კვირის ამბები

როცა ოჯახს საარსებო შემწეობა უწყდება

09.09.2015 • 1943
როცა ოჯახს საარსებო შემწეობა უწყდება

 

სოფელ ბალაძეებში მცხოვრებ გენადი ბერიძის ოჯახი ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც სახელმწიფოს შემწეობა ხელახალი გადამოწმების შემდეგ შეუჩერდა.

 

ოთხწევრიან ოჯახში, სადაც სამ წევრს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, ამბობენ, რომ მათი საყოფაცხოვრებო პირობები არ შეცვლილა, და არც ის იციან, თუ რა გახდა შემწეობის შეწყვეტის მიზეზი.

 

„ორი თვის წინ შეგვიჩერეს დახმარება. ჩვენი პირობები რომ გაუმჯობესებულიყო, არაფერს ვიტყოდი, თუმცა არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ქულები მოგვიმატეს. ოჯახში ოთხი სული ვართ, ქმარს სიმსივნე, დედამთილს „პარალიჩი“ აქვს, მწოლიარე ავადმყოფია, მულს კი ნერვული აშლილობა აწუხებს. სამ ავადმყოფს ვუვლი. როგორ, ან სად ვიმუშაო, რით ვარჩინო ოჯახი? ამათ ვინ მოუვლის? მინდა გავარკვიო რა გახდა დახმარების შეჩერების მიზეზი, თუმცა დედამთილი მძიმე ავადმყოფი რომაა, ვერ დავტოვე და სააგენტოში ვერ ჩავედი. მართალია, ამჟამად ოჯახში ოთხი წევრი ვართ, თუმცა ორი შვილი მყავს – გოგონა გათხოვილია, ბიჭი კი სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდის“ – ამბობს მაია ბერიძე, გენადი ბერიძის ოჯახის წევრი.

 

მავილე ზაქარაძე
მავილე ზაქარაძე

 

მძიმე სოციალურ ყოფაზე საუბრობს სოფელ ხარაულაში მცხოვრები მავილე ზაქარაძეც, რომელსაც ასევე შეუჩერდა დახმარება. იგი მესამე ჯგუფის ავადმყოფია, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფი თავის დროზე არასწორად მიანიჭეს, მას შემდეგ ბევრი დრო გავიდა, მდგომარეობა გართულდა და დღეს გადაადგილება უჭირს. არც მკურნალობის შესაძლებლობა აქვს და ის დახმარებაც მოუხსნეს, რომელსაც სახელმწიფო მის სამსულიან ოჯახს, საარსებო შემწეობის სახით, ხუთ წელზე მეტია აძლევდა: „მარტის შემდეგ დახმარება აღარ ამიღია. არ ვიცი, რა ნახეს აქ ისეთი, რამაც ქულა აამაღლა. ხის ფიცრულ სახლში ვცხოვრობ, გაწვიმდება და სახლში ისე მაწვიმს, როგორც გარეთ, სარეცხი მანქანა მე არ მაქვს, მაცივარი და არც სხვა სახის ტექნიკა, ერთი ძველი „სტენკა“ მაქვს, რომელიც მშობლებმა წლების წინ მაჩუქეს. რაც ასაკში შევდივარ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, გადაადგილება მიჭირს, ჩვენი შემოსავალი ჩემი ავადმყოფობის პენსია – 70 ლარია“.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ქედის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ყადიძე განმარტავს, რომ სოციალური შემწეობის მიმღები ოჯახების გეგმიური გადამოწმება ყველა ოთხ წელიწადში ხდება, თუმცა ოჯახში სოციალური, მატერიალური ან დემოგრაფიული სახის ცვლილების შემთხვევაში, მანამდეც ამოწმებენ.

