Batumelebi | მედია და რელიგიური შეუწყნარებლობა მედია და რელიგიური შეუწყნარებლობა – Batumelebi
RU | GE  

მედია და რელიგიური შეუწყნარებლობა

 

მოხსენება წაკითხულია დისკუსიაზე: „რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები“, რომელიც გაიმართა პროგრამის – „კავკასიის სიმბოლური სასამართლო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და სამოქალაქო მოსმენები კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის სამსახურში“ – ფარგლებში.

 

 

ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი
ეთერ თურაძე, გაზეთ „ბათუმელების“ მთავარი რედაქტორი

მე დღეს ვაპირებ თქვენთან ერთად განვიხილო რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეები საქართველოში. ვფიქრობ, ეს განწყობები თუ რისკები ნამდვილად არსებობს ჩვენს ქვეყანაში და ამის ერთ-ერთი ინსპირატორი, თუ გნებავთ მაცოცხლებელი, მედიაა. სწორედ ამიტომაც პრობლემის განხილვა მედიაჭრილში არის საინტერესო, ხოლო ჩემთვის, როგორც ჟურნალისტისთვის კომფორტულიც, რადგან არ მომიწევს იმ მედიაორგანიზაციის შინაგანაწესის დარღვევა, სადაც ვმუშაობ – ვგულისხმობ „გაზეთ ბათუმელებს“. 

 

რელიგიური შეუწყნარებლობის საფრთხეების გაჩენას დიდწილად განაპირობებს სიძულვილის ენა მედიაში. ქართული მედია ხშირად მოიხსენიებს რელიგიურ უმცირესობებს არა იმ ჯგუფის წევრებად, რომელსაც ისინი საკუთარ თავს მიაკუთვნებენ, არამედ სხვად. მაგალითად, აჭარელ მუსლიმებს, ზოგადად, ქართველ მუსლიმებს მედია ხშირად უწოდებს „თათრებს“. ეს ტერმინი იგივე აზერბაიჯანელი ეთნოსის მოქალაქეებთან მიმართებაშიც გამოიყენება. ცხადია, საქართველოში ამ სიტყვის გარშემო ჩამოყალიბებულია გარკვეული ლინგვისტური ცნობიერება და თავისი შინაარსით ის მხოლოდ და მხოლოდ ამ მოქალაქეებს აკნინებს, შესაბამისად, ხელს უწყობს გაუცხოებას, შეუწყნარებლობას.

 

შეუწყნარებლობის საფრთხეების მზარდ პროცესში არც თუ ისე უმნიშვნელო წვლილი მიუძღვის რელიგიურ უმრავლესობას, როდესაც მისი ზოგიერთი გავლენიანი წარმომადგენელი სხვა რელიგიური ჯგუფების მიმართ ღიად აცხადებს, რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის სექტა, მეტიც – ყველა ქართველი, რომელიც არ არის მართლმადიდებელი, არამხოლოდ ეკლესიის, არამედ ქვეყნის მტერია.

 

მე ერთი კონკრეტული ფაქტი მინდა გაგიზიაროთ – ახლახან რედაქციაში იმყოფებოდა მოქალაქე მაღალმთიანი აჭარიდან. მას სოფელში აქვს საცხოვრებელი სახლი, რომელშიც თურქეთის მოქალაქე სოლიდურ თანხას სთავაზობს. ამ ადამიანს შემსყიდველმა ღიად განუცხადა, რომ სახლი მეჩეთისთვის სჭირდება. საქართველოს მოქალაქეს ძალიან უნდა ეს გარიგება დადოს, მაგრამ შიშობს, რომ თუ ასე მოიქცევა, სამშობლოს გაყიდის. მე მას ვკითხე, რატომ ჰგონია, რომ სახლის გაყიდვით სამშობლოს უღალატებს. მიპასუხა – ასე გამოდის და იმიტომ. ვკითხე, თქვენი მშობლები რა აღმსარებლობის იყვნენ-მეთქი. მიპასუხა, რომ მუსლიმები. ისინი სამშობლოს მოღალატეები იყვნენ-მეთქი? – ისევ ვკითხე. ისინი არა, მაგრამ ახლა თუ ამას გავაკეთებ, მე მოღალატე გამოვალო.

 

კიდევ ერთ ისეთ შემთხვევაზე მინდა მოგიყვეთ, რაც, ასევე, არ არის საზოგადოებისთვის ცნობილი – „ბათუმელების“ ჟურნალისტი ბაირამის დღესასწაულის დღეებში ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, სრულიად სხვა თემატიკის გასაშუქებლად. ხანდაზმულმა ქალმა, როცა გაიგო თუ რა გვარის იყო ჟურნალისტი, სახლში შეიპატიჟა – ჩვენებური ყოფილხარ და შენთან სირცხვილი არ იქნება, მობრძანდი, ხალვა (ტკბილეული, რომელსაც ბაირამზე მუსლიმები ამზადებენ) უნდა გაგასინჯოო. ამ მოქალაქის მაგალითს თუ განვაზოგადებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ საკუთარი იდენტობის უცხოსთან გამხელა მოხუცსაც კი უჭირს, არათუ ახალგაზრდას.

 

პროპაგანდა მედიაში – „ვინც არ არის მართლმადიდებელი, ის არ არის ქართველი“, ერთი მხრივ, მძიმე ფსიქოლოგიურ გარემოს ქმნის ამ ჯგუფებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, იგივე უმრავლესობაში ამძაფრებს შეუწყნარებლობას სხვა ყველა უმცირესობის მიმართ.

 

მსგავს გარემოში უმცირესობისთვის რთულდება ცხოვრება, შესაბამისად, ნოყიერი ნიადაგი მზადდება ბევრი ნეგატიური ურთიერთობისთვის, მათ შორის პროზელიტიზმისთვის. ცხადია, პროზელიტიზმით დაკავებულია ყველა რელიგიური მიმდინარეობა, მაგრამ ეს საკითხი მე მაინც უმრავლესობის კონტექსტში მინდა შემოგთავაზოთ, ისევ და ისევ იქედან გამომდინარე, რომ შეუწყნარებლობა უმრავლესობაში გაცილებით სახიფათოა, ვიდრე შეუწყნარებლობა ნებისმიერ სხვა ჯგუფში.

 

რამდენიმე ხნის წინ ერთ-ერთმა გავლენიანმა ბიზნესმენმა თავისი სასტუმროს დამლაგებელი მონათლა მართლმადიდებლად. ამ სასტუმროში ერთხელაც ღამის გასათევად მივიდა მართლამდიდებელი სასულიერო პირი, რომელმაც იცოდა ამ ასაკოვანი ქალბატონის მოქცევის ამბავი. ნათლობის შემდეგ ეს ქალისთვის პირველი შემთხვევა იყო, როცა მღვდელს ხვდებოდა, რომელმაც ჩვეულებისამებრ ჰკითხა – თუ როგორ ბრძანდებოდა. ქალმა სასულიერო პირს უპასუხა – „ალაჰ შუქურ“, ანუ უპასუხა ისე, როგორც ამას მთელი ცხოვრება აკეთებდა.

 

სიღრმისეული ანალიზი სულაც არ არის საჭირო ამ ასაკოვანი ქალის სულიერი მდგომარეობის შესაფასებლად – მისმა ქვეცნობიერმა გაიაზრა, რომ თუ უმრავლესობას არ შეეკედლა, დარჩება უმცირესობაში, რაც მისთვის მინიმუმ არაკომფორტულია. ალბათ, ესეც უნდა იყოს ერთ-ერთი მიზეზი, როცა აჭარაში, განსაკუთრებით მთებში, მასობრივი ნათლობების მოწმეები ვხვდებით ყველა რელიგიურ დღესასწაულზე და ამას ქართული მედია მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აშუქებს.

 

ეს მაგალითები თითქოს არაფერია იმასთან შედარებით, რაც იყო ჭელაში, ნიგვზიანში, სამთაწყაროში, მოხეში და ბოლოს ქობულეთის ფაქტი, რომელიც მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე ღორის თავის მიჭედებით დასრულდა. ბუნებრივია, მიუღებლობა და მისი თანმდევი შიშები, მხარეებში რადიკალური განწყობების შემცირებას არ უწყობს ხელს. ამიტომ კარგი იქნება, ბოლოს და ბოლოს თუ გავიაზრებთ, რომ რადიკალურად დაპირისპირებულ საზოგადოებას ერთადერთი დამარცხებული ჰყავს – თავად საზოგადოება.

მე, როგორც ჟურნალისტს, ბევრი კოლეგისგან განსხვავებით, მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი რადიკალ ისლამისტებს საქართველოში. როცა მათ ვეკითხებოდი, თუ რამ მიიყვანა ისინი ამ მდგომარეობამდე, ძირითადად ერთნაირი პასუხები მოვისმინე: ისინი მიიჩნევენ, რომ უმრავლესობის კონკრეტულ ქცევებზე, მოწოდებებზე აქვთ კონკრეტული რეაქციები. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ მათთვის რადიკალიზმი იდენტობის შენარჩუნების ერთადერთ ინსტრუმენტად რჩება.

 

რა თქმა უნდა, მე არ ვიზიარებ შეხედულებას, რომ საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის ეთნიკურად ქართველების ISIS-ში გაწევრიანება მხოლოდ უმრავლესობის რეაქციაზე რეაქციაა, ანუ ადამიანების მსგავს ტრანსფორმაციას საფუძვლად მხოლოდ რელიგიური შეუწყნარებლობა უდევს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რას ვიზიარებთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, არსებითი მათი არგუმენტებია და კიდევ ის, თუ როგორ პასუხობს მათ სახელმწიფო. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ეს პასუხები არის არათანმიმდევრული და რეპრესიული, რომელსაც სახელმწიფო ინსტიტუტები ცალკეული მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართავენ.

ახლახან, დახურულ შეხვედრაზე, სწორედ ეთნიკურად ქართველების ISIS-ში გაწევრიანების თემაზე გავუზიარე ინფორმაცია საქართველოში ევროპული ქვეყნის საელჩოს ერთ-ერთ წარმომადგენელს. ვუთხარი ისლამისტების იმ არგუმენტების შესახებ, რომლებიც აქაც ვახსენე. დიპლომატს ასევე ვუთხარი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლო განიხილავს მედრესესთვის განკუთვნილ შენობაზე ღორის თავის მიჭედებით შეურაცხყოფილი მოქალაქეების საჩივარს. დიპლომატის ხედვით, რასაც პირადად მეც ვიზიარებ, ამ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ალბათ, გახდება იმის ინდიკატორი, რელიგიურ შეუწყნარებლობას მომავალში წაახალისებს სახელმწიფო, გაემიჯნება მას, თუ დაიწყებს მოქმედებას ამ განწყობის ხელის შესაშლელად.

 

თუმცა, იეჰოვას მოწმეებთან მიმართებაში სასამართლო ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, არც თუ ისე უნუგეშო მდგომარეობაა, პირიქით – მნიშვნელოვანი პოზიტიური ძვრები არსებობს. სტატისტიკის თანახმად, 2014 წლის პირველ 8 თვეში ამ თემის მიმართ ფიზიკური თავდასხმის 25 ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ, როდესაც 1999-2003 წლებში სწორედ ამ მოტივით იეჰოვას მოწმეებმა 800-ზე მეტჯერ იჩივლეს სასამართლოში.

 

მედია, წლების განმავლობაში, ერთეული მედიაორგანიზაციების გარდა, დუმდა რელიგიური უმცირესობის პრობლემატიკაზე, ხოლო უმრავლესობას მხოლოდ პოზიტიურ კონტექსტში აშუქებდა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ყველა არსებულმა მედიამ თანდათანობით დაუთმო თავისი პლატფორმა რელიგიურ უმცირესობას, ასევე გაჩნდა კრიტიკული მასალები დომინანტი რელიგიის კონკრეტული სასულიერო პირების შეუწყნარებელ მოწოდებებზე. ცხადია, გაშუქების დროს დაშვებული იყო ისეთი უხეში შეცდომები, როგორიც იყო, მაგალითად, ერთ-ერთი ნაციონალური არხის ეთერით გავრცელებული ინფორმაცია ისლამის მიერ ადამიანის მსხვერპლთშეწირვის რიტუალის დასაშვებობაზე. მე ვგულისხმობ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობის საქმეს, როცა ირანის მოქალაქის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, ფაქტობრივად, არხზე შეფასდა, როგორც რელიგიური რიტუალი. შემდეგში, იგივე მედიამ მარიამის მკვლელის ირანში დაკავების შესახებ (პირი სამშობლოში 9 წლის ბიჭის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს) ინფორმაცია როცა გაავრცელა, არარაფერი უთქვამს იმ შეცდომაზე, რაზეც უკვე ვისაუბრე. ცხადია, ეს დაუშვებელია და ქართული მედია ამას უნდა გადაეჩვიოს, მან უნდა გაიაზროს, რომ მსგავსი შეცდომების აღიარება საზოგადოებას უცხოს მიმართ შიშის, სიძულვილის დაძლევაში ეხმარება.

 

კონკრეტული ფაქტების მიუხედავად, რაზეც ახლა ვისაუბრე, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცხადია, ვიცი, რომ არაერთი მედია, ყველა პლატფორმაზე, მიზანმიმართულად იყენებს სიძულვილის ენას ნებისმიერი უმცირესობის მიმართ, მაგრამ როცა მახსენდება როგორ იზრდება ბოლო წლებში მედიის მხრიდან უმცირესობების პრობლემატიკით დაინტერესება, მომზადებული სტატიებისა თუ სიუჟეტების რაოდენობა, შესაძლებლად მეჩვენება, საზოგადოებაში არსებული რელიგიური შეუწყნარებლობისა და მისგან მომდინარე საფრთხეების დაძლევა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ეთერ თურაძე, [მოსაზრება]