკალმახე მეურნეობები მოინახულეს და იქ არსებულ მდგომარეობას გაეცნენ. ტრენერები რეგიონს აგროსერვისცენტრისა და ებრაული კომპანია „ისრაგრინის“ ორგანიზებით ეწვივნენ.

 

 

„მეთევზეობა ჩვენი რეგიონისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა. მსგავსი ტრენინგებით კი ჩვენ გვინდა ფერმერებმა ისწავლონ, როგორ აირიდონ თავიდან თევზებში გავრცელებული დაავადებები, აითვისონ თანამედროვე ტექნოლოგიები, გაზარდონ თევზის წარმოება, შედეგად კი გაიზრდება მოგება, რომელსაც ისინი ამ ბიზნესიდან იღებენ,“ – განცხადა გოჩა ბერიძემ, აგროსერვისცენტრის დირექტორმა.

 

სახალხო დამცველი: პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა

 

“სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიების მომარაგების საკითხი და დაადგინა, რომ მაღაზიების პროდუქციით მომარაგება საკმარისი სიხშირითა და რაოდენობით არ ხდება. შესაბამისად, პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა”, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


იმავე განცხადების თანახმად, დეფიციტს ასევე ადასტურებენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომელთა განმარტებით, შპს „GMM“-ი ან არ აწვდის საჭირო პროდუქციას, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღაზიების სატელეფონო ბარათებით არასაკმარისი მომარაგება, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარების განხორციელებას.


“საყურადღებოა ქალ პატიმართა მდგომარეობა, განსაკუთრებით, N2 დაწესებულებაში. ისინი მაღაზიის მომარაგების პრობლემის გამო ვერ იძენენ საჭირო კოსმეტიკის საშუალებებსა და კანონით დაშვებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს”, – წერია განცხადებაში.


სახალხო დამცველის აზრით, ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების მენეჯმენტს კერძო კომპანია ახორციელებს, არ ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაკისრი ვალდებულებისგან, რომლის თანახმად, პატიმარი უნდა იმყოფებოდეს ღირსების შესაბამის პირობებში და ხელი მიუწვდებოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საკვებ პროდუქტებზე.

სფფ-ს პრეზიდენტობაზე სამი კანდიდატი იყრის კენჭს

 

სფფ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები: რევაზ არველაძე | ლევან კობიაშვილი | მამუკა კვარაცხელია

 

 

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსმა, რევაზ შენგელიამ „ბათუმელებს“ უთხრა სამი კანდიდატია რეგისტრირებული: ყოფილი ფეხბურთელი და ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, უეფას მედიაოფიცერი მამუკა კვარაცხელია და უცხოეთში მოღვაწე ვეტერანი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი.

 

კანდიდატი ფედერაციის წევრმა ორგანიზაციებმა წარადგინეს. პრეზიდენტს ფედერაციის წევრები აირჩევენ. ფედერაციის წევრები არიან რეგიონალური ფედერაციები, საფეხბურთო კლუბები, ასოციაციები, სულ 35 წევრი. პრეზიდენტობის კანდიდატი გამარჯვებულად ჩაითვლება, თუ ის არჩევნების დღეს დააგროვებს 18 ხმას (ნახევარს პლუს ერთი). ხმების გაყოფის შემთხვევაში კი მეორე ტური დაინიშნება.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება.

 

 

„შეაჩერე ტერორიზმი“- მაია ბარათაშვილი და ზაზა მარჯანიშვილი ბათუმში

 

„რადგან კონცერტი 11 სექტემბერს დაემთხვა, იმ დღეს როცა აშშ-ში  საშინელ ტერირისტულ აქტი მოხდა,  ამიტომ წავუმძღვარეთ ეს სლოგანი საღამოს, თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ ამ ფაქტს არ ვგმობთ, ზოგადად ტერორიზმს მივიჩნევთ საშინელ მოვლენად“- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში,  საღამოს პროდიუსერი მარინა სალუქვაძე.  

 

ზაზა მარჯანიშვილი ბათუმის ხელოვნების ცენტრის Art -Cafe -ში მეორე დღეს, ანუ 12 სექტემბერსაც დაუკრავს. ამ დღეს,  ამავე კაფეში წარმოდგენილი იქნება კომპოზიტორ ვაჟა აზარაშვილის შემოქმედებითი საღამოც  – „სიმღერაა მთელი ჩემი ქონება“.  

 

 

 

დელფინარიუმმა ასი ათასზე მეტ ვიზიტორს უმასპინძლა

 

ბათუმის დელფინარიუმი

 

ტურისტულ სეზონზე დელფინების წარმოდგენები, ორთაბათის გარდა ყოველდღე, 5 საათზე იმართება. შაბათ-კვირას კი 14:00-სა  და 17:00  საათზე.

დელფინების წარმოდგენები ზაფხულის სეზონის მილევასთან ერთად მცირდება.

ზამთრში დელფინების შოუ მხოლოდ შაბათ-კვირას იქნება წარმოდგენილი.   

 

ზვიად ლაზიშვილი: სპორტსმენების უმეტესობა წასვლაზე ფიქრობს

ზვიად ლაზიშვილისა და ფრანგი ფრანსის ბოიერის ბრძოლა

 

„ახლა თუ ვვარჯიშობ, იმიტომ, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე ან იმიტომ, რომ მენატრება და ვერ ვძლებ ამ სპორტის გარეშე“, – გვეუბნება ზვიად ლაზიშვილი. იგი 24 წლისაა. პირველად რომ შერეულ ორთაბრძოლებში იჩხუბა, 19 წლის იყო. 2012 წელს თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, შვედური ორგანიზაციის – World Martial Art Confederation-ის ეგიდით ჩატარებული მსოფლიო თასი მოიგო. თბილისში სწავლის პარალელურად აგრძელებდა ვარჯიშს და 2013-2014 წლებში ხუთ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. 2014 წელს გახდა ვიცე-ჩემპიონი WKF-ის ვერსიით, 2015 წელს კი საქართველოს პირველობა მოიპოვა გრეპლინგში 65 და 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2015 წლის მაისში მსოფლიო ქამარიც დაისაკუთრა 65 კგ. წონით კატეგორიაში, შერეულ ორთაბრძოლებში, ხოლო 70 კგ. წონით კატეგორიაში –  ბრაზილიულ ჯიუ-ჯიცუში, სადაც მასზე დიდი წონით, რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტანელი სპორტსმენი დაამარცხა.


