სპორტი

ზვიად ლაზიშვილი: სპორტსმენების უმეტესობა წასვლაზე ფიქრობს

07.09.2015 • 2792
ზვიად ლაზიშვილი: სპორტსმენების უმეტესობა წასვლაზე ფიქრობს

ზვიად ლაზიშვილისა და ფრანგი ფრანსის ბოიერის ბრძოლა

 

„ახლა თუ ვვარჯიშობ, იმიტომ, რომ ფორმიდან არ ამოვვარდე ან იმიტომ, რომ მენატრება და ვერ ვძლებ ამ სპორტის გარეშე“, – გვეუბნება ზვიად ლაზიშვილი. იგი 24 წლისაა. პირველად რომ შერეულ ორთაბრძოლებში იჩხუბა, 19 წლის იყო. 2012 წელს თურქეთში, ქალაქ ტრაპზონში, შვედური ორგანიზაციის – World Martial Art Confederation-ის ეგიდით ჩატარებული მსოფლიო თასი მოიგო. თბილისში სწავლის პარალელურად აგრძელებდა ვარჯიშს და 2013-2014 წლებში ხუთ საერთაშორისო ტურნირში გაიმარჯვა. 2014 წელს გახდა ვიცე-ჩემპიონი WKF-ის ვერსიით, 2015 წელს კი საქართველოს პირველობა მოიპოვა გრეპლინგში 65 და 77 კილოგრამ წონით კატეგორიაში. 2015 წლის მაისში მსოფლიო ქამარიც დაისაკუთრა 65 კგ. წონით კატეგორიაში, შერეულ ორთაბრძოლებში, ხოლო 70 კგ. წონით კატეგორიაში –  ბრაზილიულ ჯიუ-ჯიცუში, სადაც მასზე დიდი წონით, რუსეთის სახელით მოასპარეზე დაღესტანელი სპორტსმენი დაამარცხა.


ზვიადი ამბობს, რომ ჩემპიონატზე ტიტულებს იპოვებენ, საპრიზო ფონდები კი მხოლოდ კომერციული ჩხუბის დროს თამაშდება, რაზეც მან ტრავმების გამო უარი თქვა. „ქვეყანას სახელს რა უთქვამს – კულტურა, სპორტი, მუსიკა. როცა იმდენ ხალხში შენი ქვეყნის დროშას აღმართავ, წესით, შენმა ქვეყანამ უნდა მოგცეს პრიზი. მაგალითად, 2012 წელს მსოფლიო თასზე აზერბაიჯანელს მოვუგე ფინალში, ის გახდა ვიცე-ჩემპიონი. აზერბაიჯანში რომ ჩავიდა, ბინა და მანქანა აჩუქეს, ერთი წლით სტიპენდი დაურიცხეს. ეს ყველაფერი ქვეყანამ მისცა. ჩვენთან კი საერთოდ არანაირი ყურადღებაა არაა, ერთადერთი, შარშან მსოფლიო ჩემპიონატზე დამიფინანსა გზის ხარჯები ქობულეთმა 1500 ლარით, ხოლო აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა – 500 ლარით. შეჯიბრებაზე იმის გამო კი არ გავდივართ რომ პრიზს ველოდები სამშობლოსაგან, პრიზი არაფერ შუაშია. ჩვენთვის მთავარია ნორმალური პირობები შეგვექმნას და შეჯიბრებაზე შევძლოთ წასვლა. შარშან, მაგალითად, ერთის ფულით ვიყავით ორი კაცი წასული, სახარჯო ფული მეგობარმა მოგვცა – 20 ევრო. საჭმლის ფული არ გვქონდა. შვიდი დღე ვიყავით ჩეხეთში. სასტუმროში საუზმე უფასოდ გვქონდა, ბუფეტი შვიდიდან ათ საათამდე იყო ღია. მაღვიძარა გვქონდა დაყენებული. დილას შვიდ საათზე ჩავიდოდით ბუფეტში, ვჭამდით რაც შეგვეძლო, მერე ხელახლა, ათის ნახევარზე მოვმართავდით მაღვიძარას. განვაგრძობდით ძილს და 10-ის ნახევარზე ჩამოვბრუნდებოდით უკან, კიდევ ვჭამდით, რადგან მერე მთელი დღე ვეღარ შევჭამდით ვერაფერს. არადა, რომ არ გვეჭამა, წონას ვიკლებდით, შესაბამისად, კვება აუცილებელი იყო“.

ზვიად ლაზიშვილი ვეტერანებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში ორგზის მსოფლიო ჩემპიონისა და ხუთგზის პრიზიორის, აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის ანზორ ლაზიშვილის შვილია. ის ამბობს, რომ თავდაცვის მიზნით ვარჯიშობდა და არ გეგმავდა სპორტსმენი გამხდარიყო. „უნივერსიტეტს რომ ვამთავრებდი, ბევრი დრო მქონდა. ვიფიქრე, ერთს ვიჩხუბებ და დავანებებ თავს-მეთქი, მაგრამ რომ გამოვცადე რა არის რინგი, ადრენალინი, გამარჯვების დროს ხელის აწევის მომენტი, როცა თითქოს თავიდან იბადები, მერე ორმაგად ჩამითრია. ჩემი პირველი მწვრთნელი კობა ტყეშელაშვილი იყო, მისი დამსახურებაა, რომ ამ სპორტში ვარ. მამა ჩემიც სპორტსმენი იყო და პატარაობიდანვე მინდოდა ჭიდაობა, მაგრამ არ შევყავდი – ის სულ სწავლისკენ მიბიძგებდა. თვითონაც რთული პერიოდი ჰქონდა გამოვლილი. ჩვენთან მსოფლიო ჩემპიონი რომ გახდები, მერე იჩენენ ყურადღებს, მანამდე კი სპორტსმენი არავის ახსოვს. ევროპაშიც მიცხოვრია და იქ სხვა სიტუაციაა. ოღონდ ივარჯიშე, შედეგი აჩვენე და ყველანაირად გიდგებიან გვერდში, მერე კი არა, როცა ჩემპიონი გახდები. აქ გაუსაძლისი პირობებია. ჩვენი ბიჭები, ვინც წავიდნენ, ახლა ძალიან მაგრად არიან, მაგალითად, ლევან მაყაშვილი ამერიკის ელიტარულ სპორტულ ლიგაში UFC-ში ჩხუბობს. კიდევ ბევრი წავიდა – გოჩა სმოიანი, ზვიად ქობალია, შოთა აკულაშვილი, გიგა კუხალაშვილი, რომელიც ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და ახლა მოსკოვშია – უნიჭიერესი სპორტსმენი, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი, მსოფლიოს ჩემპიონი K1-ში, სანდაში. მსოფლიო ჩემპიონი გახდა და მადლობაც არ უთქვამთ.

მაინცადამაინც ფეხბურთი და ოლიმპიური სახეობის სპორტი უნდა იყოს, რომ ყურადღება მიაქციოს ქვეყანამ. მას ჩეხეთში შესთავაზეს 10 000-დოლარიანი ბრძოლა. სპორტის სამინისტროს მივწერეთ და ვთხოვეთ მიზერული თანხის გამოყოფა, რომ შეძლებოდა გამგზავრება, საუბარი იყო 500-1000 ლარზე. უარი გვითხრეს. ბოლოს რუსეთში მიიწვიეს ტურნირზე და იქ დარჩა. ახლა, რიგნზე რომ გადის, მისი ყველას ეშინია. კომენტატორები მას „ქართველ ლომს უწოდებენ“.

ყველაზე ნათელი მაგალითი ჯარჯი ზვიადაურია, იგივე ილიას ილიადისი. სპორტსმენი, რომელიც ოლიმპიური  და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია. საბერძნეთი ვინ იცოდა ძიუდოთი? გააცნო ქართველმა. რომ ყოფილიყო საქართველოში და ჰქონოდა ნორმალური პირობები, გამოვიდოდა საქართველოს სახელით. ჩემს გარემოცვაში სპორტსმენების ოთხმოცდაათი პროცენტი წასვლაზე ფიქრობს, იმიტომ რომ აქ არ აქვს პირობები. ერთია კიდევ რუსთავიდან შერეულ ორთაბრძოლებში – შალვა მამაცაშვილი, 18 წლისაა, ძალიან პერსპექტიული ბიჭია. საქართველოში 32 ჩხუბი აქვს ჩატარებული და 32-ვე მოგება. მსოფლიო დონის მოჩხუბარი დადგება მისგან ელემენტარული პირობები რომ მისცე. ვერაფერს ვერ აკეთებს, ვერც შეჯიბრებაზე მიდის. ამიტომ წავიდა ჯარში. ისეც ფიქრობს წასვლაზე, შანსი რომ ჩაუვარდება წავა და აღარ ჩამოვა. რეალურად საქართველო კარგავს სპორტსმენს და ქვეყნის სახეს. არავინ არ აქცევს ამას ყურადღებას“. ზვიად ლაზიშვილი თვითონაც ფიქრობს წასვლაზე გერმანიაში, სწავლის გაგრძელება სურს მაგისტრატურაზე. მანამდე კი სპორტის პარალელურად დაამთავრა ბაკალავრი ატი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და გაცვლითი პროგრამით შავი ზღვის უნივერსიტეტში სწავლობდა, სადაც ბიზნეს ადმინისტრირება, ფინანსები, საბანკო და სადაზღვეო საქმე შეისწავლა. ფლობს სამ ენას – ინგლისურს, რუსულს, თურქულს და სწავლობს გერმანულს. „ახლა ვცდილობ მეტი ვისწავლო, სამსახური ვნახო. თუმცა, არ ვფიქრობ, რომ იტალიაში მოპოვებული ქამარი ბოლო იქნება. ამ წუთას ვფიქრობ ქვეყნიდან წავიდე და სწავლასთან ერთად იქ განვაგრძო სპორტული მოღვაწეობა“, – ამბოს ის და დასძენს, რომ აჭარაში მისი სპორტული საქმიანობა შეიძლება გაგრძელდეს შერეული ორთაბრძოლების ფედერაციაში, რომლის შექმნისთვის დაფინანსებაში დახმარება აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტმა აღუთქვა.

ზვიად ლაზიშვილის პირველი გამოსვლა რინგზე, 19 წლის ასაკში

ზვიად ლაზიშვილისა და ფრანგი ფრანსის ბოიერის ბრძოლა

ზვიად ლაზიშვილი საქართველოს დელეგაციასთან ერთად

ზვიად ლაზიშვილი და მისი მოპოვებული ქამრები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: