სიახლეები

კინოს 8 დღე სექტემბრის ბათუმში

09.09.2015 • 2183
კინოს 8 დღე სექტემბრის ბათუმში

 

ზვიად ელიზიანი
ზვიად ელიზიანი

ზვიად ელიზიანი: ფესტივალი გაიხსნება 13 სექტემბერს ბულვარში მდებარე საზაფხულო თეატრში და დაიხურება 20 სექტემბერს, ბენზეში მდებარე მუსიკალურ ცენტრში. ფილმების ძირითადი ნაწილი ნაჩვენები იქნება კინოთეატრ „აპოლოში“, მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია კი – სასტუმრო „დივანში“, საკონფერენციო დარბაზში და ასევე, აუცილებლად იქნება კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ, რაც უკვე მესამე წელია კეთდება კინოფესტივალის ფარგლებში, იმედია ამინდიც ხელს შეგვიწყობს. გახსნა-დახურვის ჩათვლით, ფესტივალი რვა დღეს გაგრძელდება და როგორც ყოველთვის, საუკეთესო პროგრამას შესთავაზებს მაყურებელს.

 

რამდენი სექციაა კინოფესტივალზე, რა ფილმები იქნება ნაჩვენები და თქვენი აზრით, მათან განსაკუთრებით რომელი მიიქცევს მაყურებლის ყურადღებას?


ტრადიციულად სამი საკონკურსო სექცია გვაქვს: მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი. ყველა სექცია საინტერესოა, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული, არასაკონკურსო სექცია არის დიდოსტატთა კოლექცია, სადაც გამოვყოფ კიმ კი დუკის ბოლო ნამუშევარს, ასევე, პიტერ გინუვეის ძალიან საინტერესო ფილმს. ამ სექციაში იქნება წარმოდგენილი ალექსანდრე მინდაძის ფილმიც, ეს გერმანულ-რუსული კოპროდუქციაა, რომელიც რუსეთში ერთხელ იქნა ნაჩვენები და როგორც ვიცი, ფილმი ერთგვარ „შავ სიაში“ მოხვდა თავისი თემატიკიდან გამომდინარე. საკონკურსო სექციაში შეიძლება გამოვყოთ ქართველი რეჟისორის ბაკურ ბაკურაძის ფილმი, რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალზე იყო პრემირებული, დანიური ფილმი „იცი ბიცი“, ასევე თურქული ფილმი – „მუსტანგი“, რომელიც გოგონათა ადრეულ ასაკში ქორწინებას ეხება და ძალიან საინტერესო ფილმია.

 

რაც შეეხება დოკუმენტურ ფილმებს, რომელიც ძალიან საინტერესო სექციაა კინოფესტივალზე, ცნობილი ბრიტანელი რეჟისორის, შონ მაკალისტერის ფილმი იქნება ნაჩვენები სირიის მოვლენებზე, ასევე – ბრიტანული ფილმი, ცნობილი მომღერლის, ემი ვაინჰაუზის შესახებ; მექსიკურ-ამერიკული ფილმი – „კარტელის მიწა“, ნარკოკარტელებზე, რომელიც `სანდენსის~ კინოფესტივალზე იყო ნომინირებული, ასევე საინტერესოა ვიეტნამის მოვლენებზე რორი კენედის ფილმი. ახალი ქართული ფილმი ამ საკონკურსო სექციაშიც არ გვაქვს სამწუხაროდ, რადგან ფილმები ჯერ არ არის დასრულებული, თუმცა არის ერთი ლატვიურ-ქართული კოპროდუქცია, „ორმაგი უცხოები“.

 

„ქართულ პანორამაში“, რომელიც ცალკე, არასაკონკურსო სექციაა, არის წარმოდგენილი ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, „მე ვარ ბესო“, რომელიც აჭარაშია გადაღებული, ზაზა ხალვაშის „სოლომონი“, რომლის პრემიერაც იქნება, ფაქტობრივად, ფესტივალზე; თეონა გრენადეს ფილმი – „ძმა“ – ქართულ-ფრანგული კოპროდუქცია, დოკუმენტური ფილმი – „სომალის ტყვეები“, რომლის ეპიზოდები ასევე აჭარაშია გადაღებული.