ზვიადი ამბობს, რომ ჩემპიონატზე ტიტულებს იპოვებენ, საპრიზო ფონდები კი მხოლოდ კომერციული ჩხუბის დროს თამაშდება, რაზეც მან ტრავმების გამო უარი თქვა. „ქვეყანას სახელს რა უთქვამს – კულტურა, სპორტი, მუსიკა. როცა იმდენ ხალხში შენი ქვეყნის დროშას აღმართავ, წესით, შენმა ქვეყანამ უნდა მოგცეს პრიზი. მაგალითად, 2012 წელს მსოფლიო თასზე აზერბაიჯანელს მოვუგე ფინალში, ის გახდა ვიცე-ჩემპიონი. აზერბაიჯანში რომ ჩავიდა, ბინა და მანქანა აჩუქეს, ერთი წლით სტიპენდი დაურიცხეს. ეს ყველაფერი ქვეყანამ მისცა. ჩვენთან კი საერთოდ არანაირი ყურადღებაა არაა, ერთადერთი, შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე დამიფინანსა გზის ხარჯები ქობულეთმა 1500 ლარით, ხოლო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა – 500 ლარით. შეჯიბრებაზე იმის გამო კი არ გავდივართ რომ პრიზს ველოდები სამშობლოსაგან, პრიზი არაფერ შუაშია. ჩვენთვის მთავარია ნორმალური პირობები შეგვექმნას და შეჯიბრებაზე შევძლოთ წასვლა. შარშან, მაგალითად, ერთის ფულით ვიყავით ორი კაცი წასული, სახარჯო ფული მეგობარმა მოგვცა – 20 ევრო. საჭმლის ფული არ გვქონდა. შვიდი დღე ვიყავით ჩეხეთში. სასტუმროში საუზმე უფასოდ გვქონდა, ბუფეტი შვიდიდან ათ საათამდე იყო ღია. მაღვიძარა გვქონდა დაყენებული. დილას შვიდ საათზე ჩავიდოდით ბუფეტში, ვჭამდით რაც შეგვეძლო, მერე ხელახლა, ათის ნახევარზე მოვმართავდით მაღვიძარას. განვაგრძობდით ძილს და 10-ის ნახევარზე ჩამოვბრუნდებოდით უკან, კიდევ ვჭამდით, რადგან მერე მთელი დღე ვეღარ შევჭამდით ვერაფერს. არადა, რომ არ გვეჭამა, წონას ვიკლებდით, შესაბამისად, კვება აუცილებელი იყო“.

ზვიად ლაზიშვილი ვეტერანებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონისა და ხუთგზის პრიზიორის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ანზორ ლაზიშვილის შვილია. ის ამბობს, რომ თავდაცვის მიზნით ვარჯიშობდა და არ გეგმავდა სპორტსმენი გამხდარიყო. „უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, ბევრი დრო მქონდა. ვიფიქრე, ერთს ვიჩხუბებ და დავანებებ თავს-მეთქი, მაგრამ რომ გამოვცადე რა არის რინგი, ადრენალინი, გამარჯვების დროს ხელის აწევის მომენტი, როცა თითქოს თავიდან იბადები, მერე ორმაგად ჩამითრია. ჩემი პირველი მწვრთნელი კობა ტყეშელაშვილი იყო, მისი დამსახურებაა, რომ ამ სპორტში ვარ. მამა ჩემიც სპორტსმენი იყო და პატარაობიდანვე მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ არ შევყავდი – ის სულ სწავლისკენ მიბიძგებდა. თვითონაც რთული პერიოდი ჰქონდა გამოვლილი. ჩვენთან მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდები, მერე იჩენენ ყურადღებს, მანამდე კი სპორტსმენი არავის ახსოვს. ევროპაშიც მიცხოვრია და იქ სხვა სიტუაციაა. ოღონდ ივარჯიშე, შედეგი აჩვენე და ყველანაირად გიდგებიან გვერდში, მერე კი არა, როცა ჩემპიონი გახდები. აქ გაუსაძლისი პირობებია. ჩვენი ბიჭები, ვინც წავიდნენ, ახლა ძალიან მაგრად არიან, მაგალითად, ლევან მაყაშვილი ამერიკის ელიტარულ სპორტულ ლიგაში UFC-ში ჩხუბობს. კიდევ ბევრი წავიდა – გოჩა სმოიანი, ზვიად ქობალია, შოთა აკულაშვილი, გიგა კუხალაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და ახლა მოსკოვშია – უნიჭიერესი სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი K1-ში, სანდაში. მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მადლობაც არ უთქვამთ.

მაინცადამაინც ფეხბურთი და ოლიმპიური სახეობის სპორტი უნდა იყოს, რომ ყურადღება მიაქციოს ქვეყანამ. მას ჩეხეთში შესთავაზეს 10 000-დოლარიანი ბრძოლა. სპორტის სამინისტროს მივწერეთ და ვთხოვეთ მიზერული თანხის გამოყოფა, რომ შეძლებოდა გამგზავრება, საუბარი იყო 500-1000 ლარზე. უარი გვითხრეს. ბოლოს რუსეთში მიიწვიეს ტურნირზე და იქ დარჩა. ახლა, რიგნზე რომ გადის, მისი ყველას ეშინია. კომენტატორები მას „ქართველ ლომს უწოდებენ“.

ყველაზე ნათელი მაგალითი ჯარჯი ზვიადაურია, იგივე ილიას ილიადისი. სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური  და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია. საბერძნეთი ვინ იცოდა ძიუდოთი? გააცნო ქართველმა. რომ ყოფილიყო საქართველოში და ჰქონოდა ნორმალური პირობები, გამოვიდოდა საქართველოს სახელით. ჩემს გარემოცვაში სპორტსმენების ოთხმოცდაათი პროცენტი წასვლაზე ფიქრობს, იმიტომ რომ აქ არ აქვს პირობები. ერთია კიდევ რუსთავიდან შერეულ ორთაბრძოლებში – შალვა მამაცაშვილი, 18 წლისაა, ძალიან პერსპექტიული ბიჭია. საქართველოში 32 ჩხუბი აქვს ჩატარებული და 32-ვე მოგება. მსოფლიო დონის მოჩხუბარი დადგება მისგან ელემენტარული პირობები რომ მისცე. ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერც შეჯიბრებაზე მიდის. ამიტომ წავიდა ჯარში. ისეც ფიქრობს წასვლაზე, შანსი რომ ჩაუვარდება წავა და აღარ ჩამოვა. რეალურად საქართველო კარგავს სპორტსმენს და ქვეყნის სახეს. არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას“. ზვიად ლაზიშვილი თვითონაც ფიქრობს წასვლაზე გერმანიაში, სწავლის გაგრძელება სურს მაგისტრატურაზე. მანამდე კი სპორტის პარალელურად დაამთავრა ბაკალავრი ატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გაცვლითი პროგრამით შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები, საბანკო და სადაზღვეო საქმე შეისწავლა. ფლობს სამ ენას – ინგლისურს, რუსულს, თურქულს და სწავლობს გერმანულს. „ახლა ვცდილობ მეტი ვისწავლო, სამსახური ვნახო. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ იტალიაში მოპოვებული ქამარი ბოლო იქნება. ამ წუთას ვფიქრობ ქვეყნიდან წავიდე და სწავლასთან ერთად იქ განვაგრძო სპორტული მოღვაწეობა“, – ამბოს ის და დასძენს, რომ აჭარაში მისი სპორტული საქმიანობა შეიძლება გაგრძელდეს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციაში, რომლის შექმნისთვის დაფინანსებაში დახმარება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა აღუთქვა.

