სიახლეები

სახალხო დამცველი: პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა

08.09.2015
სახალხო დამცველი: პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა

 

“სახალხო დამცველის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა შეისწავლა პენიტენციური დაწესებულებების მაღაზიების მომარაგების საკითხი და დაადგინა, რომ მაღაზიების პროდუქციით მომარაგება საკმარისი სიხშირითა და რაოდენობით არ ხდება. შესაბამისად, პატიმრებს არ ეძლევათ საჭირო ნივთებისა და პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა”, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 


იმავე განცხადების თანახმად, დეფიციტს ასევე ადასტურებენ მაღაზიის თანამშრომლებიც, რომელთა განმარტებით, შპს „GMM“-ი ან არ აწვდის საჭირო პროდუქციას, ან მხოლოდ მცირე რაოდენობით. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მაღაზიების სატელეფონო ბარათებით არასაკმარისი მომარაგება, რის გამოც პატიმრები ვერ ახერხებენ ოჯახის წევრებთან სატელეფონო ზარების განხორციელებას.


“საყურადღებოა ქალ პატიმართა მდგომარეობა, განსაკუთრებით, N2 დაწესებულებაში. ისინი მაღაზიის მომარაგების პრობლემის გამო ვერ იძენენ საჭირო კოსმეტიკის საშუალებებსა და კანონით დაშვებულ საყოფაცხოვრებო ნივთებს”, – წერია განცხადებაში.


სახალხო დამცველის აზრით, ის გარემოება, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მაღაზიების მენეჯმენტს კერძო კომპანია ახორციელებს, არ ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ნაკისრი ვალდებულებისგან, რომლის თანახმად, პატიმარი უნდა იმყოფებოდეს ღირსების შესაბამის პირობებში და ხელი მიუწვდებოდეს პირველადი მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებსა და საკვებ პროდუქტებზე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.