 

რაც შეეხება მიმდინარე პროცესს, ზურაბ ყადიძე აღნიშნავს, რომ ოჯახების შემოწმება თბილისიდან გადმოგზავნილი სიებით მიმდინარეობს: „თვეში 200 ოჯახს ვამოწმებთ, ამ დროისთვის შესამოწმებლად მოვიდა იმ ოჯახების სიები, რომლებსაც 57 – დან 10 000 – მდე სარეიტინგო ქულა ჰქონდათ, თბილისიდან გამოგზავნილი სიის გარეშე ჩვენ არ ვამოწმებთ ოჯახს, თუ თვითონ ოჯახი არ მოგვმართავს. რაც შეეხება ქულას, დეკლარაციის შევსებიდან ერთ თვეში გახდება ცნობილი ოჯახის სარეიტინგო ქულა. იქედან გამომდინარე, რომ ბევრი ოჯახის შესწავლა ხდება, ჩვენ არ ვუგზავნით ქულის შესახებ წერილობით ცნობას ოჯახს, თვითონ უნდა მოიკითხონ, რამდენი ქულა მიენიჭათ“.

 

წინა წლებში, იმ შემთხვევაში, თუ შუამდგომლობის წერილი შევიდოდა სააგენტოში, აგენტი ვალდებული იყო ოჯახი ხელახლა გადაემოწმებინა. ზურაბ ყადიძე განმარტავს, რომ სააგენტოს ეს უფლება აღარ აქვს: „ოჯახების ხელმეორე შესწავლა მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ოჯახში ცვლილება განხორციელდება, სხვა შემთხვევაში – არა. მართალია ოჯახები, რომელთაც შემწეობა შეუჩერდათ, პრეტენზიით მოგვმართავენ, მაგრამ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, ცვლილების გარეშე შევისწავლოთ. გასულ წელს სოფლის რწუნებული თუ მიმართავდა გამგებელს და გამგებელი კონკრეტულ ოჯახს უშუამდგომლებდა შესწავლის მიზნით, ასეთ შემთხვევაში შესწავლის უფლება გვქონდა, ახლა ეს უფლება აღარ გვაქვს“.

 

ზურაბ ყადიძე შემწეობის მიმღებ ოჯახებს მიმართავს, რომ ცვლილების შემთხვევაში სააგენტოს ინფორმაცია დროულად მიაწოდონ: „იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრი რამდენიმე თვით საზღვარგარეთ გადავა, ოჯახის სხვა წევრმა უნდა მოგვმართოს ამის შესახებ, საზღვარგარეთ წასულ პირს ოჯახის წევრთა სიიდან ამოვიღებთ და პრობლემა არ შეექმნება ამ ოჯახს. თუმცა, ამის შესახებ ინფორმაციას თითქმის არ გვაწვდიან. ორი-სამი ან 10 დღით სხვა ქვეყანაში გადასვლა შემწეობის შეწყვეტის მიზეზი არ ხდება, მაგრამ როდესაც ოჯახის წევრი ექვსი თვით ტოვებს ქვეყანას და ამის შესახებ ინფორმაციას არ გვაწვდის, სამოქალაქო რეესტრის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ზემდგომი გვაწვდის ჩვენ და ოჯახს შემწეობა უჩერდება“.

 

მცირედ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: „ოჯახის წევრის მიერ საზღვრის კვეთის შემთხვევაში ოჯახს ერთი ან სამწლიანი ვადით შეუწყდება სტატუსი და ამ ვადით უფლება აღარ აქვს მოგვმართოს განცხადებით. გადავიდა – იმუშავა ან ივაჭრა – გადმოვიდა, ეს ფაქტორები მოქმედებს ქულებზე. თუ ხანმოკლე ვადით საზღვრის კვეთა რამდენჯერმე დაფიქსირდება, ეს ნიშნავს, რომ ოჯახს დამატებითი შემოსავალი აქვს, რის გამოც, რა თქმა უნდა, შეუჩერდება სტატუსი. ამასთან, საზღვრის დაცვის დეპარტამენტმა შესაძლოა იმ წუთშივე მოგვაწოდოს ინფორმაცია მოქალაქის მიერ საზღვრის კვეთაზე, ან ვთქვათ, ორი თვის შემდეგ. შესაბამისად მოხდება სტატუსის შეჩერებაც. თუ რაიმე სხვა მიზეზით უწევთ საზღვრის გადაკვეთა, უნდა შეატყობინონ წინასწარ სააგენტოს და ამ შემთხვევაში ოჯახს არ შეუჩერდება სტატუსი“.