ზვიად ლაზიშვილის პირველი გამოსვლა რინგზე, 19 წლის ასაკში

ზვიად ლაზიშვილისა და ფრანგი ფრანსის ბოიერის ბრძოლა

ზვიად ლაზიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად

ზვიად ლაზიშვილი და მისი მოპოვებული ქამრები

„ბათუმობა“ დასრულდა

 

„ბათუმობა“ 2015/ფოტო: ლელა დუმბაძე

 

„ბათუმობაზე“ ყველაზე მეტი ხალხმრავლობა  ნოდარ დუმბაძის ქუჩაზე შეიმჩნეოდა. ქუჩა ფერადი ქოლებით, ლურჯი ბურთებითა და ყვავილებით იყო გაფორმებული. ფერადი იყო ქვაფენილიც.   

 

ქუჩის ერთ ნაწილში ბაღჩეული – გოგრები, სიმინდი და ნესვი იყო განთავსებული.  საღამოს ქუჩის შუაგულში სცენა განათავსეს, სადაც თითების თეატრის წარმოდგენები გაიმართა.  

 

 

ევროპის მოედანი ეთნოგრაფიულ გამოფენას დაეთმო, სადაც აჭარული ყოფის ამსახველი ხის ნაკეთობანი იყო გამოფენილი. შადრევანი შემოღობილი იყო წნელის ღობით, მოედნის კუთხეებში თივის ზვინები იდგა. 

 

კერძო ბიზნესის წარმომადგენლებმა თავიანთი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა მოაწყვეს.

 

ერას მოედანზე და ანბანის კოშკშთან რამდენიმე კონცერტი გაიმართა. 

 

„ბათუმობაზე“  ბათუმის მერიის ბიუჯეტიდან 350 ათასი ლარი დაიხარჯა. 

 

ქობულეთში დამსვენებელთა სიმრავლეზე საუბრობენ

 

ქობულეთის პლაჟი. 2015 09.07/ფოტო: ცაგო კახაბერიძე

 

„ძალიან ბევრი  დამსვენებელი ჩამოვიდა სომხეთიდან, ლიტვადან, უკრაინადან. არიან დამსვენებლები მოსკოვიდანაც. ვფიქრობ, ტურისტების ზრდა ამინდებმაც განაპირობა და სწორად დაგეგმილმა ტურისტულმა პროგრამამაც. ბევრი  კონცერტი გაკეთდა, ჩატარდა „ქობულეთობაც“ და კიდევ ვაპირებთ ღონისძიებების გაგრძელებას. დამსვენებელთა რიცხი მხოლოდ პლაჟზე არ ასახულა, მეც ქობულეთის მაცხოვრებელი ვარ და  ჩემს ირგვლივ, მესამე დღეა ხალხის ნაკადი არ წყდება,  კერძო ბინების გაქირავებაც ახალ ფაზაში შევიდა“- ამბობს ნათია ნიჟარაძე.

 

რაც შეეხება ციფრებს, როგორც ნათია ნიჟარაძე ამბობს, ჯერ ტურისტული სეზონის შედეგები ოფიციალურად შეჯამებული არ არის. „დღეს გავიდნენ ჩვენი თანამშრომლები სასტუმროებში მონიტორინგზე, თუმცა, ჩვენი მონაცემებით, გასულ წელთან შედარებით, ბევრად მაღალი შედეგი უნდა დაიდოს“.

 

ტურისტების ზრდაზე საუბრობენ კერძო სექტორის წარმომადგენლებიც: „დამსვენებლი მყავს. გასულ წელთან შედარებით უკეთესია“- ამბობს ინგა.

 

„დამსვენებლები ნამდვილად ბევრია, აგვისტოში საკმაოდ ბევრი იყო და სექტემბრის დასაწყისშიც კარგი მდგომარეობა შეინიშნება“ – გვეუბნება ირინა, რომელსაც ქობულეთში საოჯახო სასტუმრო აქვს. 

 

 

უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ბათუმში დაისვენებენ

 

უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ბათუმში აჭარის მთავრობის მოწვევით იმყოფებიან. ბავშვებისთვის ცენტრში მოწყობილია ბანაკური ტიპის ცხოვრება. მოზარდები 14 დღის განმავლობაში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებში. ცენტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მხიარული სტარტები, შეჯიბრებები კალთბურთში და ფეხბურთში. 

დაგეგმილია ექსკურსიები ბოტანიკურ ბაღში, ხელოვნების მუზეუმში და გონიოს ციხეზე. ბავშვები დაესწრებიან დელფინების შოუს, გაისერნებენ ბათუმის ძველ და ახალ ბულვარში, დაათვალიერებენ ღამის ბათუმს. ეწვევიან მაღალმთიან აჭარას, დაესწრებიან ფილმის ჩვენებას და გაისეირნებენ ზღვაში.

უკრაინელი ჯარისკაცების შვილები ბათუმში დაისვენებენ

 

ოკუპანტის ენაზე მიმართვა ოფიციალურ საღამოზე – ”ეს არის ტოტალური გაუნათლებლობის მაგალითი”

 

 

ლაშა ბაქრაძე. ფოტო ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან
ლაშა ბაქრაძე. ფოტო ლაშა ბაქრაძის ფეისბუქის გვერდიდან

თქვენი აზრით, რას ნიშნავს როცა მაღალი თანამდებობის პირები ოფიციალური ღონისძიების გახსნისას პუბლიკას მიმართავენ რუსულ ენაზე, მაშინ როცა რუსეთი არის ოკუპანტი ქვეყანა და დიპლომატიური ურთიერთობაც არ გვაქვს მასთან?


 ჩემი აზრით, ეს არის ნათელი მაგალითი იმ სიბეცის, რომელიც საქართველოში, სამწუხაროდ, ძალიან ფესვგადგმულია და ასევე, ტოტალური გაუნათლებლობის. გასაგებია, რომ ბათუმის ხელისუფალთ სხვა ენა არ ესმით გარდა რუსულისა და როდესაც რაღაცის თქმა უნდათ უცხო ენაზე, ისინი რუსულად ლაპარაკობენ, ისევე როგორც საბჭოთა დროს, როდესაც ადამიანებს ეგონათ, რომ თუ საბჭოთა კავშირში ვინმე უცხოელი ჩამოვიდოდა, მას აუცილებლად უნდა სცოდნოდა რუსული. დღესაც, მაღაზიაში რომ შეხვალთ, ასე ჰგონიათ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ადამიანები უბრალოდ გაუნათლებლები არიან. სამწუხაროა, რომ ასეთ საპასუხისმგებლო, პოლიტიკურ თანამდებობებზე ასეთი ადამიანები ხვდებიან, რომლებმაც ეს არ იციან და მათთვის საჭიროა ელემენტარული რაღაცის ახსნა, რომ რუსულად ლაპარაკი დღევანდელ საქართველოში ოფიციალურ ღონისძიებაზე, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

 

საბჭოთა დრო ახსენეთ და ეს არის თუ არა ტიპიური საბჭოთა სცენარი?


 

რასაკვირველია. ეს ადამიანები, როგორც ჩანს, ღრმად არიან საბჭოეთში ჩარჩენილი და ალბათ მათი ოცნებაა, რომ მათთვის ბედნიერი საბჭოთა დრო დაბრუნდეს და მათ მიეცეთ საშუალება, რომ ამ ენის გამოყენებით გამოთქვან აზრი. 


ერთია მათი განცხადება რუსულ ენაზე, მეორეა საზოგადოების რეაქცია. თქვენი აზრით, რაზე მიუთითებს, როცა უხმოდ იღებს ამას საზოგადოება, რა რეაქცია უნდა ყოფილიყო?


 წესიერი საზოგადოება ალბათ დაუსტვენდა, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა თაობას, რომელსაც არ შეიძლება ჰქონდეს საბჭოთა კავშირის ნოსტალგია და მიუხედავად ამისა, რუსულ მუსიკას უსმენენ და ამით ძალიან კმაყოფილნი არიან. რუსული პოპმუსიკის ხარისხზე არ მინდა ახლა ვისაუბრო, მაგრამ ეს არის პოსტკოლონიალური ქვეყნებისთვის დამახასიათებელი და ჩვენც გამონაკლისი არ ვართ, მიუხედავად იმ ომებისა და იმ სისხლისღვრისა, რაც რუსეთთან ურთიერთობამ მოგვიტანა. ეს ჩვენი მითოსია, რომ თითქოს, დიდ წინააღმდეგობას ვუწევდით საბჭოეთს, სინამდვილეში ეს ასე არ იყო. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ როგორც ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლები, ასევე საზოგადოების გარკვეული და სამწუხაროდ საკმაოდ დიდი ნაწილი არ უფიქრდება იმას, რას აკეთებს და მათ უჭირთ აზროვნება. ეს აზროვნების გაჭირვება, მე ვფიქრობ, არის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემათაგანი ჩვენს ქვეყანაში, რაც ხშირად ჩანს და რაც მართლაც ძალიან დიდ პრობლემებს წარმოშობს. ადამიანებს ეზარებათ აზროვნება, არ უფიქრდებიან რას აკეთებენ. მაგალითად, ყიდულობენ რუსულ პროდუქტს და თუ მიუთითებ იმაზე, რომ მტერ სახელმწიფოს აძლიერებენ, რომ რუსული არყის მაგივრად შეუძლიათ იყიდონ უკრაინული, გეტყვიან – უი, მაგაზე არ მიფიქრიაო.

 

ამ შემთხვევას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია ცენტრალური ხელისუფლება, არ გაუკეთებიათ კომენტარი. თქვენი აზრით, არის თუ არა ამის საჭიროება, უნდა გაემიჯნოს თუ არა ცენტრალური ხელისუფლება ასეთ ფაქტს ან განმარტოს?


 არ იქნებოდა ურიგო. ჩვენ სამწუხაროდ მივეჩვიეთ, რომ ისეთ შემთხვევებზე, რომლებიც საზოგადოებაში გარკვეულ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, არანაირი განცხადებები არ კეთდება, მაგრამ ცუდი არ იქნება, თუ ამ ადამიანებს არ ესმით, ვინმემ აუხსნას, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ მთავრობისა და ხელისუფლების რეაქციაზე უფრო მნიშვნელოვანია საზოგადოების რეაქცია. საზოგადოებამ ყოველთვის უნდა აჩვენოს, რა მოსწონს მას და რა – არა.


როგორ ფიქრობთ, არის თუ არა ეს ის შემთხვევა, როცა უმჯობესია თანამდებობის პირებმა ბოდიში მოიხადონ?


 ბოდიშის მოხდა, მოგეხსენებათ, საქართველოში პოლიტიკოსებს ძალიან უჭირთ. უამრავი, უარესი, ადამიანის შეურაცხმყოფელი განცხადება გაკეთდა ბოლო დროის განმავლობაში, მაგრამ ბოდიშის მოხდა, ეტყობა, გარკვეულწილად სისუსტედ მიიჩნევა და ამის გამო საქართველოში ბოდიშის მოხდა ძალიან უჭირთ. აქ ბოდიშს, თუ არ უბრძანებენ, არც უნდა ველოდოთ.

მოსამართლის ტვირთი – ინტერვიუ ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან

 

დავით მამისეიშვილი
დავით მამისეიშვილი

ბატონო დავით, მოსამართლის შინაგან რწმენაზე მინდა გკითხოთ, რამდენად მძიმე ტვირთია ეს თქვენთვის?

 

მე შედარებით ნაკლებად გამოცდილი მოსამართლე ვარ. ბათუმში მოსამართლეები ათი და უფრო მეტი წელია მუშაობენ. რაც შეეხება შინაგან რწმენას, მის გარეშე შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, ვინაიდან სწორედ შინაგანი რწმენიდან გამომდინარე აფასებ მტკიცებულებებს მოსამართლე, რამდენად რელევანტურია, რამდენად შემხებლობაშია საქმესთან და ამ მტკიცებულების ანალიზით უნდა მიხვიდე ლოგიკურ დასკვნამდე, ბრალდებულმა ჩაიდინა თუ არა ესა თუ ის მოქმედება. სწორედ შინაგანი რწმენა გეხმარება სასჯელის სამართლიანობის განსაზღვრაში. მე, მაგალითად, გამომიყენებია უვადო თავისუფლების აღკვეთა – და ჯარიმაც 500 ლარის ოდენობით. ეს ყველაფერი დამოკიდებული იყო შინაგან რწმენაზე.

 

რამდენად მძიმე ტვირთია ეს?

 

საკმაოდ მძიმე. ეს არის ის, რაც იწვევს ჩვენი, მოსამართლეების უძილობას გადაწყვეტილების მიღებამდე, მითუმეტეს რთული კატეგორიის საქმეებზე, როცა მტკიცებულებების შესაფასებლად მრავალდღიანი ფიქრი გვიწევს. სწორედ შინაგანი რწმენაა, რომელიც დამატებით „გვაიძულებს“ უფრო მეტად დავფიქრდეთ და გავარჩიოთ ბრალდებისა და დაცვის მტკიცებულებები.


მოსამართლეებს არ უყვართ საქმეების დაყოფა სირთულეების მიხედვით, მაგრამ მაინც მინდა გკითხოთ, თქვენი სულიერი წონასწორობა რომელიმე საქმეს თუ დაურღვევია?

 

არის კატეგორია საქმეების, მაგალითად, გაუპატიურება, მკვლელობა, რომლებიც აშკარად მოქმედებს უარყოფითად. მე გაუპატიურებასთან დაკავშირებით გამამართლებელი განაჩენიც გამომიტანია და გამამტყუნებელიც. მართალია, თვითონ ქმედებას უარყოფითად აღვიქვამ, მაგრამ შეფასების დროს, ეს, როგორც მოსამართლეზე, არ მოქმედებს. სავსებით შესაძლებელია ფიქრობდე, რომ, აი ამ პირმა ეს დანაშაული ჩაიდინა, მაგრამ საკმარისი მტკიცებულებები არ გქონდეს და გამამართლებელი განაჩენი გამოიტანო. მტკიცებულებები მთავარია.

 

როცა მოსამართლეობის უფლებამოსილების ვადა ამოგეწურებათ, სად წარმოგიდგენიათ  თქვენი თავი?

 

ისევ იურისტების წრეში, სხვათა შორის, ბათუმში შევიძინე უძრავი ქონება, მეუღლე აქ  მუშაობს, ჩემი სამივე შვილი აქ დადის სკოლაში, ამიტომ ისევ ბათუმში ვაპირებ დარჩენას და გავაგრძელებ იურისტების წრეში საქმიანობას.

 

ადვოკატად აპირებთ მუშაობას?

 

სხვა გზა არ არის. სხვა საქმე ჩვენ, მოსამართლეებმა, არ ვიცით. მაგალითად, ბიზნესი არ გამოგვივა, თან დანაზოგი მოსამართლეებს არ გვაქვს; ოჯახის რჩენის ერთადერთი გზა არის იურისტობა. როცა მოსამართლედ მუშაობ, სხვა გზა არ გრჩება, თუკი ათწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლედ ისევ არ დაინიშნები, ადვოკატად  მუშაობას გააგრძელებ.

 

თქვენ ადრე მუშაობდით პროკურატურაში, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყებაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში…  ამ სისტემაში დაბრუნებას გამორიცხავთ?

 

 ეს გამორიცხულია. შინაგან საქმეთა სამინისტროში, ფინანსურ პოლიციასა და პროკურატურაში მუშაობის ეტაპი გავიარე. ეს კარგი იყო იმ ასაკში, როცა ვმუშაობდი, ცოდნას ვაგროვებდი. ისევ იქ დაბრუნება ამ გადმოსახედიდან, უტოპიად მიმაჩნია.

 

თუ გქონიათ ისეთი შემთხვევა, როცა ადამიანს მიუსაჯეთ პატიმრობა, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი ამ ადამიანს უნდოდა თქვენთან შეხვედრა?

 

ასეთი ფაქტი არ მახსენდება, მაგრამ, მაგალითად, დილით ვარჯიშის დროს, ვიღაც მოქალაქეს ჩაუვლია და მადლობა გადაუხდია. მე ვერც მივხვდი ვინ იყო. ის, რომ ვინმე სამსახურში მოსულიყოს ან ოჯახში, ასეთი ფაქტი არ ყოფილა.

 

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ სისხლის სამართლის მოსამართლეს ჩანიშნული ჰქონდა 18 საქმე. მათ შორის იყო წინასასამართლო სხდომები. რამდენად შესაძლებელია ერთმა მოსამართლემ დღის განმავლობაში ამ ოდენობის საქმე განიხილოს?

 

შეუძლებელი არ არის. ყოფილა შემთხევევა, დღეში ერთ მოსამართლეს 20-21 გადაწყვეტილება მიუღია, მათ შორის არის აღკვეთები. როცა მე მიწევს მორიგეობა, იმ კვირაში რთული კატეგორიის საქმეებს არ განვიხილავ, ვნიშნავ საქმეებს, სადაც  მტკიცებულებები უდაოდაა ცნობილი. ასეთი კატეგორიის საქმეების განხილვას 30-40 წუთი სჭირდება.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში თუ არის მოსამართლეების ნაკლებობა?

 

კი და ასევე სასამართლო დარბაზების. შვიდი დარბაზია ამჟამად და დარბაზში შესვლა მოსწრებაზეა. თუ მოსამართლე შევიდა დარბაზში, შეგიძლია თქვა, რომ დარბაზი მთელი დღე დაკავებულია.

 

სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესის ცვლილებაზე მოსამართლეთა ერთი ჯგუფი, მათ შორის თქვენ, ცვლილებას არ ეთანხმებოდა, თქვენი არგუმნეტი მაინტერესებს…

 

 ჩვენ პრაქტიკულად სახლში გვიშვებდნენ, უფრო ზუსტად ადმინისტრაციული ფუნქციის ჩამოშორებას გვიპირებდნენ. ეს ვენეციის კომისიამ მკვეთრად უარყოფითად შეაფასა, მერე ყველა დარწმუნდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში მოვიგებდით ამ დავას, – არ შეიძლება დანიშნული თანამდებობის პირის სამსახურიდან გათავისუფლება უფლებამოსილების ამოწურვამდე. საბოლოო ჯამში იუსტიციის სამინისტრო მიხვდა, რომ ამ დავას აზრი არ ჰქონდა, ამიტომ ჩვენ, ვინც ვართ დანიშნულები, უფლებამოსილების ვადას ამოვწურავთ და შემდეგ იქნება არჩევნები. არჩევნები, რა თქმა უნდა მისაღებია, მაგალითად, ბათუმში არჩევნები ჩატარდება, ვინაიდან ხუთზე მეტი მოსამართლეა, მაგრამ სენაკის სასამართლოში სულ სამი მოსამართლე მუშაობს. კანონპროექტში წერია, რომ წილისყრით უნდა ჩატარდეს, მაგრამ ვერ ვხდები წილისყრის პროცედურა როგორ უნდა ჩატარდეს, ოცთეთრიანი ავაგდოთ და თუ ირემი იქნება… მოსამართლეების საკმაოდ დიდი პროტესტი გამოიწვია ამ ცვლილებამ. პარლამენტში რომ დაიწყება განხილვა, იქაც ვაპირებთ პოზიციის დაფიქსირებას, სასამართლოს ინტერესების დაცვას.

 

მოსამართლეების დამოუკიდებლობის კუთხით რა შეიცვალა 2012 წლის შემდეგ?

 

უფრო თავისუფლები ვართ, ვიდრე მანამდე ვიყავით. გაისად უფრო მეტად ვიქნები თავისუფალი, ვიდრე წელს ვარ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე ჩემზე ზემოქმედებას ახდენს. თავისუფლების ზრდით უფრო მეტ ისეთ გადაწყვეტილებას ვიღებ, რომელიც პრაქტიკისა და სასამართლო სისტემისთვის მნიშვნელოვანია. მთავარია, საზოგადოებაში გაჩნდეს განცდა, რომ მოსამართლე იღებს ამ გადაწყვეტილებას და არა ვინმე სხვა. მით უფრო საზოგადოების ძირითადი ნაწილი სასამართლოში ნამყოფი არ არის, მათ ინფორმაცია აქვთ ტელევიზორიდან, ტელევიზიით მიღებული ინფორმაცია კი არის იმ პოლიტიკოსების სიტყვები, რომლებიც გაბრაზებულები არიან სასამართლოზე. ამიტომ საზოგადოების დიდ ნაწილს ჰგონია, რომ მოსამართლეები ყველაფერს ისე აკეთებენ, როგორც ეს მთავრობას უნდა. ცხადია, ეს ასე არ არის.

 

 ადვოკატების აზრით, ხშირად ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისში იცვლება ბრალდების სასარგებლოდ. თქვენ, როგორც სასამართლოს მენეჯერს, გაქვთ ამის სტატისტიკა?

 

ძირითადად, ეს სისხლის სამართლის საქმეებს ეხება და მას ზოგჯერ კასაცია ცვლის. მე არ შევაფასებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა ხშირად იცვლება განაჩენი ბრალდების სასარგებლოდ.

 

ისევ ადვოკატებს მოვიშველიებ – მათი აზრით, ბათუმში საპროცესო შეთანხმების გაფორმება ჭირს, სხვა რეგიონებთან შედარებით. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

 

თუ გადავხედავთ სტატისტიკას, ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაახლოებით 45 პროცენტი საქმეების სრულდება არსებითი განხილვით, ხოლო საპროცესო შეთანხმებით – 55%, მაგალითად, 1000 საქმიდან 450 საქმეს არსებითად ვამთავრებთ, დაახლოებით 550 საქმეს – საპროცესო შეთანხმებით. მაშინ, როცა ქვეყნის მასშტაბით, საქმეების 70% სრულდება საპროცესო შეთანხმებით.

 

თქვენი გადაწყვეტილებები წინა წლებში რაოდენობრივად უფრო ნაკლები იყო, ვიდრე ახლა. დღეს თქვენ გადაწყვეტილების მიღების დროს იშველიებთ ევროპული სასამართლოს  პრაქტიკას, კონვენციების მუხლებს უთითებთ… წინა წლებში ასე არ იყო. რა შეიცვალა?

 

ეს თავისუფლების ხარისხის გაზრდაა. 2005 წელს, როცა სასამართლო კორპუსის რეფორმა დაიწყო, სასამართლოს ძირითადი გამოწვევა იყო კორუფცია. პრაქტიკულად 2010 წლამდე გრძელდებოდა რეფორმა, რომ სასამართლო სისტემაში კორუფცია არ ყოფილიყო. 2011 წლიდან არც ერთი მოსამართლე არ მიუციათ პასუხისგებაში კორუფციის გამო. ამ ეტაპიდან გადავედით განაჩენების დასაბუთებაზე, წელიწადში დაახლოებით ხუთჯერ გვიტარდება კონფერენციები და ვიხილავთ კარგ და ცუდ გადაწყვეტილებებს _ როგორ უნდა დაიწეროს განაჩენი და როგორ არა… ამის შედეგია ის, რომ ჩვენ განვვითარდით. ჩემ მიერ 2008-2009 წლების გადაწყვეტილებებს რომ ვკითხულობ, მეღიმება. მაშინ ახალბედა მოსამართლე ვიყავი. დღეს არ მაკმაყოფილებს ჩემი მაშინდელი გადაწყვეტილებები. 

 

ბევრი საქმეა ისეთი, როცა ბრალდებული გირაოს გადაუხდელობის გამო რჩება პატიმრობაში?

 

30 ივლისიდან დღემდე დაახლოებით 20 საქმეა ასეთი. 

 

ჩემი დაკვირვებით, ბოლო პერიოდში ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეები აღკვეთი ღონისძიების უფრო მსუბუქ ფორმას იყენებთ. ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე თქვენ განმარტეთ, რომ ახალი ცვლილებით ყველა ორ თვეში შეიძლება გადაიხედოს პირის პატიმრობაში ყოფნის საკითხი. როგორ ფიქრობ, შეამცირებს ეს წინასწარ პატიმრობაში მყოფთა რაოდენობას? 

 

ამ ცვლილების რაღაც ნაწილს ვეთანხმები, მაგალითად წინასასამართლო სხდომაზე პატიმრობის მიზანშეწონილობის საკითხის გადასინჯვას, მაგრამ არ ვეთანხმები არსებითად განხილვის დროს ორთვიანი პატიმრობის გადასინჯვას. მაგალითად, როცა მიზანშეწონილად ჩავთვალე პატიმრობა კონკრეტულ საკითხზე, ამან გამოიწვია დაცვის მხარის აგრესია სასამართლოს მიმართ – ბრალდებული ფიქრობს, რომ მოსამართლემ რადგან დამტოვა პატიმრობაში, სავარაუდოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს. მეც ასე ვიფიქრებდი ბრალდებულის ადგილას.

 

სხვათა შორის, კანონმდებელმა ჩაგვიწერა, რომ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მე მაქვს ასეთი შეკითხვა: მე კანონი მიკრძალავს არსებითად განხილვის დროს ჩემი ვარაუდისა და მოსაზრების გამოთქმას გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის შესაძლო გამოტანაზე, კანონმდებელმა მეორე ნორმა ჩამისვა, სადაც მეუბნება, რომ პატიმრობის მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას მტკიცებულებაზე დაყრდნობით უნდა მივიღო გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში კანონთან წინააღმდეგობაში მოდის მოსამართლე. მე არ მაქვს უფლება გამოვთქვა ვარაუდი საქმეზე მანამ, ვიდრე გადაწყვეტილებას არ მივიღებ. და მეორეა – აღკვეთი ღონისძიება უნდა დავასაბუთო, რომ, მაგალითად, პირი მოახდენს ზემოქმედებას მოწმეებზე, ხოლო მოწმე, როგორც მტკიცებულება, გამოკვლეულია. ეს იმას ნიშნავს, რომ მე ამ მოწმის გამოკვლეული მტკიცებულება განაჩენის გამოტანამდე უნდა შევაფასო, აღკვეთი ღონისძიების შეცვლის დროს. ეს პრობლემაა. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართო.


 

თქვენს ამ პოზიციას სხვა მოსამართლეებიც იზიარებენ?

 

 

 

 მე ერთ-ერთ საკითხზე უკვე მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს. ახლა ვფიქრობ კონსტიტუციის რომელ ნორმას შეიძლება ეს ეწინააღმდეგებოდეს. საქმეთა სირთულიდან გამომდინარე ჯერჯერობით ეს საკითხი სრულყოფილად ვერ შევისწავლე. რაც შეეხება სტატისტიკას, ათეულობით ბრალდბულს შევუცვალეთ აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. მაგალითად, პირზე რომლის მიმართაც ჩვენ გამოვიყენეთ  საპატიმრო გირაო, მოგეხსენებათ თუ საპატიმრო გირაო გამოიყენება და პირი დაპატიმრებულია, სასამართლოს პატიმრობა ზედმეტად მკაცრად მიაჩნია, იყენებს გირაოს პატიმრობის უზრუნველსაყოფად. ბრალდებულებმა, რომლებმაც თანხა ვერ გადაიხადეს, მე წინასასამართლო სხდომაზე დამიდგა საკითხი პატიმრობის  მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით. აქ ორი პრობლემის წინაშე ვდგავართ, პირველი წარდგენის სხდომაზე  მე ვთქვი, რომ პატიმრობა ზედმეტად მკაცრი აღკვეთი ღონსიძიების ფორმაა და ამიტომ გირაო უნდა შეეფარდოს, წინასასამართლო სხდომაზე მე როგორ დავასაბუთო რომ პატიმრობა მიზანშეწოლილია?

 

 


 

ხვდებით თუ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს?

 

მხოლოდ კონფერენციაზე შევხვდი ქალბატონ ნინოს [გვენეტაძე], სხვა შეხვედრა არ გვქონია.

 

იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტით შემოთავაზებულ ცვლილებებზე მაინტერესებს თქვენი აზრი, ეს ცვლილებათა პაკეტი მოსამართლეებისთვის რას ცვლის? თქვენი შეფასებით  რა არის ყველაზე დადებითი და ყველაზე უარყოფითი ცვლილება?

 

დადებითის რა მოგახსენოთ. რადიკალურად დადებითისკენ არაფერი იცვლება, ამ კანონპროექტს მესამე ტალღა დაარქვეს, მაგრამ მესამე ტალღა ეს არ არის, ეს შეგვიძლია მოვიხსენიოთ როგორც დრაკონული კანონი მოსამართლეების წინააღმდეგ. მოსამართლეებმა დიდი პროტესტი გამოვხატეთ ამ კანონპროექტის მიმართ, რამდენიმე ცვლილება კანონპროექტის ავტორებმა შეიტანეს, თითქოსდა გააკეთილშობილეს კანონპროექტი, მაგრამ დარჩა ორი მთავარი საკითხი, რაზეც დაგვპირდნენ, რომ ეს ცვლილებები არ შევიდოდა კანონპროექტში, თუმცა მოსამართლეებისგან მალულად შეიტანეს.  ჩვენ დაგვპირდა იუსტიციის სამინისტრო, რომ, მაგალითად, 2/3 ქვომურიმი არ შეიცვლებოდა, თუმცა შეიცვალა. 2/3 ქვორუმი რას ნიშნავს, განვმარტავ მკითხველისთვის: დღეს მოქმედი კანონმდებლობით მოსამართლის დისციპლინური დევნის დაწყებისთვის 2/3-ია საჭირო, რაც ნიშნავს საბჭოს 10 წევრს; ვინაიდან 8 მოსამართლე წევრს ჩვენ ვირჩევთ, ამიტომ ხელისუფლებას არ აქვს საშუალება, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს, თუ მას ამის სურვილი ექნება. მოსამართლეები კარგად „ვიცავდით“ თავს ხელისუფლების ჩარევისგან. 2/3-თან დაკავშირებით ცვლილება 2013 წელს მიიღო პარლამენტმა, ახალი ხელისუფლების პირობებში, მაშინ ეს 2/3-ის მიღება შეფასდა დიდ ინოვაციად, დემოკრატიის გამარჯვებად. ერთი წლის შემდეგ იუსტიციის სამინისტროს ახსენდება, რომ ეს კანონი კარგი არ არის და ისევ დავუბრუნდეთ უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღებასო. უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღება კი იმას ნიშნავს, რომ მე, დავით მამისეიშვილი თუ არ ვიქნები მისაღები ვინმესთვის, სავსებით შესაძლებელია ჩემ მიმართ დისციპლინური დევნა დაიწყოს. ჩემი დაცვის გარანტიები ამ შემთხვევაში არ არის მაღალი, ეს კი ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო დამატოვებინონ სასამართლო კორპუსი. ეს ჩემთვის მიუღებელია.

 

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე  მოქმედ დისციპლინურ სისტემას აკრიტიკებდა. ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ  არსებული მოდელი ვერ აკმაყოფილებს დისციპლინური სამართალწარმოების ეფექტურობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სტანდარტებს. ახალ კანონპროექტში ჩნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი. ეს არ იქნება უფრო მოქნილი ინსტიტუტი?

 

ამ ინსტიტუტის მიმართ ჩვენ მკვეთრად ნეგატიური განწყობა გვაქვს, – ჩვენს სისტემაში დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტის შემოტანა ნიშნავს იმას, რომ მოსამართლეებს ვეუბნებით უარს, აირჩიონ სადისციპლინო კოლეგიის წევრები, ვიღაც დამოუკიდებელი ინსპექტორი შემოდის ჩვენს სისტემაში. დავუშვათ ის პიროვნება გაბრაზებულია რომელიმე მოსამართლეზე, მას შეუძლია დაიწყოს მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება, ეს საბოლოო ჯამში ნიშნავს, რომ ამ პირმა აკონტროლოს მოსამართლეთა კორპუსი. მოსამართლე, რომელსაც მისი სამსახურის გარდა სხვა შემოსავალი არ აქვს, სავსებით შესაძლებელია გახდეს დამოკიდებული. შეიძლება მისი გადაწყვეტილება სავსებით ემსახურებოდეს არა შინაგან რწმენას, მტკიცებულებებზე დაყრდნობით მისაღებ გადაწყვეტილებას, არამედ სულ სხვა რამეთი იყოს მოტივირებული – არ დაკარგოს სამსახური. თუ მოსამართლე იმაზე ფიქრობს, როგორ არ დაკარგოს სამსახური და ამის გამო თავისუფალი გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, მე ვფიქრობ, ამით სამართლიან სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. მოსამართლეებმა 203 ხმით (იმ დროს 238 მოსამართლე იყო) ავირჩიეთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ბატონო ლევან მურუსიძე. როგორ ფიქრობთ, 203 მოსამართლის მიერ არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს უფრო მაღალი ლეგიტიმაცია აქვს, თუ დამოუკიდებელ ინსპექტორს? მითუმეტეს, დევნის დაწყებასთნ დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ძირითადი კრიტიკა ჩვენზე არ მოდის? ორი წლის განმავლობაში არც ერთი მოსამართლე არ დასჯილა –  სტატისტიკა გამოაქვეყნა იუსტიიის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა. აღმოჩნდა, რომ შეტანილი საჩივრების დაახლოებით 90%-ს არამოსამართლე წევრებმა დაუჭრეს მხარი დისციპლინური დევნის დაწყებაზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საჩივრების 90%  პრაქტიკულად არის მცდარი. ძირითადად მხარეები ასაჩივრებენ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილების სამართლებრივ შინაარს. სამართლებრივი შინაარსის დროს მოსამართლეები ვართ კონსტიტუციით დაცულები, ვერავინ მოგვედავება ჩვენ მიერ მიღებულ გადაწტყვეტილებებზე. საბჭოს უნდა მიმართონ დისციპლინურ გადაცდომებზე. მაგალითად, ახლა მე მაქვს 130 საქმე წარმოებაში. წარმოიდგინეთ 130 საქმეზე ვადას ყველა შემთხვევაში დავარღვევ, იმიტომ, რომ ფიზიკურად შეუძლებელია სხვაგვარად. 5 საქმე რომ დავნიშნო დღეში, ეს იმას ნიშნავს, რომ 130-ე საქმეს  მოუწევს სადღაც თვის ბოლოს განხილვა, თან საქმის განხილვას ერთ დღეში ვერ ამთავრებ. მაგალითად, ასლან აბაშიძის საქმეს ვიხილავ ახლა. 25 პროცესი უკვე  ჩატარებულია და ჯერ კიდევ მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე ვარ. ამ საქმეს 7-8 წელია ვიხილავთ, ამაზე როგორ უნდა თქვა, რომ მოსამართლემ ვადა არ დაარღვია, მაგრამ ობიექტური კრიტერიუმებია საჭირო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაგვპირდა, რომ მოსამართლეთა კორპუსი გაიზრდება. ბათუმში სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლეებს სამასი საქმე აქვთ წარმოებაში, ადმინისტრაციულს – 130-მდე, სისხლის მოსამართლეებს, თითოეულს, არანაკლებ ასი საქმე გვაქვს.

 

ოფიციალური  სტატისტიკის თანახმად, 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების შემდეგ იმატა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობამ…

 

 პირიქით, მე ვფიქრობ პროცენტულმა მაჩვენებელმა გამამრთლებელი განაჩენებისამ მოიკლო, ყოველ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ასეა. 2012 წელში მე უფრო მეტი გამამართლებელი განაჩენი მაქვს გამოტანილი, ვიდრე მომდევნო წლებში. ამ ცვლილებამ, საბოლოო ჯამში, ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა გაზარდა, პრაქტიკულად სასამართლოს სისტემას უნდა ჰქონდეს მუდმივობის განცდა, ხელისუფლება ყოველთვის იცვლება, ეს ბუნებრივია, ხელისუფლების ცვლილება უფრო მეტ თავსუფლებასა და დამოუკიდებლობას ნიშნავს.

 

ეს ყოველთვის ასეა თუ 2012 წელზე საუბრობთ?

 

 ყოველთვის. ეს არის ბუნებრივი კანონი. მე მაგალითად ვმუშაობდი წინა მთავრობის რეჟიმის დროს, ახლა ამ მთავრობის დროსაც ვმუშაობ. ეს ნიშნავს იმას, რომ დავით მამისეიშვილს, როგორც მოსამართლეს, აქვს მუდმივობის განცდა. სასამართლო კორპუსი ხელისუფლების ცვლილების შემდეგ სახლში აღარ მიდის. ჩვენ ხელფასები გაგვიზარდეს, სოციალური უზრუნველყოფის მეტ გარანტიას გვპირდებიან, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია თავისუფლების ხარისხისთვის.

 

 

 

”მე ვერ გადავცურე ზღვა”

იყო უმრავლესობა, რომელიც ირგვლივ იდგა და დუჟმორეული ყიჟინებდა. ზოგიც, როცა შეეძლო ცერა თითი მაღლა აეწია, სხვის შემხედვარე დაბლა სწევდა. ასე იყო როცა სოციალური ქსელები არ არსებობდა.

 

სისასტიკეს კი გარკვეული ხიბლი აქვს. მისი აღიარება ძნელია, მაგრამ არსებობს სხვა, უფრო დავარცხნილი და შენიღბული ფორმებითაც. ადამიანების ის ბუნებრივი განცდაც სისასტიკეს ატარებს, როცა გიხარია – შენ კისერზე არ დაიჭიმა საბედისწერო თოკი.

 

გინდა არ გინდა გრძნობ სხვასთან შედარებით ბედნიერად თავს, რომ შენთვის არ აგიზგიზდა კოცონი წინა ცხოვრებაში, ამ ცხოვრებაში კი შენი შვილი არ იყო ტალღებზე დასვენებულ-დაძინებული. ფიქრობ, მადლობა ღმერთს ან ალაჰს, რომ სხვაგან დაიბადე. ეს თვითგადარჩენის ინსტიქტია, რომელიც უფრო სასტიკია, ვიდრე ბევრს წარმოუდგენია.

 

რაღა თქმა უნდა, დღეს არავის, გარდა ოცდამეერთე საუკუნის ფაშისტებისა, არ უხარია ის ტრაგედია, რომელიც პლანეტის ერთ ცხელ წერტილში ხდება და რომლის ფოტოკადრები კაცობრიობის ყოველდღიურობად იქცა. თუმცა, ის ვირტუალური წრე, რომელიც ამ ფოტოისტორიების ირგვლივ იკვრება, სწორედ შუასაუკუნეების სადამსჯელო ოპერაციების ადგილას შეკრებილი მასის ერთობას წააგავს დღითიდღე. შოკია, მაგრამ სურვილი ჩნდება კიდევ და კიდევ შეხვიდე ამ შოკში, რადგან, სავარაუდოდ, მილიონობით ადამიანი აზიარებს და წერს რაღაცას ამ თემაზე და ასე ყოველ დღე…

 

თანაც ხსნი, უყურებ, ტირი, წერ, გიწერენ, ბევრი ნახვა გემატება, ადამიანური ხარ – ეს იმ ფიდბექების მცირე ჩამონათვალია, რომლითაც ვირტუალურმა ქსელმა ჩვენი საუკუნის ტრაგედიები “გაალამაზა”.

 

ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის ცხედარი
ბოდრუმის სანაპიროზე გამორიყული სირიელი ბავშვის ცხედარი

რა სისასტიკეა თითქოს? და თითქოს ამ სისასტიკით შეუმჩნეველი ტკბობა რომ ეწვია წინა საუკუნეებიდან ჩვენს სამყაროს, ეს ხომ ნათლად ჩანს უკვე? გვინდა თანაზიარი ვიყოთ თითქოს დიდი ტრაგედიის, მაგრამ ეს ტრაგედია თავის მარწუხებში გვაქცევს, ჩვენი გაზიარებებით მსხვერპლს არაფერი შვება აქვს, ჩვენ კი ვერაფერს ვცვლით, ვერაფერს.

 

ამ დროს პიროვნული ტკივილი იმდენად მძაფრია, რომ ობობას ქსელივით გახვევს ძაფში ემოციურად. ამ დროს თავისდაუნებურად სისასტიკის ნაწილი ვხვდებით, როცა მისი ენერგიით ვცხოვრობთ, თან გვინდა, რამე ვიღონოთ, რადგან ველურები აღარ გვეთქმის, თუმცა ჩვენ შორის არ არის ის, ვინც იმ ბორანთან მივა და იმ პატარა უსახელო ბიჭს ზღვის გადაცურვაში დაეხმარება.  თუ არის?

 

”ბათუმობა” 2015 – 6 სექტემბერი

 

6 სექტემბერი:


12:00-20:00 – ადგილობრივი ბიზნესის გამოფენა – მემედ აბაშიძის ქუჩა

12:00-20:00 – ფესტივალი “განდაგანა” – ევროპის მოედანი

17:00-18:00 – სამეჯლისო ცეკვები – დუმბაძის ქუჩა

19:00-20:00 – პანტომიმის თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქუჩა

20:00-21:00 – თითების თეატრის წარმოდგენა – დუმბაძის ქუჩა

21:00-22:00 – პოეტების საღამო

20:00-23:00 – გალა კონცერტი – ანბანის კოშკი

 

Exit mobile version