 

წელს გადავცემთ მსოფლიო კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისათვის პრიზს ქართველებიდან ლანა ღოღობერიძეს და ბაადურ წულაძეს, ხოლო უცხოელებიდან ცნობილ მსახიობს ნასტასია კინსკის. ლანას ფილმიც იქნება ნაჩვენები ფესტივალზე – „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“.

 

რაც შეეხება ჟიურის, ვინ იქნებიან მისი წევრები?


 ჟიურის სამი შემადგენლობა იქნება სექციების მიხედვით. მხატვრული ფილმების ჟიურის უხელმძღვანელებს ალექსანდრე მინდაძე. ჟიურის წევრები არიან: ნიკი კარიმი – მსახიობი ირანიდან, ქრისტოფერ გუდვინი, კინოკრიტიკოსი დიდი ბრიტანეთიდან, ნიკოლას რონჩი – საფრანგეთიდან და გიორგი ოვაშვილი, ქართველი კინორეჟისორი. დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის უხელმძღვანელებს ცნობილი კინოდოკუმენტალისტი ზელიმერ ზილნიკი სერბეთიდან, ვოიციეჩ სჩუდლო _ რეჟისორი პოლონეთიდან, დენის უიტლი – დიდი ბრიტანეთიდან, ირინა გორდიჩუკი, კინოკრიტიკოსი უკრაინიდან და ლაშა ხალვაში, საქართველოდან. მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჟიურის წარუძღვება ნენა ძინგარევიჩი, ბელა ტარის ცნობილი კინოსკოლის დეკანი; სუზანა არუთუნიანი – სომხეთიდან, ელენ იანოვსი – ისრაელიდან, თინათინ ყაჯრიშვილი – საქართველოდან და ზიგფრიდი – საფრანგეთიდან.


 

 ვინ იქნებიან წელს ფესტივალის სტუმრები?


ჩვენი სტუმარი იქნება მერაბ ნინიძე და მისი მონაწილეობითაც იქნება ნაჩვენები ფილმი, ასევე ჩამოვლენ: ოთარ იოსელიანი, ბაკურ ბაკურაძე, რომლის ფილმიც იქნება ნაჩვენები, საკმაოდ ცნობილი მსხიობი მაია კომაროვსკა, რომელიც ანჯეი ვაიდას და ზანუსის ფილმებში თამაშობს. ცნობილი მსახიობი ნასტასაი კინსკი, ირანელი მსახიობი – ნიკი კარიმი და ა.შ.. ყველა სტუმართან მასტერკლასი გაიმართება, ყველა დაინტერესებულ ადამიანს ექნება საშუალება მათთან შეხვედრის.

 

ბათუმის კინოფესტივალზე ჩვენ რამდენიმე წელია ვცდილობთ, რომ განვავითაროთ ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია კინოფესტივალის, ეს არის საშუალება, შეხვდნენ ერთმანეთს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ამ ფესტივალზე, მოხდეს კოოპერაცია, დაკავშირება რეჟისორებისა და პროდიუსერების, რაც იმის საფუძველია, რომ ეს შეხვედრა გადაიზარდოს კინოპროექტებში. ბათუმი მითუმეტეს არაჩვეულებრივი ადგილია გადაღებებისთვის, გარდა ამისა, აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს აქვს კარგი პროექტი – სუბსიდირება, რაც კარგად მუშაობს და ლოგიკურია, ჩვენც გვქონდეს ინდუსტრიული პლატფორმა, რაც ისევ და ისევ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი არიან ამ პლატფორმის კოორდინატორები და სიახლეა ის, რომ ახალი ფორმით გაგრძელდება ინდუსტრიული პლატფორმა, ეს იქნება ალტერნატიული ტალღა ფოკუსით – ქროსმედია და ტრანსმედია კინოპროექტებზე, რომელსაც აქვს საშუალება, რომ სხვადასხვა მედიაში ტრანსფორმირდეს. ჩამოდის ტობიას ტნასბინგერი, რომელიც მუშაობდა ბევრ პროდიუსერულ კომპანიასთან, მათ შორის „მეთჩ ფაქტორისთან“, ასევე ჩამოდის სტამბულის კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმის ხელმძღვანელი გულინ კუსტინი და სხვა, მნიშვნელოვანი სპეციალისტი.