 

ჯანდაცვის სამინისტროში „ბათუმელებს“ ისიც განუცხადეს, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი არ ეთანხმება მისთვის მინიჭებულ ქულას, მაშინ ოჯახის წევრმა განცხადება აუცილებლად უნდა დაწეროს სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ზაზა სოფრომაძის სახელზე [ზაზა სოფრომაძე ამავდროულად საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეცაა – ავტ.].
„თუ ბენეფიციარი არ ეთანხმება შეფასებას, მან საჩივრის წერილში უნდა დაასაბუთოს, რომ დეკლარაციის შევსების დროს დაირღვა კანონი და ა.შ. ანუ ფაქტები უნდა იყოს მოყვანილი, რომ შემდეგ გადამოწმება მოხდეს. მაგრამ, თუ დაემთხვა შემოსავლების სამსახურიდან, რეესტრიდან და სხვა უწყებებიდან შემოსული მონაცემები ოჯახის ქონებისა და შემოსავლების შესახებ დეკლარაციაში არსებულ მონაცემებს, მაშინ კანონმდებლობის ფარგლებში გაეცემა პასუხი მოქალაქეს. თუ საჩივარში მითითებული არ არის დარღვევა, შესაძლოა გასაჩივრებას ოჯახების ხელახლა გადამოწმება არ მოჰყვეს“ – განაცხადეს სამინისტროში.

 

მოსახლეობა კი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ მათთვის არავის განუმარტავს, თუ რის მიხედვით ხდება შეფასება, რა კრიტერიუმებია და ვერც იმის გარკვევას ახერხებენ, დეკლარაციის შევსებისას სად რა ირღვევა, ან რა შეცდომას უშვებს სოციალური აგენტი. მოქალაქეები იმასაც ამბობენ, რომ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ მათ განცხადებებს სააგენტოს მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
„თუ პასუხს ვერ მიიღებენ ადგილობრივ განყოფილებებში, სადაც ჩააბარეს წერილი, ეცოდინებათ წერილის ნომერი, გაიგონ და დაგვიკავშირდნენ უშუალოდ ჩვენ“ – გვიპასუხეს სამინისტროს ცხელ ხაზზე [ცხელი ხაზის ნომერია: 15 05].

 

სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ „გლეხს, რომელსაც აქვს მიწის ნაკვეთი, ეძლევა ვაუჩერი, სასუქი, არ იყენებს და მიწას არ ამუშავებს – [როცა ვაუჩერის თუ, ვთქვათ, სასუქის ნაცვლად იღებს თანხას] – კანონით მას სოციალურად დაუცველის სტატუსი არ მიენიჭება. მიწის ნაკვეთი, სახლი, კარი, ავტოფარეხი – ეს, რა თქმა უნდა, მოქმედებს ქულებზე, მაგრამ მოსახლეობა მაინც ამ ლოგიკით აპროტესტებს – მერე რა, რომ სახლი და მიწის ნაკვეთი მაქვს“.

 

კითხვაზე, რა ხდება, როცა მესაკუთრე ავადმყოფობის გამო ვერ ახერხებს მიწის დამუშავებას, სამინისტროში უპასუხეს, რომ „თუ ვერ ამუშავებს, იმიტომ, რომ არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, ან მარტოხელა პენსიონერი – ეს, რა თქმა უნდა, გათვალისწინებულია. არის განსაზღვრული დაავადებები და „ფორმა 100“-ის წარდგენის შემთხვევაში, ეს დაავადებები ქულებზე მოქმედებს და აკლდება საერთო მაჩვენებელს“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: