მთიანი აჭარა

როდის მიიღებენ კომპენსაციას მიწისძვრით დაზარალებულები

09.09.2015 • 1409
როდის მიიღებენ კომპენსაციას მიწისძვრით დაზარალებულები

 

ქედის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი და საკრებულოს მოქმედი დეპუტატი ვაჟა ბოლქვაძე ამბობს, რომ სამთავრობო კომისიამ იმ დროისთვის ყველა დაზარალებული ოჯახი შეისწავლა, ზარალის ოდენობა დათვალა და კომპენსაციის გაცემის საკითხზე აქტიურად იმუშავა. ყოფილი გამგებელი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ კომპენსაციის გაცემის დაგვიანების გამო მუნიციპალიტეტის საკრებულოში ინიცირება შეიტანა და საკრებულოსგან ითხოვდა თანხმობას, აღნიშნულ საკითხზე პრემიერისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის მიმართვის გასაგზავნად. საკრებულომ საკითხი არ განიხილა.

 

„2012 წელს, როდესაც მიწისძვრა მოხდა, მე ვიყავი ქედის გამგებელი, ზარალის შესწავლის მიზნით იმ დროისთვის 200-ზე მეტმა ოჯახმა მოგვმართა. გეოლოგიური შესწავლის შემდეგ დაიდო დასკვნები, რის საფუძველზეც ინჟინერ-კონსტრუქტორებმა ზარალის ოდენობა დათვალეს. შესწავლილი ოჯახების მონაცემები სამთავრობო კომისიას გადავუგზავნეთ განსახილველად, კომისიამ ყველა ოჯახის მდგომარეობა შეისწავლა, დაზიანებული აღმოჩნდა 101 საცხოვრებელი სახლი, ზარალის ოდენობამ კი 283 000 ლარი შეადგინა. დაგვპირდნენ, რომ ყველა დაზარალებული ოჯახი კომპენსაციას მიიღებდა. მას შემდეგ, რაც კომპენსაციის გაცემა დიდი ხნით გადაიდო, ინიცირება შევიტანე მუნიციპალიტეტის საკრებულოში, თუმცა საკრებულომ საკითხი არ განიხილა“, – ამბობს ვაჟა ბოლქვაძე.

 

კითხვაზე, როდის მიიღებენ დაზარალებული ოჯახები კომპენსაციას და რატომ გაჭიანურდა პროცესი, ქედის გამგებელი დავით დუმბაძე პასუხობს:

 

„კომპენსაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა გაცემულიყო. შემდეგ გადაწყდა, რომ აჭარის ბიუჯეტიდან გაიცემოდა. იქედან გამომდინარე, რომ მიწისძვრიდან დიდი დრო გავიდა და მოსახლეობის ნაწილმა განაცხადა, რომ მიწისძვრით მიყენებული ზარალი დროთა განმავლობაში გაიზარდა, ოჯახები ხელახლა შევისწავლეთ. 101 ოჯახის ხელახალი გადამოწმება პირველ სექტემბერს დავასრულეთ და მასალები სამხარაულის საექსპერტო ბიუროში გადავაგზავნეთ. კომპენსაცია ცენტრალური ბიუჯეტიდან მას შემდეგ გაიცემა, როდესაც საექსპერტო ბიურო შესაბამის დასკვნას დადებს, ამისთვის მას ერთთვიანი ვადა აქვს“.

 

დავით დუმბაძე ამბობს, რომ საკომპენსაციო თანხა უმნიშვნელოდ გაიზარდა: `ზარალი 283 000 ლარი იყო. ოჯახების ხელახალი გადამოწმების შემდეგ თანხა 3-4 000 ლარით გაიზარდა. ვცდილობთ, დრო მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ისეთ დროს გავცეთ კომპენსაცია, რომ ამ ოჯახებმა შეძლონ შესაბამისი გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. რაც შეეხება დაზარალებულთა თავდაპირველ სიას, აღმოვაჩინეთ ლაფსუსებიც. არ ვიცი, ეს რამდენად უნებლიე შეცდომები იყო – სიაში 145 ოჯახი მოიაზრებოდა, შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მხოლოდ 101 ოჯახი იყო დაზარალებული“.
დაზარალებულთაგან კომპენსაციის მიღებაზე უარი ორმა ოჯახმა განაცხადა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: