Batumelebi | ბათუმში ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი იწყება ბათუმში ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი იწყება – Batumelebi
RU | GE  

ბათუმში ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი იწყება

 

10 სექტემბერს ბათუმში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიხსნება. BATUMI MUSIC FEST ცნობილი პიანისტის, „იუნესკოს“ მშვიდობის არტისტის, ელისო ბოქლვაძის მიერაა დაარსებული.  

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი ხვალ, საღამოს 7 საათზე გაიხსნება ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი ფრანგი მაესტრო, პარიზის მუსიკისა და ცეკვის კონსერვატორიის მუსიკალური სერიების ხელძღვანელი ლორან პეტიჟერარი უდირიჟორებს, ფორტეპიანოზე ელისო ბოლქვაძე დაუკრავს, შესრულდება ჩაიკოვსკის ნაწარმოები.  ფესტივალის გახსნას საქართველოს პრეზდენტი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

ელისო ბოლქვაძე და ლორან პეტიჟერარი. პრესკონფერენცია ბათუმში

წელს ფესტივალში მონაწილეობენ: ავსტრიელი პიანისტი ვიქტორია ჰირშჰუბერი, დიმიტრი იაბლონსკი [აშშ], ილია კონოვალოვი [ისრაელი], მიში სიგიურა [იაპონია], სერენ აქიოლდაში [თურქეთი], ფარჰატ ბადალბელილი [აზერბაიჯანი].

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მასტერკლასები ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის.

წელს ფესტივალი 5 დღეს გასტანს და 15 სექტემბერს ბათუმის პიაცაზე დაიხურება. ფესტივალის დასკვნით კონცერტზე დაუკრავენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი, ელისო ბოლქვაძე და საგანგებოდ ფესტივალისათვის ბათუმში ზურაბ სოტკილავა ჩამოვა.

9 სექტემბერს სასტუმრო „დივანში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც  ფრანგი დირიჟორი – ლორან პეტიჟერარი, ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრი გიორგი თავამაიშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

 ფესტივალზე დასასწრები ბილეთების ფასი 10 ლარიდან იწყება. როგორც ელისო ბოლქვაძემ „ბათუმელებთან“ აღნიშნა,  „ეს ფესტივალი არ არის გათვლილი ელიტაზე, ეს არის ფესტივალი მათთვის, ვისაც უყვარს მუსიკა, ვისაც უნდა, რომ საღამოს მოვიდეს და ძალიან კარგ მუსიკას მოუსმინოს.“

მუსიკალური ფესტივალი ბათუმში ელისო ბოქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ ორგანიზებით მესამე წელია ტარდება. ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, აჭარის მთავრობა, ფრანგული ინსტიტუტი საქართველოში და საფრანგეთის საელჩო. წელს ფესტივალი თანამშრომლობს აზერბაიჯანისა და თურქეთის საელჩოებთანაც. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
"ბათუმელები"