 

ინდუსტრიული პლატფორმის პარტნიორები არიან აჭარის განათლების სამინისტრო და საქართველოს კინოცენტრი. მათი დაფინანსება ხმარდება მთლიანად ამ პროექტს. ეს პირველი ნაბიჯია და ვფიქრობთ, მომავალ წელს შევძლებთ ამ მიმართულების გაძლიერებას.

 

მთლიანობაში ჩვენ ჩამოგვყავს 80-მდე სტუმარი. რა თქმა უნდა, გაცილებით მეტის ჩამოყვანის საშუალება იყო და ჩვენ ხშირად გვეკითხებიან, ვინ ჩამოდის წელს, ვინ იქნებიან ვარსკვლავები და რა თქმა უნდა, ჩვენ ჩამოგვყავს ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები კინოში, მაგრამ თუ საუბარია ვარსკვლავზე, ქალაქი უნდა იყოს მზად ამისათვის.

 

რას გულისხმობთ ამაში? ფესტივალის ბიუჯეტს თუ სხვა რამეს?


ამაში იგულისხმება ფესტივალის ბიუჯეტი, იმიტომ, რომ მაგალითად, როცა იწვევ კიმ კი დუკს, ბრილიანტე მენოდზას (ფილიპინები), დარენ არანოვსკის, რისი რეალური შანსიც გვქონდა წელს, მათი სტატუსიდან გამომდინარე, 12-საათიანი ფრენა როცა სჭირდებათ საქართველოში ჩამოსაფრენად, შეიძლება ჰონორარი არ მოგთხოვონ, მაგრამ მინიმუმ ბიზნესკლასის ბილეთია საჭირო. ამერიკიდან ბიზნესკლასი 5-6 ათასი დოლარი ღირს, თან ასეთი პირები არასოდეს დადიან მარტო, მინიმუმ ერთი ან ორი ადამიანი ახლავთ. ეს არ არის „ვარსკვლავური“ კაპრიზი – ხაზი მინდა გავუსვა. ორი ადამიანის ბიზნესკლასი, დამატებით ლუქს ნომერი, არის დაახლოებით 15 ათასი დოლარი, რაც ჩვენი ფესტივალის ბიუჯეტის მეხუთედია, ძალიან დიდი თანხაა.

 

ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი ვარსკვლავების ჩამოსვლა?


როცა ჩვენს ქალაქში ადამიანებს აქვთ საშუალება შეხვდნენ კიმ კი დუკს, აბას კიაროსტამს, ცნობილ ირანელ რეჟისორს, რომელიც ჩვენ გვყავდა ჩამოყვანილი, იოს სტელიგს, რიბჩინსკის, ბელა ტარის, ეს ადამიანები ატარებენ მასტერკლასებს, შენ გაქვს საშუალება გაიგო მათ შესახებ, ამას კულტურულ და მენტალურ დონეზე სულ სხვა ტალღაზე გადაჰყავხარ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე შენი ქალაქი ხდება პოპულარული, ერთგვარად ინიშნები კულტურულ რუკაზე, ეს ზრდის ქალაქის, ქვეყნის, კინოფესტივალის მნიშვნელობას. ცალკე საკითხია ის, რომ ბათუმის კინოფესტივალის ფორმატი გაძლევს საშუალებას, ეს ადამიანები ნახო ახლოს, უშუალოდ მოუსმინო მათ, ასეთი საშუალება ბევრ კინოფესტივალზე არ არის. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამბიცია და არგუმენტები, რომ ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალს მომავალ წელს ჰქონდეს მინიმუმ ორმაგი ბიუჯეტი, რომ რეალურად შავი ზღვისპირა ქვეყნებში ფესტივალს თავისი მნიშვნელოვანი ნიშა გააჩნდეს.

 

წელს ათი წლისთავია კინოფესტივალის, რას ჰპირდებით მაყურებელს?


 დიახ, რა თქმა უნდა, მოლოდინი არსებობს და ჩვენი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს ეფექტურად იმუშაოს იმ რესურსით, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მოგეხსენებათ ეს არ არის დიდი თანხა. მთლიანი ბიუჯეტი, ყველა წყაროდან, დაახლოებით 85 ათასი ევროა და თუ შევადარებთ სხვა ფესტივალებს, მაგალითად, სომხეთში კინოფესტივალის ბიუჯეტი არის 700-800 ათასი ევრო, სოფიის – დაახლოებით 1 მილიონ 200 ათასი ევრო, სტამბულის კინოფესტივალის ბიუჯეტიც სოლიდურია, ამის ფონზე ჩვენ წელსაც ძალიან კარგი პროგრამა გვაქვს, ჟიურიც საუკეთესოა.

 

თქვენი აზრით, როგორ შეიცვალა ფესტივალი ამ ათი წლის მანძილზე?


 პირველად როცა ვიწყებდით, მაშინ გვყავდა მინისტრი ალექსანდრე ჩიკვაიძე, რომელმაც გაგვიფორმა კონტრაქტი 30 ათას დოლარზე, ეს უნდა ყოფილიყო ფესტივალის ბიუჯეტი და გადახდის დრო რომ დადგა, პროფესიით იურისტმა მინისტრმა აღმოაჩინა, რომ ჩვენ თურმე რაღაცნაირად ვაიძულეთ ხელი მოეწერა 30 000 დოლარზე, მას კი ეგონა, რომ 30 000 ლარზე აწერდა ხელს და გადმოგვირიცხა 30 000 ლარი. ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდით. მეორე წელიც არ იყო იოლი, მაგრამ ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და მეგობრების დახმარებით, მოვახერხეთ განვითარება. მეორე წელს ჟიურის წევრი იყო ჩიკაგოს დოკუმენტური კინოფესტივალის დირექტორი კრისტოფერ კამისჩევი, რომელიც ძალიან გვეხმარება დღემდე პროგრამირებაში, კონტაქტებში. ადამ მიცკევიჩისა და პოლონეთის ინსტიტუტი ყოველთვის მხარში ედგა ფესტივალს. მინდა გავიხსენო, ყველაზე რთულ პერიოდში, 2008 წელს, როცა ომის შემდეგ მოგვიხდა ფესტივალის ოქტომბერში ჩატარება, ბევრი უცხოელი სტუმარი არ ჩამოვიდა, მაგრამ ჩამოვიდა ყველა ის პოლონელი რეჟისორი, რომელიც მოწვეული გვყავდა, მათ შორის ქშიშტოფ ზანუსი და ფესტივალი გაიხსნა ანჟეი ვაიდას „კატინით“. ამერიკის საელჩო, ბრიტანეთის საბჭო გვეხმარება, ასევე, გვყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი.

 

როგორ ფიქრობთ, შეცვალა ბათუმის კინოფესტივალმა ქალაქი?


მე ვფიქრობ, შეცვალა. ეს არის მაღალმხატვრული, არაკომერციული კინო და ამ კინოს ჰყავს მაყურებელი, რომელიც ბათუმში კინოფესტივალისთვის ჩამოდის. ეს არის ფესტივალი, სადაც არ იყიდება ბილეთები, სადაც არც ერთი კარი არ არის ჩაკეტილი, ღიაა ყველა მასტერკლასი, ყველას შეუძლია დაესწროს ფესტივალს და მეტიც – გახდეს ამ ფესტივალის ნაწილი, თუ სურვილი აქვს. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ფესტივალი ნელ-ნელა თავის მცირე როლს ასრულებს (და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტი პოტენციალია) ქალაქის ბრენდინგშიც.


კინოფესტივალი, აპოლო
კინოფესტივალი, აპოლო


გადაბეჭდვის წესი